ერთხელ ათონის მთაზე: ურანოპოლისი და ივერონი

ერთხელ მეც ვიყავი მონასტერში. პირველად და ჯერჯერობით, ბოლოჯერ.

რამდენიმე წლის წინ, ვიზალიბერალიზაციამდე, მეგობრებთან ერთად ათონის მთაზე მოვხვდი – ჯერ ივერთა მონასტერში გავჩერდით ორი დღით, შემდეგ ზოგრაფში ავედით, იქიდან ვათოპედს მივაკითხეთ და ბოლოს იყო ხილანდარი.

ერთკვირიანი საავტომობილო მოგზაურობა თბილისიდან ურანოპოლისამდე და პირიქით, ხატმწერი მეგობრების მიერ გამოჭედილი დიდი ვერცხლის ჯვრით დაიწყო: რეზოს, ვახოს, სოსოს, მამა გიორგის, ქუმსოს, ზაზას და მათი თანამოაზრეების დაწყებულ საქმეს უამრავი ოჯახი გამოეხმაურა, ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ის ვერცხლის ჯვარი შესაწირითურთ ივერთა მონასტერს ვუსახსოვრეთ. ყველანაირი გადაჭარბების გარეშე უნდა ვთქვა, რომ დიდი და საინტერესო თავგადასავალი გამოგვივიდა, სამუდამოდ რომ გამახსოვრდება, ისეთი.

ხოლო ის ამბავი ახლა იმიტომ გამახსენდა, რომ დიდ მარხვაში, აღდგომამდე, ფეისბუქის და, რაც მთავარია კორონავირუსის გადამკიდე, უამრავი ისტორია წავიკითხე/მოვისმინე სამყაროს დასასრულზე და ასეთ ამბებზე. მეორედ მოსვლის შესახებ კი აქამდე ყველაზე მეტი სწორედ მაშინ, ათონზე ყოფნის დღეებში შევიტყვე.

ფეისბუქზე გულის გადაშლა არასდროს მიმაჩნდა სწორად. აქაურობას აქამდეც მსუბუქად ვუყურებდი და ასე იქნება მომავალშიც. ამიტომ, ამ ვირტუალურ სამზარეულოში არასდროს მისაუბრია ჭეშმარიტ გრძნობებზე, თრობის საათებსა თუ ბოდლერის პოეზიაზე, მაგრამ ამჯერად კი უნდა ვთქვა, რომ არსად ვყოფილვარ ისეთი მშვიდი და ბედნიერი, როგორც მაშინ, ათონის ნახევარკუნძულზე გატარებული დღეების განმავლობაში – დაფნიში დაბიჯებიდან ხუთი დღის შემდეგ იქვე, გემზე ასვლამდე.

იცით როგორ სიმშვიდეს და ბედნიერებას ვგულისხმობ? საკუთარ თავთან სრულ ჰარმონიაში რომ ხარ, ამას რომ აცნობიერებ და იმასაც ხვდები – ის, რაზეც ნერვიულობ თუ ნერვებს გიშლის, არც ისე მნიშვნელოვანია ან სისულელეა, აუცილებლად წარმავალია და რაღაც ახლის, უკეთესის ნიშანია.

ყველაფერზე უარის თქმა და მონასტერში წასვლა უმძიმეს ტვირთად მიმაჩნია. როგორც ჩანს, ძალიან მიყვარს „ეს სოფელი“ და… ფეხბურთი 😀 მაგრამ არიან ადამიანები, რომლებმაც ასეთი ნაბიჯი გადადგეს. იქ, ათონზე, უამრავი ბერი ვნახე, მათ შორის ქართველებიც. რამდენიმეს ვესაუბრე კიდეც. და თითქოს ყველა მათგანის ბედნიერებას ვგრძნობდი, მარადიული შინაგანი დღესასწაულის თანაზიარი ვიყავი. უცნაურად კი ჟღერს, მაგრამ ასე იყო: 18-19 წლის ლატვიელი ძმები, რომლებსაც ათონის მთაზე დარჩენა და ბერად შედგომა გადაეწყვიტათ; ზოგრაფში წლების წინ დაყუდებული ქართველი ბერი, დროდადრო გაუსაძლისი ტკივილებით რომ იტანჯებოდა და მაინც, მთელი მონასტრის სამყოფ პურს აცხობდა; ერთ მშვენიერ დღეს თბილისიდან ათონზე ჩასული, იქაურობაზე თავდავიწყებით შეყვარებული და სამუდამოდ იქ დარჩენილი, ერთ-ერთი უდიდესი მონასტრის, ვათოპედის წინამძღვრის უახლოეს გარემოცვამდე ამაღლებული ახალგაზრდა ქართველი ბერი ერთნაირი ღიმილით, სიმშვიდით და იმედით უცქერდნენ მომავალს.

