ევრო 2012: ევრორეკორდები

1: ესპანეთი ევროპის პირველი ჩემპიონია, რომელმაც ტიტული დაიცვა.

2: ესპანეთი ასევე პირველი გუნდია, რომელმაც ზედიზედ მოიგო 3 დიდი ტურნირი – 2008 და 2012 წლებში ევროპა, 2010 წელს – მსოფლიო. აქამდე რეკორდი გფრის ნაკრებს ეკუთვნოდა, რომელმაც 1972 წელს ევროპის, 1974 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატები მოიგო, 1976 წელს კი ევროფინალში დამარცხდა.

3: ესპანეთი მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი (1964, 2008, 2012) და გერმანიის რეკორდი (1972, 1980, 1996) გაიმეორა.

4: მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის 1/8ფინალში საფრანგეთთან წაგების შემდეგ ესპანეთს დიდი ტურნირების ფლეი ოფში 10 თამაშში ჯერ გოლი არ გაუშვია.

5: ესპანეთმა ევროფინალი ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო – 4:0. აქამდე რეკორდი – 3:0 – გფრის ნაკრებს ეკუთვნოდა სსრკთან 1972 წელს. ესპანელები გაისად, ბრაზილიაში ფიფას კონფედერაციათა თასზე ითამაშებენ, ისევე როგორც იტალია, რომელმაც ეს უფლება ფინალში გასვლით მოიპოვა.

6: ესპანელთა მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე პირველია ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის ტიტულები საკლუბო და სანაკრებო დონეზე მოიგო.
2000 წელს მისმა გაწვრთნილმა მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, 2002 წელს ეს გამარჯვება გაიმეორა, მოგვიანებით კი ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასიც ჩაიბარა. დელ ბოსკეს ესპანეთმა 2 წლის წინ ფიფას ოქროს თასი მოიპოვა, რამდენიმე დღის წინ კი ევროპის ჩემპიონი გახდა.

7: 60-70იანი წლების გფრის ნაკრების თავკაცის ჰელმუტ შიონის შემდეგ დელ ბოსკე მეორე სპეციალისტია, რომელმაც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები მოიგო.

8: იკერ კასილიასმა, სერხიო რამოსმა, ჩაბი ალონსომ, დავიდ სილვამ, ანდრეს ინიესტამ, ჩავი ერნანდესმა, სესკ ფაბრეგასმა, ფერნანდო ტორესმა, ალვარო არბელოამ, რაულ ალბიოლმა, ხოსე რეინამ,  და სანტი კასორლამ მეორედ მოიგეს ევროპის ჩემპიონატი. მათ გერმანელი რაინერ ბონჰოფის (1972, 1980) რეკორდი გაიმეორეს.

9: ჩემპიონთა კაპიტანმა იკერ კასილიასმა ერთადერთი გოლი გაუშვა – პირველ ტურში იტალიასთან (ანტონიო დი ნატალე). მას შემდეგ ესპანელთა მეკარემ ყველა შეხვედრა უგოლოდ დაასრულა, ეს კი ევროჩემპიონატების ახალი რეკორდია. მისი მიღწევა 509 წუთს ითვლის!

10: კასილიასმა მეოთხედ ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე (2000, 2004, 2008, 2012) და გერმანელი ლოთარ მათეუსის (1980, 1984, 1988, 2000), დანიელი პეტერ შმეიხელის (1988, 1992, 1996, 2000), ჰოლანდიელი აარონ მოჰამედ ვინტერის (1988, 1992, 1996, 2000), იტალიელი ალესანდრო დელ პიეროს (1996, 2000, 2004, 2008), ჰოლანდიელი ედვინ ვან დერ სარის (1996, 2000, 2004, 2008) და ფრანგი ლილიან ტურამის (1996, 2000, 2004, 2008) რეკორდი შვედ ოლოფ მელბერგთან ერთად (2000, 2004, 2008, 2012) გაიმეორა.

11: ევროპირველობების ფინალურ ეტაპზე ყველაზე მეტი მატჩი – 16 – ვან დერ სარმა და ტურამმა ჩაატარეს. ამ რეკორდის გაუმჯობესების კარგი შანსი აქვთ ესპანეთის, პორტუგალიის და გერმანიის ნაკრების კაპიტნებს იკერ კასილიასს, კრიშტიანუ რონალდუს და ფილიპ ლამს – მათ აქტივში 14-14 მატჩია.

12: კასილიასმა ვან დერ სარის ერთი რეკორდი გაიმეორა: ფინალურ ეტაპზე მე9 თამაშში არ გაუშვა გოლი. იტალიელი ჯანლუიჯი ბუფონის კარიერაში 5 ასეთი მატჩია.

13: ფერნანდო ტორესი ევროისტორიაში პირველია, რომელმაც 2 ფინალში გაიტანა გოლი. 4 წლის წინ ესპანელებმა მისი ერთადერთი ზუსტი დარტყმით სძლიეს გერმანიას.

14: ლონდონის ჩელსის თავდამსხმელები ტორესი და ხუან მატა მე2 და მე3 ესპანელები არიან, ვინც ერთ სეზონში მოიგეს ჩემპიონთა თასი და ევროპის ჩემპიონატი.
პირველი ესპანელი ლეგენდარული ლუის სუარესი იყო, რომელმაც 1964 წელს ჯერ მილანის ინტერთან ერთად მოიგო ჩემპიონთა თასი, შემდეგ კი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში გაიხარა.
მსგავს წარმატებას ასევე მიაღწიეს ჰოლანდიელებმა ჰანს ვან ბრეკელენმა, რონალდ კუმანმა, გერალდ ვანენბურგმა, ბარი ვან არლემ და ვიმ კიფტმა (1988 – პსვ ეინდჰოვენი) და ფრანგებმა ნიკოლა ანელკამ და კრისტიან კარამბემ (2000, მადრიდის რეალი).

