ალპინიზმის ლეგენდა თბილისშია

საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფ ლეგენდარულ მთამსვლელს, მსოფლიოს ყველა უმაღლესი მწვერვალის დამლაშქრავს, იტალიელ რაინჰოლდ მესნერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ვერის პარკში მდებარე ალპინისტთა კლუბში შეხვდა.

ტარიელ ხეჩიკაშვილმა ევროპარლამენტის ყოფილ წევრთან ერთად ქართული მთამსვლელობის ისტორიის ამსახველი ფოტომასალა დაათვალიერა, შემდეგ კი ქვეყნის სამთო კურორტების პოტენციალსა და განვითარებაზე ისაუბრა.

„საქართველოს საქმიანი ვიზიტით ვეწვიე – მასპინძლებთან ერთად თქვენი ქვეყნის სამთო კურორტებს ვათვალიერებ და საკუთარ შეხედულებებს გიზიარებთ. ერთი რამის თქმა ახლავე შემიძლია: საქართველოს სამთო კურორტების განვითარების ძალიან კარგი შანსი აქვს, რაც მთავარია, ბუნებრივი პირობებია საუკეთესო! ვფიქრობ, სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემთხვევაში, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე სამთო-ტურისტული ქვეყანა გახდება არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაშიც“, – განაცხადა რაინჰოლდ მესნერმა. მოგვიანებით მან მთამსვლელობაზე ისაუბრა, არაერთი საინტერესო ისტორია გაიხსენა, უხვად დაარიგა ავტოგრაფები და სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

სახელგანთქმული ალპინისტი საქართველოს მთის კურორტების პოტენციალის გასაცნობად ესტუმრა. რეინჰოლდ მესნერს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კახეთში უმასპინძლა და ტურიზმის მიმართულებით პოზიტიურ დინამიკაზე, ასევე სხვა საინტერესო საკითხებზე ესაუბრა. მომდევნო დღეებში იტალიელი სტუმარი სვანეთს, თუშეთს და ყაზბეგს მოინახულებს.

1986 წელს რეინჰოლდ მესნერმა (ჰანს კამერლანდერთან ერთად) მწვერვალი ლჰოცზე (8516მ) დალაშქრა და პირველი მთამსვლელი გახდა, რომელმაც დედამიწის თოთხმეტივე 8-ათასიანი დაიპყრო. პირველი 8-ათასიანი – ნანგა პარბატი (8125მ) – მან 1970 წელს დაიპყრო.

დედამიწის უმაღლეს მწვერვალებზე ასვლის გარდა იტალიელმა ალპინისტმა სახელი გაითქვა არნახული ლაშქრობებით: 1989-90 წლებში მან ანტარქტიკა გადაკვეთა (2800კმ), 2004 წელს კი მსოფლიოს უდიდესი, გობის (მონღოლეთი) უდაბნო (2000კმ).

2006 წლის 11 ივნისს იტალიის ჩრდილოეთით, სამხრეთ ტიროლის მხარეში რაინჰოლდ მესნერის სახელობის მთამსვლელობის მუზეუმი გაიხსნა. ბოლო წლებში ლეგენდარული სპორტსმენი მხოლოდ მუზეუმის საქმიანობითაა დაკავებული.

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2017 წლის 11 ივლისი)

ka_GEGeorgian