მილიონები: ვისთვის როგორ

132 მილიონ 271 ათას 653 დოლარი და 27 ცენტი – ასეთია პრემიერლიგის ყველაზე ძვირფასი ახალწვეულის ზუსტი ფასი. ის 22 წლის არგენტინელი, მსოფლიოს ჩემპიონი და კატარი 2022-ის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ენცო ფერნანდესია. მან რვა წლით და ექვსი თვით გააფორმა კონტრაქტი ჩელსისთან.

ლონდონურმა კლუბმა, რომელიც ჯერ კიდევ საუკუნის გარიჟრაჟზე იქცა ერთ-ერთ ყველაზე გულუხვ გადამხდელად, ზემოხსენებული თანხა ხუთ ნაწილად უნდა დარიცხოს ენცოს ყოფილი კლუბის, ლისაბონის ბენფიკის ანგარიშზე. ინგლისელმა მიმომხილველებმა გვამცნეს, რომ პორტუგალიის ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა უკვე მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი ნაწილი – 33 მილიონ 631 ათას 525 ევრო და 57 ცენტი.

შედარებისთვის: ბენფიკამ არგენტინელი ამ ზაფხულს შეიძინა რივერ პლეიტიდან და ბაირესულ კლუბს სულ რაღაც 10 მილიონი ევრო გადაუხადა (სხვადასხვა დეტალების გათვალისწინებით ენცოს მაქსიმალური ფასი 18 მილიონ ევრომდე იზრდება).

ფერნანდესმა, რომელსაც ბენფიკამ პრეზენტაციაზე ლეგენდარული ეუსებიოს ნომერი (#13) მიართვა, 29 ოფიციალურ მატჩში 4 გოლი შეაგდო, სამჯერ მოიპოვა პრიმერა ლიგის თვის უძლიერესი ნახევარმცველის ჯილდო, შემდეგ კატარშიც გაიბრწყინა და ბრახ – არნახული ტრანსფერი!

2022-23 წლების სეზონი ბენფიკისთვის უდავოდ დიდებულია – კლუბი რვაქულიანი უპირატესობით ლიდერობს ჩემპიონატს, თასის მესამე წრეშია და მალე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ითამაშებს, ამაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ კლუბის ხაზინა არნახულად შეივსო. მიმდინარე სეზონში ლისაბონელებმა მხოლოდ ორი ტრანსფერით 201 მილიონი ევრო გამოიმუშავეს: ზუსტად იმ დღეებში, როცა ენცო დაიმატეს, დარვინ ნუნიესი ლივერპულს მიჰყიდეს 80 მილიონ ევროდ!

რაც შეეხება ჩელსის, ლონდონელებმა ახალი ფეხბურთელების შესაძენად ზაფხულში 287, ხოლო იანვარში უკვე 282 მილიონი ევრო დახარჯეს, ანუ საერთო ჯამში 569 და პრემიერლიგაში მეათე ადგილზე არიან, ასოციაციის და ლიგის თასიდან კი უკვე გამოვარდნენ. ლონდონელებს ლიგაზე დორტმუნდის ბორუსია ელით და გაისეირნებენო, ნამდვილად ვერ ვიტყვი.
ყველაზე მდიდარი ჩემპიონატით დავიწყე და პრემიერლიგითვე დავასრულებ: ენცო ფერნანდესი მხოლოდ მეხუთეა (იმავდროულად ყველაზე ძვირადღირებულიც), რომლის სანაცვლოდ ინგლისურმა კლუბმა მინიმუმ 100 მილიონი ევრო გადაიხადა.

ასიანთა კლუბი პოლ პოგბამ გახსნა 2016 წლის ზაფხულში, როცა 111.4 მილიონად შეუერთდა მანჩესტერ იუნაიტედს იუვენტუსიდან. 2021 წელს ჩელსიმ 120 მილიონი გადაუხადა ინტერს რომელუ ლუკაკუს სანაცვლოდ, იმავე ზაფხულს კი მანჩესტერ სიტიმ 124.7 მილიონად შეიძინა ჯეკ გრილიში ბირმინგემიდან. მეოთხე ასიანი ცანცარა ბრაზილიელი ანტონი გახლავთ, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედმა 100.8 მილიონად დაიმატა აიაქსიდან.

ლაშა გოდუაძე (2023 წლის 3 თებერვალი)
ფოტო:
Chelsea Football Club

ka_GEGeorgian