ჩემპიონები დაბრუნდნენ

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულტანში დასრულებული მსოფლიოს ჩემპიონატიდან თბილისში ახლახანს დაბრუნდა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები, რომელმაც წლის მთავარ შეჯიბრზე ოქროს 2 და ბრინჯაოს მედალი, ასევე ოლიმპიური თამაშების 2 საგზური მოიპოვა.

მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი (125კგ), ჩემპიონის ტიტულს პირველად დაეუფლა ბექა ლომთაძე (61კგ), ბრინჯაოს მედალი კი ირაკლი მწითურს (92კგ) ერგო. პეტრიაშვილთან ერთად ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია მიიღო ელიზბარ ოდიკაძემ (97კგ), რომელიც ექვსეულში შევიდა.

გულშემატკივრებთან ერთად მოჭიდავეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელები, მწვრთნელები და სხვადასხვა თაობის მოჭიდავეები დახვდნენ.

წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე მოჭიდავეებმა ჩინებული შედეგი აჩვენესთავისუფალი და ბერძნულრომაული სტილით ჭიდაობის ჯამში 4 ოქრო და 2 ბრინჯაო აიღეს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია!
დღეისათვის თითოეულ საჭიდაო დისციპლინაში ჩვენ გვყავს ასევე 22 ოლიმპიური ლიცენზიანტი, ოლიმპიადაზე კი კაცთა შორის მედლების 66 კომპლექტი თამაშდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დარჩენილ დროში, 2 სალიცენზიო ტურნირზე მაქსიმალური ძალისხმევა გვმართებს, რომ ტოკიოში სრული შემადგენლობით გავემგზავროთ. ახლო მომავალში, ჭიდაობის ფედერაციასთან და მწვრთნელებთან ერთად ოლიმპიურ კომიტეტში დეტალურად განვიხილავთ საოლიმპიადო მზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რათა პირველ რიგში შევძლოთ ლიცენზიანტთა რიგების შევსება, მერე კი უშუალოდ ოლიმპიადაზე წარმატებული გამოსვლა, – განაცხადა ელგუჯა ბერიშვილმა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 23 სექტემბერი)

ka_GEGeorgian