ოლ ბლექსის მეორე მწვერვალი და მსოფლიო თასის ნაკრები
უილიამ უებ ელისის სახელობის მსოფლიო თასი მეორედ მოიგო ახალი ზელანდიის ნაკრებმა – ფინალში ოლ ბლექსმა საფრანგეთს 8:7 აჯობა. ტურნირის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ერთმა გუნდმაც ვერ მოახერხა გადამწყვეტ მატჩში 10 ან მეტი ქულის დაგროვება.
ახალი ზელანდია მეორედ ავიდა სარაგბო მწვერვალზე. 1987 წელს, როცა რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) უებ ელისის სახელობის თასი პირველად გაათამაშა, ზელანდიელებმა მაშინაც ფრანგებს სძლიეს – 29:9.
„არაფერი შეედრება იმ გრძნობას, როცა შენ სპორტში მთავარ ჯილდოს იგებ. ბედნიერი ვარ, რადგან ჩემმა გუნდმა მსოფლიო თასის მოპოვება შეძლო – წარმატება თქვენ გეძღვნებათ და ეს ყველაფერი ამ ბიჭების დამსახურებაა“! – ჩემპიონთა მთავარმა მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ ქრაისთჩერჩის ჰელი პარკში შეკრებილ ათასობით გულშემატკივარს მიმართა. წლის დასაწყისში ქალაქი მიწისძვრამ დააზარალა, მსოფლიო თასის მომგებმა ნაკრებმა კი ასე უთანაგრძნო იქაურ ქომაგებს.
„მიუხედავად იმისა, რომ აქ ვერ ვითამაშეთ, ჩვენ, მთელი გუნდი ვგრძნობდით თქვენ მხარდაჭერას“, – ეს უკვე ზელანდიელთა კაპიტნის რიჩი მაკქოას სიტყვებია.
30 წლის მორაგბემ ტურნირის მსვლელობისას მეასედ მოირგო ნაკრების კვართი და პირველი ზელანდიელი გახდა, 100 კეპს რომ უწია. ის ასევე ერთადერთია, რომელსაც ერთზე მეტჯერ მოუგია მსოფლიოს საუკეთესო მორაგბის ტიტული – 2006, 2009 და 2010 წლებში.
ოლ ბლექსმა ყველა, შვიდივე მატჩი მოიგო: ჯგუფში ტონგა (41:10), იაპონია (83:7), საფრანგეთი (37:17) და კანადა (79:15) დაამარცხა, 1/4-ფინალში არგენტინას აჯობა (33:10), 1/2-ფინალში მეზობელ ავსტრალიას სძლია (20:6), გადამწყვეტ მატჩში კი კიდევ ერთხელ მოუგო ლე ბლოს.
ამ გამარჯვებით ზელანდიელები ავსტრალიელებს და სამხრეთაფრიკელებს გაუტოლდნენ: მსოფლიო თასი ყველას 2-2-ჯერ აქვს მოგებული. სამხრეთული ერების ჰეგემონია მხოლოდ ინგლისმა დაარღვია 2003 წელს.
რაგბის საერთაშორისო საბჭომ ფინალის მეორე დღეს ქვეყნის დედაქალაქ ოქლენდში რჩეულები დაასახელა: წლის მოთამაშის ტიტული საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა, მესამეხაზელმა ტიერი დუსოტუარმა მოიპოვა, წლის მწვრთნელად ოლ ბლექსის თავკაცი გრემ ჰენრი აღიარეს (მეხუთედ), ოლ ბლექსმა კი ასევე მეხუთედ მოიპოვა წლის გუნდის სახელი.
უილიამ უებ ელისის თასის მორიგ, მე-8 გათამაშებას 2015 წელს ინგლისი უმასპინძლებს.
მსოფლიო თასის სიმბოლური ნაკრები
#15 – იზრაელ დაგი (ახალი ზელანდია)
ტონგასთან პირველივე ლელოს შემდეგ ის ტურნირის ნომერ პირველი მცველი იყო!
ნახევარფინალში დიდებულად ითამაშა ავსტრალიასთან, მატჩის მიწურულს მისმა გარბენმა კი საბოლოო ჯამში ოლ ბლექსს მაა ნონუს ლელო მოუტანა.
23 წლისაა და ნათელია, რომ წინ კიდევ უამრავი აღიარება და ტიტული ელის.
#14 – ვინსენ კლერკი (საფრანგეთი)
მიუხედავად იმისა, რომ დიდი ფიზიკური ძალით არ გამოირჩევა, თანამედროვე რაგბში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფრთის მოთამაშეა. კანადასთან 3 ლელო მიითვალა, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი, ცხადია, 1/4-ფინალში ინგლისთან გადამწყვეტი ლელო იყო.
