თომას მიულერი დიდ ხუთეულში

ყველაფრის მომგებმა ბაიერნმა 2020-21 წლების სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო: 18 სექტემბერს, ბუნდესლიგის საწყის ტურში გელზენკირხენის შალკე 04ს უმასპინძლა და არ დაინდო – 8:0!
მიუნხენელთა ვეტერანმა და ლიდერმა თომას მიულერმა გოლი მაშინ გაიტანა, როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო – 69ე წუთზე ანგარიში 6:0 გახადა.
ეს მისი მე200 ბაიერნული გოლია და ამით ის კლუბის ყველა დროის მე5 საუკეთესო ბომბარდირი გახდა!

გერდ მიულერი – 563, რობერტ ლევანდოვსკი – 247, კარლ-ჰაინც რუმენიგე – 216, რაინერ ოლჰაუზერი – 215 და თომას მიულერი 200 გოლით – ასეთია რეკორდმაისტერის ყველაზე შედეგიან ფორვარდთა ხუთეული. თეთრ-წითელი მაისურით 200 ან მეტი ბურთი მხოლოდ მათ გაუტანიათ.

თომას მიულერი შალკეს კარში გატანილ გოლამდეც კარგა ხანია მე5 ადგილზე იყო – 155 ბურთის გამტან როლანდ ვოლფარტს დიდი ხნის წინ გაასწრო, მაგრამ თუ მხოლოდ ბუნდესლიგაში შეგდებულ გოლებს გავითვალისწინებთ, გელზენკირხენელებთან ზუსტი დარტყმით ის ვოლფარტს… გაუთანაბრდა – ახლა ორივეს 119 ბურთი აქვთ გერმანიის ჩემპიონატში და საკლუბო ისტორიაში მე6 ადგილზე არიან.

მათზე წინ კვლავ ზემოხსენებული ოთხეულია, მაგრამ სხვა თანმიმდევრობით: ნორდლინგელმა დათუნიამ – გერდ მიულერმა 398 ბურთი გაუტანა საუკეთესო კლუბებს, ოლჰაუზერმა – 186, ლევანდოვსკიმ – 163, ხოლო რუმენიგემ – 162.

თომას მიულერი 2008 წლიდან თამაშობს გერმანიის საუკეთესო კლუბში და თუ გოლეადორთა მოწინავე ხუთეულში ახლა შეაბიჯა, ჩატარებული მატჩების მხრივ ჯერ მე7 ადგილზეა – 535 მატჩით კვლავაც ჩამორჩება მე6 ადგილზე მდგომ კლაუს აუგენტალერს (545), ჰანს-გეორგ შვარცენბეკს (554) და კაიზერ ფრანცს – ფრანც ბეკენბაუერს (582).

თუ ტრავმამ არ შეუშალა ხელი ან ჰანს-დიტერ ფლიკმა არ აითვალწუნა, თომასმა, წესით, სამეულს სეზონის ბოლომდე უნდა გადაასწროს, ლიდერებს კი კარიერის ბოლომდე თუ შეეჭიდება. ყველაზე მეტი ოფიციალური შეხვედრა ბაიერნის შემადგენლობაში – 700, ლეგენდარულმა ზეპ მაიერმა ჩაატარა, კიდევ ერთი სუპერ მეკარე ოლივერ კანი 632 მატჩით მეორეა, გერდ მიულერი კი 605 თამაშით – მესამე.

გოლებით – მეხუთე, მატჩებით – მეშვიდე…

სამაგიეროდ, მიულერი პირველია ბაიერნთან ერთად მოგებული ტიტულებით და მის რეკორდს, რომელსაც აწი მხოლოდ თუ გაზრდის, კარგა ხანს არაფერი ემუქრება – 9 ბუნდესლიგა, 6 თასი, 5 სუპერთასი, 2 ჩემპიონთა თასი და თითო ევროპის სუპერთასი და ფიფას საკლუბო ჩემპიონის ჯილდო.

24 ტიტული. დიდებულია!

 

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 22 სექტემბერი)

ka_GEGeorgian