ჩემი პირველი წერილი

ორმოცდამეთერთმეტე

წლეულს, ინგლისში, ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩის წინა დღეს, ლონდონში უეფას მორიგი კონგრესი გაიმართა, სადაც ამ ასოციაციის 51-ე წევრად მიიღეს ანდორის ფეხბურთის ფედერაცია.
ვფიქრობთ, გრემ ტერნერის მიერ უეფას ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნებული სტატია ამ ქვეყნის გაცნობას რომ ისახავს მიზნად, სარბიელის მკითხველსაც დააინტერესებს.

ანდორის ფეხბურთის ფედერციის პრეზიდენტის, 31 წლის ფრენსის ვილასთვის უდაოდ საინტერესო უნდა იყოს, ჰყავს თუ არა უეფაში შემავალი ქვეყნების ფედერაციებს მასზე ახალგაზრდა პრეზიდენტი.

ანდორის ფეხბურთის ფედერაცია ამ ფედერაციებს შორის ყველაზე ახალგაზრდაა – ის 2 წლის წინ, 1994 წელს დაარსდა.

ფედერასიო ანდორანა და ფუტბოლი ქვეყნის დედაქალაქის – ანდორა ლა ველასა და სენტ ჯულიას დასახლებას შორის მდებარე დაბა ეიქსვოლშია განლაგებული: ფედერაციის შენობისგან ორასიოდე მეტრშია მთა, რომელიც ერთგვარი საზღვრის როლს ასრულებს საფრანგეთსა და ესპანეთს შორის.

ქვეყნის შემოსავლის ძირითადი ნაწილი ტურიზმზე მოდის. ანდორა წელიწადში დაახლოებით 12 მილიონ დამსვენებელს ისტუმრებს. განსაკუთრებით დიდია ტურისტთა რიცხვი ზამთარში. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია – ასეთ პატარა ქვეყანაში 137 გორაკზეა მოწყობილი სამთო-სათხილამურო ტრასები.

ეს კომპლექსები 150 დღის განმავლობაში მასპინძლობენ ტურისტებს. დამსვენებელთა უმრავლესობა მაღაზიებში სიარულით ერთობა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ავენიდა მერიტქსელის სახელობის ფართო ქუჩა. ის იმითაა ცნობილი, რომ ბევრი ცნობილი ფირმის მაღაზიაა.

სამი სათამაშო მოედანი
ანდორის მისწრაფება – შეექმნა დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაცია, ქვეყნის პოლიტიკურმა ევოლუციამ განაპირობა.
1992 წელს, საფრანგეთის, ესპანეთის, კიდევ 6 ქვეყნის და ურხელის საეპისკოპოსის შეკრებაზე საბოლოოდ დადგინდა ანდორის საჰერცოგოს საზღვრები. ამავე წელს შეიმუშავეს ქვეყნის კონსტიტუციის პროექტი და 1993 წლის 14 მარტს, სახალხო რეფერენდუმზე ერთხმად მიიღეს კიდეც.

„ანდორაში ფეხბურთი ახალი ხილი რომ არ არის, ამაში თავადაც დარწმუნდებით. 1989 წელს ჩამოვაყალიბეთ ფეხბურთის კლუბების ასოციაცია. ფედერაციის შექმნაც იმავე წელს გვინდოდა, მაგრამ პოლიტიკური მოვლენების გამო 1994 წლამდე ეს ვერ მოხერხდა“, – აღნიშნა ფრენსის ვილამ – „2 წლის წინ ფედერაციაც შეიქმნა. მას შემდეგ ბევრი რამ გაკეთდა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სათამაშო მოედნების კეთილმოწყობას. მოგეხსენებათ, ანდორა მთაგორიანი ქვეყანაა და მოედნების მოსაწყობელი ადგილის გამონახვა გაჭირდა“.

დღესდღეობით ანდორაში 3 სათამაშო მოედანია. სავსებით შესაძლებელია უახლოეს მომავალში ისინი ევროპული დონისანი გახდნენ.

