ვარსკვლავები: მიქაელ ლაუდრუპი
1999 წელს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ის პრიმერადივიზიონის ბოლო 25 სეზონის საუკეთესო უცხოელ ფეხბურთელად დაასახელა!
2000 წლის აპრილში, დანებორგის სასახლეში მას დანიის სამეფო ოჯახმა ქვეყნის უმაღლესი ორდენი გადასცა და რაინდად აკურთხა!
2003 წლის ნოემბერში, უეფას ნახევარსაუკუნოვანი იუბილეს აღსანიშნავად, დანიის საფეხბურთო კავშირმა ის ბოლო 50 წლის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნია!
2004 წელს, ფიფას საუკუნოვანი იუბილესთვის, პელემ 125 რჩეული დაასახელა. ფეხბურთის მეფის სიაში ის უმცროს ძმასთან ერთად მოხვდა!
და ბოლოს, ყველაზე ნიშანდობლივი აღიარება: 2006 წლის ნოემბერში დანიური ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ის ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა!
მიქაელ ლაუდრუპი დიდებული მოთამაშე იყო და ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში ჩვენ, ქართველი გულშემატკივრებიც დავრწმუნდით 3 ივნისს, როცა შოთა არველაძის გამოსათხოვარ მატჩში გასული საუკუნის 80-90-იანი წლების მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა, ახლა კი მწვრთნელის პროფესიას შეჭიდებულმა ელეგანტურმა დანიელმა დაუვიწყარი სანახაობა გვაჩუქა.
მოხდენილი მოძრაობა, საოცარი ფინტები და პასები, ლამაზი გოლები… ეს ყველაფერი მიქაელ ლაუდრუპს სანიმუშოდ ხელეწიფებოდა და ამიტომაც იღებოდა მის წინ მსოფლიოს საუკეთესო კლუბების კარი: ჯერ იყო იუვენტუსი, მერე – ბარსელონა, მოგვიანებით – რეალი, კარიერის მიწურულს კი აიაქსი.
ბევრი ვერ დაიკვეხნის ასეთი კლუბების ჩამონათვალით, ლაუდრუპმა კი ყველგან თავის კვალი დატოვა: იტალიაში იყო და მიშელ პლატინის მემკვიდრედ შერაცხეს; კამპ ნოუზე სხვები ექცეოდნენ მის ჩრდილში; სამეფო კლუბში, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ორი სეზონი გაატარა, ყველა დროის საუკეთესოთა შორის დაიმკვიდრა ადგილი… ამსტერდამის აიაქსში კი ბრწყინვალედ დაასრულა კარიერა – მოიგო ყველაფერი, რის მოგებაც შეიძლებოდა.
„ვარჯიშებზე ის ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ სამწუხაროდ, თამაშის მსვლელობისას შესაძლებლობებს სრულად არ ავლენს“, – მიშელ პლატინი, იუვენტუსში ლაუდრუპის თანაგუნდელი, ამჟამად უეფას პრეზიდენტი.
„საუკეთესოა, ვის გვერდითაც ოდესმე მითამაშია“, – რეალის კაპიტნის, რაულის ეს სიტყვები მრავლისმეტყველია. არადა, ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა დიდი დანიელის მხარდამხარ მხოლოდ ორი სეზონი გაატარა, ისიც კარიერის დასაწყისში…
90-იანი წლების ერთ-ერთმა უძლიერესმა ცენტრფორვარდმა, ჩილელმა ივან სამორანომ მიქაელს გენიოსი უწოდა. 1994-95 წლების სეზონში, როცა ლაუდრუპმა პირველად მოირგო რეალის თეთრი მაისური, სამხრეთამერიკელი პრიმერადივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ამაში ლაუდრუპმაც შეიტანა თავის წვლილი.
სადაც უნდა ყოფილიყო, მისი თანაგუნდელები, თითქოს პირი შეკრესო, ერთნაირად ხუმრობდნენ: „ჩვენ ოღონდ ვიმოძრაოთ, ის კი პასს არ დაგვიგვიანებს“.
1995 წელს რეალმა ბარსელონის ოთხწლიანი ჰეგემონია შეწყვიტა და ჩემპიონის ტიტული მოიგო. მადრიდული კლუბის არგენტინელმა მწვრთნელმა, მოგვიანებით კი შესანიშნავ ჟურნალისტად ქცეულმა ხორხე ვალდანომ მიქაელ ლაუდრუპის შესახებ თქვა: „ის მთელ მოედანს აკონტროლებს. გენიოსია და გერმანელი ან იტალიელი რომ ყოფილიყო, აქამდე რამდენჯერმე მოიგებდა ოქროს ბურთს“.
