ეროვნული ნაკრების ისტორია: საქართველო 2:0 მოლდოვა

„ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია. მოგებას თუ არა, ფრეს ნაღდად ვიმსახურებდით. რაც შეეხება გაშვებულ გოლებს, ერთხელაც არ მქონდა გუნდის გადარჩენის შანსი. შირერმა ისე ჩააწოდა შერინგემს და ამანაც ისე ახლოდან დამირტყა, რეაქცია ძლივს მოვასწარი. პრაქტიკულად აუღებელი ბურთი იყო. რაც შეეხება თავისუფალ დარტყმას, არა მგონია ვინმემ დამადანაშაულოს. ბურთი თითქმის ხელში მქონდა აღებული, მცველმა რომ წაარტყა. შირერმა უნაკლოდ დაარტყა“.

ეს სიტყვები თბილისის დინამოს ოცდარვა წლის გოლკიპერმა ირაკლი ზოიძემ თბილისში დაბრუნების შემდეგ თქვა. უემბლიზე ინგლისთან გამართული მატჩი მის სანაკრებო კარიერაში მეთოთხმეტე იყო.

ზოიძის თანაკლუბელმა მამუკა მაჭავარიანმა მხოლოდ მესამედ ითამაშა ნაკრებში, თუმცა უემბლი, მისდა სამწუხაროდ, ძალიან მალე დატოვა – დევიდ ბექემთან შეჯახების შემდეგ მუხლი იტკინა და თამაში ვეღარ განაგრძო:

„ტრავმის მიღებისთანავე სტადიონის სამედიცინო კაბინეტში წამიყვანეს. ექიმები ყველაფერს რომ მორჩნენ, თამაშის დასრულებას ორი წუთი აკლდა. მატჩს მოგვიანებით ვუყურე და ვფიქრობ, ფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდა. რაც შეეხება ბექემს, ფაქტია რომ კარგი ფეხბურთელია“.

ბათუმის დინამოს ოცდაექვსი წლის მცველმა გელა შეყილაძემ ეროვნული გუნდის მაისური პირველად თბილისში, სომხეთთან 7:0 მოგებულ შეხვედრაში მოირგო, მისი ოფიციალური სანაკრებო დებიუტი კი სწორედ უემბლიზე შედგა. გელამ შეუცვლელად ითამაშა. თბილისში დაბრუნების შემდეგ მან თქვა:

„ნაკრებში მიწვევის დღიდან დავით ყიფიანი მამზადებდა საიმისოდ, რომ ნებისმიერ წამს მზად ვყოფილიყავი მოედანზე შესასვლელად, თუმცა უემბლიზე ძირითად შემადგენლობაში თუ ვითამაშებდი, ეს მხოლოდ მატჩის დღეს მითხრა. რაც შეეხება გოლებს, ვფიქრობ, შეცდომა დავუშვი, როცა შერინგემს შევყევი. ზონა რომ ჩამეკეტა, მაშინ შირერი საგოლე გადაცემას ვერ შეასრულებდა“.

30 აპრილს გამართული მატჩი, რომელიც საქართველოს ეროვნული გუნდის ისტორიაში 33-ე იყო, ხოლო ინგლისის ნაკრებისთვის 732-ე, სარბიელის 10 მაისის ნომერში რევაზ ძოძუაშვილმაც შეაფასა. დავით ყიფიანის თანაშემწეს ჟურნალისტი კობა ინასარიძე რიგაში დაუკავშირდა.

„რა გითხრათ? წასაგები თამაში ნამდვილად არ იყო, ბედმა არ გაგვიღიმა. თანაც, წარმოიდგინეთ, რამდენი ფეხბურთელი იყო ტრავმირებული. არადა, სწორედ მათ იმედზე ვიყავით, ჩვენ კი იძულებულნი გავხდით შემადგენლობა შეგვეცვალა…

