ვარსკვლავები: რიო ფერდინანდი

ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ფაბიო კაპელოს დანიშვნისთანავე, ინგლისელმა ჟურნალისტებმა, სხვა ბევრ თემასთან ერთად, იმაზეც დაიწყეს მარჩიელობა, თუ ვინ გახდებოდა იტალიელის გაწვრთნილი ნაკრების კაპიტანი.

4 კანდიდატი იყო: გამოცდილი, თუმც კარიერის დასასრულს მიახლოვებული დევიდ ბექემი; ლივერპულის ლიდერი და არაერთი ინგლისელის საყვარელი ფეხბურთელი სტივენ ჯერარდი; ლონდონელ არისტოკრატთა გუნდისთავი ჯონ ტერი და მანჩესტერ იუნაიტედის დაცვის ბურჯი რიო ფერდინანდი.

ფაბიო კაპელომ სამკლავური ნელ-ნელა ყველას მოარგო.

ბიჭებს დავაკვირდები და ვინც კაპიტნისთვის საჭირო თვისებებს გამოავლენს, სამკლავურსაც ის ჩაიბარებს. იტალიაში ყველაფერი უბრალოდაა, ვისაც ყველაზე მეტჯერ უთამაშია ნაკრებში, გუნდისთავიც ისაა, ინგლისში კი სხვა სიტუაცია დამხვდა“, – განაცხადა კაპელომ.

გამოცდილმა იტალიელმა მწვრთნელმა საბოლოოდ ჯონ ტერი აირჩია, ვიცე-კაპიტნობა კი რიო ფერდინანდს დაევალა, ნაკრების დაცვის ცენტრში ტერის მეწყვილეს და ამ წერილის გმირს.

გუნდის კაპიტნობა მნიშვნელოვანია – გაცვეთილი ფრაზა რომ მოვიშველიოთ, ის მწვრთნელის მარჯვენა ხელია მოედანზე და ფეხბურთელებსა და თავკაცს შორის ერთგვარი შუამავალია.

კაპიტნის სამკლავური რიომ პირველად 2001 წლის აგვისტოში მოირგო: 23 წლის ბიჭი ლიდს იუნაიტედის ლიდერად მოგვევლინა. მართალია მის ამჟამინდელ კლუბში კაპიტანი გარი ნევილია, მაგრამ არცთუ იშვიათად მას ფერდინანდი ცვლის.

რიო შესანიშნავი ფეხბურთელია, ის ლიდერადაა დაბადებული. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ფერდინანდი ჩვენი კლუბის კაპიტანი ოფიციალურად არაა, მხოლოდ და მხოლოდ მისი ორი თანაკლუბელიგარი ნევილი და რაიან გიგზია. მათი არყოფნის შემთხვევაში რიოს ავტორიტეტი შეუვალია, – სერ ალექს ფერგიუსონი, მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელი.

ჩატარებული მატჩების მიხედვით, რიო ფერდინანდს ოლდტრაფორდული კლუბის დღევანდელი შემადგენლობიდან მხოლოდ გარი ნევილი, რაიან გიგზი და პოლ სქოულზი უსწრებენ.

გიგზი, რომელიც წითელი ეშმაკების რეკორდსმენი გახლავთ, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90იანი წლების დასაწყისში გადაიბირა შოტლანდიელმა, ნევილი და სოქულზი კი 90იანი წლების შუაში გამოჩნდნენ თანატოლებთან ერთად.

რიო ინგლისის ბოლო წლების უძლიერეს გუნდში 2002 წელს გადაბარგდა, ხოლო თუ ზუსტი თარიღიც გაინტერესებთ, ინებეთ: კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 22 ივლისს გაფორმდა.