#13 – ადამ ეშლი-კუპერი (ავსტრალია)
საბოლოოდ ჩამოყალიბდა გუნდისთვის ძალიან სასარგებლო ფლანგელად და ამიტომაცაა, რომ ავსტრალიელთა ერთი ტესტიც არ გამოტოვა. ითამაშა სხვადასხვა პოზიციაზე, რაც იმით აიხსნება, რომ თასის მსვლელობისას გუნდმა არაერთი მოთამაშე მოისაკლისა.
#12 – ჯეიმი რობერტსი (უელსი)
2009 წელს ლომების ტურნეს საუკეთესო მორაგბედ დასახელდა, თუმცა მას შემდეგ ბევრი ვერაფრით დაამახსოვრა თავი ქომაგებს. მიუხედავად ასეთი ჩავარდნისა, ახალ ზელანდიაში ის უელსის საუკეთესო მოთამაშე იყო და დიდი როლი ითამაშა გუნდის წარმატებაში.
#11 – დიგბი იოანე (ავსტრალია)
მოკლედ ვთქვათ: დღეს ის მსოფლიოში ფრთის საუკეთესო მოთამაშეა! და უილიამ უებ ელისის სახელობის თასის ბოლო გათამაშებამ ეს დაადასტურა.
#10 – რის პრისლენდი (უელსი)
არავინ იცის, გახდებოდა თუ არა პრისლენდი საუკეთესო მე-10 ნომერი ოლ ბლექსს ტრავმის გამო დენ კარტერი რომ არ დაკლებოდა. პრისლენდი უკვე ჩამოყალიბებული მორაგბეა, ყველა ტესტი ჩინებულად ჩაატარა, მთავარი კი ისაა, რომ თითქმის იდეალურად ურტყამდა.
#9 – დმიტრი იაშვილი (საფრანგეთი)
ლე ბლოს სული და გული იყო, წარმართავდა გუნდის ყველა შეტევას, გონივრულად ათამაშებდა ბურთს და ხშირად ხელსაყრელ პოზიციას უქმნიდა მორგან პარას.
#8 – ტობი ფალეტაუ (უელსი)
მსოფლიო თასის კიდევ ერთი აღმოჩენა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. არ ერიდებოდა ორთაბრძოლებს და ამ მხრივ ნაკრების კაპიტან სემ უორბარტონსაც აჯობა. ნათელია, რომ უელსს მისი სახით ვარსკვლავი ეზრდება.
#7 – დევიდ პოკოკი (ავსტრალია)
ახალ ზელანდიაში არაერთმა ბრწყინვალე შვიდმა ნომერმა ითამაშა: რიჩი მაკქოამ, სემ უორბარტონმა, შონ ო’ბრაიენმა, ჟულიენ ბონეიმ, თუმცა პოკოკი მათზე მაღლა იდგა – გუნდის ნამდვილი საგანძურია!
#6 – ჯერომ კაინო (ახალი ზელანდია)
რიჩი მაკქოას შემდეგ ის ოლ ბლექსის მეორე შეუცვლელი მოთამაშე იყო – ლომის წილი დაიდო ნაკრების მეორე ტრიუმფში! ახალზელანდიელთა დაცვის საიმედოობა, დიდწილად, მისი უნაკლო თამაშით იყო განპირობებული.
#5 – ჯეიმს ჰორვილი (ავსტრალია)
ჟურნალისტებმა ქურციკებთან გამარჯვება პოკოკის ბრწყინვალე თამაშს მიაწერეს, თუმცა ჰორვილის დიდებული გარჯაც რომ არა, სამხრეთ აფრიკა ავსტრალიას დაამარცხებდა.
მსოფლიო თასზე იმაზე გაცილებით კარგად ითამაშა, ვიდრე ელოდნენ.
#4 – ბრედ თორნი (ახალი ზელანდია)
მისი გამოსვლა მსოფლიო თასზე ერთი სიტყვით უნდა შეფასდეს: ფენომენალური! სავარაუდოდ, ის ახალ ზელანდიაში საუკეთესო მეორეხაზელი იყო.
#3 – ადამ ჯონსი (უელსი)
ნახევარფინალში ფრანგებთან ადრე დაშავდა და მისი არყოფნა გუნდს აშკარად დაეტყო. მოედანზე რომ ყოფილიყო, უელსელებს ლე ბლოს დაცვის გარღვევა არ გაუჭირდებოდათ და ფინალშიც, სავარაუდოდ, ბრიტანელები ითამაშებდნენ.
#2 – კევინ მეალამუ (ახალი ზელანდია)
ნაკრებში ტურნირის დაწყების წინ მოხვდა და ისე კარგად ითამაშა, რომ უკვე ნათელია: კარგა ხნით დამკვიდრდა გუნდში. რორი ბესტის და ბისმარკ დუ პრესისის დროება, ვფიქრობთ, წარსულს ჩაბარდა.
#1 – ტონი ვუდკოკი (ახალი ზელანდია)
ფინალში ოლ ბლექსის ერთადერთი ლელოს ავტორი – ამით ყველაფერია ნათქვამი.
მოამზადა ლაშა გოდუაძემ (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 31 ოქტომბერი-6 ნოემბერი)