შესაძლოა თქვათ, მოიხიბლეო. არ დავმალავ – თანამოსაუბრის განწყობა იოლად გადამედება ხოლმე. მაგრამ ის განსაკუთრებული შემთხვევები იყო – რამდენჯერაც მათთან შეხვედრას ვიხსენებ, გამოუთქმელი, ჩუმი სითბო მეუფლება. და გულის სიღრმეში მჯერა: უამრავი განსაცდელის მიუხედავად, თუნდაც ამის მსგავსის, თვეზე მეტია სახლში რომ გამოგვკეტა მთელი დედამიწა, წინ უკეთესი ამბები გველის.

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
ურანოპოლისი და ივერონი, ათონის წმინდა მთა, საბერძნეთი; 2013 წლის 12-14 ნოემბერი

ჩვენი ჯვარი ივერონთან.
ათონის მთაზე სულ 20 მონასტერი და 12 სკიტია.
სკიტები მონასტრებისგან მხოლოდ სტატუსით განსხვავდება, თორემ ტერიტორიით, სალოცავებით და მოღვაწე ბერებით ნაკლები ნაღდად არაა.
ახალი მონასტრის დაარსება იქაური კანონმდებლობით აკრძალულია.
წმინდა მთის იერარქიაში ივერთა მონასტერი მესამეა დიდი ლავრის და ვათოპედის შემდეგ.

რომ მკითხონ თუ სად ვისურვებდი ტკბილ სიბერეს, აი, ზუსტად ასეთ ადგილზე.
ეს ურანოპოლისია, პატარა დაბა, სადაც კოხტა სახლები, ქვიშიანი სანაპირო და ულამაზესი ზღვისპირა ტავერნებია (ისე, თევზები და ზღვის პროდუქტები დიდად არ მიყვარს, უფრო იდეალ-ნაპოლეონისკენ ვიხრები). მოკლედ, უგემრიელესი ადგილია!
ურანოპოლისი ათონის მთის მომლოცველთა ბოლო გაჩერებაა. ჩვენც იქ დავტოვეთ მანქანა და იქვე ავიღეთ წმინდა მთის სპეციალური ვიზები.

ურანოპოლისში ბევრი ოჯახით ჩადის.
იქიდან გამომდინარე, რომ ათონის მთაზე ქალების ასვლა აკრძალულია, ბევრი მეუღლეს და მცირეწლოვან შვილებს ურანოპოლისში ნაქირავებ საოჯახო სასტუმროში ტოვებს.
უსაფრთხოება გარანტირებულია.

პირველი საღამო ურანოპოლისში!
თბილისიდან 36-საათიანი ავტომარათონის შემდეგ, პირველი რაც გავაკეთე, მაგრად გამოვიძინე. რამდენიმე საათით დასვენებულებმა, კაი გემრიელად მოვულხინეთ. უფ, საოცარი საღამო გამოგვივიდა!
გაგვიმართლა, რომ დიასახლისი ქართველი გამოდგა.

ურანოპოლისის ძველისძველი სამეთვალყურეო კოშკი და სანაპირო.
ეს ფოტო უკვე ათონზე მიმავალი გემიდანაა გადაღებული. უკან მთები რომ მოჩანს, ის ათონის ნახევარკუნძულია.

მომლოცველები ასეთი გემებით მიემგზავრებიან ათონის მთაზე.
გემს სხვადასხვა საჭირო ნივთებიც გადააქვს, ასევე ამა თუ იმ მონასტრის კუთვნილი ავტომანქანებიც. მოკლედ, ათონი სახელმწიფოა სახელმწიფოში.