ბიჭებს ურიგოდ არ უთამაშიათ. ზოიძე, ფაქტობრივად, უშეცდომოდ იდგა კარში. შელიამ, ტრავმის მიუხედავად, აშკარად დაჩაგრა შირერი. ქინქლაძეც კარგად გამოიყურებოდა. გიომ თამაში დაჭიმული კუნთით დაიწყო, პირველ ტაიმში კი ტრავმა გაუმიზეზდა, რის გამოც შესვენებაზევე ვაპირებდით მის გამოცვლას, მაგრამ ძალა მოიკრიბა და რამდენიმე წუთი კიდევ ითამაშა…

როცა მაჭავარიანი დაშავდა, არჩევანის წინაშე დავდექით: თამაში ისე მიმდინარეობდა, აუცილებლად ნახევარმცველი უნდა შეგვეყვანა. თავიდან მამუკას ნაცვლად გახოკიძის შეყვანა ვიფიქრეთ, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი მაინც შედარებით გამოცდილ გოგრიჭიანზე შევაჩერეთ. რაც უნდა იყოს, გოგა ჯერ მაინც ახალგაზრდაა და ვიფიქრეთ, ვაითუ ნერვებმა უმტყუნოსო…

რაც შეეხება მიხეილ ყაველაშვილს, მე და ყიფიანი მას მატჩის წინ ვესაუბრეთ. თვითონ გვითხრა, თავდასხმის გარდა ვერსად ვითამაშებო. ჩვენც აღარ დაგვიძალებია. ან კი რა აზრი ჰქონდა ყაველაშვილის ნახევარდაცვაში გამწესებას, თუ თვითონ ფეხბურთელს არ სურდა იქ თამაში“.

უემბლიზე წაგებული თამაშიდან სამ დღეში გიორგი ქინქლაძის მანჩესტერ სიტიმ ინგლისის პირველ დივიზიონში ასპარეზობა დაასრულა. 3 მაისს, სეზონის უკანასკნელ მატჩში, მანჩესტერ სიტიმ რედინგს უმასპინძლა, პოლ დიკოვის, უვე როსლერის და ნილ ჰინის გოლებით 3:2 გაიმარჯვა და მეთოთხმეტე ადგილი დაიკავა. 1995-1996 წლების სეზონიდან დაწყებული 2001-2002 წლების ჩემპიონატის ჩათვლით ეს იყო ერთადერთი პირველობა, როცა მანჩესტერ სიტი არც დაქვეითდა და ვერც აღზევდა.

გიორგი ქინქლაძე, სადებიუტო სეზონის მსგავსად, ამჯერადაც მეინროუდელთა ლიდერი იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სეზონი ორმოცდასამ თამაშში თორმეტი გოლით დაასრულა, ამდენი ბურთი კი მას, თბილისის დინამოს გარდა, სხვაგან არასდროს გაუტანია. გულდასაწყვეტი ისაა, რომ ქართველს თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს, რის გამოც კლუბი ცხრილის შუაში აღმოჩნდა.

ესეც უნდა აღვნიშნო: მანჩესტერ სიტიმ იმ სეზონში ხუთი(!) მწვრთნელი გამოიცვალა, სამი მთავარი და ორი დროებითი. გუნდმა სეზონი ალან ბოლის ხელმძღვანელობით დაიწყო, თუმცა ბოლი მალევე შეცვალა აზა ჰარტფორდმა. ოქტომბერში სიტი კრისტალ პალასის ყოფილმა თავკაცმა სტივ კოპელმა ჩაიბარა, მაგრამ ისიც მალე გაუშვეს. შემდეგ ფილ ნილის დრო დადგა, რომელმაც დეკემბრამდე იმუშავა, ახალი წლის წინ კი მეინ როუდზე ფრენკ კლარკს უხმეს. ნოტინგემ ფორესტის ექსთავკაცის ხელში კლუბმა გასავარდნ ზონას თავი დააღწია. კლარკი რომ კარგად მოერგო კლუბს, ეს შედეგებითაც გამოჩნდა: 11 იანვრიდან 8 მარტის ჩათვლით სიტიმ ხუთ შეხვედრაში გაიმარჯვა და ოთხჯერ ფრედ ითამაშა.

