ვარსკვლავები: ფრენკ ლამპარდი

ინგლისის ფეხბურთის ისტორიას არაერთი საფეხბურთო ოჯახი ახსოვს. ჩელსს ერთ-ერთი ლიდერი ფრენკ ლამპარდიც საფეხბურთო ოჯახიდანაა.
უფროსი ფრენკი თითქმის 20 წლის მანძილზე თამაშობდა ლონდონის ვესტ ჰემ იუნაიტედის მაისურით, 600ზე მეტი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, 2ჯერ აღმართა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი და 1981 წლის მარტში, თასების მფლობელთა თასის 1/4ფინალში თბილისის დინამოს წინააღმდეგაც ითამაშა.
ფრენკის ბიძა, დედის ძმა ჰარი რედნაპი სახელგავარდნილი კაცია, დღეს დედაქალაქის ტოტენჰემ ჰოთსფურის მესაჭე გახლავთ, ადრე კი არაერთ კლუბში უმუშავია. თავის დროზე ვესტ ჰემ იუნაიტედსაც წვრთნიდა.
ჩელსს ლიდერის ბიძაშვილი, ანუ ჰარი რედნაპის ვაჟი ჯეიმი 12 წელიწადი თამაშობდა ლივერპულში და ინგლისის ნაკრების ღირსება 17 მატჩშიც დაიცვა…

 

ერთი სიტყვით, ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე ბავშვობიდან ფეხბურთის სამყაროში იზრდებოდა და სულაც არ არის გასაკვირი, რომ სპორტის ამ სახეობას გაჰყვა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოჯახი ფეხბურთით ცხოვრობდა და შაბათ-კვირას სტადიონიდან სტადიონზე დავდიოდით, თამაში არ მბეზრდებოდა. ხშირად მომხდარა, მე და მამას ორ დღეში 3, 4 თამაშიც კი გვინახავს! მე მართლა საფეხბურთო ოჯახში ვიზრდებოდი“! – იხსენებს ფრენკი.

დღეს ის არა მარტო ჩელსის, პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა: დედაქალაქურ კლუბთან 13 აგვისტოს გაფორმებული 5წლიანი კონტრაქტით კვირაში 155 ათას(!) გირვანქას იღებს.

როგორც ჩელსის ხელმძღვანელობა აცხადებს, ლამპარდის ხელფასი ყველა მოთამაშისთვის მაქსიმუმი იქნება. მომავალში ეგებ, რომელიმე ფეხბურთელს გაუმართლოს და შემოსავლის მიხედვით ფრენკის გვერდით დადგეს, მასზე მეტს კი ვერავინ მიიღებს.

ლამპარდი: გაზაფხულზე, განსაკუთრებით აპრილში ჟურნალისტები თითქმის ყოველ დღე წერდნენ, რომ ბარსელონაში გადასვლას ვაპირებდი. ხან მილანთან მაკავშირებდნენ, მე კი წასვლის სურვილი არც ადრე მქონია და მით უმეტეს, არც ახლა – ჩელსი ჩემი სახლია, აქ თავს ჩინებულად ვგრძნობ და მინდა, რომ კარიერა აქვე დავასრულო. საბედნიეროდ, კლუბის ხელმძღვანელობა საუკეთესო პირობებს გვიქმნის. წასვლა რატომ უნდა მინდოდეს?

ფრენკის ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აქვს, მწვრთნელი და ხელმძღვანელობა პატივს სცემს, გულშემატკივრები აღმერთებენ, თვითონ კი თამაშიდან თამაშამდე საკლუბო ისტორიის მოკრძალებულ თავს წერს – ლონდონელთა ისტორიაში არცერთ ნახევარმცველს არ გაუტანია მასზე მეტი გოლი და კიდევ: ჩელსის ამ შემადგენლობიდან კლუბის ლურჯი მაისური მასზე მეტჯერ არავის მოურგია.

ასეთ დროს რატომ უნდა მოგინდეს კლუბის გამოცვლა?

ის ჩელსის ლიდერია! შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელთანაც თამაშრომლობა ერთი სიამოვნებაა! დღეს ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, – ამბობ ლუიშ ფელიპე სკოლარი, ლონდონური კლუბის ბრაზილიელი მწვრთნელი.

