ეროვნული ნაკრების ისტორია: კვიპროსი 0:2 საქართველო
ლეგენდარული ბრაზილიელი არტურ ანტუნეშ კოიმბრა, იგივე ზიკო; ფრანს ფუტბოლის „ოქროს ბურთის“ 1994 წლის რეფერენდუმში გამარჯვებული ხრისტო სტოიჩკოვი და 1995 წლის სეზონის სუპერვარსკვლავი, მილანის ლიბერიელი თავდამსხმელი ჟორჟ ვეა; ამერიკის ნაკრების მცველი ალექსი ლალასი; ქალთა ფეხბურთის ნორვეგიელი მშვენება ჰეგე რიისე; ფორმულა 1-ის ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონი ალენ პროსტი; ფრანგული ჩოგბურთის ყოფილი ლიდერი იაიკ ნოა; მსოფლიოს 1958 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორი ჟიუსტ ფონტენი; მსოფლიოს ჩემპიონი, მძლეოსანი მარი-ჟოზე პერეკი; საფრანგეთის ნაკრების წევრი ალენ როში და ფიფას გენერალური მდივანი იოზეფ ბლატერი.
ფიფას წევრი 171 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან და ნაკრების მთავარ მწვრთნელებთან ერთად სწორედ ეს პატივცემული საზოგადოება შეიკრიბა 1995 წლის 12 დეკემბრის საღამოს პარიზში, ლუვრში, მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრაზე. ევროპის 49 ქვეყნის დელეგაციასთან ერთად იყვნენ ჩვენი ფეხბურთის მაღალჩინოსნები და მათ შორის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე.
ჩვენი ნაკრები მეოთხე კალათში განთესეს ისლანდიის, ლატვიის, უელსის, უნგრეთის, კვიპროსის, უკრაინის, სლოვენიის და იუგოსლავიის ნაკრებ გუნდებთან ერთად, ორსაათიანი ცერემონიის შემდეგ კი „ჯვაროსნების“ მეტოქეებიც გაირკვნენ: მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი იტალია, ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ინგლისი, პოლონეთი მესამე კალათიდან და „ძველი ნაცნობი“ მოლდოვა. მეორე შესარჩევი ჯგუფის უკანასკნელი, მეხუთე წევრი იტალია ჟორჟ ვეამ გვარგუნა.
„ნაკრებს ამოცანად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას დავუსახავთ. სწავლისა და გამოცდილების შეძენის დრო წარსულს ჩაბარდა“, – ასეთი იყო ალექსანდრე ჩივაძის პირველი კომენტარი. მანვე ისიც დასძინა, რომ ჯგუფის საბოლოო კალენდარი ახალი წლის შემდეგ დადგინდებოდა, როცა ნაკრები გუნდების ხელმძღვანელები ერთ-ერთ ქალაქში შეიკრიბებოდნენ: „შეკრების ადგილი ჯერ უცნობია. პოლონელებს ძალიან სურთ რომ მათთან შევხვდეთ, თუმცა იგივე უნდათ ინგლისელებს და იტალიელებს. ევროპის ჩემპიონატამდე თამაში არ გვაწყობს, სექტემბრამდე შესარჩევ მატჩს არ გავმართავთ. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, დიახ, ტურნირს აუცილებლად დავესწრები, რადგან მეტოქეების უშუალოდ ხილვა ძალზე მნიშვნელოვანია“.
„ძალიან გამიხარდა, როცა კვლავ მოლდოველები აღმოჩნდნენ ჩვენს ჯგუფში. ერთი სული მაქვს, როდის დავაყენებთ თავის ადგილზე. მაგათთან ახლაც თუ დავმარცხდით, საშველი აღარ ყოფილა. აი, იტალიამ კი ჩამაფიქრა. გულახდილად გეტყვი, არ მგონია, რომ მაგათთან რამეს მივაღწიოთ. პოლონეთის ნაკრებზე თითქმის არაფერი ვიცი, ინგლისზე კი თითქმის ყველაფერი. ასე რომ, მეორე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ამაში არარეალურს ვერაფერს ვხედავ“, – ეს სიტყვები საქართველოს ნაკრების ლიდერმა გიორგი ქინქლაძემ სარბიელის ლონდონელ კორესპონდენტს, დავით მჭედლიშვილს წილისყრის შემდეგ განუცხადა. მანჩესტერ სიტის მთავარი ვარსკვლავის კომენტარი, ისევე, როგორც ალექსანდრე ჩივაძის ნააზრევი, გაზეთის მკითხველებმა 15 დეკემბერს შეიტყვეს.