მხარეები 5წლიან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, მანჩესტერ იუნაიტედმა კი, სხვადასხვა გადასახადების ჩათვლით, 33 მილიონი გირვანქა გადაუხადა ლიდს იუნაიტედს და ამით რამდენიმე რეკორდიც დამყარდა:

ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში რიო ფერდინანდი ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე შეიქნა;

ფეხბურთელმა მსოფლიოს უძვირფასესი მცველის ტიტული დაიბრუნა, რომელიც ერთი წლით ადრე პარმადან იუვენტუსში გადაბარგებულმა ფრანგმა ლილიან ტურამმა აართვა;

ლიდსის ისტორიაში ფერდინანდის გარიგება ყველაზე მომგებიანი აღმოჩნდა…

ერთი სიტყვით, ლიდსელები სიხარულით ცას ეწივნენ, პრესა კი ოლდტრაფორდულ კლუბს ძალიან დიდი თანხის გაღების გამო ადანაშაულებდა. ცნობისათვის: 2000 წლის ნოემბერში ლიდს იუნაიტედმა ვესტ ჰემ იუნაიტედს 18 მილიონი გირვანქა გადაუხადა და ფერდინანდი შეიძინა. სხვათა შორის, ის ტრანსფერიც რეკორდული იყო.

ახალგაზრდა და იმედისმომცემია. დარწმუნებული ვარ, რიო ჩვენი კლუბის დიადი მოთამაშეების გვერდით დადგომას შეძლებს, – სერ ალექს ფერგიუსონი ახალწვეულის შესაძლებლობებში ღრმად იყო დარწმუნებული, თუმცა პრესა ეჭვობდა და საამისოდ მცველს ძველ ცოდვებს უხსენებდა: ლონდონურ კლუბში ასპარეზობისას პოლიციამ რამდენჯერმე დააჯარიმა სიჩქარის გადაჭარბების გამო, ერთი-ორჯერ, შეზარხოშებულმა, პაბშიც იჩხუბა (ხშირი სმის გამო ინგლისის ნაკრების ექს-მწვრთნელმა გლენ ჰოდლმა რიო მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე არ წაიყვანა), გოგონებთან გართობაზეც არ ამბობდა უარს…

2002-03 წლების სეზონში, ოლდ ტრაფორდზე დებიუტისთანავე, რიო ფერდინანდმა ჩემპიონის ტიტული მოიგო, ლიგის თასის წაგებულ ფინალშიც ითამაშა და რაც არანაკლებ ხაზგასასმელია, იმ სკანდალში გაეხვა, რომელსაც ყვითელი პრესა ასე ელოდა:

2003 წლის მიწურულს, ერთ-ერთი მატჩის შემდეგ სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლო, თუმცა ექიმებთან არ თუ ვერ გამოცხადდა და მკაცრად დაისაჯა: ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა, რომელსაც ბარი ბრაიტი ხელმძღვანელობდა, ფერდინანი 50 ათასი გირვანქით დააჯარიმა, პლუს, 8 თვით აუკრძალა საკლუბო და სანაკრებო დონეზე თამაში.

მანჩესტერ იუნაიტედმა განაჩენი გაასაჩივრა და მაგალითად ის მოიშველია, რომ მანჩესტერ სიტის ფეხბურთელი კრისტიან ნეგუაი, მსგავსი შემთხვევის გამო, მხოლოდ 20 ათასით დააჯარიმეს. საბოლოოდ საქმე ფიფამდე მივიდა, ამ ორგანიზაციის შვეიცარიელმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა კი ფერდინანდის სასჯელს სამართლიანი უწოდა.

რიომ 2003-04 წლების სეზონის თითქმის ნახევარი და მომდევნოს დასაწყისი გამოტოვა. მის გარეშე ჩაიარა ევროპის ჩემპიონატმაც, სადაც სვენ-გორან ერიქსონის გუნდი 1/4ფინალში დამარცხდა პორტუგალიასთან.