სარბიელელი მამუკა კვარაცხელია გიორგი ქინქლაძეს რედინგთან მატჩის წინ შეხვდა. ისინი ერთად მივიდნენ თამაშზე, რომლის დაწყებამდე სიტის ფან-კლუბის ხელმძღვანელებმა გიორგის ათასობით გულშემატკივრის მიერ ხელმოწერილი ქართულ ენაზე დაბეჭდილი წერილი გადასცეს:

„ძვირფასო გიო,

ჩვენ, ქალაქ მანჩესტერის ფეხბურთის კლუბის გულშემატკივრები, რომლებიც გაღმერთებთ შენ, ხელს ვაწერთ ამ ვედრების წერილს. გევედრებით გიო, დარჩი კიდევ ერთი წელი.

ვიცით, ეს წელი არ იყო ადვილი ჩვენთვის, მაგრამ ახლა კარგი მწვრთნელი გვყავს, ფულიც გამოგვიჩნდა და ალბათ უკვე ხედავ ლურჯ ცას ჩვენი გვირაბიდან.

უშენოდ ამ სეზონს ვერ გადავიტანდით. შენ მოგვეცი ძალა, რათა თავი გაგვეტანა და, არ გავაზვიადებთ თუ ვიტყვით, რომ შენ ხარ ყველაზე ძლიერი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოთამაშე ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში.

გიო, ჩვენ შენ გვიყვარხარ, გვჭირდები და ჩვენთვის ბევრს ნიშნავ. ძალიან გთხოვთ, კიდევ ერთი სეზონი ითამაშო და თუ გაისად არ წავიწევთ წინ (შენ ისევ ოცდაოთხი წლის იქნები), მაშინ დაგვტოვე ჩვენი ლოცვა-კურთხევით.

გიო, ჩვენთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. მთელი მსოფლიოს მანჩესტერ სიტის გულშემატკივრებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამ წერილს ხელს აწერს, დიდი მნიშვნელობა აქვს“.

მამუკა კვარაცხელია ქინქლაძეს მანჩესტერულ მომავალზეც დაეკითხა. ინტერვიუ სარბიელში (1997 წლის 8 მაისი) გამოქვეყნდა. ფეხბურთელის პასუხი ასეთი იყო:

„აქაურობის დატოვება გამიჭირდება, მაგრამ რა ვქნა, სულ ამ ქალაქში ხომ ვერ დავრჩები? ფანებს რომ ჰკითხო, მთელი კარიერა სიტიში უნდა გავატარო, მაგრამ ვხვდები, რომ უკვე კარგა ხანია წასვლის დროა. მალე მენეჯერს უნდა შევხვდე და ბევრ რამეს გავიგებ“.

მაისის მიწურულს გიორგი საქართველოში დაბრუნდა. კობა ინასარიძესთან ინტერვიუში (სარბიელი; 1997 წლის 22 მაისი) მან თქვა:

„სიტისთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გავახანგრძლივე. სიმართლე გითხრა, არ მინდოდა კიდევ ერთი წლით დარჩენა, მაგრამ კარგი პირობები შემომთავაზეს და იმასაც დამპირდნენ, თუ გაისად პრემიერლიგაში ვერ გადავედით, უეჭველად გაგიშვებთო“.

გიორგის თბილისში დაბრუნებამდე რამდენიმე დღით ადრე მისმა ყოფილმა კლუბმა ზედიზედ მერვედ მოიგო საქართველოს ჩემპიონის ტიტული. დავით ყიფიანის გაწვრთნილმა გუნდმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლუბი თსუ 3:1 დაამარცხა და ფინიშამდე ოთხი თამაშით ადრე გაინაღდა ჩემპიონობა. სამაგიეროდ, ძალიან საინტერესო სურათი იყო საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლაში: ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ბათუმს 56 ქულა ჰქონდა, ფოთის კოლხეთი 1913-ს – 55, ხოლო თბილისის მერანს 54.

26 მაისს დინამომ დუბლი შეასრულა: ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართულ თასის ფინალში კიდევ ერთხელ დაამარცხა ბათუმი. ერთადერთი გოლი გიორგი დემეტრაძემ 31-ე წუთზე გაიტანა.