ჩვენ

საკმარისია ურანოპოლისს მცირედით გასცდე და თოლიებიც იქვე არიან.
პურის ნამცეცებით მათი კვება მგზავრების საუკეთესო გასართობია.
ბევრი პატიჟი არ სჭირდებათ – საკმარისია ხელი გაიშვირო და…

მონასტრების ნაწილი ზღვის პირზეა გაშენებული და თავის მხრივ, მათი უმრავლესობა ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილშია.
დოხიარის მონასტერი პირველია, რომელსაც მთავარ პორტამდე, დაფნიმდე ნახავთ. გემი მონასტრებთანაც აჩერებს და ზღვისპირა სადგურებშიც.

Hellados მკერდზე ამოვიტვიფრე-მეთქი, ვიცრუებ, მაგრამ საბერძნეთი მართლა საოცრად ლამაზი და გემრიელი ქვეყანაა!

ერთ-ერთ გზამკვლევში ამოკითხული: 2013 წელს ათონის მთაზე 2500-მდე ბერი და მორჩილი ცხოვრობდა, საუკუნით ადრე კი თითქმის 5-ჯერ მეტი – 11 ათასამდე!
მოსახლეობის შემცირების ზუსტი მიზეზი არ ეწერა.
და კიდევ: იქაურობას ყოველწლიურად მილიონამდე მომლოცველი/ტურისტი სტუმრობს, 2008 წლიდან კი ათონის მთა საფოსტო მარკებსაც უშვებს.

ქსენოფონტის მონასტერი, წმინდა მთის იერარქიაში რიგით მე-16. სხვებთან შედარებით პატარაა – 30-მდე ბერი მოღვაწეობს. X საუკუნეშია დაარსებული.

დაუვიწყარი მოგზაურობა!

XII საუკუნეში დაარსებული წმინდა პანტელეიმონის მონასტერი. რუსული, დღეს მოქმედი 3 არაბერძნული მონასტრიდან ერთ-ერთი.
ათონის მთის იერარქიაში მე-19 ადგილი უჭირავს.

ზოგრაფის მონასტრის ბუხტა.
X საუკუნეში დაარსებული ზოგრაფი ბულგარული მონასტერია და მმართველი ოცეულის იერარქიაში მე-9 ადგილი უჭირავს.
ივერონში გატარებული ორი დღის შემდეგ ჩვენ სწორედ ზოგრაფს ვესტუმრეთ…
თვითონ მონასტერი ნახევარკუნძულის სიღრმეშია, ზღვისპირიდან რამდენიმე კილომეტრში.


ივერთა მონასტერში.
ივერონი ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარეობს და სამხრეთ-დასავლეთთან შედარებით იქ უფრო მკაცრი ამინდია. მით უმეტეს ნოემბერში.
ჩვენ იქაურობას სწორედ მაშინ ვესტუმრეთ.

ივერთა მონასტერი.
ჩვენი გემი ათონის მთის მთავარ ნავსადგურში, დაფნიში გაჩერდა და ივერონში იქიდან წავედით ადგილობრივი ქართველების დახმარებით.
იქიდან გამომდინარე, რომ ივერონი წმინდა მთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი მონასტერია, მომლოცველები არ აკლია. მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, ორ დღეზე დიდხანს არავინ ჩერდება (პრინციპში ასეა ყველგან). ამის შესახებ ყველა სტუმარმა იცის.

ივერთა მონასტერი.
ივერონის დაარსების თარიღად 980 წელია მიჩნეული.
XIX საუკუნის პირველ წლებამდე ქართული მონასტერი იყო, მაგრამ გარემოებათა გამო 1830 წლიდან ბერძნულია.
სხვადასხვა გამოცემაში წავიკითხე, რომ 1866 წელს ბერძნებს ყველა ტაძრისა თუ სალოცავის ქართული წარწერები ბერძნულით შეუცვლიათ.