ის დღეები ჩემთვის ნამდვილი კოშმარი იყო და დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ ასე გამწირეს. ადრეც ვთქვი და ახლაც იგივეს გავიმეორებ: დოპინგკონტროლის გავლა დამავიწყდა, ეს იყო და ეს. დაიწერა, თითქოს სპეციალურად ავარიდე თავი შემოწმებას. სისულელეა, მოსაბეზრებელია ამაზე საუბარი – რიო.

მანჩესტერ იუნაიტედი

2008 წლის 21 მაისი, მანჩესტერ იუნაიტედი მოსკოვში, ლონდონის ჩელსისთან ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ. დგანან (მარცხნიდან): ოუენ ჰარგრივზი, ედვინ ვან დერ სარი, ნემანია ვიდიჩი, რიო ფერდინანდი, უესლი ბრაუნი, კრიშტიანუ რონალდუ. პირველ რიგში: კარლოს ტევესი, უეინ რუნი, პოლ სქოულზი, მაიკლ ქერიკი, პატრის ევრა

კლუბსა და ნაკრებს ის თითქმის ერთდროულად დაუბრუნდა: 2004 წლის 9 სექტემბერს მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ითამაშა უელსელთა წინააღმდეგ. სიმბოლურია, რომ ფერდინანდი იმ შეხვედრაში ტერიმ შეცვალა…

ინგლისის ნაკრების დღევანდელი შემადგენლობიდან მანჩესტერელთა ცენტრალური მცველი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია – ეროვნულ გუნდში 73ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა. ბოლო ბურთი ახლახანს, 11 ოქტომბერს ლონდონში, ყაზახეთთან 5:1 მოგებულ შესარჩევში შეაგდო – 52ე წუთზე თავური დარტყმით შეარხია მეტოქის კარის ბადე. სხვათა შორის, სამივე თამაში, რომელშიც ფერდინანდის გვარი ტაბლოზე აენთო, ინგლისისმა დიდი ანგარიშით მოიგო: 2002 წლის 15 ივლისს, იაპონიის ქალაქ ნიიგატაში, მსოფლიო ჩემპიონატის 1/8ფინალში რიომ დანიელებთან მატჩში ანგარიში გახსნა, ინგლისმა კი 3:0 იმარჯვა; ხოლო მეორედ 2007 წლის 12 სექტემბერს, ევრო 2008ის შესარჩევში, ლონდონში რუსებს გაუტანა მე3 და იმ მატჩში უკანასკნელი გოლი – 3:0…

კლუბში მას უფრო იშვიათად გააქვს. 1978 წლის 7 ნოემბერს, ინგლისის დედაქალაქ ლონდონის გარეუბან პეკჰემში დაბადებულმა რიო გევინ ფერდინანმა 3 პროფესიულ კლუბში – ვესტ ჰემ იუნაიტედი, ლიდს იუნაიტედი, მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებულ 400მდე მატჩში მხოლოდ 10 გოლი შეაგდო.

ჩვენ მისგან გოლების გატანას სულაც არ ვითხოვთ. მთავარია მან და მისმა პარტნიორებმა მეტოქეს არ გაატანინონ, – სწორედ ასე უპასუხა ალექს ფერგიუსონმა, როცა ჟურნალისტებმა ოლდტრაფორდელთა სერბი ცენტრალური მცველი ნემანია ვიდიჩი შეტევაში ფერდინანდს ამჯობინეს.

2005 წლის 14 დეკემბერს, შინ უიგანთან 4:0 მოგებულ მატჩში რიომ თავურით გახსნა ანგარიში. ეს იყო მისი პირველი გოლი მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლის შემდეგ, რადგან პირველ 3 სეზონში მან ეგრეც ვერ შეძლო ბურთის გატანა.

