სტადიონები: ოლდ ტრაფორდი

სტადიონზე გამეფებული ატმოსფეროთი მაქსიმალურად ისიამოვნებთ, თუ მანჩესტერის ოლდ ტრაფორდს მიაკითხავთ, მსოფლიოს ერთერთი უძლიერესი კლუბის სარბიელს, რომელიც კვირაში ორჯერ 7 ათეულ ათასამდე გულშემატკივარს უყრის თავს და კიდევ ერთხელ არწმუნებს ყველას, რომ ფეხბურთი სპორტის საუკეთესო სახეობაა.
მანჩესტერში ჩასული, ტაქსზე რომ არაფერი ვთქვათ, საკმარისია 236 ნომრით მოძრავ ავტობუსში ახვიდეთრამდენიმე წუთში სტადიონთან გაჩნდებით. იგივე მოხდება, 252-257 ნომრით მოძრავი ავტობუსებით თუ ისარგებლებთ. რაც შეეხება მეტროს, ალტრინჩემექლსის ხაზზე ორი გაჩერებააიქსჩეინჯი და სელფორდი. ორივე მათგანზე შეგიძლიათ ჩაბრძანდეთ და დაახლოებით ხუთწუთიანი გასეირნების შემდეგ ოლდ ტრაფორდს მიადგებით.

სტადიონი გულშემატკივრებს იმ დღეებშიც მასპინძლობს, როცა თამაშისგან თავისუფალია: ქომაგები მანჩესტერ იუნაიტედის ოფიციალურ სავაჭრო ცენტრს სტუმრობენ, ათვალიერებენ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი კლუბის მუზეუმს ან უბრალოდ, ოლდ ტრაფორდზე განთავსებულ რამდენიმე რესტორანში ერთობიან.

თუ ალკოჰოლური სასმელის ტრფიალი ბრძანდებით, უნდა გაითვალისწინოთ: მატჩის დღეებში სტადიონზე მხოლოდ გამაგრილებელი სასმელით თუ მოიკლავთ წყურვილს.

სანამ ოლდ ტრაფორდის ისტორიას შეგახსენებთ, გეტყვით, რომ მანჩესტერ იუნაიტედის სავაჭრო ცენტრი, რომელიც სტადიონზე მდებარეობს და ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, ყოველწლიურად დაახლოებით 5 მილიონი გირვანქის მოგებას აძლევს გუნდს.

ასევე სტადიონზეა განთავსებული ყოველთვიური საკლუბო გამოცემის რედაქცია, სადაც სამატჩო პროგრამები მზადდება. ცნობისათვის: იუნაიტედი მხოლოდ ჩინეთში საკლუბო ჟურნალის 2 მილიონ ეგზემპლარს ჰყიდის! და თუ რა შემოსავალზეა საუბარი, ამის წარმოდგენა თქვენთვის მომინდვია…

მანჩესტერ იუნაიტედი ოლდ ტრაფორდზე 1910 წლიდან თამაშობს, ერთი ეგაა, 1941-49 წლებში საშინაო მატჩებისთვის ქალაქის მეორე სარბიელს, უპირველესი მეტოქის მანჩესტერ სიტის მეინ როუდს იყენებდა. ეს იმით გახლდათ გამოწვეული, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების ავიაციამ ოლდ ტრაფორდი დაბომბა და თითქმის მიწასთან გაასწორა…

სარბიელის აგება კლუბის ერთ-ერთ თავმჯდომარეს, ჯონ ჰენრი დევისს უკავშირდება, რომელიც XX საუკუნის პირველ წლებში ხელმძღვანელობდა გუნდს.

1909 წელს მანჩესტერლებმა I დივიზიონი და ასოციაციის თასი მოიგეს და დევისმაც სამართლიანად ჩათვალა, რომ ასეთ გუნდს საკუთარი სტადიონი უნდა ჰქონოდა.

60 ათასი გირვანქა: კლუბის ხელმძღვანელთა მიერ გამოყოფილი თანხით მიწა შეიძინეს და სამშენებლო სამუშაოები დაფინანსდა. თავდაპირველი გეგმით, არენას 100 ათასი გულშემატკივრისთვის უნდა ემასპინძლა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, თანხა არასაკმარისი აღმოჩნდა – დევისს დამატებით 30 ათასი გირვანქის დახარჯვა მოუხდა და ტევადობაც გათვალისწინებულზე ნაკლები გამოდგა – მხოლოდ 80 ათასი.

1909 წლის პირველ ნახევარში დაწყებული მშენებლობა წლის მიწურულს დასრულდა, 1910 წლის 9 თებერვალს კი მანჩესტერ იუნაიტედმა ლივერპულს უმასპინძლა – სტუმრებმა 4:3 გაიმარჯვეს.

ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც იმ თამაშს აშუქებდა, მანჩესტერის გაზეთ ივნინგ ნიუსში ოლდ ტრაფორდის ქებაში დაიხარჯა: „ინგლისში ასეთი ლამაზი და შთამბეჭდავი სტადიონი მეორე არ არის. გუნდი, რომელიც ასეთ სარბიელზე თამაშობს, მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვისაა „განწირული“…

სანამ უემბლი აიგებოდა (1923), ინგლისის ასოციაციის თასის გათამაშების ფინალები სხვადასხვა სტადიონებზე იმართებოდა, მათ შორის ოლდ ტრაფორდზეც: 1911 წელს ბრედფორდ სიტიმ ნიუკასლ იუნაიტედი 1:0 სწორედ მანჩესტერში დაამარცხა ჯიმი სპეირსის გოლით, 1915 წელს კი შეფილდ იუნაიტედმა ლონდონის ჩელსის 3:0 სძლია…

მეორე მსოფლიო ომამდე, სანამ ძირეული რეკონსტრუქცია დაიწყებოდა, ყველაზე მეტი – 70 504 მაყურებელი, იუნაიტედის თამაშს 1920 წლის 27 დეკემბერს დაესწრო. მასპინძლები ბირმინგემის ასტონ ვილასთან 1:3 დამარცხდნენ.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ოლდ ტრაფორდმა ყველაზე მეტ მაყურებელს – 76 962, 1939 წლის 25 მარტს უმასპინძლა. თუმცა იუნაიტედი არაფერ შუაშია: ვულვერჰემპტონ უონდერერზი ასოციაციის თასის ნახევარფინალში გრიმსბი თაუნს დაუხვდა…

მეორე მსოფლიო ომმა სხვა ღირსშესანიშნავი ნაგებობის კვალად ოლდ ტრაფორდიც შეიწირა: 1941 წლის 11 მარტს სტადიონი თითქმის მთლიანად განადგურდა, განსაკუთრებით კი მთავარი, ახლანდელი სამხრეთი ტრიბუნა. იუნაიტედის მაშინდელმა თავმჯდომარემ ჯეიმს გიბსონმა ზარალის შემსწავლელი კომისიისგან სარბიელის აღსადგენად 17 ათასი გირვანქა კი მიიღო, თუმცა ამ თანხით მხოლოდ შენობის ნაწილის აღდგენა მოხერხდა.

1941-49 წლებში იუნაიტედი მანჩესტერ სიტის მეინ როუდს იყენებდა: წელიწადში 5 ათას გირვანქას იხდიდა, პლუს, პროცენტებს საშინაო მატჩებზე მიღებული შემოსავლიდან.

1949 წლის 24 აგვისტოს წითელი ეშმაკები ოლდ ტრაფორდს დაუბრუნდნენ: მანჩესტერ იუნაიტედმა ბოლტონ უონდერერსი 3:0 გაანადგურა. იმ თამაშს 41 748 მაყურებელი დაესწრო.

1951 წლიდან რეკონსტრუქციის ხელახალი ტალღა იწყება: თავდაპირველად მთავარი ტრიბუნა გადაიხურა…

1957 წელს განათება დამონტაჟდა, რომელიც კლუბს 40 ათასი გირვანქა დაუჯდა. 25 მარტს, ბოლტონ უონდერერსის წინააღმდეგ მანჩესტერმა პირველად ითამაშა ღამით…

1965 წელს ძველი სახურავი ახლით შეიცვალა…

1970 წელს ოლდ ტრაფორდმა მესამედ და დღემდე ბოლოჯერ უმასპინძლა ასოციაციის თასის ფინალს: 62 078 ათასი გულშემატკივრის თვალწინ ჩელსიმ ლიდს იუნაიტედს 2:1 სძლია…

70იანი წლების დასაწყისიდან ქომაგების აგრესიულობა თვალშისაცემი გახდა, მას შემდეგ კი, რაც ერთ-ერთ საშინაო მატჩზე მანჩესტერის ფან-კლუბის (წითელი არმია) ერთ-ერთმა წევრმა სტუმართა გუნდის ქომაგი დანით დაჭრა, ხელმძღვანელობამ გადამჭრელი ზომები მიიღო: მინდორსა და ტრიბუნებს შორის რკინის ბადე აღმართა. ეს უპრეცედენტო ამბავი იყო ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში!

80იანი წლების შუიდან, ფეხბურთის ასოციაციის მოთხოვნით, კლუბებმა სტადიონების ინდივიდუალური სკამებით კეთილმოწყობა დაიწყეს. დასადგომი ტრიბუნები ნელ-ნელა წარსულს ჩაბარდა, რამაც ტევადობის შემცირებაც გამოიწვია. მაგალითად ოლდ ტრაფორდის ტევადობა 44 ათასამდე დაეცა, ეს კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო კლუბის არსებობის მანძილზე…

1990 წლიდან სტადიონის ისტორიაში ახალი თავი იწყება: ტევადობა ნელ-ნელა იზრდება, ნაგებობა კი მშვენდება. ჯერ-ჯერობით ბოლო რეკონსტრუქცია 2006 წლის გაზაფხულზე დასრულდა, რის შემდეგაც ოლდ ტრაფორდზე უკვე 76 212 გულშემატკივარი ეტევა. ცნობისათვის: სერ ალექს ფერგიუსონის გუნდის არენა უემბლის შემდეგ უდიდესია ინგლისში.