„ის ერთ–ერთი საუკეთესოა, ვისთანაც კი ოდესმე მიმუშავია. როცა 80% იხარჯება, ყველას სჯობს, მაგრამ მინდა რომ 100% დაიხარჯოს“! – იოჰან კრუიფი, დიდებული ფეხბურთელი, მწვრთნელი და საფეხბურთო მოღვაწე.
კრუიფი და ლაუდრუპი ცალკე თემაა. არცთუ იშვიათია, ორ ვარსკვლავს ურთიერთობა რომ უჭირს და ისინი სწორედ ამას ადასტურებენ. თუმცა მათი თანამშრომლობის გახსენების დროს დადებითი უფრო აგონდება ქომაგს, ვიდრე უარყოფითი. მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის ურთიერთობა მხოლოდ ლაუდრუპის ბოლო ბარსელონურ სეზონში გაცივდა, როცა კამპ ნოუზე დიდებული ბრაზილიელი, „მოსიარულე ტყუილი“, რომარიო გამოჩნდა – ნებადართული იყო 3 ლეგიონერი, რომარიო კი მეოთხე გახლდათ და სიტუაციაც ამის გამო დაიძაბა…
1989 წლის ზაფხულში მიქაელმა იუვენტუსი დატოვა და ბარსელონაში გადავიდა. ეს ტრანსფერი კრუიფის თხოვნით განხორციელდა. დანიელი ვარსკვლავი შესანიშნავად მოერგო კლუბს და 5 სრული სეზონის მანძილზე ახარებდა გულშემატკივრებს.
მან, დიდებულმა ნიდერლანდელმა მცველმა რონალდ კუმანმა და ბულგარელმა ფორვარდმა ხრისტო სტოიჩკოვმა 3 ლეგიონერის ადგილი საუკეთესოდ შეავსეს და ესპანელ თანაკლუბელებთან ერთად კი პრიმერადივიზიონი ზედიზედ 4-ჯერ მოიგეს! მაგრამ განა მარტო ამით დაკმაყოფილდნენ? 1992 წელს ბარსელონამ ისტორიაში პირველად მოიგო ჩემპიონთა თასი, რამდენიმე თვეში კი ევროპის სუპერთასიც აღმართა.
ჟურნალისტებმა მიქაელ ლაუდრუპი 1992 და 1993 წლებში ლა ლიგის საუკეთესო უცხოელად დაასახელეს. ელეგანტურ ნახევარმცველს 1992 წელს ევროპის ჩემპიონატზე რომ ეთამაშა, „ოქროს ბურთს“, ალბათ, ვერავინ შეეცილებოდა, მაგრამ შვედეთში გამართულ ტურნირზე მხოლოდ მისმა უმცროსმა ძმამ, ბრაიანმა ითამაშა. ევროპის ჩემპიონატზე მიქაელის არყოფნის მიზეზი კი ნაკრების მაშინდელ მწვრთნელ რიქარდ მიოლერ-ნილსენთან კონფლიქტი იყო.
„იყო თუ არა შეცდომა ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება? ამაზე ვერ გიპასუხებთ და სიმართლე გითხრათ, წარსულზე ფიქრი არ მიყვარს. დღევანდელი გადასახედიდან ეგებ, შეცდომად ჩანდეს, მაგრამ მაშინ, 92-ის ზაფხულში ვთვლიდი, რომ სწორად ვიქცეოდი“, – მიქაელ ლაუდრუპი.
1994 წლის გაზაფხულზე იოჰან კრუიფის ოცნების გუნდი კიდევ ერთხელ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, თუმცა ფაბიო კაპელოს მონოლითურ მილანს ვერაფერი დააკლო. კრუიფმა ლაუდრუპი არ ათამაშა, ისედაც გაცივებული ურთიერთობის უფრო გაფუჭება კი დანიელმა არ ისურვა და გუნდის დატოვება გადაწყვიტა. მით უმეტეს, რომ არანაკლებ სახელიანი რეალი სთავაზობდა თანამშრომლობას.
ბარსელონელი ქომაგებისთვის მიქაელი იუდად იქცა, მაგრამ დანიელს ამისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია – დედაქალაქში ორივე სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ის პრიმერადივიზიონს თავაწეული და უნიკალური რეკორდით დაემშვიდობა: გახდა პირველი, რომელმაც ჩემპიონის ტიტული ზედიზედ 5-ჯერ ორი კლუბის მაისურით მოიგო.
რეალის შემდეგ იყო ამომავალი მზის ქვეყანა იაპონია, იქაური საზომებითაც კი საშუალო ძალის, მაგრამ ფინანსურად ძლიერი ვისელ კობე.
1997-98 წლების სეზონში კი წასვლის დრო დადგა: ამსტერდამის აიაქსში გატარებული შესანიშნავი სეზონი, ჩემპიონის და თასის მფლობელის ტიტულები და მოთამაშე ლაუდრუპის კარიერაც დასრულდა.
