დინამო ენფილდ როუდზე

1978 წელს თბილისის დინამომ მეორედ და უკანასკნელად მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი და 1979-80 წლების სეზონში ჩემპიონთა თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა საყვარელი გუნდის დებიუტს ევროპის ყველაზე პოპულარულ საკლუბო თასის გათამაშებაში, წილისყრის შემდეგ კი დინამოს მომავალი თამაშებისადმი ინტერესი გაიზარდა: საბჭოთა კავშირის ჩემპიონს ინგლისის უძლიერეს კლუბთან, 1977 და 1978 წლებში ჩემპიონთა თასის მომგებ ლივერპულთან უნდა ეთამაშა!

1978-79 წლების სეზონში ლეგენდარული ბობ პეისლის გაწვრთნილმა ლივერპულმა დიდი უპირატესობით იმარჯვა ინგლისის ჩემპიონატში: 42-დან 30 მატჩი მოიგო, 8 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 4 წააგო, ისიც სტუმრად. შედეგიანობას არ იკითხავთ? ენფილდროუდელებმა 85 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 16 გაუშვეს. ერთი სიტყვით, დინამოელებს უძლიერესი მეტოქე ერგოთ, რომელთან დაპირისპირებაშიც გამოჩნდებოდა, თუ რამდენად მზად იყო ქართული კლუბი ევროპის გრანდებთან სათამაშოდ.

ჩემპიონთა თასის წინა გათამაშებაში, 1978-79 წლების სეზონში, ლივერპულს მოულოდნელად პირველსავე წრეში აჯობა ნოტინგემ ფორესტმა. ბრაიან კლაფის ბიჭებმა შინ 2:0 გაიმარჯვეს, ენფილდ როუდზე უგოლო ფრეს მიაღწიეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

დინამოსთან” მატჩის წინ ლივერპულელი გულშემატკივრები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათი საყვარელი ფეხბურთელები ადვილად დაამარცხებდნენ საბჭოთა კავშირის ჩემპიონს და შესაბამისად, ერთი წლის წინანდელი ჩავარდნა აღარ განმეორდებოდა.

1979 წლის 19 სექტემბერს, 1/16-ფინალის პირველი მატჩის დღეს, რამდენიმე გამოცემა ლივერპული-დინამოს მატჩის ანგარიშის გამოცნობასაც ცდილობდა. ერთგან თვლიდნენ, რომ ინგლისელები 3:0-ს მოიგებდნენ, სხვები 4:1-ს ანიჭებდნენ უპირატესობას, ფანები კი საყვარელი გუნდი გაცილებით შთაბეჭდავი ანგარიშით გამარჯვებას წინასწარმეტყველებდა.

ტრადიციულად სავსე ენფილდ როუდზე ლივერპულმა პირველი წუთიდანვე სცადა უპირატესობის მოპოვება და შეძლო კიდეც. მასპინძელ გულშემატკივართა გასახარად, პირველი გოლი ლივერპულელებმა გაიტანეს: 21-ე წუთზე, ტერი მაკდერმოტის პასის შემდეგ, დევიდ ჯონსონმა გახსნა ანგარიში – 1:0.

თითქოს ინგლისელთა წინასამატჩო ვარაუდები უნდა ახდეს, მით უმეტეს, რომ დინამოელთა მეკარე ოთარ გაბელიას რთული დარტყმების მოგერიება უწევს, მაგრამ დინამოს დაცვის ბურჯის ალექსანდრე ჩივაძის გოლმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა – ჩივაძემ ვიტალი დარასელიას პასის შემდეგ დალაშქრა რეი კლემენსის კარი – 1:1. ეს 34-ე წუთზე მოხდა.

გოლის შემდეგ დინამო გააქტიურდა, დავით ყიფიანის, ვლადიმერ გუცაევის და რამაზ შენგელიას თავდასხმებიც სახიფათო გახდა, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა ყველა მეორე გოლს ელოდა ლივერპულის კარში, თბილისელთა კარის ბადე შეირხა: 45-ე წუთზე ჯიმი კეისმა შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო დარტყმა – 2:1.

შესვენების შემდეგ ანგარიში არ შეცვლილა, თუმცა თამაშის ეპიცენტრმა მასპინძელთა საჯარიმოსკენ გადაინაცვლა. როგორც მატჩის მიმოხილვაშია ნათქვამი, მეორე ნახევარში რეი კლემენსს უფრო მეტი საქმე ჰქონდა, ვიდრე ოთარ გაბელიას.

თამაშის შემდეგ ინგლისის ჩემპიონთა მწვრთნელი ბობ პეისლი იტყვის: „ეს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელსაც კი ოდესმე უთამაშია ჩვენთან“.

გაზეთი დეილი ექსპრესი მეორე დღეს წერდა: „ევროპის საკლუბო თასების გათამაშებებში ლივერპულის ასპარეზობის 16 წლის მანძილზე მხოლოდ სამმა გუნდმა ითამაშა ენფილდ როუდზე კარგად. და დინამო ერთ-ერთია მათ შორის“.

სხვა გამოცემები ჩივაძის, ყიფიანის, გუცაევის და მანუჩარ მაჩაიძის შესანიშნავ ასპარეზობას გამოყოფდნენ.

საპასუხო მატჩი 3 ოქტომბერს შედგა. თავსხმა წვიმის მიუხედავად გადაჭედილ სტადიონზე დინამომ 3:0 გაიმარჯვა. თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა…

თბილისის დინამო

ალექსანდრე ჩივაძის მოგონებებიდან:
…1979 წელს საკავშირო თასის ფინალს ლივერპულის მთავარი მწვრთნელი ბობ პეისლიც დაესწრო.