ფრენკ ლამპარდ უმცროსი 2001 წლის ზაფხულიდან თამაშობს ჩელსიში და სეზონში მინიმუმ 40 ოფიციალურ მატჩს ატარებს.

2006-07 წლების სეზონში სულაც კარიერის რეკორდი დაამყარა: პრემიერლიგაში, ასოციაციის და ლიგის თასებზე და ჩემპიონთა ლიგაში 62 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა!

ჩემთვის თითოეული მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა შეხვედრა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ბედნიერი ვარ, რომ ბოლო წლებში ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა არ მაქვს. ალბათ, ამ მხრივ ძალიან იღბლიანი ვარ! – ამბობს ლონდონელთა მე8 ნომერი.

2001 წლის 13 ოქტომბრიდან დაწყებული 2005 წლის დეკემბრის მიწურულამდე მან პრემიერლიგის ზედიზედ 164 მატჩში ითამაშა, ეს კი ლიგის რეკორდი გამოდგა – 5 თამაშით გააუმჯობესა წინა მიღწევა, რომელიც ვეტერან მეკარე დევიდ ჯეიმსს ეკუთვნოდა. ეს მაჩვენებელი უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, მაგრამ 2005 წლის 28 დეკემბერს, მანჩესტერ სიტისთან თამაში მაღალი სიცხის გამო გამოტოვა…

რეკორდები ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა, მაგრამ ყველა შეხვედრაში მონაწილეობა მართლა ყოველთვის მსურდა. ცხადია, როცა მუდმივად თამაშობ, სტატისტიკური მონაცემებიც უფრო შთამბეჭდავია“… – ფრენკი.

იმ ფეხბურთელებიდან, რომლებიც ჩელსიში მყავდა, ოთხ მათგანს ყველა გუნდში სიამოვნებით ვათამაშებდი: მეკარე პეტრ ჩეხს, მცველ ჯონ ტერის, ნახევარმცველ ფრენკ ლამპარდს და თავდამსხმელ დიდიე დროგბას. ეს ოთხეული ჩემი ჩელსიხერხემალი იყო“, – აცხადებს ჟოზე მოურინიუ, მილანის ინტერის პორტუგალიელი თავკაცი, რომელიც იტალიაში გადასვლისთანავე ცდილობდა ლამპარდის და დროგბას გადაბირებას.

თუ რატომ არ ისურვა ფეხბურთელმა აპენინის ნახევარკუნძულზე გადაბარგება, ეს თავად ახსნა, ჩვენ კი დავძინოთ, რომ კარიერის მთავარი ჯილდოები მან სწორედ მოურინიუს ხელში მოიპოვა: 2ჯერ მოიგო პრემიერლიგა, 2ჯერ ლიგის თასი, თითოჯერ კი ასოციაციის და სუპერთასები…

ის მწვრთნელი-ჩემპიონია! მის მიერ ჩატარებული არცერთი ვარჯიში არ იყო ერთნაირი… მოურინი ჩინებული სპეციალისტიაეს მისი შედეგებიდანაც ჩანს და პირადად ჩემთვის, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელისთვის, გულდასაწყვეტი იყო მასთან განშორება, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვსურს, – ფრენკ ლამპარდი. სხვათა შორის, ის ერთ-ერთი იყო ჩელსის იმ ფეხბურთელთაგან, რომლებმაც პორტუგალიელი მწვრთნელის დასაცავად ხმა აიმაღლეს.

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ტიტული ლამპარდმა მოურინიუს გუნდში მოიგო, კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი მან იმ მწვრთნელის ხელში გაიტანა, რომელთანაც ნახევარი სეზონიც კი არ იმუშავა – ავრაამ გრანტს ვგულისხმობთ, რომელიც ლონდონურ კლუბს 2008 წლის გაზაფხულზე წვრთნიდა და რომელმაც ჩელსი ისტორიაში პირველად გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

გადამწყვეტი მატჩი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში შედგა, კლუბის მფლობელის, მილიარდერი რომან აბრამოვიჩის სამშობლოს უპირველეს ქალაქში. ჩელსის ძალიან სურდა საოცნებო ტიტულის მოგება და მიზანთან ახლოსაც იყო, მაგრამ თასი მაინც მეტოქემ ასწია.