გავიდა ერთი კვირა, სარბიელმა 1996-1997 წლების სეზონი შეაჯამა და კიდევ ერთხელ დაასახელა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი. რეფერენდუმში, რომელშიც ორმოცდახუთი ჟურნალისტი მონაწილეობდა, ათენის აეკ-ში მოთამაშე თემურ ქეცბაიამ უდიდესი უპირატესობით გაიმარჯვა. მან 218 ქულა მოაგროვა. მეორე ადგილზე ლევან კობიაშვილი გავიდა 68 ქულით, რომელმაც ის სეზონი თბილისის დინამოში დაიწყო, მაგრამ წლის დასაწყისში ვლადიკავკაზში, ალანიაში გადაინაცვლა. მესამე ადგილზე ფოთის კოლხეთი 1913-ის ლიდერი გიორგი დარასელია გავიდა, „ძუკუმ“ 21 ქულა მიიღო.

ქეცბაიამ პირველად გაიმარჯვა სარბიელის გამოკითხვაში, მაგრამ საქართველოს საუკეთესო მოთამაშის წოდება მეორედ მოიპოვა. 1990 წელს, პირველი ეროვნული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, თემური საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღიარა საუკეთესოდ. 1996-1997 წლების სეზონი ქეცბაიამ საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონის სახელით და ორი თასით დაასრულა: დედაქალაქელებს ჯერ სუპერთასის მოგებაში დაეხმარა, შემდეგ კი ქვეყნის თასიც აღმართა.

გამარჯვებულთან ინტერვიუ 1997 წლის 3 ივნისის სარბიელში გამოქვეყნდა, ლაურეატს მამუკა კვარაცხელია ესაუბრა:

„გამიხარდა, რომ ჩემი შრომა და გარჯა დაფასდა. პირველობა მოულოდნელი იყო, საქართველოში იმდენი კარგი ფეხბურთელია…

ბერძნებს ძალიან სურდათ, რომ მათთან დავრჩენილიყავი. იმხელა ფულს მთავაზობდნენ ჩემი და სხვა კლუბები, ჯერ არავისთვის რომ არ გადაუხდიათ. მაგრამ კარგა ხანია ჩავთვალე, რომ საბერძნეთში ჩემი თავი ამოვწურე და ინგლისშიც სწორედ ამიტომ მივდივარ. ჩემი მიზანი მუდამ ეს იყო: მინდოდა, რომ დიდი ფეხბურთი მეთამაშა. ინგლისში გაცილებით მაღალი დონის ჩემპიონატია და ამიტომაც გადაწყვიტე წასვლა. დარწმუნებული რომ არ ვიყო ჩემს შესაძლებლობაში, ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი…

ნიუკასლ იუნაიტედი დიდი კლუბია და იმედი მაქვს, ახალ სეზონშიც ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ. პირადად კენი დალგლიშთან არ მისაუბრია, მხოლოდ გუნდის პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს ველაპარაკე. შევხვდი დალგლიშის თანაშემწე ტერი მაკდერმოტსაც… მათ მაგრძნობინეს, რომ ვჭირდები და მეც მერი რა მინდა“?!

როცა სარბიელში ქეცბაიას ინტერვიუ დაიბეჭდა, ის უკვე ნაკრების შემადგენლობაში ვარჯიშობდა მოლდოველებთან შესარჩევი მატჩისთვის. ეროვნული გუნდის მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, ბათუმში ჩასვლამდე ნაკრები წყალტუბოში დაბანაკდა. პირველი ვარჯიში გუნდმა სწორედ იქ გამართა, მეორე დღეს კი ქუთაისს მიაშურა. საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელების სანახავად გივი კილაძის სახელობის სტადიონსზე ორ ათასზე მეტი გულშემატკივარი შეიკრიბა…

თბილისს გარეთ გამართული პირველი ოფიციალური მატჩი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ადიდასის თეთრი ფორმით ჩაატარა, სტუმრებმა კი ყვითელი წინდებით, წითელი შორტებით და ლურჯი მაისურებით ითამაშეს. კაპიტანმა კახი ცხადაძემ და იმ თაობის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა გოჩა ჯამარაულმა მეოცედ მოირგეს ნაკრების მაისურები, რეკორდსმენმა გიორგი ნემსაძემ კი ოცდამეხუთე შეხვედრა გამართა.