…იმ წლების დინამო ნებისმიერი ამოცანისთვის მზად იყო: გამოცდილები ვიყავით, საკუთარი ძალის გვჯეროდა, გვყავდა მართლა მაღალი დონის მწვრთნელი… იმ შემოდგომით, ჩემპიონთა თასზე 4 ურთულესი გამოცდა გავიარეთ – ლივერპულთან და ჰამბურგთან მატჩებს ვგულისხმობ. მივხვდით, რომ ძლიერ ევროპულ კლუბებს არაფრით ჩამოვუვარდებოდით.

…ლივერპულთან ის ლეგენდარული დაპირისპირებები ჩემთვის დაუვიწყარია – ჩვენ პირველად ვხვდებოდით მსოფლიოს საუკეთესო კლუბს, ლივერპული კი მაშინ სწორედ ასეთი იყო. უნდა გენახათ რა სიტუაცია დაგვხვდა ენფილდ როუდზე: სავსე, მოგუგუნე ტრიბუნები, თავზეხელაღებული ფანები… გულშემატკივრები ხელით გვიჩვენებდნენ, 10:0-ს მოგიგებთო… მეამაყება, რომ ასეთ თამაშში და ასეთ სტადიონზე გოლი გავიტანე: რეი კლემენსი შორეულ კუთხეში ელოდა დარტყმას, მე კი ახლოში დავურტყი. უნდა გენახათ რა მოხდა! გულშემატკივრები უცბად დადუმდნენ, რაღაცნაირი, შემზარავი სიჩუმე ჩამოწვა. მართალია მხოლოდ რამდენიმე წამით, მაგრამ მაინც.

…როცა მეტოქის კარს ვუახლოვდებოდი და დარტყმას დავაპირებდი, წამით პაუზას ვაკეთებდი და მერე, მეკარე რომ კუთხეს ირჩევდა, საპირისპირო მხარეს ვურტყამდი. კლემენსს სწორედ ასე გავუტანე და ბევრ სხვასაც, სხვათა შორის.

…რატომ იყო ის ლივერპული დიდი გუნდი? ჯერ ერთი, უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავდა: კენი დალგლიში, გრემ სუნესი, ალან ჰანსენი, რეი კლემენსი… და მწვრთნელი? ბობ პეისლი ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ტაქტიკოსად მიმაჩნია – მისი გუნდი არაბრიტანულად, მოკლე პასებით თამაშობდა და ბურთს ძნელად თმობდა. ამას დაუმატეთ დიდებული წარსული, რომელიც განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობოდა ენფილდ როუდზე.

რამაზ შენგელიას მოგონებებიდან:
…სანამ ლივერპულს ვესტუმრებოდით, მწვრთნელებმა ინგლისელთა თამაშის ვიდეოჩანაწერი გვანახეს, სადაც მათ მეტოქეს 6:0 მოუგეს. არ დავმალავ: შევშინდი და ენფილდზეც აღელვებული გავედი. ამის გამო საწყის წუთებში რეი კლემენსთან ორჯერ პირისპირ გასულმა, კარგად ვერ ვითამაშე, მაგრამ ნელ-ნელა დავწყნარდი.

…იმ შეხვედრის წინ მთელი დინამო ნერვიულობდა, საშას წინა ღამით საერთოდ სიცხემ აუწია.

…ერთი ბურთით წავაგეთ – 1:2. სწორად გამიგეთ, კი არ მეამაყება ის მარცხი, მაგრამ ის ლივერპული მაშინ ევროპის კი არა, მსოფლიოს საუკეთესო კლუბი იყო და ყველა ჩვენ განადგურებას ელოდა.

დინამო

1979 წელს თბილისის დინამომ საბჭოთა კავშირის თასი მეორედ მოიგო! დგანან (მარცხნიდან): ვიტალი დარასელია, თენგიზ სულაქველიძე, მანუჩარ მაჩაიძე, ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი, შოთა ხინჩაგაშვილი. პირველ რიგში: ნუკრი კაკილაშვილი, რამაზ შენგელია, ვლადიმერ გუცაევი, ოთარ გაბელია, გოჩა მაჩაიძე

19 სექტემბერი, 1979. ჩემპიონთა თასის 1/16-ფინალი, პირველი მატჩი. ინგლისი, ლივერპული, ენფილდ როუდი. 35 270
ლივერპული (ინგლისი) 2:1 დინამო
გოლები: 1:0 დევიდ ჯონსონი (21), 1:1 ალექსანდრე ჩივაძე (34), 2:1 ჯიმი კეისი (45)
ლივერპული: რეი კლემენსი, ფილ ნილი, ალან კენედი, ფილ თომფსონი (კაპ), დევიდ ფეირკლაფი (სტივ ჰაივეი 78), კოლინ ირვინი, კენი დალგლიში, ჯიმი კეისი, დევიდ ჯონსონი, ტერი მაკდერმოტი, გრემ სუნესი
მწვრთნელი: ბობ პეისლი
დინამო: ოთარ გაბელია, გოჩა მაჩაიძე, ალექსანდრე ჩივაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, გიორგი ჭილაია, ვიტალი დარასელია, მანუჩარ მაჩაიძე (კაპ), თენგიზ სულაქველიძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია
მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი
გაფრთხილება: ტერი მაკდერმოტი
მსაჯები: ანხელ ფრანკო მარტინესი; მიგელ ალვარეს მარხუენდა, ვიქტორიანო სანჩეს არმინიო (ესპანეთი)

ლაშა გოდუაძე (ჟურნალიდან „საკლუბო გრანდები – ლივერპული“; 2010)

ka_GEGeorgian