იმ დროისთვის ქართველმა ქომაგებმა ქინქლაძის ახალი მეტსახელის შესახებაც იცოდნენ, რომელიც მას პოპულარულმა გაზეთმა სანმა შეურჩია – მეფე ქინქი ანუ KINGKLADZE. ლიდს იუნაიტედთან მოგებული შეხვედრის შემდეგ იმავე გამოცემამ გიორგი „უტყვ მკვლელად“ მონათლა, სტატიაში კი აღნიშნა: „მანჩესტერ სიტის ქართველმა მაესტრომ ინგლისური თითქმის არ იცის, მაგრამ მისი ფეხბურთის ენით მრავალტომეული დაიწერება. ბოლის გუნდის ბოლოდროინდელი აღმაფრენის სულისჩამდგმელი სწორედ ისაა“. „აღმაფრენად“ ის ხუთმატჩიანი სერია ჩაითვალა, რომლის განმავლობაში მანჩესტერელებმა ხუთიდან ოთხი მატჩი გოლის გაუშვებლად მოიგეს, ერთხელ კი ფრედ ითამაშეს.
ალექსანდრე ჩივაძის და გიორგი ქინქლაძის კომენტარის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, 16 დეკემბერს, თბილისის დინამოს პრესსამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ ფეხბურთის ფედერაციამ გუნდი სამი ათასი ლარით დააჯარიმა. მიზეზი კლუბის დირექტორატის წევრის, ვაჟა ჟვანიამ მიერ გაზეთ არგუმენტისთვის მიცემული ინტერვიუს ის ნაწილი იყო, სადაც მან სფფ-ის მესვეურები ბათუმის დინამოს და სამტრედიის კუთვნილი თანხების მითვისებაში დაადანაშაულა.
„საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოს თანამშრომლის მიერ გაზეთ არგუმენტისთვის მიცემულ ინტერვიუში ცილისმწამებელი, სფფ-ის სახელგამტეხი მონაჭორის და როგორც თბილისის დინამოს, ასევე საერთოდ ქვეყნის ფეხბურთის განვითარებისთვის საზიანო მოსაზრებების გავრცელებისთვის საფეხბურთო კლუბი თბილისის დინამო დაჯარიმდეს სამი ათასი ლარით“, – ნათქვამი იყო სფფ-ის ოფიციალურ განცხადებაში.
ამ ცნობას უმალ გამოეხმაურა დინამოს პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია, რომელიც კლუბის საქმეების გამო უცხოეთში იმყოფებოდა და პარიზში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრასაც დაესწრო.
„უკვე ვესაუბრე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ნოდარ ახალკაცს. დაჯარიმებას სავსებით მართებულად და შერბილებულადაც კი მივიჩნევ. ფედერაციას ეს საკითხი რომ გაემწვავებინა, შეიძლება უეფას დინამოსთვის დისკვალიფიკაციაც კი მიესაჯა. ის, რაც ვაჟა ჟვანიამ უთხრა გაზეთ არგუმენტის კორესპონდენტს, ახლოსაც არ არის სინამდვილესთან“, – განაცხადა ჟორდანიამ და დასძინა – „გადავწყვიტეთ მოვიწვიოთ კლუბის დირექტორატის საგანგებო სხდომა, რომელზეც ერთხელ და სამუდამოდ დავადგენთ: კლუბის არცერთ თანამშრომელს პრეზიდენტთან და დირექტორატთან შეუთანხმებლად არათუ ფინანსურ საკითხზე, არამედ პრესაში საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებაც არ ექნება. ეს ასეა მიღებული ნებისმიერ პროფესიულ კლუბში და მისი შეუსრულებლობის უფლებას პირადად მე არავის მივცემ. კლუბი მზადაა ჯარიმის გადასახდელად, როგორც კი შესაბამის დოკუმენტებს მიიღებს“.
მძიმე ზაფხულის და შემადგენლობის საგრძნობლად გადახალისების შემდეგ თბილისის დინამომ ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა. 1 დეკემბერს, წლის უკანასკნელ ოფიციალურ მატჩში, დავით ყიფიანის გუნდმა მამუკა მაჭავარიანის, ალექსანდრე იაშვილის და როინ კერძევაძის გოლებით 3:1 დაამარცხა მთავარი კონკურენტი სამტრედია და ბურთების უკეთესი სხვაობით გადაასწრო, დინამოს გოლების შეფარდება 47:8-ზე იყო, სამტრედიისა კი 54:20-ზე.
