თბილისი 2015: ფესტივალის მარკები

სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში ევროპის ახალგაზრდული ფესტივალისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკების პრეზენტაცია გაიმართა. თბილისი ფესტივალს 26 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.

მარკების პრეზენტაცია ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და შპს საქართველოს ფოსტის მხარდაჭერით შედგა. შეხვედრას თბილისი 2015-ის მონაწილე სპორტსმენებთან ერთად ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე და თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი, სტუმრები და ჟურნალისტები დაესწრნენ.

„სასიხარულოა, რომ ამ მოვლენას ასეთი ლამაზი საფოსტო მარკები მიეძღვნა. დარწმუნებული ვარ, ეს ლამაზი სუვენირი ფესტივალის მონაწილეებისთვის და სპორტის მოყვარულებისთვის სასიამოვნო სიურპრიზი იქნება, ხოლო ფილატელისტებისთვის – კარგი საჩუქარი. მსურს მადლობა გადავუხადო ამ საქმის მესვეურებს”! – განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

თბილისი 2015-ის 2-მარკიანი მცირე ფურცელი და 2 საფოსტო მარკა მიეძღვნა. მათზე ფესტივალის თილისმა ხოხობი და პროგრამაში შესული სპორტის სახეობების სიმბოლოებია გამოსახული. დიზაინი თამარ დემეტრაშვილმა და გიორგი ქართველიშვილმა შეიმუშავეს.

მარკები საქართველოს ფოსტის განყოფილებებში და სერვის-ცენტრებში დღეიდან გაიყიდება. ორმარკიანი მცირე ფურცლის ფასი 4 ლარია, თითო საფოსტო მარკის კი 2.

 

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 22 ივლისი)

ka_GEGeorgian