მატჩის დაწყებიდან ოცდაშვიდი წუთი რომ გაილია, ჩვენმა გუნდმა მორიგი შეტევა დაიწყო. ბიჭებმა მრავალსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც გოლით დასრულდა: ცენტრში მდგარმა გიორგი ქინქლაძემ მარცხენა ფრთაზე გადააწოდა ბურთი ლევან კობიაშვილს. ის მოლდოველთა კარისკენ გაიჭრა, თავდასხმა ფლანგიდან საჯარიმოში ჩაწოდებით გააგრძელა, სადაც შოთა არველაძემ ყველას დაასწრო და ლამის წაქცეულმა, ხარიხის ქვეშ შეაგდო ბურთი – 1:0.

ასე გაიტანა პირველი გოლი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირში.

შოთასთვის ეს ბურთი სხვა რამითაც იყო მნიშვნელოვანი: ის გახდა პირველი, რომელმაც საქართველოს მთავარი გუნდის მაისურით მეათე ბურთი მიითვალა! და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ალბათ სწორედ ამ დარტყმით დაარწმუნა ამსტერდამის აიაქსის დანიელი თავკაცი მორტენ ოლსენი, რომ მისი გადაბირება სწორი ნაბიჯი იქნებოდა.

მოლდოვასთან მატჩის წინ ყველამ ვიცოდით, რომ ოლსენი, ვინც თბილისის დინამოს მაშინდელი პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას სპეციალური მიწვევით დაესწრო ბათუმში გამართულ თამაშს, სწორედ შოთას აკვირდებოდა. საპატიო სტუმართა ლოჟაში ამსტერდამელთა დანიელ თავკაცთან ერთად მოკალათდა ტრაბზონსპორის პრეზიდენტი ფარუკ ოზაკიც, ვინც იმ წლებში ხშირად სტუმრობდა ბათუმს.

ქართველმა გულშემატკივრებმა იმ დღეს კიდევ ერთხელ გაიხარეს. მალტელმა მსაჯმა ჩარლზ აგიუსმა 51-ე წუთზე სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დანიშნა და გიორგი ქინქლაძემაც ივარგა, 2:0. ეს ჩვენი გუნდის ისტორიაში ორმოცდამეათე გოლი იყო, პენალტი კი გოჩა ჯამარაულის წინააღმდეგ უხეშობას მოჰყვა.

დღეს საუკეთესო ქინქლაძე იყო! – თქვა ეროვნული ნაკრების თავკაცმა დავით ყიფიანმა პრესკონფერენციაზე.

წარმოიდგინეთ თქვენ რომ ქინქლაძე არ გყოლოდათ რა დღეში იქნებოდით. ხომ გაგიჭირდებოდათ? ასეთ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით ჩვენ, – ეს უკვე მოლდოვის ნაკრების მთავარი მწვრთნელის იონ კარასის სიტყვებია. ასე შეაფასა მან ლოძის ვიძევში მოთამაშე კაპიტნის, ალექსანდრუ კურტეანუს არყოფნა. სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნო, რომ მოლდოველის და ქინქლაძის შედარებამდე სტუმართა თავკაცმა ქართველ ჟურნალისტებს მოგვიბოდიშა, მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენთვის კურტეანუ ისეთივე შეუცვლელია, როგორც ქინქლაძე თქვენთვისო.

სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა თემურ ქეცბაიამ მოლდოველთა წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა. ყიფიანმა მხოლოდ 84-ე წუთზე გაიყვანა გამოცდილი ნახევარმცველი და მის ნაცვლად დებიუტანტი, მოსკოვის ლოკომოტივის ოცდაერთი წლის თავდამსხმელი ზაზა ჯანაშია ჩართო თამაშში.

„ჩვენი მიზანია თამაშიდან თამაშამდე განვვითარდეთ. ცხადია მახარებს ეს მოგება, მაგრამ წინ პოლონეთთან მატჩია, შემდეგ იტალიას ვმასპინძლობთ… ასე რომ, მხოლოდ წინ ვიყურები, მინდა გუნდმა მომდევნო თამაშებშიც გაახაროს გულშემატკივრები“, – დავით ყიფიანი ოპტიმისტურად გახლდათ განწყობილი. რაც შეეხებათ ახალწვეულებს, მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მომდევნო მატჩებში სხვებსაც გამოცდიდა.