თბილისელებმა მეორე წრისთვის მზადება დეკემბერშივე დაიწყეს, ახალი წლის დღეებში ცოტა დაისვენეს, შემდეგ კვლავ დიღმის ბაზაზე განაახლეს ვარჯიში, 7 იანვრიდან კი ორკვირიან შეკრებაზე თურქეთს მიაშურეს. იმ დროისთვის გადაწყვეტილი იყო, რომ საქართველოს უცვლელი ჩემპიონი კიდევ ერთხელ იასპარეზებდა მოსკოვში, დსთ-ის ქვეყნების ჩემპიონთა თასზე.
ანტალიაში დინამომ ექვსჯერ ითამაშა, ოთხი მეტოქე დაამარცხა, ორჯერ ფრეს დასჯერდა და პირდაპირ მოსკოვს მიაშურა, მერაბ ჟორდანია კი კიდევ ერთხელ გაემგზავრა უცხოეთში, ამჯერად ინგლისში. მიზეზი გოჩა ჯამარაულის ერთ-ერთ ინგლისურ კლუბში შესაძლო ტრანსფერი იყო. ქართულ პრესაში დაიწერა, რომ ჯამარაულით ქოვენთრი სიტი დაინტერესდა.
დსთ-ის ჩემპიონთა თასის გათამაშებას დინამო მეოთხედფინალში გამოეთიშა, ტურნირის მსვლელობისას კი რუსულმა სპორტ-ექსპრესმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის ჩემპიონის, ვლადიკავკაზის სპარტაკ-ალანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვლადიმერ გუცაევი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ფეხბურთის ფედერაციაში ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს, თუმცა ნოდარ ახალკაცის საქართველოში დაბრუნების შემდეგ ყველაფერს ნათელი მოეფინა.
„ჯერ კიდევ მოსკოვში ვიყავი, როცა შევიტყვე, რომ შოთა ჭეიშვილი გადადგა. მალე ნოდარ ახალკაცს შევხვდი, ვესაუბრე და იმ დასკვნამდე მივედით, რომ შევძლებდი ახალგაზრდულ ნაკრებთან მუშაობას. ვიცი, პერსპექტიული ბიჭები არიან, სერიოზული მუშაობით კი ნამდვილად შეიძლება ძლიერი ნაკრების ჩამოყალიბება. ახალკაცმა პირველივე საუბრისას მითხრა, ვლადიკავკაზში რომ გქონდა, იმხელა ხელფასს ვერ გადაგიხდიო. ეს კარგად მესმის და პრივილეგირებული ხელფასის დანიშვნა არც მითხოვია, ავიღებ იმდენს, რამდენსაც ჩემამდე იღებდნენ. მთავარია კარგი პირობები თვითონ ფეხბურთელებს შევუქმნათ და ხშირად მოვუწყოთ შეკრებები“, – განაცხადა ახალგაზრდული ნაკრების ახალმა მწვრთნელმა სარბიელელ მერაბ მამულაშვილთან ინტერვიუში (1995 წლის 13 თებერვალი).
იმ დროს უკვე ცნობილი იყო ჩვენი შესარჩევი ჯგუფის კალენდარი. საქართველოს, იტალიის, ინგლისის, პოლონეთის და მოლდოვის ნაკრები გუნდების თავკაცები იანვრის მიწურულს ვარშავაში შეიკრიბნენ და ორდღიანი მოლაპარაკების შემდეგ თამაშების განრიგი დასამტკიცებლად უეფაში გააგზავნეს. გაირკვა, რომ ჯგუფის პირველი შეხვედრა 1 სექტემბერს გაიმართებოდა კიშინიოვში მოლდოვის და ინგლისის ნაკრებ გუნდებს შორის. 5 ოქტომბერს მოლდოველები იტალიელებს უმასპინძლებდნენ, საქართველოს ეროვნული გუნდი კი პირველ შეხვედრას 9 ოქტომბერს, ოთხშაბათს ჩაატარებდა სკუადრა აძურასთან. წლის ბოლომდე ჩვენ გუნდს კიდევ ერთი ოფიციალური თამაში ელოდა, 9 ნოემბერს თბილისში ინგლისთან.