ერთ-ერთი მათგანი ეიქსვოლში, ფედერაციის შენობასთან მდებარეობს. იქ, ძირითადად, ანდორის ლიგის მატჩები ტარდება. 2 მოედანი კი დედაქალაქში – ანდორა ლა ველაშია მოწყობილი. ესტადი კომუნალის და ესტადი დელ მ.ი.კონსელის მინდვრის საფარი მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

ანდორას ერთადერთი პროფესიული საფეხბურთო კლუბი ჰყავს. ეს ფ.კ. ანდორაა, რომელიც დღესდღეობით ესპაეთის 2B დივიზიონში ასპარეზობს.

მიუხედავად იმისა, რომ კლუბი სხვა ქვეყნის ჩემპიონატში თამაშობს, მაინც უწევს ანდორის კლუბებთან ასპარეზობა. სწორედ ამ შეხვედრების დროს ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს შორის ურთიერთობა მყარდება.

ანდორის ფეხბურთის ფედერაციას საუკეთესო ურთიერთობა აქვს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან, რომლის პრეზიდენტი – ანხელ მარია ვილიარ ლიონა 29 ივნისს ანდორის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად ზეიმობდა მეზობლების უეფაში გაწევრიანებას.

საერთაშორისო დებიუტი
ფრენსის ვილას სწამს, რომ უახლოეს მომავალში ქვეყნის ეროვნული ნაკრები უფრო პოპულარული გახდება, ვიდრე ფ.კ. ანდორა. ფედერაციაში დიდი მუშაობა ტარდება ნაკრებისთვის სპარინგ-პარტნიორების გამოსაძებნად.

ანდორელები მოუთმენლად ელოდნენ 13 ნოემბერს, დღეს, როდესაც ანდორა პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებდა ესტონეთის ნაკრებთან, რომელთანაც მარცხი განიცადა – 1:6.

„ეჭვიც არ მეპარება, რომ ანდორაში ხალხი ფეხბურთზე ჭკუას კარგავს“, – განაცხადა ფედერაციის წარმომადგენელმა ხოსე პეპე გარსიამ, რომელიც იქ ბარსელონიდან ჩავიდა სამუშაოდ – „როცა ტელევიზია დიდ საფეხბურთო მატჩს გადმოსცემს, ქალაქის ქუჩები ცარიელია. განსაკუთრებით, თუკი ბარსელონა თამაშობს“.

ანდორის ეროვნულ ჩემპიონატში 10 კლუბი მონაწილეობს. შოტლანდიის ჩემპიონატის მსგავსად, ისინი 4-4-ჯერ ხვდებიან ერთმანეთს. საერთო ჯამში გუნდები 36 მატჩს ატარებენ. ანდორაში კარგი ამინდი იშვიათობაა, ამიტომ თამაშები ხშირად გადაიდება ხოლმე…

ჩემპიონატის გარდა ფედერაცია კოპა კონსტიტუციის გათამაშებას აწყობს. შარშან ეს თასი ფ.კ. პრინსიპა დ ანდორამ მოიგო. მეორე პრიზი – კოპა დე ლა ლიგა არავის დაუთმო ქვეყნის ჩემპიონმა ფ.კ. ინკემპმა. თასებს შორის ყველაზე პრესტიჟულად ითვლება ჟოან კანუს მემორიალი, რომელის ფინალურ მატჩებს ყოველთვის ესწრებიან ხელისუფლების წარმომადგენლები.

„ფეხბურთის ფედერაცია ყველა ასაკის ჩემპიონატს ატარებს“, – განაცხადა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დევიდ კარპამ – „ჩვენთან ასევე არის მსაჯთა და მწვრთნელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. ამაში დიდად გვეხმარებიან ჩვენი საუკეთესო მეგობრები – ესპანეთისა და კატალონიის ფეხბურთის ფედერაციები“.

საერთაშორისო ურთიერთობები
ანდორის ფეხბურთის ფედერაციას უკვე ჰყავს მსაჯთა საკუთარი ასოციაცია. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ახლაც გაუწვდინა დახმარების ხელი მეზობლებს.

