ატლეტიკოს მორიგი ევროტრიუმფი
357 დღის შემდეგ ატლეტიკოს კოლუმბიელმა თავდამსხმელმა რადამელ ფალკაომ კიდევ ერთხელ ითამაშა უეფას ევროპალიგის ფინალში და ამჯერად 2 გოლი გაიტანა, მისმა გუნდმა კი კვლავ აღმართა მთავარი ჯილდო.
თითქმის ერთი წლის წინ ფალკაო პორტუში თამაშობდა და პორტუგალიელებმა ქვეყნის მეორე კლუბს, ბრაგას გადამწყვეტ მატჩში სწორედ ფალკაოს ერთადერთი გოლით სძლიეს – 1:0.
ამჯერად ფალკაოს მადრიდის ატლეტიკომ ესპანეთის მეორე კლუბს, ბილბაოს ატლეტიკს აჯობა – 3:0. 26 წლის სამხრეთამერიკელმა თავდამსხმელმა, რომელიც გასულ ზაფხულს გადაბარგდა პორტუდან მადრიდში, დუბლი მიითვალა!
რადამელ ფალკაო წელს 12 გოლით გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი. შარშან მან ევროტურნირების რეკორდი დაამყარა – 17 გოლი შეაგდო! 29 თამაში და 29 გოლი – ასეთია ევროპალიგის წლევანდელი ფინალის გმირის საერთო სტატისტიკური მონაცემები ამ გათამაშებაში.
ევროპალიგის/უეფას თასის ისტორიაში ის პირველია, რომელმაც ზედიზედ მოიპოვა ბომბარდირის ტიტული. და ბარემ აქვე ვთქვათ, რომ 29 გოლით გათამაშების ყველა დროის საუკეთესო გოლეადორთა შორის მეორეა (გერმანელ დიტერ მიულერთან ერთად) – ახლა მხოლოდ 2 ზუსტი დარტყმით ჩამორჩება სახელოვან შვედ ჰენრიკ ლარსონს.
„ყველაზე ბედნიერი ვარ“! – განუცხადა კოლუმბიელმა ფორვარდმა ჟურნალისტებს და დასძინა – „ერთი წლის წინ, როცა პორტუდან ატლეტიკოში გადავდიოდი, მეუბნებოდნენ რომ შეცდომას ვუშვებდი. ზუსტად ვიცოდი, რომ მე კი არა, ისინი ცდებოდნენ”!
ფალკაომ პირველი გოლი მე-7 წუთზე გაიტანა: საჯარიმოს კუთხეში ბილბაოელთა გამოცდილ მცველს, ფერნანდო ამორებიეტას აჯობა და მოჭრილი დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0.
34-ე წუთზე მან მეორე გოლი მიითვალა. ამორებიეტამ კიდევ ერთი უხეში შეცდომა დაუშვა, მირანდამ ბურთი აართვა და არდა თურანს დაუგორა, რომელმაც მეკარის საჯარიმოსთან კოლუმბიელი მოძებნა. იქ კი ფალკაომ მოხდენილი ფინტით ჩამოიშორა მხველი და ატლეტიკის მეკარე გორკა ირაისოსს შანსი არ დაუტოვა – 2:0.
85-ე წუთზე მადრიდელთა ბრაზილიელმა გამთამაშებელმა დიეგომ გაიბრწყინა: ლამის ცენტრიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და მეკარეს შორეულ კუთხეში გაუტანა – 3:0.
ატლეტიკომ მეორედ მოიგო ევროპალიგა. 2010 წელს მადრიდელებმა ჰამბურგში ლონდონის ფულემი დაამარცხეს – 2:1.
ტრიუმფატორთა 42 წლის მწვრთნელი დიეგო სიმეონე გახდა მხოლოდ და მხოლოდ მესამე ტურნირის ისტორიაში, რომელმაც მთავარი ჯილდო ფეხბურთელის და მწვრთნელის რანგში მოიგო. 1998 წელს, როცა ინტერმა რომის ლაციო 3:0 გაანადგურა, არგენტინელი მილანელთა ღირსებას იცავდა.
სიმეონემ ლეგენდარული იტალიელი მეკარის დინო ძოფის და ნიდერლანდელი მწვრთნელის ჰუუბ სტევენსის მიღწევები გაიმეორა. ძოფმა ეს თასი ფეხბურთელის და მწვრთნელის რანგში იუვენტუსთან ერთად მოიგო, სტევენსი კი 1978 წელს პსვ ეინდჰოვენის ფეხბურთელი იყო, 1997 წელს კი გელზენკირხენის შალკე 04-ს წვრთნიდა.
აგვისტოში მადრიდის ატლეტიკო კიდევ ერთხელ ითამაშებს ევროპის სუპერთასზე. ორი წლის წინ მათ ერთხელ უკვე სძლიეს ჩემპიონთა თასის მფლობელს, მილანის ინტერს.
ცნობისათვის: გაისად ევროპალიგის ფინალს ნიდერლანდების დედაქალაქი ამსტერდამი, ულამაზესი ამსტერდამ არენა უმასპინძლებს.
9 მაისი, 2012. ევროპალიგის ფინალი. რუმინეთი, ბუქარესტი, ნაციონალ არენა. 52 347
ატლეტიკო (მადრიდი, ესპანეთი) 3:0 ატლეტიკი (ბილბაო, ესპანეთი)
გოლები: 1:0 რადამელ ფალკაო (7), 2:0 რადამელ ფალკაო (34), 3:0 დიეგო (85)
ატლეტიკო: ტიბო კურტუა, დიეგო გოდინი, მარიო სუარესი, ფელიპე ლუისი, ადრიან ლოპესი (ედუარდო სალვიო 88), რადამელ ფალკაო, არდა თურანი (ალვარო დომინგესი 90), გაბი (კაპ), ხუანფრანი, დიეგო (კოკე 90), მირანდა
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე (არგენტინა)
ატლეტიკი: გორკა ირაისოსი, ჟონ აურტენეჩე (ინიგო პერესი 46), ფერნანდო ამორებიეტა, ანდერ იტურასპე (იბაი გომეს პერესი 46), ფერნანდო ლიორენტე, ოსკარ დე მარკოსი, მარკელ სუსაეტა, ანდონი ირაოლა (კაპ), იკერ მუნიაინი, ანდერ ერერა (გაისკა ტოკუერო 63), ხავი მარტინესი
მწვრთნელი: მარსელო ბიელსა (არგენტინა)
გაფრთხილება: ანდერ ერერა, რადამელ ფალკაო, ფერნანდო ამორებიეტა, ინიგო პერესი, მარკელ სუსაეტა
მსაჯები: ვოლფგანგ შტარკი; იან-ჰენდრიკ სალვერი, მიკე პიკერი (გერმანია)
ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012)