ელ კლასიკო: რაც იყო, რაც არის და რაც ყოველთვის იქნება

ბრიტანელმა საფეხბურთო ჟურნალისტმა ფილ ბოლმა თავის წიგნში „მორბო – ესპანური ფეხბურთის ისტორია“, მადრიდის რეალის და ბარსელონას დაპირისპირებას – ელ კლასიკოს ესპანეთის სამოქალაქო ომის გაგრძელება უწოდა.
დიქტატორ ფრანსისკო ფრანკოს რეჟიმის დროს – გასული საუკუნის 30-იანი წლების მიწურულიდან 70-იანი წლების დასასრულამდე – როცა სამხედრო ხელისუფლება ყველანაირად ავიწროებდა რეგიონებს და მათ შორის კატალონიასაც, საფეხბურთო მინდორი ერთადერთ ასპარეზად რჩებოდა, სადაც უფლებაშელახულ და დამცირებულ ხალხს პროტესტის გამოხატვა შეეძლო.
ბარსელონას დღეს უკვე ყველასთვის ცნობილი სლოგანიც – mes que un club მეტი, ვიდრე კლუბი – 40-იან წლებში სწორედ ამ მიზეზით დაიბადა.
ბარსელონა კატალონიელთა ნების ერთგვარი გამოხატულება იყო – გუნდი ხალხის ცხოვრებაში გაცილებით დიდ როლს ასრულებდა, ვიდრე საფეხბურთო კლუბს შეეძლო.
ასეა დღესაც: კატალონიას, ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ მხარეს, კვლავ დამოუკიდებლობა სურს, მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს ესპანელად არ მიიჩნევს, ბარსელონა კი საუკუნის შემდეგაც მადრიდის რეალის – სამეფო გუნდის მთავარ მეტოქედ რჩება.
და მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში რეგიონის წარმომადგენელთა მოთხოვნებს ხშირ შემთხვევაში არ ითვალისწინებენ და შესაბამისად, პოლიტიკურ ასპარეზზეც კატალონია კვლავაც მადრიდის ჩრდილშია, მწვანე მინდორზე რეალი და ბარსელონა თანაბარ მდგომარეობაში არიან.
ამიტომაც, ელ კლასიკო არასდროს ყოფილა მორიგი საფეხბურთო მატჩი და სავარაუდოდ, არც მომავალში იქნება.
ესპანური ფეხბურთის გრანდების ბრძოლა გულშემატკივართათვის მოვლენაა და არ იფიქროთ, რომ მხოლოდ პირენეელ ქომაგებს ვგულისხმობდეთ.
იქ, სადაც ფეხბურთი უყვართ, ამ თამაშსაც ელიან. მათ შორის ჩვენთან, საქართველოში. და ორი აზრი არაა, რომ ასეთები ძალიან ბედნიერები არიან: წლეულს 7 ელ კლასიკო გაიმართება, ასეთი რამ კი მსოფლიოს ყველაზე საინტერესო საფეხბურთო დაპირისპირების ისტორიაში აქამდე არასდროს მომხდარა.
ახლა, როცა ამ წერილს კითხულობთ, 2011 წლის პირველი ელ კლასიკო უკვე შედგა: გუშინწინ, პრიმერადივიზიონში.
მეორე ოთხშაბათს, 20 აპრილს, ესპანეთის თასის ფინალის ეგიდით გაიმართება: ამ ტურნირის 25-გზის გამარჯვებული ბარსელონა ვალენსიას მესტალიაზე დაუპირისპირდება თასის 17-ჯერ მომგებ რეალს.
27 აპრილს და 3 მაისს ხოსეპ გვარდიოლას და ჟოზე მოურინიუს გუნდები უკვე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში იასპარეზებენ: პირველად დედაქალაქში, სანტიაგო ბერნაბეუზე, მერე კი კამპ ნოუზე.
დანარჩენ 3 ელ კლასიკოს კი უკვე 2011-12 წლების სეზონში ვიხილავთ: აგვისტოში ესპანეთის სუპერთასზე 2 თამაშია (ამ ჯილდოსთვის პრიმერადივიზიონის ჩემპიონი და თასის მფლობელი იბრძვიან და აქედან გამომდინარე, ბარსელონა-რეალის საზაფხულო დაპირისპირება უკვე გადაწყვეტილია), შემოდგომით კი ერთიც ლა ლიგაში.
ესეც თქვენი 7 ელ კლასიკო.