„ყოველთვის ვიცოდი, რომ წავიდოდი მაშინ, როცა ამის აუცილებლობას ვიგრძნობდი და 1998 წლის ზაფხულში ეს დროც დადგა“, – იხსენებს მიქაელი.
1998 წლის ივლისში დანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში, ულამაზეს და ძალიან დაძაბულ შეხვედრაში დამარცხდა ბრაზილიასთან და ტურნირს გამოეთიშა. უფროსმა ლაუდრუპმა იმ შეხვედრის შემდეგ სანაკრებო კარიერასაც წერტილი დაუსვა: 104 მატჩი და 37 გოლი შთამბეჭდავი მაჩვენებელია.
1999 წელს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე გახდა, 2002 წელს კი პირველად ჩაიბარა გუნდი – ბრონდბიუ, რომლის ღირსებასაც ზუსტად 20 წლის წინ იცავდა.
სამწვრთნელო ასპარეზზე პირველი ტიტული სადებიუტო სეზონშივე მოიგო: დანიის სუპერთასი აღმართა. მომდევნოში – დანიის თასი, 2005 წელს კი, ორჯერ ვიცე-ჩემპიონობის შემდეგ, ჰეთ-თრიქი შეასრულა – პირველობაც მოიგო, თასიც და სუპერთასიც!
მას დარჩენა სურდა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობის ახალი წინადადება მიუღებელი აღმოჩნდა და მიქაელმაც ბრონდბიუ დატოვა.
2007 წლის 21 ივნისს ლეგენდარული დანიელი ესპანეთში დაბრუნდა – ხეტაფე ჩაიბარა: კლუბი ქვეყნის თასის ფინალში გაიყვანა, უეფას თასზე კი მეოთხედფინალში. მაშინ მადრიდელებს სულ რამდენიმე წუთი დააკლდათ მიუნხენის ბაიერნის დასამარცხებლად. დანიელმა სეზონის დასრულებისთანავე დატოვა ხეტაფე.
თავის შესანიშნავ წიგნში „ზღაპარი, სახელად ფეხბურთი“, ხორხე ვალდანო მიქაელ ლაუდრუპს ცალკე თავს უძღვნის, ერთ-ერთ აბზაცში კი ამბობს: „თუ დავეთანხმებით დიდ არგენტინელ მწერალსა და მოაზროვნეს, ხორხე ლუის ბორხესს, რომელმაც თქვა, რომ ხელოვნების მიზანია წარმოსახვის გაღვიძება, მაშინ მიქაელ ლაუდრუპი მსახიობი იყო. ის ეკუთვნის იმ ფეხბურთელებს, რომლებიც თამაშს ჭუჭყისგან წმენდენ, უხეშობისგან, ყოველივე უარყოფითისგან და ასე, გასუფთავებულს სთავაზობენ მაყურებელს. და ამას ისე ალალად აკეთებს, მეტოქესაც მოსწონს. იგი ვერ იტანდა ჩვეულებრივს და ამიტომ უჭირდა მწვრთნელის მონახაზით თამაში, თუმცა მისი მოედანზე ყოფნა უკვე სპექტაკლის ტოლფასი იყო, აშინებდა მოწინააღმდეგეს და გემოვნებას უხვეწდა პარტნიორებს. როგორც ყველა დიდი ფეხბურთელის ტალანტი, ლაუდრუპის ნიჭიც ტყუილზე იყო აგებული. მისგან პასის მიღებას რეალის დამლაგებელიც კი მიეჩვია. ის რისკის ზღვარზე თამაშობდა, გაჟღენთილი იყო მუდმივი საფრთხით, მაგრამ არასდროს ჰქონდა პრეტენზია თამაშის მართვაზე. ყოველივესთან ერთად ლაუდრუპი იყო დენდი, რომელიც დახვეწილი მანერებით გვხიბლავდა. ლაუდრუპი და რაული – ეს არის მადრიდის რეალის წარსული და მომავალი“.
ბოლო წინადადებამ არ დაგაფიქრათ? დანიელმა ორად ორი სეზონი გაატარა მადრიდში, და მაინც – ასეთი დაფასება!
ბოლოს ერთი ფაქტიც: 2002 წელს, რეალის საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით, გაზეთმა მარკამ ინტერნეტ-გამოკითხვა მოაწყო სამეფო კლუბის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერების გამოსავლენად. მიქაელ ლაუდრუპი ორ წელიწადში დატოვებული კვალით… მე-12 ადგილზე გავიდა!
იცოდით?
…მიქაელის მამაც ფეხბურთელი იყო: ფინ ლაუდრუპი წლების მანძილზე თამაშობდა კოპენჰაგენში და დანიის ნაკრებში. 1977 წელს ფინ ლაუდრუპმა თბილისში, დინამოს წინააღმდეგაც ითამაშა უეფას თასზე – დინამოელებმა დანიელები შინ 2:1, სტუმრად კი 4:1 დაამარცხეს.