20 თებერვალს ითქვა, რომ მარტის მიწურულს საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩს გამართავდა, თუმცა კვიპროსში თუ რუმინეთში, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ იყო. დაიწერა იმის შესახებაც, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოლაპარაკებას აწარმოებდა ლიეტუვის და ლატვიის ფეხბურთის ფედერაციებთან. გავიდა კიდევ რამდენიმე დღე და თებერვლის მიწურულს ჩვენი გუნდის სამი მეტოქის ვინაობაც გაირკვა – კვიპროსი, რუმინეთი და საბერძნეთი. ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, სამივე ამხანაგური თამაში ევროპის ჩემპიონატამდე გაიმართებოდა და ყველა შემთხვევაში მეტოქეების მოედნებზე.
24 თებერვალს მანჩესტერ სიტიმ პრემიერლიგის ლიდერს, კევინ კიგანის გაწვრთნილ ნიუკასლ იუნაიტედს უმასპინძლა და ძალიან დაძაბულ შეხვედრაში ქულა მოიპოვა, 3:3. მეორე დღეს გაზეთ ინდეფენდენთში ამ სიტყვებს ამოიკითხავდით: „ნიუკასლთან ქინქლაძემ მართლაც ზღაპრულად ითამაშა. თუ საქართველოს ნაკრების ამისთანა ფეხბურთელები კიდევ ჰყავს, ინგლისის ნაკრების საქმე კარგად ვერ ყოფილა. მოკლედ, ჯგუფში სამი ფავორიტია: იტალია, ინგლისი და საქართველო“.
ვერ გეტყვით რამდენად დიდი როლი ითამაშა ქინქლაძემ, მაგრამ მისი თამაშის შემხედვარე, მანჩესტერ სიტიმ კიდევ ერთი ქართველის დამატება გადაწყვიტა, ინგლისურმა კლუბმა სპარტაკ-ალანიის ფორვარდის მიხეილ ყაველაშვილის გადაბირება მოიწადინა. თავდამსხმელი, რომელიც 1995 წელს რუსეთის ჩემპიონი გახდა, იმ დღეებში ვლადიკავკაზურ კლუბთან ერთად ესპანეთში იმყოფებოდა სეზონისწინა შეკრებაზე. ყაველაშვილისგან განსხვავებით, ჩაიშალა ჯამარაულის ტრანსფერი ქოვენთრი სიტიში, ინგლისურმა კლუბმა სხვა ფეხბურთელი გადაიბირა. ლონდონს გასამგზავრებლად მოსკოვში ჩასული ჯამარაული თბილისის ნაცვლად ვლადიკავკაზში ჩავიდა და რუსეთის ჩემპიონთან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
5 მარტს, როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა დასრულდა და საქართველოს სუპერთასის პირველი გათამაშების დღედ 28 ივლისი დამტკიცდა, მანჩესტერ სიტი ლონდონში, ჰაიბერიზე, 1:3 დამარცხდა არსენალთან. რამდენიმე ინგლისურმა გამოცემამ იმ საღამოსვე გაავრცელა ცნობა, რომ სიტის კიდევ ერთი ქართველი შეუერთდა. სპარტაკ-ალანიის პრესსამსახურმა ეს ცნობა უარყო, თუმცა რამდენიმე დღეში მიხეილ ყაველაშვილი თბილისში ჩამოვიდა სიტიში გადასვლა დაადასტურა:
„ესპანეთში ვიყავით შეკრებაზე, სალამანკასთან სათამაშოდ ვემზადებოდით… მიბარებს ვალერი გაზაევი და ღიმილით მეუბნება, შენი მეგობრის გუნდში არ წახვალო? რომელი მეგობარი-მეთქი? შენს პასუხს საღამოს ველიო, მითხრა. მივხვდი, სიტიზე იყო საუბარი. თავიდან უარზე ვიყავი, მერე დავფიქრდი და დავთანხმდი. ის მატჩი სალამანკასთან არ მითამაშია. გიოს დავურეკე, სასწრაფოდ ჩამოდიო, მითხრა. სამოსი იქ არ მქონდა, უცებ შევიძინე კოსტუმი და მე და ჩვენი აგენტი ფერნანდო, რომელმაც დინამოს ესპანური ტურნე მოუწყო, მადრიდს ჩავფრინდით. იქ ვიზა სწრაფად გამიკეთეს და მანჩესტერში გავფრინდით. როგორც შემდეგ შევიტყვე, ფრენსის ლისთან რეკომენდაცია მერაბ ჟორდანიამ გამიწია, ქინქლაძესაც ძალიან ვუქივარ. კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი არსენალთან მატჩის მეორე დღეს, 6 მარტს, დილით გავაფორმე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა მამუკა კვარაცხელიასთან ინტერვიუში (სარბიელი; 1996 წლის 12 მარტი).