ჯერ თასი, შემდეგ ჩემპიონატი
ესპანეთის პირველი ჩემპიონატი 1928-29 წლების სეზონში ჩატარდა, თუმცა იმ დროს მადრიდის რეალის და ბარსელონას დაპირისპირების ისტორია უკვე 8 მატჩს ითვლიდა.

გასული საუკუნის დასაწყისში ქვეყნის მთავარი ტურნირი მეფის თასის გათამაშება იყო. 1902 წელს სწორედ ამ შეჯიბრის 1/2-ფინალში შეხვდნენ გუნდები პირველად: ბარსელონამ შტაინბერგის დუბლის და გამპერის გოლით მეტოქე 3:1 დაამარცხა. ცნობისთვის: ეს სწორედ ის ჟოან გამპერია, ვისი ინიციატივითაც 1899 წლის 29 ნოემბერს საფეხბურთო კლუბი ბარსელონა დაარსდა…

ამ თამაშით დაწყებული ისტორია 14 წლის შემდეგ, კვლავ მეფის თასის ნახევარფინალში გაგრძელდა, ამჯერად 4(!) მატჩით: ბარსელონაში მასპინძლებმა 2:1 გაიმარჯვეს, მადრიდში რეალმა 4:1 მოიგო და რადგან იმ დროს ბურთების სხვაობას მნიშვნელობა არ ჰქონდა, მე-3 მატჩი დაინიშნა. მადრიდული პაექრობა, რომელიც დამატებით დროში გაგრძელდა, 6:6 დასრულდა – ყველაზე შედეგიანი ფრე ელ კლასიკოს ისტორიაში!

თამაშს ბარსელონა 6:5-ს იგებდა, როცა უკანასკნელ წუთზე კატალონიელთა კარში პენალტი დაინიშნა. 11-მეტრიანი სანტიაგო ბერნაბეუმ ზუსტად შეასრულა და თავის მეორე გოლი შეაგდო. 1943 წელს სანტიაგო ბერნაბეუ მადრიდული კლუბის პრეზიდენტი გახდა და გარდაცვალებამდე, 1978 წლის 2 ივნისამდე უხელმძღვანელა გუნდს, რეალმა კი მისი პრეზიდენტობის წლებში 16-ჯერ მოიგო ჩემპიონატი, 6-ჯერ თასი, 6-ჯერ ჩემპიონთა თასი (აქედან 5-ჯერ ზედიზედ) და ერთხელაც საკონტინენტთაშორისო თასი…

ის შეხვედრა მხოლოდ ამის გამო არ იყო საინტერესო: ბარსელონას კარს ელ მუნდო დეპორტივოს შტატგარეშე ჟურნალისტი პაკო ბრუ იცავდა, რომელმაც ერთი ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, სამაგიეროდ… 3 პენალტი მოიგერია!

მეორე გადათამაშებასაც არ ჩაუვლია აყალ-მაყალის გარეშე: ბარსელონა მარტინესის ორი გოლით იგებდა, თუმცა რეალმა ბერნაბეუს და საბალას წყალობით გაათანაბრა. ძირითადი დროის უკანასკნელ წუთზე ბრუმ კიდევ ერთი პენალტი მოიგერია, დამატებით დროში კი მადრიდელებმა მაინც გაიმარჯვეს – 4:2…

1926 წელს მათი გზა კიდევ ერთხელ გადაიკვეთა: თასის მეოთხედფინალში ბარსელონამ მადრიდში 5:1, შინ კი 3:0 გაანადგურა რეალი. ამ მატჩებში კატალონიელთა ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ხოსეპ სამიტიერმა 6 გოლი გაიტანა: პოკერი დედაქალაქში და დუბლი ბარსელონაში! 1951 წელს სწორედ სამიტიერის ინიციატივით გადავიდა კატალონიურ კლუბში ლეგენდარული უნგრელი ლადისლაო კუბალა, ბარსელონას ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე…

1929 წლის 17 თებერვალს გუნდები პირველად შეხვდნენ ჩემპიონატში: რეალმა ბარსელონას მისსავე მოედანზე 2:1 მოუგო, საპასუხო მატჩში კი კატალონიელებმა გაიმარჯვეს – 1:0.

მოკლული პრეზიდენტი და… 11:1
1936 წლის ივლისში ესპანეთში სამოქალაქო ომი დაიწყო, რამდენიმე თვეში კი გენერალ ფრანსისკო ფრანკოს ჯარებმა გუადარამასთან ახლოს ბარსელონას პრეზიდენტი ხოსეპ სუნიოლი მოკლეს – ის კატალონიის თავისუფლების პარტიის წევრიც იყო. აქედან დაწყებული ნაციონალისტ კაუდილიოს (ფრანკოს მეტსახელი) ქვეშევრდომები ყველანაირად ავიწროებდნენ ოპონენტებს და მათ შორის, საფეხბურთო კლუბ ბარსელონასაც.