ივერთა მონასტერი.
ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი, კარიბჭის ღვთისმშობელად ცნობილი (ბერძნულად – პორტაიტისა), ამ ტაძარშია დაბრძანებული. ჩვენი ჩატანილი ჯვარი იქ ყოფნის პერიოდში ზუსტად ამ ხატის წინ დაასვენეს.
თვითონ ხატი უძვირფასესი ნივთებითაა შემკული – ოქროს მძივები, ბეჭდები, საყურეები, სამაჯურები… უამრავი ნაკეთობა! ათობით ძვირფასი მაჯის საათი ვნახე იქვე, ხატის წინ პატარა საცავში ჩადებული და ყველაზე ძალიან რაც დამამახსოვრდა – ათენის 2004 წლის ოლიმპიადის ოქროს მედალი.
გვითხრეს, რომ დროთა განმავლობაში შესაწირი სპეციალურ საცავში გადააქვთ.

ივერთა მონასტერი.
ყოვლისმხედველი თვალი.
მასონიზმის ერთ-ერთ სიმბოლოდ აღქმული ეს გამოსახულება მოსკოვის საკათედრო ტაძარშიც მინახავს და საქართველოშიც, მაგალითად შიომღვიმეში.

ივერთა მონასტერი.
მამა გიორგისთან ერთად გადახდილი პარაკლისის შემდეგ ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატის მომვლელმა, მთავარი ტაძარი დაგვათვალიერებინა. ეს ერთადერთი ქართული ხატია, რომელიც მონასტრის ტერიტორიაზეა დაბრძანებული.
ბევრ სხვა საინტერესო ამბავთან ერთად ივერიის ღვთისმშობლის ხატის მცველმა ასეთი რამ გვითხრა: ევროკავშირის სპეციალური ფონდი ძალიან კი ეხმარება მონასტრებს, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ წინამძღვრებთან პირად საუბრებში იმ ფონდის მაღალჩინოსნები წმინდა მთაზე ტურისტების და მათ შორის ქალების დაშვებას ითხოვენო.

ივერთა მონასტერი.
ცნობილია, რომ წმინდა მთაზე ქალები არ დაიშვებიან. ამასთან დაკავშირებით დამამახსოვრდა იქ მოსმენილი ამბავი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბერძენს, აწ გარდაცვლილ მილიარდერს, არისტოტელე ონასისს და მის მეუღლეს, ათინას უკავშირდება.
ქმრის შესაძლებლობიდან გამომდინარე, ამ უკანასკნელისთვის ყველა კარი ღია იყო და ჩათვალა, რომ ათონზეც ასე იქნებოდა. ამბობენ, რომ მეუღლის და რაც მთავარია, ბერების პროტესტის მიუხედავად, ათინა ონასისი მაინც ესტუმრა წმინდა მთას და მალე მის ცხოვრებაში ყველაფერი უკუღმა დატრიალდა – ჯერ არისტოტელეს გაშორდა; მოგვიანებით გარდაცვლილი დის ქმარს გაჰყვა ცოლად; მალე 24 წლის ვაჟი, ალექსანდერი დაეღუპა, ცოტა ხანში კი თავად გარდაიცვალა 45 წლის ასაკში. ინტერნეტში დავძებნე და ნარკოტიკის ზედოზირებითო, ეწერა.
ათინა ონასისს ქალიშვილიც ჰყავდა, ქრისტინა. ამ უკანასკნელს 37 წლის ასაკში გულმა უმტყუნა. მოკლედ, მძიმე ამბავია.

ივერთა მონასტერი.
ითვლება, რომ წმინდა ნაწილებით და ხელნაწერებით ივერონი ათონის მთის უმდიდრესი მონასტერია.
სიწმინდეების მცირე ნაწილი მთავარ ტაძარშია დაბრძანებული (დილის ლოცვის შემდეგ შეგვიყვანეს იმ დარბაზში), უმეტესობა – სპეციალურ საცავში და იქ საცავის მცველების გარეშე (ამავდროულად ისინი ბერები არიან) ვერავინ შევა.
რაც შეეხება ბიბლიოთეკას, 2 ათასამდე ხელნაწერს, 20 ათასამდე ნაბეჭდ წიგნს და კიდევ ბევრ დოკუმენტს იტევს. უმეტესობა ქართული, ებრაული, ლათინური და ბერძნულია.