…1977-81 წლებში მამა-შვილი ერთად თამაშობდა ბრონდბიუსა და კოპენჰაგენში. ფინ ლაუდრუპი მოთამაშე-მწვრთნელი იყო, მიქაელი კი კარიერას იწყებდა.
…მიქაელის დედა დანიის ხელბურთელთა ნაკრების წევრი გახლდათ, უმცროსი ძმა ბრაიანი კი არანაკლებ შესანიშნავი მოთამაშე, რომელიც წლების მანძილზე იცავდა მილანის, ფიორენტინას, გლაზგო რეინჯერსის, აიაქსის და სხვა კლუბების ღირსებას.
…მისი ორივე ვაჟი ფეხბურთელია: უფროსი, მადს ლაუდრუპი 2005 წლის იანვრიდან თამაშობს დანიის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში, უმცროსმა ანდრეასმა კი 2006 წელს 16-წლამდელთა გუნდში ითამაშა.
…1981 წლის თებერვალში მიქაელ ლაუდრუპმა პირველად ითამაშა 19-წლამდელთა ნაკრებში, სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში კი საერთო ჯამში 25 შეხვედრა ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.
…1982 წლის 15 ივნისს, დაბადების დღეზე, მიქაელმა პირველად ითამაშა ეროვნულ ნაკრებში. ჰერალდ ნილსენის შემდეგ, 18 წლისა, ნაკრების მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
…1983 წლის ზაფხულში ტურინის იუვენტუსმა მის სანაცვლოდ ბრონდბიუს იმ დროისთვის ძალიან დიდი თანხა – მილიონი დოლარი გადაუხადა! მანამდე დანიელ ფეხბურთელში ამდენი არავის გაეღო.
…იმ დროისთვის იტალიაში კლუბებს მხოლოდ ორი ლეგიონერის გამოყენების უფლება ჰქონდათ და რადგან იუვენტუსში მიშელ პლატინი და პოლონელი ზბიგნევ ბონეკი ბრწყინავდნენ, კლუბმა მიქაელი რომის ლაციოს ორი სეზონით დაუთმო. სერია ა-ში სადებიუტო შეხვედრაში მიქაელმა 2 გოლი გაიტანა, მისი კლუბი კი ვერონასთან 2:4 დამარცხდა.
…პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ მიქაელ ლაუდრუპი ლუნგბიუს ვეტერანთა გუნდში თამაშობდა.
…დანიის ნაკრებში ჩატარებული მატჩების მიხედვით მიქაელ ლაუდრუპი მხოლოდ პეტერ შმეიხელს და თომას ჰელვეგს ჩამორჩება.
…2007 წელს ბრონდბიუმ ახალი სტადიონის ერთ-ერთ ტრიბუნას, ფეხბურთელთან შეთანხმების შემდეგ, მისი სახელი უწოდა.
მიქაელ ლაუდრუპი
დაიბადა 1964 წლის 15 ივნისს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში
შემტევი ნახევარმცველი
კლუბები: კოპენჰაგენი (დანია; 1981-82), ბრონდბიუ (კოპენჰაგენი, დანია; 1982-83), ლაციო (რომი, იტალია; 1983-85), იუვენტუსი (ტურინი, იტალია; 1985-89), ბარსელონა (ესპანეთი; 1989-94), რეალი (მადრიდი, ესპანეთი; 1994-96), ვისელ კობე (იაპონია; 1996-97), აიაქსი (ამსტერდამი, ნიდერლანდები; 1997-98)
ტიტულები: იტალიის ჩემპიონი – 1986; ესპანეთის ჩემპიონი – 1991, 1992, 1993, 1994, 1995; ნიდერლანდების ჩემპიონი – 1998; ესპანეთის თასი – 1990; ნიდერლანდების თასი – 1998; ესპანეთის სუპერთასი – 1991, 1992; ჩემპიონთა თასი – 1992; ევროპის სუპერთასი – 1992; საკონტინენტთაშორისო თასი – 1985
ინდივიდუალური ტიტულები: დანიის საუკეთესო ფეხბურთელი – 1982, 1985; ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელი – 1992, 1993; ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი (1974-99 წლები) – 1999; ნიდერლანდების საუკეთესო ფეხბურთელი – 1998; დანიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი (ფეხბურთის ფედერაცია) – 2006
სამწვრთნელო ტიტულები: დანიის ჩემპიონი – 2005; დანიის თასი – 2003, 2005; დანიის სუპერთასი – 2002, 2005
დანიის ნაკრებში: 104 მატჩი, 37 გოლი (1982-98)
ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ათიანი; 2008)