იმავე 12 მარტს ეროვნულ სტადიონზე საქართველოს და რუსეთის ჩემპიონების ამხანაგური თამაში გაიმართა. დინამოს ხელმძღვანელობა კი ამბობდა, მატჩის სტატუსის მიუხედავად ბრძოლა იქნებაო, მაგრამ შეხვედრა ისე დასრულდა, როგორც უმრავლესობას წარმოედგინა – 3:3. სტუმრებმა ბოლო ორი გოლი 91-ე (პენალტით) და 93-ე წუთებზე გაიტანეს. სპარტაკ-ალანიის მაისურით იმ დღეს ერთბაშად ექვსმა ყოფილმა დინამოელმა ითამაშა: ზაურ ხაპოვმა, სოსო გრიშიკაშვილმა, მურთაზ შელიამ, ომარ თეთრაძემ, ბახვა თედეევმა და გოჩა ჯამარაულმა. ყაველაშვილი მატჩს კი დაესწრო, მაგრამ მინდორზე არ გასულა.
16 მარტს, პრემიერლიგის მორიგ ტურში, მისმა ახალმა კლუბმა მანჩესტერ სიტიმ უშუალო კონკურენტს საუთჰემპტონს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ორივე გოლი გიორგი ქინქლაძემ გაიტანა, მეორე კი გამარჯვებულმა თავკაცმა ალან ბოლმა დიეგო მარადონას იმ ბურთს შეადარა, „ღმერთის ფეხად“ რომ ვიცნობთ გულშემატკივრები:
„ეს გოლი ახლოს იყო იმასთან, მარადონამ მექსიკაში ინგლისს რომ გაუტანა. ამაზე დიდებული აღარაფერი არსებობს! ზოგი კითხულობს, რატომ ჩამოგყავთ ვიღაც უცხოელები ჩვენს ქვეყანაშიო. აი რატომაც“! – ასეთი იყო ბოლის პირველი კომენტარი. მე კი დავძენ, რომ ეს ქინქლაძის პირველი დუბლი იყო პრემიერლიგურ კარიერაში.
18 მარტს, ეროვნული ჩემპიონატის მორიგ ტურში, ლიდერებმა ქულები გაიყვეს: დინამოს სამტრედიაში სტუმრობა 0:0 დასრულდა. ოთხ დღეში დინამომ ალექსანდრე იაშვილის დუბლით და დავით ყიზილაშვილის და გიორგი ანჩაბაძის გოლებით 4:0 დაამარცხა ფოთის კოლხეთი 1913, რის შემდეგაც ალექსანდრე ჩივაძემ ეროვნულ გუნდში მიწვეულები დაასახელა. მათ შორის აღმოჩნდა დინამოელთა თვრამეტი წლის ცენტრალური მცველი კახი კალაძე, რომელიც იმ სეზონში დამკვიდრდა ძირითად შემადგენლობაში.
„23 მარტს, დილით, ბაზაზე რომ მივედი, ბორის სიჭინავამ მითხრა ჩივაძემ ნაკრებში მიგიწვიაო. ჩემი ასაკის ფეხბურთელისთვის ნაკრებში მოხვედრა რთული მეჩვენებოდა, ამიტომაც უზომოდ გამეხარდა ეს ამბავი! კოლხეთთან გამარჯვების შემდეგ ყიფიანმა კი გვითხრა რამდენიმეს, ფედერაციაში უნდა მიხვიდეთო, მაგრამ ვერც ვიფიქრებდი, ეროვნულ გუნდში გამოძახებული თუ ვიყავი“, – ასე გაიხსენა კახი კალაძემ ნაკრებში პირველი გამოძახება.
ჩივაძემ თითქმის საუკეთესო შემადგენლობა შეკრიბა. მწვრთნელმა მხოლოდ გიორგი ქინქლაძე, გოჩა გოგრიჭიანი და მეკარე სოსო გრიშიკაშვილი ვერ დაიხმარა. ეს უკანასკნელი სულ ბოლო მომენტში დაშავდა, კვიპროსზე ჩასული, ვარჯიშზე. მოგვიანებით დადგინდა, რომ მან ტერფის ძვალი გაიტეხა, რის გამოც კარგა ხანს იძულებით დაისვენა. იმხანად სოსო რუსეთის ჩემპიონატში თამაშობდა, სპარტაკ-ალანიის მეორე მეკარე გახლდათ ზაურ ხაპოვის შემდეგ.