იმ გოლს ვესტ ბრომვიჩ ალბიონის კარში შეგდებული ბურთი მოჰყვა, მერე კი ოცნებების თეატრს – ოლდ ტრაფორდს ლივერპული ესტუმრა და მასპინძლებმა მხოლოდ ფერდინანდის ბოლო წუთს გატანილი გოლით იმარჯვეს. რიო იმ ბურთს დღემდე ყველაზე მნიშვნელოვან გოლად მიიჩნევს…

2006 წელს ის ინგლისის ვიცე-ჩემპიონი და ლიგის თასის მფლობელი გახდა, ერთ-ერთ ინტერვიუში კი გაამხილა, რომ ძმას აჯობა: ენტონი ფერდინანდმა, რომელიც დღეს სანდერლენდში თამაშობს, სეზონის მანძილზე მხოლოდ 2 გოლი გაიტანა, რიომ – ერთით მეტი.

2006-07 წლების სეზონში მანჩესტერ იუნაიტედმა მეცხრედ მოიგო პრემიერლიგა. ფერდინანდმა მეორედ. ეშმაკებს ოქროს დუბლის შესრულებაც შეეძლოთ, თუმცა ასოციაციის თასის ფინალში ჩელსიმ იმარჯვა.

რიო ფერდინანდი პრემიერლიგის სეზონის ნაკრებში დაასახელეს – რჩეულთა შორის ის მეორედ მოხვდა, პირველად 2004-05 წლების სეზონის შემდეგ.

„3 წელიწადი ვიბრძოდით უძლიერესის სახელისთვის. იმ სეზონში ჩვენ მართლა ძალიან კარგად ვითამაშეთ და მოვიგეთ კიდეც პირველობა, აი, მომდევნო ჩემპიონატის წინ კი მეტოქეთა შესაძლებლობები უკვე აღარ გვაინტერესებდავიცოდით, რომ უძლიერესნი ვიყავით და ტიტულის დაცვა გვსურდა, – რიო ფერდინანდი.

2007-08 წლების სეზონი ჩვენი დღევანდელი წერილის გმირისთვის კარგად დაიწყო: მანჩესტერ იუნაიტედმა ინგლისის სუპერთასზე ჩელსის სძლია და თასის ფინალში მარცხისთვის რევანში აიღო.

რაც შეეხება პრემიერლიგას, ოლდტრაფორდელებმა პირველი გოლი მხოლოდ VII ტურში, 2007 წლის 20 ოქტომბერს გაუშვეს ბირმინგემის ასტონ ვილასთან მატჩში. საწყის 6 ტურში მანჩესტერელთა დაცვა, ფერდინანდის ხელმძღვანელობით, შეუვალი იყო. სხვათა შორის, ბირმინგემელებთან შეხვედრაში რიომ გოლიც გაიტანა, რამდენიმე დღეში კი, ჩემპიონთა ლიგაში კიევის დინამოსთან 4:2 მოგებულ მატჩშიც გამოიჩინა თავი. მანჩესტერ იუნაიტედში ასპარეზობის მანძილზე ეს მისი პირველი გოლი იყო ევროთასებზე.

ჩინებულად დაიწყო 2008 წელიც: 12 იანვარს პრემიერლიგის უძლიერესმა კლუბმა მშობლიურ სტადიონზე ნიუკასლ იუნაიტედი არ დაინდო – 6:0 და ფერდინანდის მორიგი გოლი.

8 მარტს კარშიც ჩადგა: ასოციაციის თასის მეოთხედფინალში, პორტსმუტთან მატჩში ვან დერ სარმა საზარდული იტკინა და ის ტომაშ კუშჩაკმა შეცვალა, რომელიც მსაჯმა რამდენიმე წუთში გააძევა. რიო კარში ჩადგა და კინაღამ პენალტიც მოიგერია – სალი მუნტარის დარტყმის კუთხეს მიუხვდა, მაგრამ ეგ იყო და ეგ.

25 მარტს ფეხბურთის ასოციაციამ განაცხადა, რომ საფრანგეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში კაპიტანი რიო ფერდინანდი იქნებოდა.

