ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #34: საქართველო 2:0 მოლდოვა

მატჩის დაწყებიდან 27 წუთი რომ გაილია, საქართველოს ნაკრებმა მორიგი შეტევა დაიწყო. ბიჭებმა მრავალსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც გოლით დასრულდა: ცენტრში მდგარმა გიორგი ქინქლაძემ მარცხენა ფრთაზე გადააწოდა ბურთი ლევან კობიაშვილს, ის მოლდოველთა კარისკენ გაიჭრა, თავდასხმა ფლანგიდან საჯარიმოში ჩაწოდებით გააგრძელა, იქ კი შოთა არველაძემ დაასწრო ყველას და ლამის წაქცეულმა, ხარიხის ქვეშ შეაგდო ბურთი – 1:0!
მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ასე გაიტანა პირველი გოლი.

შოთასთვის ეს ბურთი სხვა რამითაც იყო მნიშვნელოვანი: ის გახდა პირველი, რომელმაც საქართველოს მთავარი გუნდის მაისურით მეათე გოლი მიითვალა!

და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ალბათ, სწორედ ამ დარტყმით დაარწმუნა ამსტერდამის აიაქსის დანიელი თავკაცი მორტენ ოლსენი, რომ მისი გადაბირება სწორი ნაბიჯი იქნებოდა.

მოლდოვასთან მატჩის წინ ყველამ იცოდა, რომ ოლსენი, ვინც თბილისის დინამოს მაშინდელი პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას სპეციალური მიწვევით დაესწრო ბათუმურ თამაშს, სწორედ შოთას აკვირდებოდა. საპატიო სტუმართა ლოჟაში ამსტერდამელთა დანიელ თავკაცთან ერთად მოკალათდა ტრაბზონსპორის პრეზიდენტი ფარუკ ოზაკიც, ვინც იმ წლებში ხშირად სტუმრობდა ბათუმს. მოლდოვასთან თამაშის დროს შოთა ჯერ კიდევ მისი კლუბის ფორვარდი გახლდათ.

„1997 წლის ზაფხულში თბილისიდან არსად წავსულვარ, დინამოს ბაზაზე ვვარჯიშობდი და ვემზადებოდი. ასე ხდებოდა ყოველ ზაფხულს, ოღონდ ეს ზაფხული განსხვავებული იყო – მე ხომ აიაქსში გადავდიოდი!

ამსტერდამში გამგზავრების წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ნოდარ ახალკაცს ვესტუმრე. ძალიან მაინტერესებდა მისი აზრი. ახალკაცმა ჯერ შემაქო: ყოჩაღ, აბა შენ იცი, ამხელა გუნდში საქართველოს როგორ წარმოაჩენო…

ერთი რჩევაც მომცა – გუნდში რომ მიხვალ, სტუმარივით არ მოიქცე, თავი ისე დაიჭირე თითქოს დიდი ხანია აიაქსში თამაშობ, ასე უფრო მალე მიგიღებს დიდი ფეხბურთი და წარმატებაც მალე მოვაო“, – ეს სიტყვები შოთა არველაძემ წლების შემდეგ დაწერა ავტობიოგრაფიაში „გუშინ“.

1997 წლის 7 ივნისს, ბათუმში, ქართველმა გულშემატკივრებმა მისი გოლის შემდეგ კიდევ ერთხელ გაიხარეს: მალტელმა მსაჯმა ჩარლზ აგიუსმა 51-ე წუთზე სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დანიშნა და გიორგი ქინქლაძემაც ზუსტად დაარტყა – 2:0. ეს ჩვენი გუნდის ისტორიაში ორმოცდამეათე გოლი იყო, პენალტი კი გოჩა ჯამარაულის წინააღმდეგ უხეშობას მოჰყვა.

დღეს საუკეთესო ქინქლაძე იყო! – თქვა ეროვნული ნაკრების თავკაცმა დავით ყიფიანმა პრესკონფერენციაზე.

წარმოიდგინეთ თქვენ რომ ქინქლაძე არ გყოლოდათ რა დღეში იქნებოდით. ხომ გაგიჭირდებოდათ? ასეთ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით ჩვენ, – ეს უკვე მოლდოვის ნაკრების მთავარი მწვრთნელის იონ კარასის სიტყვებია. ასე შეაფასა მან ლოძის ვიძევში მოთამაშე კაპიტნის ალექსანდრუ კურტეანუს არყოფნა. სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნო, რომ მოლდოველის და ქინქლაძის შედარებამდე სტუმართა თავკაცმა ქართველ ჟურნალისტებს მოგვიბოდიშა, მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენთვის კურტეანუ ისეთივე შეუცვლელია, როგორც ქინქლაძე თქვენთვისო.

შოთა არველაძე და გიორგი ქინქლაძე – ისინი დავით ყიფიანის ნაკრების ლიდერები იყვნენ და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში მოპოვებულ პირველ გამარჯვებაში ლომის წილი დაიდეს, თუმცა ქართულმა სპორტულმა მედიამ 1996-97 წლების სეზონის რჩეულად არც არველაძე დაასახელა და არც ქინქლაძე. მეტიც, სამეულში ერთიც ვერ მოხვდა.

სარბიელის ტრადიციული რეფერენდუმის გამარჯვებული ათენის აეკ-ის შემტევი თემურ ქეცბაია გახდა, რომელმაც ჟურნალისტთა გამოკითხვა დიდი უპირატესობით მოიგო, 218 ქულა დააგროვა და საგრძნობლად აჯობა მეორე ადგილზე გასულ ლევან კობიაშვილს, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ ვლადიკავკაზის სპარტაკ-ალანიის მცველი გახლდათ (68), და ფოთის კოლხეთი 1913-ში მოთამაშე გიორგი დარასელიას (23).