2007 წლის 31 მარტს მანჩესტერ იუნაიტედმა პრემიერლიგაში ბლექბერნ როვერსს 4:1 სძლია, თამაშს კი 76 098 გულშემატკივარი დაესწრო. ეს არათუ ოლდ ტრაფორდის, ზოგადად, პრემიერლიგის უმაღლესი მაჩვენებელია!

რეკორდი ვახსენე და რამდენიმე საინტერესო მიღწევაზეც ვთქვათ: 2006-07 წლების სეზონში საშუალო დასწრება 75 826 იყო, რაც არნახული მაჩვენებელია! შედარებისთვის, 1930-31 წლებში მანჩესტერ იუნაიტედის საშინაო თამაშს საშუალოდ 11 685 მაყურებელი ესწრებოდა – ყველაზე დაბალი რიცხვი გუნდის ისტორიაში…

2007-08 წლების სეზონში, როცა კლუბმა პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ბილეთების გაყიდვით 2 187 408 გირვანქა მიიღო. ესეც რეკორდია. არაოფიციალურ მატჩებს თუ გავითვალისწინებთ, ყველაზე მეტი ქომაგი 2007 წლის 1 აგვისტოს, მილანის ინტერთან გამართულ თამაშს დაესწრო…

2008 წლის 6 თებერვალს, მიუნხენის ავიაკატასტროფის 50 წლისთავის აღსანიშნავად, ოლდ ტრაფორდზე მემორიალური დაფა დამონტაჟდა, სადაც ნახევარი საუკუნის წინ დაღუპულ მანჩესტერელთა სახელებია ამოტვიფრული.

იმავე წელს, 29 მაისს, ჩემპიონთა თასის პირველად მოგების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სტადიონის ტერიტორიაზე ლეგენდარული სამეულის, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელებად აღიარებული ჯორჯ ბესტის, დენის ლოუს და ბობი ჩარლტონის ძეგლები დაიდგა…

2001-07 წლებში, სანამ უემბლის რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა, ინგლისის ნაკრების საშინაო მატჩები სხვადასხვა სტადიონებზე იმართებოდა. ამ პერიოდში ქვეყნის პირველმა გუნდმა 23 მეტოქეს უმასპინძლა და აქედან 12ჯერ სწორედ ოლდ ტრაფორდზე. ეს იმიტომ, რომ უეფამ ინგლისში მხოლოდ ორ სარბიელს მიანიჭა უმაღლესი, ელიტ-კატეგორია და 5 ვარსკვლავი: უემბლის და ოლდ ტრაფორდს…

მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელთა თქმით, კიდევ ერთი რეკონსტრუქცია იგეგმება, რასაც დაახლოებით 90-100 მილიონი გირვანქა მოხმარდება. ამის შემდეგ ტევადობა 96 ათასამდე უნდა გაიზარდოს. თუ ეს პროექტი განხორციელდა, ოლდ ტრაფორდი ინგლისის უდიდესი სარბიელი გახდება…

სხვა რა შეიძლება ითქვას ამ მრავლისმნახველი არენის შესახებ?

სხვადასხვა დროს აქ გაიმართა ბრიუს სპრინგსტინის, ჯონ ბონ ჯოვის, როდ სტიუარტის, სიმფლი რედის, ჯენეზისის და სტატუს ქუოს კონცერტები…

1997 წელს ინგლისის მორაგბეთა ნაკრები ოლდ ტრაფორდზე ახალ ზელანდიასთან 8:25 დამარცხდა. ეს მორაგბეთა დებიუტი იყო ამ სარბიელზე. 6 ივნისს ინგლისელი მორაგბეები მეორედ შეაღებენ ამ სტადიონის კარს – არგენტინელ პუმებს დაუხვდებიან…

2003 წლის 28 მაისს ოლდ ტრაფორდზე ჩემპიონთა თასი გათამაშდა: იტალიური კლუბები პირველად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ფინალში – მილანმა იუვენტუსი (ძირითადი და დამატებითი დრო – 0:0) პენალტების სერიაში 3:2 დაამარცხა.

შავ-წითელთა შემადგენლობაში იმ დღეს შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემ, რომელიც პირველი ქართველი გახდა, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჯილდო რომ აღმართა.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ათიანი; 2008)

ka_GEGeorgian