საქართველო Vs გერმანია: პირველად გერმანიაში

20 წლის წინ, 1995 წლის 29 მარტს, ჯვაროსნები პირველად დაუპირისპირდნენ გერმანელებს.
მაშინ ბუნდესნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონის რანგში ეწვია საქართველოს დედაქალაქს, დღეს კი გერმანია მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.
ჩვენი ეროვნული გუნდის 25-წლიანი ისტორია 192 საერთაშორისო მატჩს ითვლის. აქედან 3 სწორედ გერმანიასთან გამართული შეხვედრებია.
ამჯერად მეტოქეთა მეორე დაპირისპირებას გავიხსენებთ, რომელიც 1995 წლის 6 სექტემბერს გაიმართა ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ეგიდით.

ნიურნბერგის პროცესი-განაჩენი გამოტანილია – ასე დაასათაურა გაზეთმა სარბიელმა 1995 წლის შემოდგომის პირველ დღეებში ნიურნბერგში გამართული შეხვედრის მიმოხილვა.

28-ე წუთზე ჩვენი გუნდის შეტევა შოთა არველაძემ დაიწყო, გიორგი ნემსაძემ გააგრძელა და თემურ ქეცბაიამ დაასრულა – 0:1!

38-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა: თომას ჰესლერის პასის შემდეგ ანდრეას მიოლერმა უპრობლემოდ წაიწია წინ, მურთაზ შელიას აშკარად დაგვიანებული გამოდევნება კი ამაო გამოდგა. დორტმუნდის ბორუსიის შემტევმა ნახევარმცველმა დაარტყა და – 1:1.

57-ე წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ: იურგენ კლინსმანთან ორთაბრძოლისას კახი გოგიჩაიშვილმა წესები დაარღვია და საჯარიმო დარტყმაც დაინიშნა. აკაკი დევაძემ ბურთი კი მოიგერია, მაგრამ იქვე მდგარმა გოჩა გუჯაბიძემ რეაქცია დააგვიანა და კრისტიან ციგემაც მეორედ შეარხია ქართველთა კარის ბადე – 2:1. გუჯაბიძემ იმ დღეს პირველად და უკანასკნელად ითამაშა ეროვნულ ნაკრებში.

62-ე წუთზე მასპინძლები ორი გოლით დაწინაურდნენ: კლინსმანის დარტყმული ბურთი დევაძემ ისევ მოიგერია, თუმცა დაცვის მორიგი შეცდომით ამჯერად ულფ კირსტენმა ისარგებლა – 3:1.

72-ე წუთზე გერმანელმა გულშემატკივრებმა მეოთხედ გაიხარეს: მარკუს ბაბელმა ზედიზედ მესამე კუთხურის შემდეგ შეძლო ანგარიშის შეცვლა – 4:1.

„მთელი პირველი ტაიმი გერმანია საოცრად სუსტად თამაშობდა, მომდევნო 45 წუთის მანძილზე კი მან გვანახა ის თამაში, როგორის ხილვაც გაისად ინგლისში, ევროპის ჩემპიონატზე გვსურს და რომელსაც შედეგის მოტანა შეუძლია.
პირველ წუთებში ჩანდა, რომ ნაკრებს უჭირდა ლოთარ მათეუსის, მათიას ზამერის და შტეფან როიტერის გარეშე თამაში. ამას ბოლო მომენტში მარიო ბასლერის ავადმყოფობა და ანდი კეპკეს ტრავმაც დაემატა.
სტუმრები სავსებით არ უფრთხოდნენ მეტოქეს. ნახევარდაცვის მამოძრავებელი ძალა ქეცბაია იყო, რომელიც შესანიშნავად ანაწილებდა პასებს. ყაველაშვილი და ქინქლაძე მის უკან მოქმედებდნენ, ერთადერთი თავდამსხმელი შოთა არველაძე კი არეულობას იწვევდა გერმანელთა დაცვაში“, – ეს სიტყვები კიკერის ჟურნალისტ რაინერ ჰოლცშუს ეკუთვნის, გამოცემამ კი ფეხბურთელები შემდეგნაირად შეაფასა:

გერმანია: კანი – 3.5, ჰელმერი – 3, კოლერი – 5, ბაბელი – 3, შტრუნცი – 3.5, შტეფან ფროინდი – 4, კრისტიან ციგე – 3, ჰესლერი – 1, მიოლერი – 3, კლინსმანი – 3.5, კირსტენი – 4.

საქართველო: დევაძე – 4, გუჯაბიძე – 4, შელია – 3, ჩიხრაძე – 3, ნემსაძე – 3, ქეცბაია – 1.5, კუდინოვი – 3, ქინქლაძე – 2.5, ყაველაშვილი – 3, კილასონია – 5, შ.არველაძე – 4.5. შეცვლაზე შესული არჩილ არველაძე შეფასების გარეშე დარჩა.

მცირე ხნის მანძილზე ჩვენ სენსაციის მომსწრენი ვიყავით, მაგრამ ეს ხომ ფეხბურთია – საბოლოოდ მაინც უძლიერესი იმარჯვებს, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ პრესკონფერენციაზე.

ერთი დღით ადრე ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა რეგენსბურგში, იენშტადიონზე ითამაშა. ჩივაძის გუნდის დარად, შოთა ჭეიშვილის ბიჭებიც 3 ბურთის სხვაობით დამარცხდნენ – 0:3.

6 სექტემბერი, 1995. ევრო 1996 – შესარჩევი მატჩი. გერმანია, ნიურნბერგი, ფრანკენშტადიონი. 40 750
გერმანია 4:1 საქართველო
გოლები: 0:1 თემურ ქეცბაია (28), 1:1 ანდრეას მიოლერი (39), 2:1 კრისტიან ციგე (57), 3:1 ულფ კირსტენი (62), 4:1 მარკუს ბაბელი (72)
გერმანია: ოლივერ კანი, ტომას ჰელმერი, იურგენ კოლერი, მარკუს ბაბელი, ტომას შტრუნცი, შტეფან ფროინდი, კრისტიან ციგე, ტომას ჰესლერი, ანდრეას მიოლერი, იურგენ კლინსმანი (კაპ), ულფ კირსტენი
მწვრთნელი: ბერტი ფოგთსი
საქართველო: აკაკი დევაძე, გოჩა გუჯაბიძე, მურთაზ შელია (კაპ), გიორგი ჩიხრაძე, დიმიტრი კუდინოვი, კახი გოგიჩაიშვილი (გიორგი კილასონია 67), გიორგი ნემსაძე, მიხეილ ყაველაშვილი (არჩილ არველაძე 67), თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
გაფრთხილება: მურთაზ შელია, კრისტიან ციგე
მსაჯი: ჯეიმს მაკლასკი (შოტლანდია)

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 28 მარტი)
ფოტო: www.sport.gov.ge

ka_GEGeorgian