მაგალითად, 1944 წლის 2 იანვარს, მეფის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში რეალმა… 11:1 მოუგო ბარსელონას! ეს ელ კლასიკოს რეკორდია, მაგრამ ამ თამაშის გახსენება არათუ კატალონიელებს, მადრიდელთა ქომაგებსაც არ უყვართ.

საქმე ისაა, რომ პირველ შეხვედრაში ბარსელონამ 3:0 მოუგო სამეფო კლუბს, ფრანკომ კი საკუთარი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ხოსე ფინატის (1940-42 წლებში ესპანეთის ელჩი გერმანიაში) დაავალა საქმის მოგვარება – გენერალს რეალის ფინალში ხილვა სურდა!

თამაშის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიარაღებული ფინატი და მისი რამდენიმე თანაშემწე სტუმართა გასახდელში შევიდა, იქ მათ რამდენიმე წუთი დაჰყვეს და ჩანს, პატრონის დავალება ზედმიწევნით კარგად შეასრულეს, რადგან როცა მსაჯმა I ტაიმი დაასრულა, პრუდენის და ბარინახას ჰეთ-თრიქების და ალონსოს და კურტას გოლების წყალობით რეალი 8:0-ს იგებდა.

ყოველი შემთხვევისთვის, აღვნიშნავთ, რომ 1952 წელს ხოსე ფინატი დედაქალაქის მერი გახდა…

ბარსას და რეალის დი სტეფანო
50-იან წლებში დაპირისპირება უფრო გაღრმავდა, მადრიდელებისადმი კატალონიელთა დაუფარავ სიძულვილს კი ბარსელონას პრეზიდენტის მარტი კარეტოს უხეში შეცდომაც დაერთო – სწორედ მან დაუთმო ალფრედო დი სტეფანო რეალს და მის პრეზიდენტ სანტიაგო ბერნაბეუს.

აქ ლეგენდარული ფეხბურთელის ტრანსფერს დეტალურად არ გავიხსენებ (თუმცა, ძალიან საინტერესო ისტორიაა), მხოლოდ გეტყვით, რომ იურიდიული დარღვევების გამო, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ყველა კონტრაქტი გააუქმა, არგენტინელს კი პირველი 2 სეზონის ბარსელონაში, მომდევნო ორის კი რეალში გატარება დააკისრა. მერე ბერნაბეუ კარეტოს დაელაპარაკა და…

როცა ალფრედოს სამეფო კლუბში გადასვლა გადაწყდა, ბარსელონა არეულობამ მოიცვა, ყველაფერი კი მარტი კარეტოს გადადგომით დასრულდა.

შემდეგ რაც მოხდა, ყველამ ძალიან კარგად ვიცით: 1953 წლის 25 ოქტომბერს, ალფრედო დი სტეფანოს რეალმა ბარსელონა 5:1 გაანადგურა, „თეთრმა ისარმა“ კი პირველი და ბოლო გოლები გაიტანა. საბოლოოდ დი სტეფანო რეალის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე გახდა, მისი წყალობით კი კლუბმა საოცნებო მწვერვალები დაიპყრო…

დიქტატორ ფრანკოს შემდეგ
1969-70 წლების სეზონს მორიგი დიდი სკანდალი უკავშირდება. რეალი პრიმერადივიზიონში ძალიან ცუდად ასპარეზობდა და ევროთასებს მიღმა დარჩენა ემუქრებოდა. ერთადერთ იმედად თასი რჩებოდა, რომლის 1/4-ფინალში სამეფო კლუბი ბარსელონას შეხვდა. პირველი მატჩი მადრიდში მასპინძლებმა 2:0 მოიგეს, საპასუხოს მე-60 წუთზე კი, როცა ბარსა რექსაჩის გოლით 1:0-ს იგებდა, მსაჯმა გურუსეტამ მასპინძელთა კარში არარსებული პენალტი დანიშნა – მას შემდეგ ასეთ აბსურდულ გადაწყვეტილებებს ესპანეთში „გურუსეტას პენალტის“ სახელით მოიხსენიებენ. ამანსიომ გოლი კი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა სტადიონი მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ დატოვა – გაგულისებული გულშემატკივრები პოლიციის მანქანებს არ ატარებდნენ. თითქოს ეს არ კმარაო და რეალის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ანტონიო კალდერონმა ბარსელონა სოფელს შეადარა – კიდევ ერთი არეულობის დასაწყებად ეს სრულიად საკმარისი იყო…

1974 წლის 17 თებერვალს, მადრიდში გამართულ დაპირისპირებას წლებია „კრუიფის ელ კლასიკოს“ უწოდებენ: ბარსელონამ დედაქალაქში 5:0 მოიგო, არნახული ზეობის მთავარი შემოქმედი კი სწორედ დიდი იოჰანი გახლდათ, ფრანს ფუტბოლის „ოქროს ბურთის“ 1973 წლის მფლობელი.