ფრენკიმ იმ ფინალში გოლი 45ე წუთზე გაიტანა – ანგარიში გაათანაბრა. ის ბურთი მან დედის ხსოვნას მიუძღვნა. პეტ ლამპარდი 2008 წლის 24 აპრილს ლონდონში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა და მას შემდეგ ფეხბურთელი ყველა გოლს მას უძღვნის.

დედის გარდაცვალება ჩემთვის უდიდესი დარტყმა იყოძალიან მიყვარდა… ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ლივერპულთან მეორე მატჩში შეგდებული გოლი იყო პირველი, რომელიც მის ხსოვნას მივუძღვენი და მას შემდეგ სულ ასე იქნება – ფრენკი.

მიხარია, რომ ის კარგი ფეხბურთელი დადგა. ყოველთვის მსურდა, რომ ძლიერი მოთამაშე ყოფილიყო“, – ამბობს უფროსი ფრენკ ლამპარდი, ვის ხელშიც დაიწყო შვილის კარიერა.

ეს 1994 წლის ივლისში მოხდა: უმცროსმა ფრენკიმ ვესტ ჰემ იუნაიტედთან გააფორმა კონტრაქტი. მამამისი სწორედ ამ კლუბის მთავარი მწვრთნელის ჰარი რედნაპის თამაშემწე გახლდათ.

1994-95 წლების სეზონი ფრენკიმ ლონდონური კლუბის მეორე შემადგენლობაში გაატარა, 1995 წლის ზაფხულში კი ვესტ ჰემ იუნაიტედმა II დივიზიონის სუონსი სიტიში ნახევარი სეზონით გაანათხოვრა. ლამპარდი ჩემპიონატში 9ჯერ თამაშობს და ერთი გოლი გააქვს.

მისი დებიუტი პროფესიულ ფეხბურთში 1995 წლის ოქტომბერში შედგა: სუონსი სიტიმ ბრედფორდ სიტი 2:0 დაამარცხა და უმცროსი ლამპარდიც მაშინ შევიდა მწვანე მინდორზე. მალე კარიერაში პირველი ოფიციალური გოლიც გაიტანა – იმავე დივიზიონში ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონის კარი დალაშქრა.

1996 წლის იანვარში ფრენკი ვესტ ჰემ იუნაიტედს უბრუნდება, თებერვალში კლუბის ღირსებას პირველად იცავს – ქოვენთრი სიტის წინააღმდეგ და მას შემდეგ, ჩელსიში გადასვლამდე, ჩაქუჩების ერთგული რჩება.

1996-97 წლების სეზონის დასაწყისში ფეხი მოიტეხა, რის გამოც თითქმის მთელი ჩემპიონატი გაუცდა, მომდევნო სეზონში კი პირველი გოლიც გაიტანა – ბარნლისთან მოგებულ შეხვედრაში გამოიჩინა თავი.

1998-99 წლების ჩემპიონატიდან ფრენკი ვესტ ჰემ იუნაიტედის ძირითადი შემადგენლობის წევრია, პრემიერლიგაში ყველა შეხვედრაში მონაწილეობს და 5 გოლიც გააქვს, მისი კლუბი კი V ადგილზე გადის.

ის სეზონი ალბათ, საუკეთესო იყო ვესტ ჰემ იუნაიტედში. ჩემი თაობა სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა ძირითად შემადგენლობაში და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, კარგი შედეგებიც გვქონდა. თუ არ ვცდები, მას შემდეგ კლუბი V ადგილზე აღარც გასულა – ფრენკი.

ლამპარდთან ერთად ლონდონელთა იმ შემადგენლობიდან გამოირჩეოდა იმედისმომცემი მცველი რიო ფერდინანდი, რომელიც დღეს ჩელსის უმთავრესი კონკურენტის მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი და დაცვის ბურჯია.

ჩვემეგობრები ვართ. მერე რა, რომ ხშირად ერთმანეთის დასამარცხებლად ვიბრძვით? მხოლოდ მოედანზე ვცდილობთ ერთმანეთის დაჯაბნას, მინდვრის გარეთ კი ძველებურად კარგი ურთიერთობა გვაქვს, – ამბობს ფრენკი.

2001 წლის ზაფხულში ვესტ ჰემ იუნაიტედში დიდი ცვლილებები მოხდა: მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი და მისი თანაშემწე ფრენკ ლამპარდ-უფროსი გუნდიდან წავიდნენ, რიო ფერდინანდი თითქმის 20 მილიონ გირვანქად ლიდს იუნაიტედში გადავიდა…

კლუბი გამოიცვალა ფრენკიმაც, თუმცა შორს არ წასულა: ჩელსიმ ჩაქუჩებს 11 მილიონი გირვანქა გადაუხადა და მანაც შინდისფერი მაისური ლურჯზე გადაცვალა.

დღევანდელი გადასახედიდან ჩელსიში გადასვლა მხოლოდ და მხოლოდ მომგებიან ნაბიჯად ფასდება, მაგრამ მაშინ ეს კლუბი პრემიერლიგის საშუალო გუნდი იყო და ჩემპიონობაზე პრეტენზიას არ და ვერ აცხადებდა. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ რომან აბრამოვიჩი მოვიდამის ხელში ჩელსი არათუ ინგლისის, ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბად იქცა – ამბობს ფეხბურთელი.

ახალ კლუბში ლამპარდის დებიუტი 2001 წლის 19 აგვისტოს შედგა ნიუკასლ იუნაიტედთან ფრედ 1:1 დასრულებულ შეხვედრაში, თითქმის ერთი თვის შემდეგ, 16 სექტემბერს კი პირველად მიიღო წითელი ბარათი – ტოტენჰემ ჰოთსფურთან მატჩი დაასრულა დროზე ადრე.

მერე იყო პირველი გოლი პრემიერლიგაში და ჟურნალისტთა ვარაუდებიც – მას დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა. გაცემული ავანსების გამართლება ფრენკიმ მალევე დაიწყო, კლუბში ჟოზე მოურინიუს მისვლის შემდეგ კი საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთ-ერთ საუკეთესო შემტევ ნახევარმცველად.

ის ინგლისური ფეხბურთის მშვენებაა და ძველი ყაიდის ვარსკვლავებს გვახსენებს. მებრძოლია, მუდმივად უტევს, ახასიათებს ძლიერი დარტყმა, ჩინებულად თამაშობს თავით და რაც მას კიდევ უფრო ალამაზებს, ლიდერია! – ალან ჰანსენი, ლეგენდარული ლივერპულის უძლიერესი მცველი და დღეს პოპულარული საფეხბურთო ტელეკომენტატორი.

2005 წლის გაზაფხულზე ფეხბურთზე მწერალ ჟურნალისტთა ასოციაციამ ფრენკი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, წლის ბოლოს კი ლონდონელთა ნახევარმცველმა ფიფას ვერცხლის ბურთი მიიღო, როგორც მსოფლიოს მეორე საუკეთესო მოთამაშემ. მხოლოდ ბრაზილიელმა რონალდინიომ აჯობა.

იგივე მოხდა პოპულარული ფრანგული ჟურნალის ფრანს ფუტბოლის მიერ ორგანიზებულ ევროპის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენ რეფერენდუმში – ინგლისელი მხოლოდ ბარსელონის ბრაზილიელ ვარსკვლავს ჩამორჩა.

2006 წლის 17 დეკემბერს, ევერტონთან 3:2 მოგებულ შეხვედრაში ჩელსის მაისურით 77ე გოლი გაიტანა და კლუბის ყველა დროის ყველაზე შედეგიანი ნახევარმცველი გახდა – ექს-კაპიტან დენის უაიზის რეკორდი გააუმჯობესა.

2007 წლის 7 იანვარს, ასოციაციის თასის III წრეში ჰეთ-თრიქი შეასრულა, პირველად, კლუბში ასპარეზობის მანძილზე.

2008 წლის 16 თებერვალს, ასოციაციის თასის V წრეში, ჰადერსფილდ თაუნთან 3:1 მოგებულ მატჩში გამოიჩინა თავი და ლონდონელთა ისტორიაში გახდა მე8, რომელმაც მე100 გოლი გაიტანა!