ზაზა ჯანაშიას გარდა ყიფიანმა მოლდოველების წინააღმდეგ თბილისის დინამოს ნახევარმცველი გიორგი კიკნაძეც ათამაშა. ოცდაერთი წლის ნიჭიერი შუახაზელისთვის ეს ფორმალურად მესამე მატჩი იყო გუნდში 1996 წლის დეკემბერში ლიბანში გამართული ორი გაუგებარი თამაშის შემდეგ, რეალურად კი კიკნაძის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში სწორედ მოლდოველთა წინააღმდეგ შედგა.

ივნისის დასაწყისში მურთაზ შელიამ ოპერაცია გაიკეთა და ბათუმში გამართული შეხვედრის დროს სტადიონის ტერიტორიაზე ყავარჯნებით მოძრაობდა. მის არყოფნაში ყიფიანს კალაძის გამოცდის კარგი შანსი მიეცა, მაგრამ კახიმ, ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებთან მიღებული წითელი ბარათის გამო, ვერც ამჯერად ითამაშა. კალაძის დანაკლისს მთავარმა მწვრთნელმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი და თქვა, რომ მომდევნო მატჩში მას აუცილებლად მისცემდა შანსს.

პოლონეთში სტუმრობა კატასტროფულად დასრულდა, თუმცა ამაზე მომდევნო წერილში. მოლდოვასთან ბათუმურ მატჩზე მომზადებულ ამ მცირე ჩანახატს კი ორი საინტერესო ფაქტით დავასრულებ. პირველი ისაა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თამაშისთვის გაცემული აკრედიტაციების სანაცვლოდ ჟურნალისტებს, რატომღაც, ხუთ-ხუთი ლარი გადაახდევინა. არანაკლებ მოულოდნელი კი ის იყო, რომ მატჩის დაწყებამდე დიქტორმა რამდენიმე დღით ადრე გარდაცვლილი რუსი საფეხბურთო კომენტატორის ნიკოლაი ოზეროვის ხსოვნას მიაგო პატივი და ბათუმის იმ, აწ უკვე გამქრალი სტადიონის ტრიბუნებზე მყოფთ წუთიერი დუმილისკენ მოუწოდა…

* * *
7 ივნისი, 1997. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, II ჯგუფი. ბათუმი, ცენტრალური. 12 000
საქართველო 2:0 მოლდოვა
გოლები: 1:0 შოთა არველაძე (28, ლევან კობიაშვილის პასით), 2:0 გიორგი ქინქლაძე (51, პენ)
საქართველო: ირაკლი ზოიძე, კახი ცხადაძე (კაპ), ლევან კობიაშვილი, ნუგზარ ლობჟანიძე, გიორგი ჩიხრაძე, კახი გოგიჩაიშვილი, თემურ ქეცბაია (ზაზა ჯანაშია 84), გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე, გოჩა ჯამარაული (გიორგი კიკნაძე 66), გიორგი ნემსაძე (არჩილ არველაძე 80)
მწვრთნელი: დავით ყიფიანი
მოლდოვა: დენის რომანენკო, ვასილე ტოლოკონნიკოვი, იონ ტესტიმიცანუ (სერგეი ბელოუსი 46), ვიტალი კულიბაბა, სერგიუ ეპურეანუ, ოლეგ შიშინი (მარინ სპანუ 58), ალექსანდრუ პოპოვიცი, ალექსანდრუ სუხარევი, იური მიტერევი (სერგეი როგაჩოვი 58), სერგეი კლეშენკო (კაპ), ოლეგ ფისტიკანი
მწვრთნელი: იონ კარასი
გაფრთხილება: სერგეი კლეშენკო, ოლეგ შიშინი
მსაჯები: ჩარლზ აგიუსი; ემანუელ სამიტი, ჟოზეფ ატარი (მალტა)

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 22 იანვარი
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი
* – 2026 წლის 22 იანვარს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე

ka_GEGeorgian