UEFA.com: 2007 წლის რჩეულები

უეფას ინტერნეტ გვერდმა დღეს ევროპის 2007 წლის სიმბოლური ნაკრები დაასახელა: საუკეთესო 11 ფეხბურთელი 3,75 მილიონი გულშემატკივრის ხმების დათვლის შედეგად გამოვლინდა.
წლის სიმბოლური გუნდი უეფას ინტერნეტგვერდმა მეშვიდედ შეადგინა.

გასული წლის სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი წარმომადგენელი იტალიის მილანს ჰყავს: ჩემპიონთა ლიგის, ევროპის სუპერთასის და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული კლუბი 3 ფეხბურთელითაა წარმოდგენილი – მცველი ალესანდრო ნესტა 2002, 2003 და 2004 წლების შემდეგ მეოთხედ მოხვდა წლის სიმბოლურ ნაკრებში, ნახევარმცველი კლარენს ზეედორფი 2002 წლის შემდეგ მეორედ, ხოლო კაკა, შარშანდელის დარად, შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე პირველი იყო.

სხვათა შორის, ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა ბრაზილიელმა 220 333 ხმა მიიღო, რაც წლევანდელ სიმბოლურ ნაკრებში საუკეთესო მაჩვენებელია.

გასული წლის სიმბოლურ ნაკრებში იტალიის და ინგლისის ჩემპიონატებში მოთამაშე 4-4 ფეხბურთელი მოხვდა, ესპანეთის პრიმერადივიზიონი კი 3 მოთამაშითაა წარმოდგენილი.

2007 წლის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მანჩესტერ იუნაიტედის შოტლანდიელი თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი დასახელდა – ისტორიაში პირველად.

ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი, 2-2 წარმომადგენელი ინგლისს და ბრაზილიას ჰყავთ.

ასეთი პროექტები სულ უფრო პოპულარული ხდება, რის დასტურიცაა მონაწილეთა რაოდენობა. წლევანდელი მაჩვენებელი რეკორდია. თუ გავითვალისწინებთ, რომ სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრილი ყველა ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობს, ნათელი გახდება, რომ ეს ტურნირი გულშემატკივართა შორის ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს“, – განაცხადა უეფას ინტერნეტ-გვერდის მენეჯერმა ადრიან ჰარტმა.

UEFA.com-ის ევრონაკრები 2007
მეკარე: იკერ კასილიასი (მადრიდის რეალი, ესპანეთი; ესპანეთი)
მცველები: დანი ალვეში (სევილია, ესპანეთი; ბრაზილია), ალესანდრო ნესტა (მილანი, იტალია; იტალია), ჯონ ტერი (ლონდონის ჩელსი, ინგლისი; ინგლისი), ერიკ აბიდალი (ბარსელონა, ესპანეთი; საფრანგეთი)
ნახევარმცველები: კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი; პორტუგალია), სტივენ ჯერარდი (ლივერპული, ინგლისი; ინგლისი), კაკა (მილანი, იტალია; ბრაზილია), კლარენს ზეედორფი (მილანი, იტალია; ჰოლანდია)
თავდამსხმელები: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანის ინტერი, იტალია; შვედეთი), დიდიე დროგბა (ლონდონის ჩელსი, ინგლისი; კოტ დივუარი)
მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი; შოტლანდია)

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2008 წლის 18 იანვარი)
ფოტო:
uefa.com

ka_GEGeorgian