მაურიციო სარი: ჩელსის მშვენიერი სეზონი აქვს!

შარშან, 13 ივლისს, რომან აბრამოვიჩმა ანტონიო კონტე ჩელსის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა, რამდენიმე საათში კი გუნდი მეორე იტალიელს, მაურიციო სარის ანდო.
ნაპოლის ყოფილი თავკაცის ხელში ინგლისურმა გრანდმა პრემიერლიგა
III ადგილზე დაასრულა, ინგლისის ლიგის თასის ფინალში გავიდა, ხვალ კი ევროტიტულისთვის ითამაშებს – ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე ჩელსი არსენალს დაუპირისპირდება.
29 მაისის ფინალი ჩელსის 63-ე ოფიციალური მატჩი იქნება 2018-19 წლების სეზონში. სარის გუნდმა 38 მოიგო, 13 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 11 შეხვედრა წააგო.
რამდენიმე წუთის წინ ვეტერანი იტალიელი სპეციალისტის პრესკონფერენცია დასრულდა. მაურიციო სარის მომავალი ხვალინდელ ფინალზე დიდადაა დამოკიდებული, თუმცა ბაქოში მან სხვა კითხვებს უპასუხა:


…როგორ შევაფასებდი ამ სეზონს? ერთი სიტყვით – მშვენიერია! პრემიერლიგაში III ადგილზე გავედით და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვეთ, ინგლისის ლიგის თასის გათამაშების ფინალიც ვითამაშეთ, ახლა კი ევროპალიგისთვის ვიბრძვით. მშვენიერია! თქვენ ასე არ ფიქრობთ?

…ნგოლო კანტე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და გვინდა, რომ ფინალისთვის ბოლომდე მზად იყოს. სხვა თუ არაფერი, ის ერთადერთი დაცვითი სტილის ნახევარმცველია. ახლა, ამ წუთას ვერ გეტყვით, ითამაშებს თუ არა ხვალ. შანსები, ასე ვიტყოდი, 50/50-ზეა.

…არის თუ არა ხვალინდელი ფინალი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი? ვერ გეტყვით… არ ვიცი… სერია ბ-ში რამდენიმე გადამწყვეტი შეხვედრა მოვიგე და სერია ა-ში გადავედით. შესაძლოა, ის თამაშები უფრო მნიშვნელოვანი იყო.

…ოლივიე ჟირუ ევროპალიგაზე შესანიშნავად თამაშობს, უამრავი გოლიც გაიტანა, მაგრამ ძირითადი შემადგენლობა ჯერ არ შემიდგენია, ასე რომ, ვერ გეტყვით დაიწყებს თუ არა ფინალს ძირითადში. ვნახოთ, დღეს საღამოს მოვიფიქრებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მას სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის კარგი შანსი აქვს.

ლაშა გოდუაძე ბაქოდან (www.adjarasport.com; 2019 წლის 28 მაისი)
ფოტო:
uefa.com

ka_GEGeorgian