ევროძიუდო და 10 ქართული ამბავი

ევროპის ჩემპიონატის პირველი მედალი ქართველმა სპორტსმენმა 1946 წელს, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მოიგო. მძლეოსანთა ევროპირველობაზე ლეგენდარული ბადროს მტყორცნელი ნინო დუმბაძე ჩემპიონი გახდა, ელენე გოკიელმა კი თარჯრბენსა და ესტაფეტაში ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა.
მას შემდეგ საქართველოს წარგზავნილებმა სხვადასხვა სახეობის ევროჩემპიონატებში ექვსასამდე მედალი მოიგეს და თითქმის მესამედი, 178 ჯილდო (13 გუნდურში), ძიუდოისტების მონაგარია – 56 ოქრო, 57 ვერცხლი და 65 ბრინჯაო.

ხვალ, 29 აპრილს, სოფიაში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი იწყება და ხსენებული სტატისტიკა, დიდი ალბათობით, გაიზრდება. ბულგარეთის დედაქალაქში ორმოცი ქვეყნის სამასზე მეტი ათლეტი იჭიდავებს და მათ შორის იქნება 11 ქართველიც:

გოგონათა შორის ეთერ ლიპარტელიანს (57კგ) და სოფიო სომხიშვილს (78კგ) ვიხილავთ, ლაშა გუჯეჯიანის რჩეულთა შორის კი ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ), ჯაბა პაპინაშვილი (60კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ტატო გრიგალაშვილი (81კგ), ლუკა მაისურაძე (90კგ), ილია სულამანიძე (100კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ) და გურამ თუშიშვილი (+100კგ) მოხვდნენ.

ერთი წლის წინ, ლისაბონში, გუჯეჯიანის ბიჭებმა ხუთი მედალი მოიგეს: ლაშა ბექაურმა (90კგ) „ქართულ ფინალში“ ბექა ღვინიაშვილს სძლია, მარგველაშვილმა და ლიპარტელიანმა გადამწყვეტი პაექრობები დათმეს, თუშიშვილი კი მესამეზე გავიდა. შემადგენლობით თუ ვიმსჯელებთ, დიდი შანსია ხვალ, ზეგ და მაზეგ ნაკრებმა პორტუგალიაში ნაჩვენები შედეგი გააუმჯობესოს.

რაც შეეხება საინტერესო ფაქტებს, კარსმომდგარი პაექრობების წინ 10 ამბავი ჩამოვწერე:

1: ჩვენი ძიუდოისტებიდან ევროპის ჩემპიონის წოდება პირველმა ანზორ ქიბროწაშვილმა (80კგ) მოიგო 1962 წელს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ესენში.
იმ წელს ძიუდოისტთა ევროშეჯიბრებებში პირველად გამოჩნდნენ სოცბანაკის ქვეყნების სპორტსმენები და ამიტომ, კონტინენტის პირველობა განსხვავებული ფორმატით ჩატარდა – მოყვარულებსა და პროფესიონალებში. ქიბროწაშვილმა მოყვარულთა შორის გაიმარჯვა, რადგან საბჭოთა კავშირში პროფესიონალური სპორტი აკრძალული იყო.
ესენშივე გახდა ევროპის ჩემპიონი ანზორ კიკნაძე (მოყვარულები, აბსოლუტური წონითი კატეგორია)
საქართველოს სახელით პირველი ევროჩემპიონი კი ვლადიმერ დგებუაძე გახლავთ, რომელმაც 1993 წელს, ათენში მოიგო ოქროს მედალი.

2: ქართველთაგან ევროპირველობა ოთხჯერ მხოლოდ კიკნაძემ მოიგო (1962, 1964, 1965, 1966).
მისი რეკორდის გამეორების შანსი აქვს ვარლამ ლიპარტელიანს, რომელიც 2012, 2014 და 2016 წლებში დაეუფლა ოქროს მედალს.

3: ნაკრების კაპიტანს ჩემპიონობას ვუსურვებ, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ ნებისმიერი სინჯის მედლით ლიპარტელიანი ჩვენი სპორტის რეკორდსმენი გახდება: პირად პირველობაში ევროპის ჩემპიონატის მე11 მედალს მოიგებს, ამდენი ჯილდო კი ჯერ არავის მოუგია. ამ წუთისთვის ლიპარტელიანი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლუკა კურტანიძის რეკორდის თანამფლობელია – 10 ევრომედალი.

4: საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტი ჯილდო – 7, 2013 წელს ბუდაპეშტში და 2019 წელს მინსკში მოიგო (მინსკმა ევროპის II თამაშებს უმასპინძლა, თუმცა ის შეჯიბრება ევროპის ჩემპიონატის სტატუსსაც ატარებდა).
ხარისხობრივად უკეთესი უნგრეთში გამართული ტურნირი გამოდგა, სადაც ამირან პაპინაშვილმა (60კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (66კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81კგ) გაიხარეს.

5: ერთ ევროჩემპიონატზე მოგებული 3 ოქროც „ქართული“ რეკორდია. ასეთი რამ 2013 წლის ბუდაპეშტური ტრიუმფის გარდა სულ სამჯერ მოხდა:
1965 წელს მადრიდში (ესპანეთი) – ფარნაოზ ჩიკვილაძე (+80კგ), ანზორ ქიბროწაშვილი (93კგ), ანზორ კიკნაძე (აბსოლუტური);
1993 წელს ათენში (საბერძნეთი) – ვლადიმერ დგებუაძე (71კგ), დავით ხახალეიშვილი (+95კგ და აბსოლუტური);
1996 წელს ჰააგაში (ნიდერლანდები) – გიორგი ვაზაგაშვილი (60კგ), გიორგი რევაზიშვილი (65კგ), დავით ხახალეიშვილი (+95კგ).

6: ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი ერთადერთია, რომელმაც ევროპის ერთ ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიგო – 1993 წელს ათენში (საბერძნეთი).

7: სულ სამ ქართველს მოუგია ევროპის ზედიზედ სამი ჩემპიონატი:
ანზორ კიკნაძეს – 1964, 1965, 1966;
ზაზა კედელაშვილს – 2006, 2007, 2008;
ავთანდილ ჭრიკიშვილს – 2013, 2014, 2015.

8: რაც შეეხება მიჯრით მოგებულ ევრომედლებს, აქ ვარლამ ლიპარტელიანია ერთპიროვნული რეკორდსმენი. 2009-2016 წლებში ის ზედიზედ 8ჯერ დადგა ევროკვარცხლბეკზე:
2009 – ვერცხლი, 2010 – ვერცხლი, 2011 – ბრინჯაო, 2012 – ოქრო, 2013 – ვერცხლი, 2014 – ოქრო, 2015 – ვერცხლი, 2016 – ოქრო.

9: ჩვენი გუნდის ვეტერანი, ოლიმპიური ჩემპიონი და ყველა სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი ლაშა შავდათუაშვილი ერთადერთი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც სამივე უმაღლესი ტიტული მოიპოვა. ლაშა გახლავთ ოლიმპიური (2012), მსოფლიოს (2021) და ევროპის (2013) ჩემპიონი.

10: საქართველოს სახელით ჩვენი ბიჭები 1993 წლიდან ასპარეზობენ ევროპის ჩემპიონატზე და მას შემდეგ მხოლოდ ერთადერთი ტურნირი დაასრულეს უმედლოდ – 2018 წლის 26-28 აპრილს თელ ავივში (ისრაელი) გამართული შეჯიბრება.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 28 აპრილი)
ფოტო: IJF.org

ka_GEGeorgian