მსაჯთა ასოციაციას ხავიერ გრანიერ ბარაბესი ხელმძღვანელობს. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ იგი ესპანელია. ასოციაცია 5 მაღალი კვალიფიკაციის მსაჯს აერთიანებს. ალფრედო კუნა და რუი დე კასტრო და სილვა პორტუგალიელები არიან, ომარ ელ აბიადე – მაროკოელი, დანარჩენი ორი – კარლოს ფერეირა და რაულ მინგუელა მსაჯთა ადგილობრივი სკოლის აღზრდილები არიან.

ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს დარბაზის ფეხბურთი. თამაშის ეს სახეობა აღმავლობის გზაზეა. ტარდება ეროვნული ჩემპიონატი, მატჩებს კი 12 არბიტრი ემსახურება. ზოგიერთს ესპანეთის ლიგაში უმსაჯია და გამოცდილება არ აკლია.

წლების განმავლობაში ანდორის დარბაზის ფეხბურთის გუნდი ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში მონაწილეობდა, მაგრამ შემდეგ მისი დატოვება მოუხდა. ჩვეულებრივი ფეხბურთისგან განსხვავებით, დარბაზის კლუბები მოედნის ქირას იხდიან. ამ მხრივ უპირატესობა მინდვრის მოედანზე მოთამაშეებს აქვთ.
ფედერაციის პრეზიდენტის ფრენსის ვილას თქმით, დარბაზის ფეხბურთი ქვეყანაში სწრაფ პროგრესს განიცდის და ის ყველანაირად ეცდება, უეფასგან ფეხბურთის ამ სახეობაში ევროტურნირების ჩატარების ნებართვა მიიღოს.

1994 წელს ანდორის სპორტის თავკაცებმა თანხმობა განაცხადეს ქვეყანაში ოლიმპიადის მსგავსი შეჯიბრის ჩატარებაზე.

ანდორასნაირი ჯუჯა სახელმწიფოები სხვადასხვა სახეობაში უნდა შეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ტურნირი კარგად იყო ორგანიზებული და უკმაყოფილოც არავინ დარჩენილა. შეჯიბრმა 2 კვირას გასტანა და ბევრი სპორტსმენი დაამეგობრა.

ესპანელები მუდამ მიილტვოდნენ ანდორისკენ. ზოგიერთისთვის ის მეორე სამშობლოა. მაგალითად, ცნობილმა ჩოგბურთელმა არანტა სანჩეს-ვიკარიომ ძვირადღირებული სახლი შეიძინა პირენეებში და თავისუფალ დროს სწორედ ანდორაში ატარებს.

დიდი მიზნები
ფრენსის ვილა ძალიან მადლიერია ქვეყნის ხელისუფლების, რომლის ხელშეწყობითაც შესაძლებელი გახდა ფეხბურთის ფედერაციის შექმნა.

„სპორტის მინისტრმა, ქალბატონმა კარმე სალამ ყველანაირი პრობლემა მოაგვარა და საშუალება მოგვცა, დიდი ხნის ოცნება აგვესრულებინა. მისი დახმარებით დღეს უეფას სრულუფლებიანი წევრი ვართ. ყველანაირად ვეცდებით, მაღალი შედეგები ვაჩვენოთ და მთავრობა გავახაროთ“, – განაცხადა ვილამ.

შეიცვალა ანდორელი მოთამაშეების დამოკიდებულება ფეხბურთის მიმართ. ახლა მათ საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის შანსი ეძლევათ. ადრე ფეხბურთელები ესპანეთში მიდიოდნენ სათამაშოდ. ერთი ანდორელი – ალბერტ სელადეს ლოპესი ახლა ბარსელონაში ირიცხება და ბობი რობსონის მეთვალყურეობით ვარჯიშობს, მაგრამ კლუბში არსებული მძაფრი კონკურენციის გამო ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება.

ფეხბურთის ფედერაცია მიზნად ისახავს მაღალი დონისა გახადოს ფეხბურთი ანდორაში. უკვე მუშავდება გეგმა, რომლის მიხედვით 16, 18 და 21-წლამდე ასაკის ნაკრებებმა წვრთნა უნდა გაიაროს. ფედერაცია ყველანაირად ცდილობს ხელი შეუწყოს პერსპექტიული მოთამაშეების დაოსტატებას.

