განსაკუთრებული დაბრუნდა

ჟოზე მოურინიუ პრემიერლიგაში დაბრუნდა!

თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ტოტენჰემ ჰოთსფურის შეთავაზებას დათანხმდა და ლონდონურ კლუბთან 2022-23 წლების სეზონის ჩათვლით გააფორმა კონტრაქტი.

პორტუგალიელმა არგენტინელი სპეციალისტი მაურისიო პოჩეტინო შეცვალა, კაცი, რომელმაც  ტოტენჰემი პრემიერლიგის დიდ ექვსეულში დაამკვიდრა.

გაზაფხულზე არგენტინელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გაიყვანა კლუბი, მაგრამ ეს სეზონი გუნდმა ძალიან მძიმედ დაიწყო, პრემიერლიგაში მე-14 ადგილამდე დაეშვა და როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელებმა ჩათვალეს, რომ ცვლილების დრო დადგა. მთავარი მწვრთნელი გუშინ გაათავისუფლეს. კონტრაქტის გაწყვეტის გამო პოჩეტინომ 20-მილიონიანი კომპენსაცია მიიღო.

„ბიჭები და ინფრასტრუქტურა – აი ის, რითაც მომხიბლა ტოტენჰემმა“, – განაცხადა პორტუგალიელმა, რომლისთვისაც ტოტენჰემ ჰოთსფური მეორე ლონდონური კლუბია.

მისი ჩელსი ყველას ახსოვს – მოურინიუს დებიუტი პრემიერლიგაში სწორედ სტემფორდ ბრიჯზე შედგა.

„ჟოზე ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია და ამავდროულად, ძალიან წარმატებული. მან ყველა გუნდში მოიგო ტიტულები და გვჯერა, რომ ის ჩვენ გასახდელშიც სათანადო მუხტს და განწყობას მოიტანს. თასები – აი რა გვჭირდება ახლა. მოურინიუსგან სწორედ გამარჯვებებს ველით“, – ტოტენჰემ ჰოთსფურის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დენიელ ლევი პირდაპირი გახლდათ.

პორტუგალიელის დაბრუნება მოულოდნელი იყო და ამას არავინ მალავს. ენამწარე სპეციალისტი შარშან, 18 დეკემბერს დაითხოვა მანჩესტერ იუნაიტედმა – ოლდტრაფორდელები იმ დროისთვის 19 ქულით ჩამორჩებოდნენ პრემიერლიგის ლიდერ მანჩესტერ სიტის.

11 თვის შემდეგ მოურინიუ ისევ პრემიერლიგაშია და ბედის ირონიით, მისი ახალი კლუბი დღეს 20 ქულით ჩამორჩება პირველადგილოსანს: ლივერპულსა და ტოტენჰემ ჰოთსფურს შორის ასეთი სხვაობაა. ეს ქულებში, თამაშის ხარისხით კი, როგორც იტყვიან, ცა და დედამიწა.

12 თამაშიდან ლონდონელებმა მხოლოდ 3 მოიგეს და 17 გოლი გაუშვეს. პრემიერლიგის მოგებაზე მეოცნებე კლუბისთვის კატასტროფული შედეგებია, ასეთ სტატისტიკას კი პორტუგალიელი მიჩვეული არაა. ის უბრალოდ ვერ იტანს სუსტ დაცვას, ბევრ გაშვებულ გოლს და საერთოდ, ჟოზე ჩემპიონია. და მან ეს ყველგან დაამტკიცა, სადაც კი იმუშავა – პორტუდან დაწყებული არცთუ ეფექტური, მაგრამ მაინც მებრძოლი მანჩესტერ იუნაიტედის ჩათვლით. ისიც გეცოდინებათ, რომ წლების წინ, როცა ახალგაზრდა და ამბიციურმა სპეციალისტმა ლისაბონის ბენფიკა ჩაიბარა, მალევე დატოვა თანამდებობა, რადგან კლუბის ხელმძღვანელებში სათანადო შემართება და გამარჯვების წყურვილი ვერ დაინახა…

2002-03 წლების სეზონში მისმა პორტუმ საოცრად ითამაშა უეფას თასზე და მთავარი ჯილდოც აღმართა. იმ დროისთვის ის კარგ მწვრთნელად ითვლებოდა, კარიერაში გარდამტეხი მომენტი კი, ალბათ, მომდევნო სეზონის შუაში დადგა, როცა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პორტუმ ოლდ ტრაფორდზე დაიქუხა და მანჩესტერ იუნაიტედი შეაჩერა, გახარებული მთავარი მწვრთნელი კი მოედნის კიდეზე გაიჭრა და ბიჭებს ჩაეხუტა. ჩელსის მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა, სავარაუდოდ, სწორედ იმ მომენტში დაავალა ხელქვეითს მოურინიუსთან დაკავშირება.

