პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია!

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულტანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის დღევანდელი ასპარეზობები საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა: მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა ოქროს მედალი მოიგო!

ფინალურ შეხვედრაში გორელმა ფალავანმა მთავარი მეტოქე, ტიტულიანი თურქი ტაჰა აქგული ოქროს ქულით დაამარცხა – 6:6-ის შემდეგ აჯობა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ჩემპიონს!

პეტრიაშვილი ზედიზედ მესამედ დაეუფლა მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალს!

ნურ-სულტანში ასპარეზობა ქართველმა 1/8-ფინალში დაიწყო, სადაც დიდი უპირატესობით, 13:2 აჯობა კოსოვოელ ეგზონ შალას. 1/4-ფინალში გენომ სირიელ ბადჟა ხუტაბას უფრო შთამბეჭდავად სძლია – 14:3, ნახევარფინალში კი უკრაინელი ალექსანდრ ხოციანივსკი დაამარცხა – 6:2.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 21 სექტემბერი)

ka_GEGeorgian