2018: 10 საუკეთესო გუნდი
სპორტული კალენდარი არასდროს სრულდება: იანვრიდან დეკემბრამდე არაერთი დიდი შეჯიბრება იმართება.
2018 წელი გამორჩეული იყო საერთაშორისო ტურნირებით: ზამთრის ოლიმპიადა, საფეხბურთო მსოფლიო პირველობა, ფორმულა 1-ის მორიგი სეზონი, ევროპის ჩემპიონატი მძლეოსნობაში, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა… ლამის მთელ წელზე გაშლილ საფეხბურთო და საკალათბურთო სეზონებზე აღარაფერს ვამბობთ.
თუ რამეზე დავობენ, ეს გემოვნებაა, მაგრამ ამის მიუხედავად, 2018 წლის 10 საუკეთესო გუნდებზე მაინც შევთანხმდით.
აჭარასპორტის ათეული ასეთია:
რეალი (ფეხბურთი)
უდიდესი კონკურენციის მიუხედავად, მადრიდელებმა ზღაპრული შედეგი აჩვენეს – ზედიზედ მესამედ ავიდნენ ევროპული საკლუბი ფეხბურთის ოლიმპზე, ასეთი რამ კი მიუნხენის ბაიერნის შემდეგ (1974-76) არავის გაუკეთებია!
არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ სამეფო კლუბმა 2018 წელი დიდებულად დაასრულა – ასევე ზედიზედ მესამედ, ისტორიაში კი მეოთხედ მოიგო ფიფას საკლუბო ჩემპიონატი.
ლივერპული (ფეხბურთი)
იურგენ კლოპის გუნდმა ბოლო 3 წელიწადში მეორედ ითამაშა ევროთასის ფინალში.
2017-18 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგაში ლივერპულელები შეუდარებელნი იყვნენ: ჯგუფი I ადგილზე დაასრულეს, ფლეი-ოფში კი შთამბეჭდავად მოუგეს პორტუს, მანჩესტერ სიტის და რომას.
წლევანდელ პრემიერლიგაში ლივერპული პირველია და დიდი შანსია ნანატრი თასიც აღმართოს, ლიგაზე კი კვლავ ფლეი-ოფშია.
საფრანგეთი (ფეხბურთი)
ჩემპიონთა ლიგის ყველანაირი ხიბლის მიუხედავად, ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი კვლავაც ნომერ პირველი საფეხბურთო შეჯიბრებაა და მისი გამარჯვებული აუცილებლად გამოსარჩევია.
დიდიე დეშამის გუნდი პირველი ტურიდან ფინალის ჩათვლით შეუდარებელი იყო და დამსახურებულად მოხვდა ათეულში. იმასაც შეგახსენებთ, რომ ფრანგებმა ორ წელიწადში მეორე დიდი ფინალი ითამაშეს: 2016 წელს „მამლები“ ევროპირველობის გადამწყვეტ მატჩში დამარცხდნენ… შინ.
ხორვატია (ფეხბურთი)
მსოფლიო ჩემპიონატის აღმოჩენა და მშვენება!
დიდებულად მოგებული ჯგუფის შემდეგ (2:0 ნიგერიასთან, 3:0 არგენტინასთან, 2:1 ისლანდიასთან) ხორვატებმა პენალტების სერიაში ჯერ დანიელებს აჯობეს, შემდეგ კი ჩემპიონატის მასპინძელ რუსეთს, ხოლო ნახევარფინალში ინგლისი დაამარცხეს.
ამ თაობამ 1998 წლის ძალიან მაგარი ნაკრების შედეგი გააუმჯობესა – II ადგილი მსოფლიოზე ხორვატული ფეხბურთის მთავარი მიღწევაა.
ირლანდია (რაგბი)
ტრიუმფით მოგებული 6 ერის პირველობა, გამარჯვებები შემოდგომის ტესტებში და გამორჩევით ახალ ზელანდიასთან 16:9 ტრიუმფი ის შედეგებია, რის გამოც ირლანდიელები რჩეულებში დავასახელეთ.
არ დაგავიწყდეთ: „სამყურებმა“ 6 ერის პირველობა დაუმარცხებლად, დიდი სლემით და თან, ნაადრევად, ტურით ადრე მოიგეს; ოლ ბლექსს კი ისტორიაში პირველად სძლიეს შინ, 31 დაპირისპირებაში კი მხოლოდ და მხოლოდ მეორედ.