16 აპრილს კლუბის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვით გუნდი 3 მოთამაშეს – რიო ფერდინანდს, მაიკლ ქერიკს და უესლი ბრაუნს ახალ, 5წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა. ხელშეკრულებები ოფიციალურად 15 მაისს გაფორმდა – 2013 წლის 1 ივნისამდე რიო კლუბის წევრი იქნება და კვირაში 130 ათას გირვანქას მიიღებს.

21 მაისს მცველის კარიერაში მორიგი ოქროს ფურცელი ჩაიწერა: მოგებულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მანჩესტერ იუნაიტედს რიო ფერდინანდმა უკაპიტნა!

დაუვიწყარი დღე იყო! ცხადია, სამკლავურზე ყველაზე ნაკლებად ვფიქრობდი, თუმცა ახლა მეამაყება, რომ იმ შეხვედრაში გუნდისთავი მე ვიყავი! – რიო ფერდინანდი.

კლუბის კაპიტან გარი ნევილს მძიმე ტრავმის გამო მთელი სეზონი გაუცდა, ვიცე-კაპიტანი რაიან გიგზი კი ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა. მიუხედავად ამისა, უელსელმა შეცვლაზე ითამაშა და უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინისგან ჩემპიონთა თასი პირველად სწორედ მან ჩაიბარა – რიომ რიგი დაუთმო.

„ი ჩვენი ლეგენდაა და ამ პატივს იმსახურებდა, – კვლავ ფერდინანდი.

პრემიერლიგის სიმბულურ ნაკრებში რიო ზედიზედ მეორედ მოხვდა, მცირე ხნის წინ კი პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ შედგენილ მსოფლიო ნაკრებშიც შევიდა!

კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ვფიქრობ. თამაშიდან თამაშამდე ვცხოვრობ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ კლუბში ვთამაშობ. მანჩესტერ იუნაიტედი დღეს მსოფლიოს უძლიერესი გუნდია და მიხარია, რომ აქ ვარ. ტიტულები? 3ჯერ გავხდი ინგლისის ჩემპიონი, გაზაფხულზე ჩემპიონთა ლიგაც მოვიგეასეთ გამარჯვებებზე უარს არც ახლა ვიტყვი, მაგრამ მინდა, რომ ნაკრებთან ერთად გავიმარჯვო. ახლა ყველაფერი კარგადაა და მსოფლიო ჩემპიონატს დიდი იმედით ვხვდები. მგონი, სამხრეთ აფრიკაში ინგლისის ჯერი დადგებაჩვენ ჩემპიონები უნდა გავხდეთ! – რიო ფერდინანდი.

