რაიან გიგზი – 100

ინგლისის მანჩესტერ იუნაიტედის უელსელმა გარემარბმა რაიან გიგზმა საფრანგეთის ლიონთან ფრედ 1:1 დასრულებულ მატჩში მეასედ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაში და იმ ელიტარულ კლუბ მოხვდა, რომელიც დღესდღეობით მხოლოდ 8 წევრს ითვლის.

რაიან გიგზის გარდა, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში 1991 წლის გაზაფხულიდან ასპარეზობს, ჩემპიონთა ლიგაში 100 და მეტი მატჩი უთამაშიათ რაულს, რობერტო კარლოსს, პაოლო მალდინის, დევიდ ბექემს, ოლივერ კანს, კლარენს ზეედორფს და ლუიშ ფიგუს.

34 წლის უელსელი ერთადერთია, რომელმაც ზედიზედ 12 სეზონის განმავლობაში მოახერხა ჩემპიონთა ლიგაში თუნდაც ერთი გოლის გატანა.

რაიან გიგზმა ჩემპიონთა ლიგა ერთხელ – 1998-99 წლების სეზონში მოიგო, როცა ფინალში მისმა მანჩესტერ იუნაიტედმა მიუნხენის ბაიერნი 2:1 დაამარცხა.

დეკემბერში უელსელმა საიუბილეო, მე100 გოლი გაიტანა ინგლისის პრემიერლიგაში, მცირე ხნით ადრე კი კიდევ ერთი ჩინებული რეკორდი დაამყარა: ინგლისის ჩემპიონატებში მე500 მატჩი ჩაატარა! გიგზი კიდევ ერთი, არანაკლებ საინტერესო რეკორდის მფლობელია – 9ჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონის ტიტული!

მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში უელსელმა ნახევარმცველმა საერთო ჯამში 746 მატჩში 143 გოლი გაიტანა.

მატჩების რაოდენობით გიგზი მხოლოდ ლეგენდარულ ბობი ჩარლტონს ჩამორჩება. ევროპის 1966 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა ალისფერი ეშმაკუნების შემადგენლობაში 759 მატჩში 249 გოლი გაიტანა.

ცნობისათვის: ჩემპიონთა თასის/ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ყველაზე მეტი შეხვედრა ლეგენდარულმა იტალიელმა მცველმა, მილანის კაპიტანმა პაოლო მალდინიმ ჩაატარა – ლონდონის არსენალის წინააღმდეგ მან 138ედ ითამაშა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში.

100 და მეტი მატჩი ჩემპიონთა ლიგაში

1.რაული (რეალი; ესპანეთი) – 115
2.რობერტო კარლოსი (რეალი, ფენერბახჩე; ბრაზილია) – 114
3.პაოლო მალდინი (მილანი; იტალია) – 107
4.დევიდ ბექემი (მანჩესტერ იუნაიტედი, რეალი; ინგლისი) და ოლივერ კანი (ბაიერნი; გერმანია) – 103
5.კლარენს ზეედორფი (აიაქსი, რეალი, მილანი; ჰოლანდია) – 101
6.ლუიშ ფიგუ (ბარსელონა, რეალი, ინტერი; პორტუგალია) და რაიან გიგზი (მანჩესტერ იუნაიტედი; უელსი) – 100

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2008 წლის 21 თებერვალი)

ka_GEGeorgian