ბაკურიანი 2023: მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნა!

ბაკურიანი 2023, მსოფლიოს XIX ჩემპიონატი ფრისტაილსა და სნოუბორდში, რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად გაიხსნა. საზეიმო ცერემონია სპეციალურად მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოწყობილ სპორტსმენთა სოფელში გაიმართა.
საქართველო პირველად მასპინძლობს ზამთრის სპორტის სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატს. ბაკურიანი 2023-ში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, რაც მას ჩვენ ქვეყანაში გამართულ ერთ-ერთ უდიდეს და წარმომადგენლობით შეჯიბრებად აქცევს.

გახსნის საზეიმო ცერემონიაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ბაკურიანი 2023-ის მთავარი სპონსორის, სილქ როუდ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი და თხილამურობის საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილე ნიკლას კარლსონი მონაწილეობდნენ.

ცერემონიას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, ვეტერანი სპორტსმენები, საქართველოს თხილამურობის ფედერაციის წარმომადგენლები, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეები და სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელებიც დაესწრნენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, ბაკურიანი 2023 ხელისუფლების და კერძო სექტორის ეფექტური თანამშრომლობის მშვენიერი შედეგია. მინისტრის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლების, მთის ტრასების სააგენტოს, სათხილამურო ფედერაციის და კომპანია სილქნეტის ერთობლივი თანამშრომლობით მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბაკურიანში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის დამონტაჟდა სამი ახალი საბაგირო დიდველის მთის კალთებზე, დიდველსა და მიტარბიში აშენდა წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი ჯამში 307 ათასი კუბური მეტრის მოცულობით, კეთილმოეწყო ექვსი ახალი საშეჯიბრო ტრასა და განახლდა სპეციალური ტექნიკის პარკი. საერთო ჯამში, მსოფლიო ჩემპიონატისთვის განხორციელებულმა ინვესტიციამ 270 მილიონი ლარი შეადგინა.

ნიკლას კარლსონმა დადებითად შეაფასა საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გაწეული სამუშაო და იმედი გამოთქვა, რომ ბაკურიანი მომავალში ხშირად უმასპინძლებს თხილამურობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებს.

გახსნის საზეიმო ცერემონიის ოფიციალური ნაწილი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დროშების აღმართვით დასრულდა, შემდეგ კი სტუმრების განწყობაზე სუხიშვილებმა, ბექა გოჩიაშვილის ბენდმა, ელენე კალანდაძემ, პაატა ანდრიაძემ და დიჯეი მიშო ურუშაძემ იზრუნეს.

ხვალ, 19 თებერვალს, ბაკურიანი 2023-ის პირველი ჩემპიონები გამოვლინდებიან: კოხტას მთაზე ფრისტაილში ერიალსის გუნდური ფინალია, სნოუბორდისტები კი პარალელური გიგანტური სლალომის მედლებს დიდველზე გაითამაშებენ.

ლაშა გოდუაძე
(ბაკურიანი; 20
23 წლის 18 თებერვალი)

ka_GEGeorgian