ივერთა მონასტერი.
ევროკავშირი მონასტრებს ფინანსურად რომ ეხმარება, ეგ უკვე დავწერე. ჰოდა ათონის მთაზე გაცნობილმა ერთმა ჩვენიანმა გვითხრა, რომ მონასტრები მუშაობის მსურველ ქართველებს არ სწყალობენ, რადგან ბოლო წლებში არაერთმა უსაქციელობით გამოიჩინა თავი: იჩხუბა ან დათვრა, ერთმა კი გვერდით მდგომიც დაჭრაო. მანვე ისიც დაამატა: ცუდ ამბებს ხშირად ქართველებს კი გვაწერენ, მაგრამ ისეც ხდება, რომ აყალ-მაყალის ამტეხი გადამთიელია და რადგან იცის ქართველების „საგმირო საქმეები“, ქართველად ასაღებს თავსო. ამას წინათ ერთ-ერთი მონასტრიდან სამი რუმინელი გააგდეს, რომლებიც ქართველობას იბრალებდნენო…

ივერთა მონასტერში.
ათონისკენ მიმავალ გზაზე (თბილისიდან ურანოპოლისამდე) ხშირად ვენაცვლებოდით საჭესთან. თუ არ მეძინა, ერთ თხელტანიან, მაგრამ ძალიან საინტერესო წიგნს ვკითხულობდი ათონის მთის, ივერიის ღვთისმშობლის ხატის და ივერონის მონასტრის შესახებ. იქ ეწერა, რომ ერთ-ერთ მონასტერშია ფრესკა, რომელზეც გამოსახულია წმინდა მთა ზეცაში აღმავალი კიბით და რომ ეს კიბე ღმერთთან სწორედ ივერონიდან ადის.
ჩვენ ივერთა მონასტერში, ზოგრაფში, ვათოპედსა და ხილანდარში ვიყავით. ხსენებული ფრესკა არსად მინახავს. როგორც ჩანს, სხვაგანაა.

ივერთა მონასტერი.
ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი ბერებმა პირველად ზეციდან ჩამომავალი ნათლის სვეტის დახმარებით იხილეს. უამრავი ამაო მცდელობის შემდეგ, ხატის ნაპირზე გამობრძანება მხოლოდ ქართველმა ბერმა, ღირსმა გაბრიელმა შეძლო.
გადმოცემით, იმ ადგილზე, სადაც ღირსმა გაბრიელმა ხატთან ერთად ფეხი დადგა, წყარომ ამოხეთქა. წყარო ზღვისპირზეა, ამ ნაგებობის ძირში, მონასტრის მარჯვნივ.

ივერთა მონასტერი.
ღირსი გაბრიელის ფრესკა მთავარ ტაძარში.
სიცოცხლის უკანასკნელი წლები წმინდა მამამ მონასტრის გარეთ, კლდეზე აგებულ პატარა კელიაში გაატარა. დღეს იქ მცირე შენობაა აგებული და რამდენიმე ბერი ცხოვრობს.
ჩვენი ოთახიდან დაგვანახეს გაბრიელის კელია. ასვლაც დავაპირეთ, მაგრამ გვითხრეს, რომ ახლოს კი გეჩვენებათ, თუმცა ძალიან რთული გზაა, რამდენიმე საათი დაგჭირდებათ, დაგიღამდებათ, ღამით მონასტრის მიღმა სიარული კი სტუმრებისთვის სასურველი ნამდვილად არ არისო.

ივერთა მონასტერი.
გადმოცემის მიხედვით XVIII და XIX საუკუნეების შუა წლებში, თითქმის ასი წლის ინტერვალით გაჩენილმა ხანძარმა, ძალიან დააზიანა ივერონი.
ამ სახით მონასტერი XIX საუკუნის მიწურულიდან არსებობს. ივერონს წმინდა მთაზე მიწის დიდი ნაკვეთები ეკუთვნის, რომელსაც ბერები და მორჩილები ამუშავებენ.
ეს ფოტო ზღვის მხრიდანაა გადაღებული. როგორც ჩანს, მოსავალი ახალი აღებული ჰქონდათ.
თუ სწორად მახსოვს, მონასტრის საძმოს ბოლო ქართველი ბერი 1956 წელს გარდაიცვალა.

ka_GEGeorgian