იზრაელ ფოლაუმ ხანძარი ღვთის სასჯელად გამოაცხადა

ავსტრალიის ნაკრების ყოფილმა მორაგბემ იზრაელ ფოლაუმ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში უკონტროლო ხანძარი ღმერთის რისხვად მიიჩნია.

ავსტრალიის აღმოსავლეთით მძვინვარე ხანძარს თითქმის ორი კვირაა უშედეგოდ ებრძვიან – ცეცხლმა ასობით სახლი და შენობა გაანადგურა, 10-მე მეტი მოქალაქე კი გარდაიცვალა.

გუშინ, სიდნეის ერთ-ერთ ეკლესიაში ქადაგების დროს ფოლაუმ განაცხადა: „ხელისუფლებამ ღმერთის წინააღმდეგ გაილაშქრა, როცა ერთი და იმავე სქესის მოქალაქეებს ქორწინების უფლება დართო. საშინელებაა ისიც, რომ მთავრობა მოზარდებს სქესის არჩევის უფლებას აძლევს. გაზაფხულზე, როცა ეს კანონები მიიღეს, ვთქვი, რომ ამის გამო დავისჯებოდით. ახლა რაც ხდება, ავსტრალიის მთავრობის გაუგონარი თავხედობის შედეგია. ხანძარი მხოლოდ დასაწყისია – თუ ხელისუფლებამ არ მოინანია, წინ უარესი გველის – ღმერთის რისხვა არ აგვცდება“!

ავსტრალიის ერთ-ერთი რეგიონის, ტასმანიის მთავრობამ გაზაფხულზე 16 წლის და უფროს ახალგაზრდებს მშობლების ნებართვის გარეშე, სქესის არჩევის უფლება მისცა. მოგვიანებით მთელ კონტინენტზე დაკანონდა ერთსქესიანთა ქორწინება.

იზრაელ ფოლაუმ ამ გადაწყვეტილებების წინააღმდეგ ღიად გაილაშქრა და ერთ-ერთ სოციალურ ქსელში დაწერა რომ ასეთ ცოდვილებს ჯოჯოხეთი ელით. ამ განცხადებების გამო ის ავსტრალიის ნაკრებიდან მოკვეთეს, სპონსორებმა კი კონტრაქტები გაუწყვიტეს.

მთავრობა ვერც კი ხვდება, რას აკეთებს. იმ ადამიანების გონება, ვინც ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ეშმაკის მიერ კონტროლდება! სატანა ჩააგონებს მათ, რომ მამაკაცების ქორწინებაში უცნაური არაფერია და რომ მთავარია ადამიანებმა ერთმანეთს ასიამოვნონ, საღვთო ჭეშმარიტება კი დაივიწყონ“, – ამბობს მორაგბე.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 18 ნოემბერი)

ka_GEGeorgian