იცოდით?
…1990-93 წლებში რიო ფერდინანდი ქუინზ პარკ რეინჯერსის ბავშვთა გუნდში თავდამსხმელად თამაშობდა, 1993 წელს კი ვესტ ჰემ იუნაიტედში გადაინაცვლა.
…1996 წლის 5 მაისს, 16 წლისამ, პირველად ითამაშა ინგლისის პრემიერლიგაში – შეფილდ უენსდისთან ფრედ 1:1 დასრულებულ შეხვედრაში ტონი კოტი შეცვალა.
…1997-98 წლების სეზონის შემდეგ ის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტულს დაეუფლა – 20 წლამდლთა შორის პირველი იყო.
…1997 წლის 15 ნოემბერს, 19 წლისამ და 8 დღისამ, ინგლისის ნაკრების მაისური მოირგო კამერუნელებთან მატჩში. ის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მცველი გახდა. ეს რეკორდი 2006 წელს მანჩესტერ სიტის მცველმა მიკა რიჩარდსმა გააუმჯობესა.
…მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის დღეებში რიომ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში მიიღო მონაწილეობა: წამყვანად მოგვევლინა და სტუმრად მიწვეული თანაგუნდელები – უეინ რუნი, დევიდ ბექემი და გარი ნევილი აშაყირა.
…მცირე ხნის წინ ფეხბურთელმა განაცხადა, რომ 10 წლის დამილოლა ტეილორის შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებას აპირებს. ბავშვი რიოს მეზობლად ცხოვრობდა და ქუჩის ჩხუბს შეეწირა. ფერდინანდის თქმით, მისი ფილმი ქუჩაში მოხვედრილ თინეიჯერებს ღირებულებათა გადაფასებაში დაეხმარება.
…2005 წლის ნოემბერში რიომ, ერთ-ერთ კლასელთან ერთად, ორი სიმღერა ჩაწერა. ერთ-ერთში მანჩესტერ იუნაიტედის მცველი რეპერად გვევლინება.
…გასული საუკუნის 90იანი წლების ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი ლეს ფერდინანდი, რომელმაც 1996 წლის ოქტომბერში თბილისშიც გაიტანა გოლი, რიო ფერდინანდის ბიძაა.
…ფეხბურთელის ერთ-ერთი ძმა, ჯერემია ფერდინანდი მანჩესტერ იუნაიტედის ახალგაზრდულ შემადგენლობაში ირიცხება.
…რიო ფერდინანდი ელტრინჩემის საგრაფოში, დაბა ტატონში ცხოვრობს მეუღლესთან, რებეკა ელისონთან და ორ ვაჟთან ერთად. 2006 წელს, მანჩესტერში რიოს პირველი შვილი, ლორენცი შეეძინა, 2008 წლის აგვისტოში კი მეორე ვაჟი – ტატე დაიბადა. რიომ და რებეკამ 2007 წლის ივლისში იქორწინეს ლას ვეგასში.
…2005-06 წლების სეზონში რიო ფერდინანდმა მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში 52 ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ეს მისი კარიერის რეკორდია. 2007-08 წლების სეზონში მან 51ჯერ დაიცვა კლუბის ღირსება.
…1997-98 წლების სეზონიდან მოყოლებული რიო პრემიერლიგაში მე12 სეზონს ატარებს. მხოლოდ 2ჯერ მოხდა, რომ მან 30 მატჩზე ნაკლები ჩაატარა – 2002-03 წელს – 28, 2003-04 წლებში კი – 20. თუ პირველ შემთხვევაში მას 30 მატჩამდე ტრავმამ შეუშალა ხელი, მეორედ – დისკვალიფიკაციამ.
…2008 წლის 1 ნოემბრისთვის რიო ფერდინანდმა მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში 281 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. პრემიერლიგაში მცველმა 194 შეხვედრაში 6ჯერ გამოიჩინა თავი, ინგლისის თასზე – 21 მატჩი, ლიგის თასზე 10, ევროთასებზე ანუ ჩემპიონთა ლიგაში – 52 თამაში, 1 გოლი, ინგლისის და ევროპის სუპერთასზე კი 4 მატჩი.
…ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში, 1996-97 წლებში, რიომ 5ჯერ ითამაშა.
…1996-97 წლების სეზონი ფეხბურთელმა ვესტ ჰემ იუნაიტედის ახალგაზრდულ შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა მოგვიანებით კლუბმა ის ბორნმუთში გაანათხოვრა, სადაც ფერდინანდმა 10 მატჩი ჩაატარა.

რიო ფერდინანდი (რიო გევინ ფერდინანდი)
დაიბადა 1978 წლის 7 ნოემბერს ინგლისის დედაქალაქ ლონდონში
მცველი
კლუბები: ვესტ ჰემ იუნაიტედი (ლონდონი, ინგლისი; 1997-2000); ლიდს იუნაიტედი (ინგლისი; 2000-02); მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი; 2002-)
გუნდური ტიტულები: ინგლისის ჩემპიონი – 2003, 2007, 2008; ინგლისის ლიგის თასი – 2006; ინგლისის სუპერთასი – 2003, 2007, 2008; ჩემპიონთა ლიგა – 2008
ინგლისის ნაკრებში: 73 მატჩი, 3 გოლი (1997-)

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ათიანი; 2008)

ka_GEGeorgian