აქვე გეტყვით, რომ მსოფლიო რაგბის რეიტინგში ირლანდია დღეს მხოლოდ ახალ ზელანდიას ჩამორჩება.
მერსედესი (ფორმულა 1)
2018 წელი გერმანულმა ავტოკონცერნმა კვლავ ტრიუმფით დაასრულა: ზედიზედ მეხუთედ მოიგო კონსტრუქტორთა თასი, პირად ჩათვლაში კი ისევ პირველი იყო ლუის ჰემილტონი.
სეზონი ფერარიმ უკეთესად დაიწყო, თუმცა შარშანდელის დარად, ტოტო ვოლფის გუნდმა ნელ-ნელა მოუმატა, ზაფხულის შესვენების შემდეგ კი უბრალოდ შეუდარებლად იასპარეზა.
მერსედესის წარმატების თვალსაჩინოებისთვის გეტყვით, რომ კონსტრუქტორთა თასი ზედიზედ 5-ჯერ მხოლოდ ერთ გუნდს – ფერარის მოუგია.
გოლდენ სტეიტ უორიორზი (NBA)
სუპერფინალში ზედიზედ მეოთხედ ვიხილეთ გოლდენ სტეიტ უორიორზის და კლივლენდ კეველიერსის ჯახი, თუმცა წინა სამი დაპირისპირებისგან განსხვავებით, წელს ოკლენდელებმა შანსი არ დაუტოვეს მეტოქეს – 4:0!
სასიხარულოა, რომ გამარჯვებაში თავის წვლილი შეიტანა ზაზა ფაჩულიამ, რომელიც მეორედ დაეუფლა ჩემპიონის ბეჭედს.
გოლდენ სტეიტი ბოლო 4 წელიწადში მესამედ გახდა ჩემპიონი, ეს კი სერიოზული განაცხადია და ყველა დროის გამორჩეულ გუნდებთან გატოლების მცდელობაა.
რა იქნება წელს, არავინ იცის, თუმცა სტივ კერის გუნდი ისევ ფავორიტთა შორის რომაა, თქმა არ უნდა.
ვაშინგტონ კეპიტალსი (NHL)
დედაქალაქელებმა ისტორიაში პირველად მოიგეს სტენლის თასი, რასაც წინ უძღოდა ჯერ დივიზიონში გამარჯვება (ისტორიაში მეთერთმეტედ), შემდეგ კი ტრიუმფი კონფერენციაში (მეორედ, პირველად 1997-98 წლების შემდეგ).
და რაც შეეხება გუნდის კაპიტან ალექსანდრ ოვეჩკინს, ეს ლეგენდარული რუსი, ცხადია, დიდებული იყო: უამრავი რეკორდის გარდა, ვეგას გოლდენ ნაითსთან ფინალში ტრიუმფის შემდეგ ის გახდა პირველი რუსი, რომელმაც კაპიტნის რანგში აღმართა სტენლის თასი. მანვე ჩაიბარა ყველაზე სასარგებლო და შედეგიანი მოთამაშის პრიზებიც.
ფილადელფია იგლზი (ამერიკული ფეხბურთი)
ბოლოს და ბოლოს ფილადელფიელებმა სუპერბოული მოიგეს. მოიგეს 57 წლის შემდეგ. ქალაქი ამ ტრიუმფს ზუსტად 20 859 დღე ელოდა!
ჩინელ ვაჟ და ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები
სექტემბერ-ოქტომბერში ბათუმმა მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლა.
საქართველოში პირველად გაიმართა ამ მასშტაბის ღონისძიება სპორტის ერთ სახეობაში – ბათუმს 185 ქვეყნის 4 ათასამდე მოჭადრაკე ეწვია!
ოლიმპიადა ჩინელთა სრული ტრიუმფით დასრულდა: ვაჟებმა 2014 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეორედ მოიგეს საჭადრაკო ოლიმპიადა, ქალებმა კი ზედიზედ მეორედ გაიმარჯვეს, საერთო ჯამში კი მეექვსედ.
ფიდეს მიერ 1997 წელს დაწესებული ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასიც, როგორც ყველაზე წარმატებულ საჭადრაკო ქვეყანას, ჩინეთს გადაეცა.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2018 წლის 26 დეკემბერი)