2004 წლის 2 ივნისს პორტუგალიელმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ჩელსისთან, იმავე დღეს გამართული პრესკონფერენცია კი ასე დაიწყო: „ჩელსის საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავს და თავხედობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ახლა უკვე ტოპ მწვრთნელიც“. ყველა მიხვდა, რომ ჩელსიში რაღაც ახალი დაიწყო, ის, რასაც ძველი და მოკრძალებული ლონდონური კლუბი ნაჩვევი არ იყო.

სადებიუტო სეზონი ტრიუმფით დასრულდა: შობისთვის ჩელსი პრემიერლიგას ლიდერობდა და ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში იყო გასული, თებერვალში პირველი ტიტული – ლიგის თასი მოიგო, გაზაფხულზე კი ჩემპიონობაც იზეიმა!

50 წლის მანძილზე ჩელსი პირველად გახდა ჩემპიონი და თან როგორ: პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი – 95 ქულა მოიპოვა და ყველაზე ნაკლები, მხოლოდ 15 ბურთი გაუშვა!

ბრწყინვალე სტარტი დიდებულად გაგრძელდა და არა მხოლოდ ჩელსიში: ლონდონელებთან ერთად მოგებულ 8 თასს თავი დავანებოთ, გამორჩეულმა (გაიხსენეთ Special One) 5 პრიზი შემატა მილანის ინტერის საკლუბო მუზეუმს, მათ შორის პირველი ჩემპიონთა თასი 1965 წლის შემდეგ; მადრიდის რეალში გადასულმა ხოსეპ გვარდიოლას ბარსას ჰეგემონია დაარღვია – ლა ლიგის ჩემპიონის, ესპანეთის თასის და სუპერთასის გამარჯვებულის მედლებით დატოვა სანტიაგო ბერნაბეუ; მანჩესტერ იუნაიტედში კი პირველივე სეზონში 3 ტიტული მოიპოვა: ინგლისის ლიგის და სუპერთასები და ევროპალიგა.

ზოგადად, ჟოზეს კლუბებს დიდებული სტარტი ახასიათებთ: თასებს პირველივე სეზონში იგებენ. ასე იყო პორტუში, ჩელსიში, ინტერში, რეალსა და მანჩესტერ იუნაიტედში.

რით დასრულდება ახალი გამოწვევა?

სეზონის წინ ტოტენჰემ ჰოთსფური ჩემპიონობის კანდიდატთა შორის მოიაზრებოდა, თუმცა რეალობა შავ-თეთრია და დეზებს, მოურინიუს დიდი პატივისცემის მიუხედავად, უდიდესი ძალისხმევა დასჭირდებათ სიტუაციის გამოსასწორებლად.

დღევანდელი გადასახედიდან ტოტენჰემმა პირველ ოთხეულში რომ შეაღწიოს, ესეც დიდი მიღწევა იქნება. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, გუნდი ჯგუფში მეორე ადგილზე კია, მაგრამ ფლეი-ოფი ჯერ განაღდებული არ აქვს.

მოურინიუს დებიუტი 23 ნოემბერს, ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზეა დაგეგმილი: ტოტენჰემი ვესტ ჰემ იუნაიტედს ესტუმრება და შეეცდება 5-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულოს.

ამ შაბათ-კვირას ინგლისის ჩემპიონატის XIII ტურია, მაგრამ ბევრისთვის პრემიერლიგა სწორედ ახლა იწყება.

„განსაკუთრებული“ ფეხბურთის სამშობლოში დაბრუნდა!

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 20 ნოემბერი)

ka_GEGeorgian