15: ანრი დელონეს სახელობის ახალი თასი, რომელიც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ჩაიბარა, სუფთა ვერცხლისგანაა დამზადებული, 8 კილოგრამს იწონის, 60 სანტიმეტრია და 20 ათასი ევრო ღირს.

16: ევრო 2012ის მონაწილე გუნების ოფიციალურ განაცხადში 368 ფეხბურთელი იყო შეყვანილი 24 ქვეყნის 136 კლუბიდან.

17: ევრო 2012ის მონაწილე ფეხბურთელებიდან მხოლოდ 2 არ თამაშობს ევროპაში: ირლანდიელი რობი კინი ამერიკაში, შვედი კრისტიან ვილჰელმსონი კი საუდის არაბეთში აგრძელებს კარიერას.

18: წლევანდელ ჩემპიონატზე ერთბაშად 6მა ფეხბურთელმა (ფერნანდო ტორესი, მარიო გომესი, მარიო მანჯუკიჩი, მარიო ბალოტელი, კრიშტიანუ რონალდუ, ალან ძაგოევი) გაიტანა ყველაზე მეტი გოლი – 3.
აქამდე სარეკორდო ევროპის I, 1960 წლის ჩემპიონატი იყო, როცა 5მა მოთამაშემ შეაგდო 2-2 გოლი.

19: ევრო 2012ზე ინგლისის ნაკრები ერთადერთი იყო, რომელსაც ლეგიონერი არ ჰყავდა. ირლანდიის შემადგენლობაში კი პირიქით, ერთიც არ იყო შიდა ჩემპიონატიდან.

20: ევრო 2012ის მატჩებს საშუალოდ 46 479 გულშემატკივარი დაესწრო. ეს ტურნირის ისტორიაში მე3 საუკეთესო მაჩვენებელია ევრო 68ის (59 847) და ევრო 88ის (59 243) შემდეგ.

21: ევროჩემპიონატის ფინალში პირველად შეხვდა ერთმანეთს მსოფლიოს ბოლო 2 პირველობის გამარჯვებული: ესპანეთი (2010) და იტალია (2006).

22: გერმანიის ნაკრებმა ევრო 2012ის ეგიდით ზედიზედ 14 თამაში მოიგო: 10 საკვალიფიკაციოში და 4 ფინალურ ეტაპზე. ეს ტურნირის რეკორდია.

23: ჰოლანდიელმა მცველმა ჯეტრო ვილემსმა დანიასთან I ტურში ტურნირის რეკორდი დაამყარა: 18 წლის, 2 თვის და 9 დღისა ფინალური ეტაპის ყველაზე უმცროსი მონაწილე გახდა.

24: ევროჩემპიონატის მონაწილეებზე ისტორიაში ყველაზე მეტი, 196 მილიონი ევრო განაწილდება. ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის თითოეული გუნდი 8 მილიონს მიიღებს, დანარჩენი თანხა კი ასე გაიყოფა: ფრე ჯგუფურ ტურნირში – 500 ათასი ევრო; მოგება – მილიონი; ჯგუფში III ადგილი – მილიონი; 1/4ფინალი – 2 მილიონი; 1/2ფინალი – 3 მილიონი; ფინალი – 4,5 მილიონი; ჩემპიონობა – 7,5 მილიონი.

25: ირლანდიამ ევროპირველობის ფინალურ ეტაპზე 24წლიანი შესვენების შემდეგ ითამაშა. ეს საფრანგეთის და საბერძნეთის მაჩვენებლის მსგავსია: ფრანგებმა 1960 წლის შემდეგ მხოლოდ 1984ში ითამაშეს, ბერძნებმა კი პირველად 1980 წელს, მეორედ – 2004ში.

26: ევრო 2012ის ორივე მასპინძელი ჯგუფში ჩარჩა: პოლონეთის და უკრაინის ნაკრებებმა ავსტრია-შვეიცარიის (2008) და ბელგიის (2000) ანტირეკორდი გაიმეორეს.
ცნობისათვის: ტურნირის მასპინძელმა მხოლოდ 3ჯერ მოიგო თასი: 1964 წელს ესპანეთმა, 4 წლის შემდეგ იტალიამ და 1984 წელს საფრანგეთმა.

27: შვედმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და პორტუგალიელებმა კრიშტიანუ რონალდუმ და ელდერ პოსტიგამ ევროპის მე3 ჩემპიონატებზე – 2004, 2008, 2012 – გაიტანეს გოლები.
ეს რეკორდის გამეორებაა. აქამდე მსგავსი შედეგი ჰქონდათ იურგენ კლინსმანს (გფრ-გერმანია; 1988, 1992, 1996),  ვლადიმირ შმიცერს (ჩეხეთი; 1996, 2000, 2004), ტიერი ანრის (საფრანგეთი; 2000, 2004, 2008) და ნუნო გომეშს (პორტუგალია; 2000, 2004, 2008).

28: პოლონეთსა და უკრაინაში გამართული ევროპირველობა უკანასკნელი 16გუნდა ტურნირია.
2016 წელს საფრანგეთში, ანრი დელონეს სახელობის თასის საიუბილეო XV გათამაშების ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი იასპარეზებს. უეფამ ევრო 2016ის მასპინძელი 2010 წლის 28 მაისს დაასახელა – საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პროექტმა თურქეთის წინადადება გადაწონა.

 

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 4 ივლისი)
ფოტო:
UEFA.com

ka_GEGeorgian