ქართული ინიციატივა ევროპულ ჭადრაკში: ოქროს პაიკი

ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის ზურაბ აზმაიფარაშვილის ინიციატივით, მონტე კარლო 30 ნოემბერს პირველ საზეიმო ცერემონიას უმასპინძლებს, რომლის ლაურეატები ესკ-ის ახალი პრიზით – „ოქროს პაიკით“ დაჯილდოვდებიან.

დღეს მონტე კარლოში საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც მონაკოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ჟან-მიშელ რაპაირიც დაესწრო. ესკ-ის პრეზიდენტის ზურაბ აზმაიფარაშვილის თქმით, საზეიმო ცერემონიაზე სპეციალური პრიზი მონაკოს პრინც ალბერ II-ს გადაეცემა, მისი მშობლების ჭადრაკისადმი განსაკუთრებული სიყვარულის და ჭადრაკის პოპულარიზაციაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის.

მონტე კარლოში გამართულ პრესკონფერენციას ევროპის საჭადრაკო კავშირის გენერალური სპონსორის, ქართული ინდუსტრიული კომპანია აიგრუპის წარმომადგენელი გიორგი ხუროძეც დაესწრო, რომელმაც განაცხადა: „აიგრუპი აგრძელებს ანდრია დადიანის ტრადიციას – ქართველები ერთი საუკუნის შემდეგ მონაკოში ვბრუნდებით და ევროპის ჭადრაკში ყველაზე დიდ დაჯილდოების ცერემონიას ვუყრით საფუძველს“.

სახელოვანი ქართველი მოჭადრაკე ანდრია დადიანი, რომლის პარტიები საქვეყნოდ ცნობილია, 1904-05 წლებში მონტე კარლოს საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირების პრეზიდენტი გახლდათ.

„ოქროს პაიკის“ ეგიდით 30 ნოემბერს დაჯილდოვებიან: საუკეთესო ევროპელი საჭადრაკო რედაქტორი; საუკეთესო ევროპელი საჭადრაკო ჟურნალისტი; საუკეთესო ევროპელი ორგანიზატორი; საუკეთესო ევროპული საჭადრაკო პროექტი; საუკეთესო ევროპელი საჭადრაკო არბიტრი; სკოლებში ჭადრაკის განვითარების ევროპელი პიონერი; ყველა დროის ყველაზე პატარა ევროპელი მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში და ასევე გაიცემა სპეციალური პრიზები – ჭადრაკში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; ჭადრაკის ლეგენდა – ქალი და ჭადრაკის ლეგენდა – კაცი.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 31 ივლისი)

ka_GEGeorgian