მოლდოველთა წინააღმდეგ ქეცბაიამ თითქმის შეუცვლელად ითამაშა – ყიფიანმა მხოლოდ 84-ე წუთზე გაიყვანა გამოცდილი ნახევარმცველი და მის ნაცვლად დებიუტანტი, მოსკოვის ლოკომოტივის 21 წლის თავდამსხმელი ზაზა ჯანაშია ჩართო თამაშში.

შოთა არველაძის არ იყოს, ქეცბაიასაც საინტერესო სეზონი ელოდა წინ – თემური აეკ-ს საბერძნეთის თასით დაემშვიდობა და  ივლისში ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთ ფლაგმანს, ნიუკასლ იუნაიტედს შეუერთდა…

„ჩვენი მიზანია თამაშიდან თამაშამდე განვვითარდეთ. ცხადია მახარებს ეს მოგება, მაგრამ წინ პოლონეთთან მატჩია, შემდეგ იტალიას ვმასპინძლობთ… ასე რომ, მხოლოდ წინ ვიყურები, მინდა გუნდმა მომდევნო თამაშებშიც გაახაროს გულშემატკივრები“, – დავით ყიფიანი ოპტიმისტურად გახლდათ განწყობილი. რაც შეეხებათ ახალწვეულებს, მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მომდევნო მატჩებში სხვებსაც გამოცდიდა.

ზაზა ჯანაშიას გარდა ყიფიანმა მოლდოველების წინააღმდეგ თბილისის დინამოს ნახევარმცველი გიორგი კიკნაძეც ათამაშა. 21 წლის ნიჭიერი შუახაზელისთვის ეს ფორმალურად მესამე მატჩი იყო გუნდში 1996 წლის დეკემბერში ლიბანში გამართული ორი გაუგებარი თამაშის შემდეგ, რეალურად კი კიკნაძის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში სწორედ მოლდოველთა წინააღმდეგ შედგა.

მურთაზ შელიამ ივნისის დასაწყისში ოპერაცია გაიკეთა და ბათუმში გამართული შეხვედრის დროს სტადიონის ტერიტორიაზე ყავარჯნების დახმარებით გადაადგილდებოდა. მის არყოფნაში ყიფიანს კალაძის გამოცდის კარგი შანსი მიეცა, მაგრამ კახიმ, ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებთან მიღებული წითელი ბარათის გამო, ვერც ამჯერად ითამაშა. კალაძის დანაკლისს მთავარმა მწვრთნელმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, თუმცა დაგვპირდა, რომ პოლონეთში დინამოელს აუცილებლად მისცემდა შანსს.

პოლონეთში სტუმრობა კატასტროფულად დასრულდა, თუმცა ამაზე მომდევნო წერილში. მოლდოვასთან ბათუმურ მატჩზე მომზადებულ ამ მცირე ჩანახატს კი ორი საინტერესო ფაქტით დავასრულებ: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თამაშისთვის გაცემული აკრედიტაციების სანაცვლოდ ჟურნალისტებს, რატომღაც, 5-5 ლარი გადაახდევინა. არანაკლებ მოულოდნელი კი ის იყო, რომ მატჩის დაწყებამდე დიქტორმა რამდენიმე დღით ადრე გარდაცვლილი რუსი საფეხბურთო კომენტატორის ნიკოლაი ოზეროვის ხსოვნას მიაგო პატივი და ბათუმის იმ, აწ უკვე გამქრალი სტადიონის ტრიბუნებზე მყოფთ წუთიერი დუმილისკენ მოუწოდა…

7 ივნისი, 1997. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, II ჯგუფი. ბათუმი, ცენტრალური. 12 000
საქართველო 2:0 მოლდოვა
გოლები: 1:0 შოთა არველაძე (28), 2:0 გიორგი ქინქლაძე (51, პენ)
საქართველო: ირაკლი ზოიძე, კახი ცხადაძე (კაპ), ლევან კობიაშვილი, ნუგზარ ლობჟანიძე, გიორგი ჩიხრაძე, კახი გოგიჩაიშვილი, თემურ ქეცბაია (ზაზა ჯანაშია 84), გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე, გოჩა ჯამარაული (გიორგი კიკნაძე 66), გიორგი ნემსაძე (არჩილ არველაძე 80)
მწვრთნელი: დავით ყიფიანი
მოლდოვა: დენის რომანენკო, ვასილე ტოლოკონნიკოვი, იონ ტესტიმიცანუ (სერგეი ბელოუსი 46), ვიტალი კულიბაბა, სერგიუ ეპურეანუ, ოლეგ შიშინი (მარინ სპანუ 58), ალექსანდრუ პოპოვიცი, ალექსანდრუ სუხარევი, იური მიტერევი (სერგეი როგაჩოვი 58), სერგეი კლეშენკო (კაპ), ოლეგ ფისტიკანი
მწვრთნელი: იონ კარასი
გაფრთხილება: სერგეი კლეშენკო, ოლეგ შიშინი
მსაჯები: ჩარლზ აგიუსი; ემანუელ სამიტი, ჟოზეფ ატარი (მალტა)

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 2 დეკემბერი)
ფოტო: გაზეთი სარბიელი

ka_GEGeorgian