ლონდონი 2012: 9 აგვისტო
ჩვენი ოლიმპიური გუნდი ლონდონის თამაშებზე ხვალ ბოლო აღმართს შეუყვება: იქ, სადაც რამდენიმე დღის წინ ჯერ ძიუდოისტებმა, მერე კი ბერძნულ-რომაულის ფალავნებმა გაითამაშეს მედლები, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოჩნდებიან.
8 აგვისტოს ქართველ ოლიმპიელებს არ უასპარეზიათ, მაგრამ უამრავი საინტერესო რამ მოხდა. განსაკუთრებით გუნდურ სახეობებში: ფრენბურთში, ხელბურთში, კალათბურთსა და წყალბურთში – ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. მეზობლები და ყველაზე პინციპული მეტოქეები, ბრაზილია და არგენტინა გუშინ ფრენბურთსა და კალათბურთში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და თითოჯერ გაიმარჯვეს: ბრაზილიამ ფრენბურთში, არგენტინამ – კალათბურთში.
არგენტინელ კალათბურთელთა მეტოქე ნახევარფინალში ამერიკული ოცნების გუნდი იქნება. NBA-ს მეგავარსკვლავები გუშინ ავსტრალიას წაეთამაშნენ, სამი მეოთხედის განმავლობაში გაერთნენ, უკანასკნელში კი მთელი ძალით ივარჯიშეს. საბოლოოდ 119:86. ტრადიციული, 30 და მეტქულიანი სხვაობა! ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე მაღალანაზღაურებადმა კალათბურთელმა კობი ბრაიანტმა 20 ქულა მიითვალა – „შავი მამბა“ ყველაზე შედეგიანი იყო, მაგრამ უფრო ფასეული და შთამბეჭდავი გამოდგა გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშის ლებრონ „მეფე“ ჯეიმსის მიღწევა – 11 ქულა, 14 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა. სამმაგ დუბლს ოლიმპიადაზე არცთუ ხშირად ვხედავთ.
„ჩვენ რომ ოლიმპიადას მოვიგებთ, ეს თქვენც ძალიან კარგად იცით და მეტოქეებმაც. არ მინდა ვიუხეშო, მაგრამ აქ ჩვენი დონის გუნდს ვერ ვხედავ. და ისიც არ ვიცი რამდენ წელიწადში შეძლებენ სხვა გუნდები ჩვენთან ტოლ-სწორად თამაშს. თუმცა იმაში დარწმუნებული ვარ, რომ სანამ კალათბურთში ვიქნები, ეს ნაღდად არ მოხდება“, – ლებრონ ჯეიმსი ჟურნალისტებთან რამდენიმე წუთით შეყოვნდა და ის თქვა, რაც ყველამ მშვენივრად იცის.
ნახევარფინალში ოცნების გუნდის მეტოქე არგენტინა იქნება, მაგრამ მანუ ჯინობილის, ლუის სკოლას, კარლოს დელფინოს და კომპანიის დიდი პატივისცემის მიუხედავად, უნდა ვაღიარო, რომ არგენტინის მთავარი მიზანი ლიეტუვის შედეგის გამეორება იქნება. ანუ, „ღირსეულად“ – ათზე ნაკლები ქულით წაგება. მეორე ნახევარფინალში ლიეტუვის მძლეველი რუსეთი ევროპის ბოლო ორი ჩემპიონატის გამარჯვებულ ესპანეთს დაუპირისპირდება. დევიდ ბლატის გუნდმა ჯგუფში უკვე მოუგო პირენეელებს, არადა, იმ შეხვედრის საწყის მეოთხედში 18 ქულით აგებდა.
ოცნების გუნდის დარად, ოქროს მთავარი პრეტენდენტია ამერიკის ქალ კალათბურთელთა ნაკრები. ჩემპიონობისთვის იბრძოლებს ამერიკის ქალ ფეხბურთელთა გუნდიც, თუმცა შეძლებენ თუ არა იაპონელთა ძლევას, ეს ძნელი სათქმელია.
შარშან, გერმანიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე ამერიკელი გოგონები ფინალში სწორედ იაპონელებთან დამარცხდნენ. მაშინ ის ამბავი სენსაციად მონათლეს, მაგრამ აზიელებმა დაამტკიცეს, რომ ქალ ფეხბურთელთა მთავარი ჯილდო შემთხვევით არ მოუგიათ. ამერიკელები ამბობენ, რევანში უნდა აიღონ. იაპონელებმა, სადაც ერთი წლის წინ მოვუგეთ, არც ახლა გაგვიჭირდებაო. მოკლედ, ვნახოთ. ფინალი ამ საღამოსაა.
ოლიმპიადა ნელ-ნელა ფინიშს უახლოვდება, არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში კი 4 წლის წინანდელი თამაშების ტრიუმფატორი ჩინეთი კვლავ ლიდერობს. მართალია აზიელთა უპირატესობა არაა ისეთი, როგორც პეკინში, მაგრამ გუნდის საერთო მონაგარი ყველა შემთხვევაში შთამბეჭდავია.