მიუხედავად იმისა, რომ მაშინ რეალი პირველად დამარცხდა შინ ასეთი სხვაობით, ნიდერლანდელმა კი გოლიც გაიტანა, არგენტინელი დიეგო მარადონა იყო პირველი, რომელიც სანტიაგო ბერნაბეუს ტრიბუნებზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა, პატივისცემის ნიშნად ფეხზე ადგომით და აპლოდისმენტებით გააცილეს: ეს 1982 წლის 27 ნოემბერს მოხდა, როცა ელ კლასიკო საათნახევრით ერთი მსახიობის წარმოდგენად იქცა.

მეორედ ასეთი პატივი ბარსელონას ბრაზილიელ საოცრებას – რონალდინიოს ხვდა წილად: 2005 წლის 19 ნოემბერს მისმა გუნდმა 3:0 გაიმარჯვა, დუბლის ავტორმა რონალდინიომ კი მსოფლიოს სანტიაგო ბერნაბეუს მწვანე მინდვრიდან გადმოხედა.

ამ ორ მატჩს შორის უამრავი საინტერესო დაპირისპირება იყო, ლეგენდარული ფეხბურთელების დუელები, ზღაპრული გოლები, ჩხუბი, მაისურების გაცვლაც და არ გაგიკვირდეთ, შემწვარი ღორის თავიც, რომელიც ბარსელონას ყველაზე მხურვალე ქომაგებმა (Boixos Nois – გიჟი ბიჭები) პორტუგალიელ ლუიშ ფიგუს ესროლეს – 2000 წლის ზაფხულში ბარსელონას ვიცე-კაპიტანმა კატალონიური კლუბის მაისური რეალისაზე გადაცვალა და…

სიმბოლო, თარჯიმანი და 0:5
შენ აქ ყოველთვის თარჯიმანი იქნები – ასეთი პლაკატი დაახვედრეს ბარსას ქომაგებმა რეალის მწვრთნელ ჟოზე მოურინიუს შარშან, 29 ნოემბერს, კამპ ნოუზე. ის თამაში პორტუგალიელის კლუბმა 0:5 წააგო, თუმცა მიუხედავად ასეთი მარცხისა, ყველამ იცის, რომ მოურინიუ უფრო დიდია, ვიდრე მთარგმნელი შეიძლება იყოს.

თარჯიმნებს ჯერ არასდროს მოუგიათ პორტუგალიის, ინგლისის და იტალიის ჩემპიონატები და თასები, უეფას თასი და ორჯერ ჩემპიონთა ლიგა.

მოურინიომ შეძლო.

მოკლედ, ის სხვაა!

2000 წელს მან ბარსელონასაც მოაგებინა ტურნირი – კატალონიის თასი.

მაშინ ჟოზე ლუის ვან გაალის თანაშემწე იყო და ნიდერლანდელმაც, რომელიც პორტუგალიელში მწვრთნელის მონაცემებს ხედავდა, მას ამ ტურნირში თანამდებობა დროებით დაუთმო.

შედეგი უკვე იცით და აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ იმ ბარსელონაში ხოსეპ გვარდიოლაც თამაშობდა, დღეს უკვე მოურინიუს მთავარი მეტოქე და რა თქმა უნდა, ბარსელონას სიმბოლო.

გვარდიოლა ბარსას გაზრდილია, როგორც ფეხბურთელმა, საუკეთესო წლები იოჰან კრუიფის ოცნების გუნდში გაატარა, მწვრთნელის ამპლუაში კი, რასაც მიაღწია, აღარ შეგახსენებთ. მოკლედ, სიმბოლოა.

ერთი სიტყვით, რეალის და ბარსელონასი არ იყოს, მათი დამრიგებლებიც ჩინებულად იცნობენ ერთმანეთს.

ამ ორი კლუბის სტატისტიკური ისტორია კი ასეთი გახლავთ: რეალი – 85 მოგება; ბარსელონა – 82, ფრე – 42. ბურთები 354:338.

 

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2011 წლის 18-24 აპრილი)

ka_GEGeorgian