„შესაძლოა, დარბაზის ფეხბურთის დონე უფრო მაღალია, მაგრამ ფედერაცია ცდას არ დააკლებს, დიდ ფეხბურთშიც რომ მივაღწიოთ წარმატებებს. ანდორას იდეალური პირობები აქვს დარბაზის ფეხბურთის განსავითარებლად. ქვეყანაში 3 მშვენიერი სპორტული კომპლექსია, სადაც არა მარტო დარბაზის, არამედ დიდი ფეხბურთის მოთამაშეებიც ვარჯიშობენ“, – განაცხადა ფრენსის ვილამ.

მართლაც, ანდორაში შესანიშნავი სპორტული ნაგებობებია. ყველაზე დიდი კონსელ კომპლექსია, რომელიც 4 948 მაყურებელს იტევს. შედარებით მომცროებია ესკალდეში (3 000) და ლა მასანში მდებარე ალდოსას (1 500) კომპლექსები. აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანს სავარჯიშო მოედნებიც გააჩნია.

ანდორის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ისიდრე კოდინას ერთი დიდი პრობლემა აწუხებს – ნაკრებისთვის მოთამაშეების შერჩევა.

სხვა ქვეყნებთან შედარებით, ანდორის კონსტიტუცია საკმაოდ მკაცრია. თუ უცხო ქვეყნის პირს ანდორის მოქალაქეობის მიღება სურს, 25 წელი უნდა იცხოვროს იქ, რაც არცთუ ადვილია.

სწორედ ამ მიზეზის გამო, ქვეყნის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების 70 პროცენტი უცხოელად ითვლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კლუბებს უკეთესი შანსი აქვთ საერთაშორისო არენაზე კარგად გამოსვლისა, ვიდრე ეროვნულ ნაკრებს.

ასევე მწვავედ განიცდის ანდორა პროფესიონალების ნაკლებობას. ჩემპიონატში მონაწილე გუნდების მოთამაშეები მხოლოდ სამუშაოს დასრულების შემდეგ მიდიან სავარჯიშოდ. ასეთი შეკრებებით კი მაღალ დონეზე თამაშზე ფიქრიც კი სასაცილოა.

ფედერაციამ უკვე იზრუნა ამ პრობლემის მოგვარებაზე. ზოგიერთი კლუბი უკვე პროფესიონალურად ეკიდება საქმეს.

ფეხბურთისადმი დამოკიდებულება უფრო სერიოზული გახდა ანდორის უეფაში გაწევრიანების შემდეგ. ნაკრების წევრები კვირაში 2-ჯერ იკრიბებიან და დღეში 2-ჯერ ვარჯიშობენ. ეროვნული გუნდის თავკაცის ისიდრე კოდინას აზრით, ეს შეკრებები მათ შორის თბილი ურთიერთობის დამყარებას უწყობს ხელს.

ფედერაციის პრეზიდენტმა ფრენსის ვილამ განაცხადა, რომ ნაკრებს განზრახული აქვს მონაწილეობა მიიღოს 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში.

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო მატჩი ჩავატაროთ. ამით გამოცდილებას მივიღებთ, რაც ძალზე გამოგვადგება მომავალში. ჩვენი ფეხბურთის ფედერაცია ახალგაზრდაა, მაგრამ ამბიციური“, – დასძინა ვილამ.

პირველი მატჩი
საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციებში ახლახანს გაერთიანებულმა ანდორამ პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა – გასულ ოთხშაბათს, 13 ნოემბერს, ანდორა ლა ველაში ესტონეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს 36-ე წუთზე. მეორე ტაიმის მე-16 წუთზე ანდორელმა პოლმა გაქვითა და ნაკრების პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა.

თანაფარდობა კიდევ 15 წუთს არ დარღვეულა, შემდეგ კი დაუნდობელი ექსსაბჭოელები საბრალო მასპინძლებს ეკვეთნენ და კიდევ 5 ბურთი გაუტანეს.

მოამზადა ლაშა გოდუაძემ
(უეფას ოფიციალური ბიულეტენის მიხედვით, 1996)
სარბიელი #123 (347); 1996 წლის 21 ნოემბერი