2008 წლის 12 მარტს, პრემიერლიგაში დერბი ქაუნთისთან 6:0 მოგებულ შეხვედრაში კარიერაში პირველად შეასრულა პოკერი – სტუმართა კარი 4ჯერ დალაშქრა!

მერე დედა გარდაეცვალა.

ასეთი მომენტები ციდან დედამიწაზე გაბრუნებს და შენც ხვდები, რომ წარმატებამდე მისასვლელი იოლი გზა არ არსებობს. ჩემი კარიერა კარგად ვითარდებოდა, ყველა მატჩი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა, მაგრამ დედის გარდაცვალებამ თავზარი დამცა. მივხვდი, რომ მთავარი გოლები და ჯილდოები კი არა, გარშემომყოფთა კარგად ყოფნაა“, – ფრენკ ლამპარდი

ფრენკი იმ იშვიათ ინგლისელ ფეხბურთელთაგანია, რომლებიც ყვითელი პრესის ფურცლებზე არ, ან უკიდურესად იშვიათად ხვდებიან. ჩელსის მე8 ნომერი სურეის საგრაფოში, ესპანელ მეუღლე ელენ რივსთან და ორ შვილთან, ლუნასა და ისლასთან ერთად ცხოვრობს. სხვათა შორის, ისლა ინგლისის თასის 2007 წლის ფინალის დასრულებიდან რამდენიმე წუთში დაიბადა – ჩელსიმ მაშინ თასი მოიგო…

2008 წლის 2 ნოემბერს, პრემიერლიგაში სანდერლენდთან 5:0 მოგებულ შეხვედრაში ლამპარდმა ჩემპიონატში საიუბილეო, მე100 გოლი გაიტანა და გახდა მე14, რომელმაც ამ ზღვარს გადააბიჯა.

200 გოლი? დღეს ეს ფანტასტიკა მგონია, მაგრამ აბა რა გითხრათ? კარიერის დასრულებას ჯერ არ ვაპირებ და ამ ნიშნულსაც არ ვუფრთხი, თუმცა რომ არ მოგატყუოთ, 200 გოლზე არ ვფიქრობ. მთავარია გავიტანო იმდენი, რაც გამარჯვებისთვის იქნება საკმარისი, – ფრენკ ლამპარდი.

ვარსკვლავის საკლუბო კარიერაზე თითქმის ყველაფერი ვთქვით, მაგრამ არ გვიხსენებია ნაკრები, სადაც ნახევარმცველი თითქმის 10 წელიწადია თამაშობს, მაგრამ ერთი ტიტული რაა, ის ვერ მოუგია.

ფრენკი: დღეს ინგლისი ისე ძლიერია, როგორც არასდროს. არ მინდა ფეხბურთიდან ნაკრებში მოპოვებული გამარჯვების გარეშე წავიდეეს ჩემთვის ნამდვილი ტრაგედია იქნება… დღეს უძლიერესი მწვრთნელი გვყავს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირიც ჩინებულად დავიწყეთ და დიდი იმედი მაქვს, რომ სამხრეთ აფრიკაში, გამარჯვებას დანატრებულ ჩვენ ფანებს, ბოლოს და ბოლოს, გავახარებთ.

მიუხედავად იმისა, რომ 30 წლისაა და ერთ-ერთი უძლიერესი საფეხბურთო ნაკრების წევრია, მხოლოდ 2 დიდ საერთაშორისო ტურნირზე ითამაშა: ევროპის 2004 წლის და მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატებზე. სხვა შემთხვევაში მწვრთნელები თვლიდნენ, რომ მზად არ იყო, ან, უბრალოდ გუნდი ვერ ხვდებოდა ფინალურ ეტაპზე, როგორც ეს ევრო 2008-ზე მოხდა.

სავარაუდოდ, ინგლისი მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს და ალბათ, ფრენკიც მე3 დიდ ტურნირს დააჭაშნიკებს.

იქნებ, მესამე ცდით აისრულოს ოცნება?

ვნახოთ.