საქართველოს ეროვნული ნაკრები კვიპროსს 24 მარტს, შუადღით ეწვია და ლიმასოლის გარეუბანში, სასტუმრო ელიასში დაბინავდა. იმავე საღამოს გუნდმა პირველად ივარჯიშა, მომდევნო ორი დღის განმავლობაში კი ოთხჯერ, დილით და საღამოს.
ლიმასოლში გამართული მატჩის ბედი მეორე ტაიმში გადაწყდა: 53-ე წუთზე თემურ ქეცბაიამ მაღალი ნახტომი და ღონიერი თავური შეაგება ყაველაშვილის მიერ მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს – 1:0, თორმეტ წუთში კი ეფექტური გოლი გაიტანა გოჩა ჯამარაულმა, სპარტაკ-ალანიის ახალწვეულმა ანდრეას მაურისის კარის ცხრიანში შეაგდო ბურთი, 2:0.
ქართველებს დიდი ანგარიშით მოგებაც შეეძლოთ, მაგრამ ხელსაყრელი მომენტები ვერ გამოიყენეს გიორგი ნემსაძემ (ორჯერ), ყაველაშვილმა და შოთა არველაძემ.
„ყველამ ბრწყინვალედ ითამაშა. მიზეზიც გვქონდა: ერთად კარგა ხანია არ შევკრებილვართ, ნაკრებში თამაშიც მოგვწყურდა და საუკეთესოდაც ვითამაშეთ. მოგებას ველოდი, მაგრამ მეგონა, უფრო რთული მატჩი იქნებოდა. ისე ვეთამაშებოდით, როგორც თექვსმეტი წლის ბავშვებს“, – ეს გიორგი ნემსაძის სიტყვებია.
კახი კალაძე 72-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, მიხეილ ყაველაშვილი შეცვალა. ნაკრების დებიუტანტი სეხნია ცხადაძის და მურთაზ შელიას მხარდამხარ დადგა დაცვის ცენტრში.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ოცდამეოთხე შეხვედრაში მეთერთმეტე გამარჯვება იზეიმა და მოგება-წაგების ბალანსი გაათანაბრა. იმ დროისთვის უკვე ვიცოდით, რომ ჩივაძის ბიჭები აპრილში კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებდნენ ბუქარესტში, ევრო 1996-ის ერთ-ერთ მონაწილე რუმინეთთან.
27 მარტს ახალგაზრდულ გუნდსაც უნდა ეთამაშა, თუმცა აზერბაიჯანში, ქალაქ თაუზში დაგეგმილი ამხანაგური მატჩი ჩაიშალა, რადგან მასპინძლებმა გუნდი ვერ შეკრიბეს…
* * *
27 მარტი, 1996. ამხანაგური. კვიპროსი, ლიმასოლი, ცირიოს საწვრთნელი ცენტრი. 2 000
კვიპროსი 0:2 საქართველო
გოლები: 0:1 თემურ ქეცბაია (53, მიხეილ ყაველაშვილის პასით), 0:2 გოჩა ჯამარაული (65)
კვიპროსი: მიხალის ხრისტოფი (ანდრეას მაურისი 46), გიორგოს თეოდოტუ, პამბოს პიტასი, კოსტას კონსტანტინუ (ხარის ნიკოლაუ 61), გიორგოს ხრისტოდულუ (მარიოს პაშიალისი 70), ანტონის ზემბაშისი, მარიოს ხრისტოდულუ (დიმიტრის იოანუ 54), ნეოფიტოს ლარკუ, კოსტას მალეკოსი (დიმიტრის ასიოტისი 70), ნიკოდიმოს პაპავასილიუ, მარიოს აგათეკლუსი
მწვრთნელი: ანდრეას მიხაილიდისი
საქართველო: ირაკლი ზოიძე, გიორგი ღუდუშაური (მამუკა მაჭავარიანი 84), კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია, დიმიტრი კუდინოვი, კახი გოგიჩაიშვილი, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული, თემურ ქეცბაია, მიხეილ ყაველაშვილი (კახი კალაძე 72), შოთა არველაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
გაფრთხილება: მურთაზ შელია
მსაჯი: ანდრეას გეორგიუ (კვიპროსი)
ლაშა გოდუაძე
2025 წლის 9 ოქტომბერი
ფოტო: გაზეთი სარბიელი
* – 2025 წლის 9 ოქტომბერს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე