პოლონეთი-უკრაინა 2012: კონვერტირებული ფინალისტები

ფეხბურთში მხოლოდ ფული რომ წყვეტდეს ყველაფერს, მაშინ ამ წერილს აზრი დაეკარგებოდა: გვეცოდინებოდა, რომ ევროპის ჩემპიონი ყველაზე ძვირად შეფასებული ესპანეთის ნაკრები გახდებოდა, ფინალში კი გერმანია ითამაშებდა.
სანამ ბებერი კონტინენტის საუკეთესო გუნდები პოლონეთის და უკრაინის სტადიონებზე ბურთს აგორებენ, ჩვენ ცოტა გავერთოთ: ანრი დელონეს სახელობის ევროპის თასის ყველაზე ძვირი და იაფი პრეტენდენტები „გამოვავლინოთ“. აქვე დავაზუსტებ – ფასი მოცემულია ევროში.


ირლანდია – 70,25
სახელგანთქმული იტალიელი სპეციალისტის ჯოვანი ტრაპატონის გუნდი ევრო 2012-ის მონაწილეთა შორის ყველაზე „იაფია“ – „სამყურების“ ფასი 70,25 მილიონია.
ირლანდიელთა ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე შემტევი ნახევარმცველი ეიდენ მაკგიდია – მოსკოვის სპარტაკის ლეგიონერი 9 მილიონადაა შეფასებული.

საბერძნეთი – 83,7
ევრო 2004-ის ტრიუმფატორებს ბოლო წლებში კარგი მცველები ჰყავდათ და გამონაკლისი არც ფერნანდუ სანტუშის გუნდია.
ამ რეიტინგში საბერძნეთი ბოლოდან მეორეა. მისი ღირებულება 83,7 მილიონია, ფეხბურთელებს შორის კი მცველები ლიდერობენ: ბუნდესლიგაში მოთამაშე კირიაკოს პაპადოპულოსს და სოკრატის პაპასთატოპულოსს, შესაბამისად, 9 და 8 მილიონ ევროდ აფასებენ.

პოლონეთი – 85,35
ევროპირველობის თანამასპინძლის ჯამური ფასი 85,35 მილიონია, პოლონელთა საუკეთესო მოთამაშე, დორტმუნდის ბორუსიის ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი კი ყველაზე ძვირადღირებულია – 15 მილიონი!
საინტერესოა, რომ ლევანდოვსკის, პიშჩეკის, ბლაშჩიკოვსკის და მეკარე შჩესნის საერთო ფასი უფრო მეტია, ვიდრე გუნდის დანარჩენი წევრების ერთად აღებული.

დანია – 86,85
მორტენ ოლსენის გუნდმა ევრო 2012-ის პირველ ტურში ნიდერლანდები დაამარცხა. არადა „ნარინჯისფერების“ „ფასთან“ შედარებით – 277 მილიონი – სკანდინავიელთა „ღირებულება“ „სასაცილოა“ – 86,85!
დანიელთა უძვირფასესი ფეხბურთელები ლივერპულის მცველი დანიელ აგერი და აიაქსის ვარსკვლავი კრისტიან ერიქსენი არიან – ამ ფეხბურთელების მსურველმა კლუბებმა 13-13 მილიონი ევრო უნდა გაიღონ.

ჩეხეთი – 101,1
პირველივე ტურში რუსეთთან განადგურებული გუნდი 101,1 მილიონადაა შეფასებული, ამ თანხიდან ზუსტად მეოთხედი კი ლონდონის ჩელსის კარის დარაჯის, პეტრ ჩეხის ფასია – ჩემპიონთა თასის მფლობელი მეკარის ღირებულება 25 მილიონს უტოლდება.

უკრაინა – 107,4
ანდრეი შევჩენკოს საუკეთესო წლებში რომ დაგვეჯამებინა ოლეგ ბლოხინის გუნდის ფასი, უკრაინელები გაცილებით წინ იქნებოდნენ, მაგრამ ახლა 107,4 მილიონით უწევთ „დაკმაყოფილება“.
ევროპის 2004 წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული შევჩენკო დღეს უძვირფასესთა შორისაც ვერ ხვდება. ასეთი კიევის დინამოს 22 წლის ამომავალი ვარსკვლავი ანდრეი იარმოლენკოა 9 მილიონით.

შვედეთი – 119,75
მილანის ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი რომ არა, ეს გუნდი ირლანდიის შემდეგ ყველაზე „იაფი“ იქნებოდა – შვედეთის ნაკრების ლიდერის სადღეისო სატრანსფერო ფასი 37 მილიონია!

ხორვატია – 105,5
სლავენ ბილიჩის გუნდის შემთხვევაშიც დაახლოებით ის სიტუაციაა, რაც შვედებთან – ბალკანელთა ფასი 105,5 მილიონია, აქედან თითქმის ნახევარი – 40 კი ლუკა მოდრიჩის „წილია“. ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფურის ნახევარმცველი კლუბის ხელმძღვანელობამ სწორედ ასე „დააფასა“.
ამბობენ, რომ მოდრიჩი ზაფხულის სატრანსფერო სეზონის ყველაზე ძვირადღირებული გარიგების მონაწილე გახდება – ხორვატის გადაბირება რომან აბრამოვიჩის ჩელსის სურს.

რუსეთი – 160,3
დიკ ადვოკაატის გუნდმა ევრო 2012-ის წინ იტალია 3:0 გაანადგურა, პირველ ტურში კი ჩეხეთს 4:1 სძლია. რუსეთი 160,3 მილიონით მერვეა, ყველაზე ძვირადღირებული კი მეკარე იგორ აკინფეევია – 17 მილიონი. აქვე გეტყვით, რომ ჩეხეთის ნაკრების კარში 2 გოლის გამტანი ალან ძაგოევის ღირებულება მილიონით ნაკლებია.

ნიდერლანდები – 277
ბერტ ვან მარვიიკის გუნდი „ბრწყინვალე შვიდეულის“ ბოლო წევრია, მისი საერთო ღირებულება კი 116,7 მილიონით მეტია, ვიდრე რუსეთისა – 277-ს უტოლდება.
თუ ვინაა უძვირფასესი, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს: ინგლისის პრემიერლიგის ბომბარდირი და სეზონის რჩეული რობინ ვან პერსი! ლონდონის არსენალის კაპიტნის სატრანსფერო ფასი დღეისათვის 45 მილიონს უტოლდება!
მეორე-მესამე ადგილებს 32-32 მილიონით უესლი სნეიდერი და წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალის ერთ-ერთი ანტიგმირი არიენ რობენი იყოფენ, ევროჩემპიონატების ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ჯეტრო ვილემსი კი „ნარინჯისფერთა“ „უიაფესი“ წევრია – მხოლოდ 1,5 მილიონი.

იტალია – 296,1
სკუადრა აძურამ ევრო 2012-ის დაწყებამდე ზედიზედ 3 ამხანაგური თამაში წააგო, მაგრამ პირველივე ტურში მოქმედ ჩემპიონს, ესპანეთს ტოლ-სწორად გაეჯიბრა და ქულაც მოიპოვა.
ჩეზარე პრანდელის გუნდის ფასი 296,1 მილიონია, უძვირფასესი კი ამპლუაშეცვლილი და ნახევარდაცვიდან დაცვის ცენტრში დახეული დანიელე დე როსია – 32 მილიონი.

პორტუგალია – 326,16
ის, რომ პორტუგალია საუკეთესო ხუთეულის წევრია, მხოლოდ და მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს დამსახურებაა – მადრიდის რეალის ვარსკვლავი 90 მილიონადაა შეფასებული! უცნაურია, მაგრამ პორტუგალიელთა კაპიტანი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ირლანდიის, საბერძნეთის, პოლონეთის ან დანიის ნაკრები.
კრიშტიანუს შემდეგ გუნდის ყველაზე ძვირადღირებული წევრი მანჩესტერ იუნაიტედის გარემარბი ნანია – 32 მილიონი.

საფრანგეთი – 340
ლორან ბლანის გუნდის მთავარი „მეწილეები“ ბუნდესლიგის ვარსკვლავი ფრანკ რიბერი – 42 მილიონი, პრიმერადივიზიონის ერთ-ერთი ბომბარდირი კარიმ ბენზემა – 35 და პრემიერლიგის ჩემპიონი სამირ ნასრი არიან – 25.

ინგლისი – 403,75
რჩეული სამეულის ბოლო საფეხურზე ფეხბურთის სამშობლოს შვილები არიან: როი ჰოჯსონის ეს გუნდი 403,75 მილიონადაა შეფასებული.
უძვირფასესი ოლდ ტრაფორდის ვარსკვლავი უეინ რუნია – 65-მილიონიან ფორვარდს ამ ჩემპიონატზე ჯერ არ უთამაშია, ჯერ კიდევ დისკვალიფიკაციას იხდის და სავარაუდოდ, ჯგუფის უკანასკნელ მატჩში, თანამასპინძელ უკრაინასთან დაუბრუნდება გუნდს.

გერმანია – 459
იოახიმ ლიოვის გუნდმა ჩემპიონატის სტარტზე მარიო გომესის ერთადერთი გოლით სძლია პორტუგალიას. მიუნხენის ბაიერნის ფორვარდი ბუნდესნაკრების ყველაზე ძვირფასი წევრია – მას 42 მილიონად აფასებენ.
გერმანელთა ამ შემადგენლობის საუკეთესო გოლეადორი მიროსლავ კლოზე 6 მილიონით ნაკრების ყველაზე „იაფი“ წევრია.

ესპანეთი – 658 მილიონი
ბოლო 4 წელიწადში ესპანელებმა ევროპის ჩემპიონატიც მოიგეს და ფიფას ოქროს თასიც. ყველამ იცის, რომ დიდი გამარჯვებები რჩეული ფეხბურთელების გარეშე წარმოუდგენელია, ასეთები კი ძვირად ფასობენ.
ესპანეთის ნაკრებში არაერთი შესანიშნავი ფეხბურთელია და ამიტომაცაა, რომ ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი ერთადერთია, რომლის საერთო ფასი ნახევარ მილიარდს აჭარბებს – 658 მილიონი!
და ეს დავიდ ვილიას და კარლეს პუიოლის გარეშე – პირენეელთა ორი ვარსკვლავი ტრავმის გამო დააკლდა ევრო 2012-ს.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 18-24 ივნისი)

ka_GEGeorgian