რაგბი: მსოფლიო თასი თბილისშია
რაგბის უმაღლესი ჯილდო – უებ ელისის თასი თბილისშია! რაგბის საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით, პრიზი საგაისო მსოფლიო თასის მონაწილე ქვეყნებში იფინება და ეს დღეები საქართველოში იქნება. დღეს ჯილდოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობაში მდებარე ქართული სპორტის მუზეუმმა უმასპინძლა.
რსს-ს მედიამენეჯერმა ჯეიმს ფიცჯერალდმა, რომელიც სპეციალურად თასთან ერთად ეწვია საქართველოს, განაცხადა: „რაგბი ძალიან პოპულარული თამაშია, ეს ჯილდო კი ყველა მორაგბის ოცნებაა! რამდენადაც ვიცი, თასი პირველად გამოიფინება საქართველოში და დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრები ძალიან გაიხარებენ – საქართველო ხომ მსოფლიო სარაგბო ოჯახის სრულფასოვანი წევრია“!
დღეს დილით უებ ელისის თასი კიკეთში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკოლაში გამოიფინა, შაბათს, 15 მარტს კი ჯილდო მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იქნება, სადაც საქართველოს და რუმინეთის ნაკრები გუნდები ევროპის 2014 წლის ერთა თასისთვის ითამაშებენ. სხვათა შორის 2011 წელს, ახალ ზელანდიაში, რაგბის მსოფლიო თასზე, ეს ჯილდო საქართველო-რუმინეთის დაპირისპირების მასპინძელ სტადიონზეც იდგა.
რაგბის მსოფლიო თასი პირველად 1987 წელს, ახალ ზელანდიაში გათამაშდა. მას შემდეგ ეს პრიზი მხოლოდ 4-მა გუნდმა აღმართა: 1987 და 2011 წლებში ახალი ზელანდიის ნაკრებმა, 1991 და 1999 წლებში ავსტრალიამ, 1995 და 2007 წლებში სამხრეთ აფრიკამ, 2003 წელს კი ერთადერთმა ევროპულმა გუნდმა – ინგლისმა.
უებ ელისის თასი ოქრო-ვერცხლისგან 1906 წელს დამზადდა და 38 სმ სიმაღლისაა. სხვადასხვა ორნამენტებით დამშვენებულ ყურებზე ბერძნული მითოლოგიის ორი პრესონაჟია გამოსახული: ნიმფა და სატირა, სადგამზე კი იმ გუნდების სახელებია ამოტვიფრული, რომლებმაც მისი მოგება შეძლეს. ავსტრალიაში ამ ჯილდოს ბილ-საც უწოდებენ.
საქართველოს შემდეგ უებ ელისის თასი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ურუგვაისა და იაპონიაში გამოიფინება.
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2014 წლის 12 მარტი)
ფოტო: ქართული სპორტის მუზეუმი