იცოდით?
…ფრენკ ლამპარდმა ვესტ ჰემ იუნაიტედის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 148 ოფიციალურ მატჩში 24 გოლი გაიტანა.
…2002-03 წლების სეზონში ნახევარმცველმა პირველი გოლი გაიტანა ევროპის საკლუბო ტურნირებში – ჩელსი ნორვეგიის ვიკინგთან დამარცხდა, ფრენკიმ კი ერთი გოლი შეაგდო.
…2005 წლის სექტემბერში პროფესიონალ ფეხბურთელთა მსოფლიო ფედერაციამ ფრენკ ლამპარდი 2005 წლის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
…1997 წლის ნოემბერში პირველად ითამაშა ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებში – სადებიუტო შეხვედრაში ის ბერძენ თანატოლებს დაუპირისპირდა. 1997-2000 (ნოემბერი) წლებში მან 16ჯერ ითამაშა ახალგაზრდულ ნაკრებში და 8 გოლი გაიტანა. მასზე მეტი ბურთი ამ გუნდის ისტორიაში მხოლოდ ალან შირერს და ფრენსის ჯეფერსს გაუტანიათ 0 13.
…1999 წლის 10 ოქტომბერს ფრენკიმ პირველად ითამაშა ინგლისის ნაკრებში. მისმა გუნდმა ბელგიას ამხანაგურში 2:1 სძლია.
…2003 წლის 20 აგვისტოს, იფსვიჩში, პორტმენ როუდზე ხორვატიის ნაკრებთან 3:1 მოგებულ მატჩში ლამპარდმა პირველი სანაკრებო გოლი გაიტანა.
…ევრო 2004ზე ჩელსის ნახევარმცველმა 3 გოლი შეაგდო და ყველა ლისაბონში, ესტადიო და ლუშზე: 13 ივნისს ფრანგების კარი დალაშქრა, 21 ივნისს ხორვატების, 24 ივნისს კი მასპინძლების წინააღმდეგ გამოიჩინა თავი. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე ფრენკს გოლი არ გაუტანია, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრების ყველა შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა.
…2000 წელს, კვიპროსის კურორტ აია ნაპაში ფრენკი, რიო ფერდინანდთან და კირან დაიერთან ერთად სამართლადამცავებმა დააკავეს მავანი გოგონას გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით. მოგვიანებით იმ შემთხვევას ერთ-ერთმა ტელეარხმა სპეციალური გადაცემაც მიუძღვნა.
…2006 წლის აგვისტოში ჩელსის ნახევარმცველის პირველი ავტობიოგრაფიული წიგნი გამოიცა – ფრენკი.
…1997-98 წლების სეზონიდან დაწყებული 2006-07 წლების სეზონის ჩათვლით ფრენკ ლამპარდი პრემიერლიგაში სეზონში მინიმუმ 30 შეხვედრას ატარებდა. ეს სერია 2007-08 წლების ჩემპიონატისას შეწყდა, სადაც ფეხბურთელს ტრავმის გამო 14 მატჩი გაუცდა.
…2004, 2005 და 2006 წლებში ლონდონელთა ერთ-ერთი ლიდერი პრემიერლიგის სიმბოლური ნაკრების წევრად დაასახელეს.
…ჩელსის გულშემატკივრებმა ფრენკი 2004 და 2005 წლებში კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
…2008 წლის აგვისტოში უეფამ ლონდონელთა ვიცე-კაპიტანი ჩემპიონთა ლიგის 2007-08 წლების სეზონის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელა.

ფრენკ ლამპარდი (ფრენკ ჯეიმს ლამპარდ უმცროსი)
დაიბადა 1978 წლის 20 ივნისს ინგლისის დედაქალაქ ლონდონში
ნახევარმცველი
კლუბები: ვესტ ჰემ იუნაიტედი (ლონდონი; 1994-2001), სუონსი სიტი (1995), ჩელსი (ლონდონი; 2001-)
გუნდური ტიტულები: ინგლისის ჩემპიონი – 2005, 2006; ინგლისის თასი – 2007; ინგლისის ლიგის თასი – 2005, 2007; ინგლისის სუპერთასი – 2005; ინტერტოტოს თასი – 1999
ინდივიდუალური ტიტულები: ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელი (სჟა) – 2005; ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი (უეფა) – 2008
ინგლისის ნაკრებში: 66 მატჩი, 14 გოლი (1999-)

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ათიანი; 2008)

ka_GEGeorgian