ჩინელები კუთვნილი ოქროების აღებას განაგრძობენ: მაგიდის ჩოგბურთელებს და წყალში მხტომელებს კვლავ არ ჰყავთ ღირსეული კონკურენტები. სამაგიეროდ, ოლიმპიურ სტადიონზე ამერიკელები დომინირებენ. მაგალითად, მხოლოდ გუშინ შეერთებული შტატების გუნდმა 3 ოქრო და 2-2 ვერცხლი და ბრინჯაო მოიგო!
110 მეტრზე თარჯრბენში ამერიკელმა ერიეს მერიტმა ოქრო წლის საუკეთესო შედეგით – 12.92 წამით მოიგო! მეორე იყო მისი თანაგუნდელი ჯეისონ რიჩარდსონი, იამაიკელმა ჰენსლ პერჩმენტმა კი გუნდს ბრინჯაო შემატა. ფინალურ გარბენში სტარტზე იდგა პეკინის თამაშების ოქროსმედალოსანი და მსოფლიო რეკორდის მფლობელი დეირონ რობლესი, მაგრამ კუბელ მძლეოსანს დისტანციის მიწურულს კუნთი დაეჭიმა.
არანაკლებ საინტერესო გამოდგა გოგონათა შორის სიგრძეზე ხტომის ფინალი. ამერიკელმა ბრიტნი რიისმა ექვსიდან მხოლოდ ორი ცდა გამოიყენა, მაგრამ პირველივეში 7.12 მეტრზე გადაფრინდა და კონკურენტთათვის მიუწვდომელი დარჩა. დღეს ამ დისციპლინაში ვაჟები გაითამაშებენ ოქროს.
დღის მთავარი მოვლენა, მე თუ მკითხავთ, 200 მეტრზე გოგონათა გარბენი იყო. გუშინ სტარტზე ყველა ვარსკვლავი იდგა, მაგრამ ფინიში პირველმა ელისონ ფელიქსმა გადაკვეთა. ამერიკელი ნანატრ ოლიმპიურ ოქროს მესამე ცდაზე დაეუფლა. ათენსა და პეკინში ის იამაიკელ ვერონიკა კემპბელ-ბრაუნს ჩამორჩა, ამჯერად კი კონკურენტს აჯობა!
26 წლის ფელიქსმა, ვინც მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი გახლავთ, 21.88 წამში გაირბინა და ისტორიაში მე-4 საუკეთესო დრო უჩვენა! რეკორდი კი კვლავაც ლეგენდარულ ამერიკელს, ფლორენს გრიფიტ-ჯოინერს ეკუთვნის – 21.34 წამი!
აწგანსვენებულმა ფლო ჯომ ეს დრო 1988 წელს სეულში, ოლიმპიურ თამაშებზე უჩვენა. მაშინ მან 1/4-ფინალში, 1/2-ფინალსა და ფინალში ზედიზედ 3-ჯერ გააუმჯობესა თამაშების რეკორდი, მსოფლიოსა კი ორჯერ! სეულში გრიფიტ-ჯოინერმა 3 ოქრო მოიგო და დიდი სპორტიდან წავიდა, ზუსტად 10 წელიწადში კი…
მოკლედ, რაც იყო, იყო. დღეს კვლავ გველის 200 მეტრზე ფინალი. სტარტზე ვაჟები დადგებიან და მათ შორის ელვად წოდებული უსეინ ბოლტიც. იამაიკელი ამ დისტანციაზე პეკინის ოლიმპიადიდან მოყოლებული უძლეველია: ოლიმპიური ოქროს გარდა ორჯერ – ბერლინსა და დაეგუში მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო. იმავე ბერლინში ბოლტმა 19.19 წამში ჩაიქროლა დისტანცია და ეს დღემდე რეკორდია.
შეძლებს 4 ოლიმპიური ოქროს მომგები იამაიკელი საკუთარი მიღწევის გაუმჯობესებას? ალბათ, კი. ბიჭს, რომელიც ფინიშამდე რამდენიმე მეტრით ადრე უკან იყურება და კონკურენტებს ამოწმებს, მგონი ყველაფერი შეუძლია.
ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 9 აგვისტო)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – olympic.org/london-2012
მედალოსნები: 8 აგვისტო
აფროსნობა
ვაჟები – 49
1.ნათან უტერიჯი და ლეინ იენსენი (ავსტრალია)
2.პეტერ ბერლინგი და ბლეირ ტაკი (ახალი ზელანდია)
3.ალან ნიორეგაარდი და პეტერ ლანგი (დანია)
თავისუფალი ჭიდაობა
გოგონები – 48კგ
1.ჰიტომი ობარა (იაპონია)
2.მარია სტადნიკი (აზერბაიჯანი)
3.კლარისა ჩუნი (აშშ) და კეროლ ჰუინი (კანადა)
გოგონები – 63კგ
1.კაორი იჩო (იაპონია)
2.ჟინ რუიშუე (ჩინეთი)
3.ლუბოვ ვოლოსოვა (რუსეთი) და სორონზონბოლდინ ბაცეცეგი (მონღოლეთი)
კაიაკი და კანოე
ვაჟები – კანოე, 1 000მ
1.სებასტიან ბრენდელი (გერმანია) – 3:47.176წთ
2.დავიდ კალი (ესპანეთი) – 3:48.053წთ
3.მარკ ოლდერშოუ (კანადა) – 3:48.502წთ
ვაჟები – კაიაკი, 1 000მ
1.ეირიკ ვერას ლარსენი (ნორვეგია) – 3:26.462წთ
2.ადამ ვან კოევერდენი (კანადა) – 3:27.170წთ
3.მაქს ჰოფი (გერმანია) – 3:27.759წთ
ვაჟები – ორადგილიანი კაიაკი, 1 000მ
1.რუდოლფ დომბი და როლანდ კიოკენი (უნგრეთი) – 3:09.646წთ
2.ფერნანდო პიმენტა და ემანუელ სილვა (პორტუგალია) – 3:09.699წთ
3.მარტინ ჰოლშტეინი და ანდრეას ილე (გერმანია) – 3:10.117წთ
გოგონები – ოთხადგილიანი კაიაკი, 500მ
1.გაბრიელა შაბო, დანუტა კოზაკი, კატალინ კოვაჩი, კრიშტინა ფაზეკაშ ზური (უნგრეთი) – 1:35.769წთ
2.კაროლინ ლეონარდტი, ფრანცისკა ვებერი, კატრინ ვაგნერ-აუგუსტინი, ტინა დიცე (გერმანია) – 1:31.298წთ
3.ირინა პამიალოვა, ნაძეჟდა პაპოკი, ვოლჰა ხუძენკა, მარინა პაუტარანი (ბელარუსი) – 1:31.400წთ
მაგიდის ჩოგბურთი
ვაჟები – გუნდური
1.ჩინეთი (ვან ჰაო, ჟან ჯიკე, მა ლონი)
2.სამხრეთი კორეა (ო სანგ-ეუნი, იოო სე-ჰაიუკი, რიუ სეუნგ-მინი)
3.გერმანია (ტიმო ბოლი, დმიტრი ოვჩაროვი, ბასტიან სტეგერი)
მძლეოსნობა
ვაჟები – 110მ თარჯრბენი
1.ერიეს მერიტი (აშშ) – 12.92წმ
2.ჯეისონ რიჩარდსონი (აშშ) – 13.04წმ
3.ჰენსლ პერჩმენტი (იამაიკა) – 13.12წმ
*-დავით ილარიანი
13.90 – ვერ გადალახა საკვალიფიკაციო ეტაპი
გოგონები – 200მ
1.ელისონ ფელიქსი (აშშ) – 21.88წმ
2.შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი (იამაიკა) – 22.09წმ
3.კარმელიტა ჯეტერი (აშშ) – 22.14წმ
გოგონები – 400მ თარჯრბენი
1.ნატალია ანტიუხი (რუსეთი) – 52.70წმ
2.ლაშინდა დემუსი (აშშ) – 52.77წმ
3.ზუზანა ჰეინოვა (ჩეხეთი) – 53.38წმ
გოგონები – სიგრძეზე ხტომა
1.ბრიტნი რიისი (აშშ) – 7.12მ
2.ელენა სოკოლოვა (რუსეთი) – 7.07მ
3.ჯენეი დელოაჩი (აშშ) – 6.89მ
*-მაია გოგოლაძე
ვერ დააფიქსირა შედეგი
პლაჟის ფრენბურთი
გოგონები
1.მისტი მეი-ტრინორი და კერი უოლშ ჯენინგსი (აშშ)
2.ჯენიფერ კისი და ეიპრილ როსი (აშშ)
3.ჯულიანა ფელისბერტა და ლარისა ფრანშა (ბრაზილია)
ტაეკვონდო
ვაჟები – 58კგ
1.ხოელ გონსალესი (ესპანეთი)
2.ლი დაე-ჰოონი (სამხრეთი კორეა)
3.ალექსეი დენისენკო (რუსეთი) და ოსკარ მუნიოს ოვიედო (კოლუმბია)
გოგონები – 49კგ
1.ვუ ჯინგუ (ჩინეთი)
2.ბრიგიტ იახუე (ესპანეთი)
3.ჩანატიპ სონხამი (ტაილანდი) და ლუცია ზანინოვიჩი (ხორვატია)
ცხენოსნობა
კონკური
1.სტივ გუერდა (შვეიცარია)
2.გერკო შროდერი (ნიდერლანდები)
3.სიენ ო’კონორი (ირლანდია)