საიმონ იეტსის მეორე გრანდ ტური

ჩემპიონთა ლიგის ზღაპრულმა დასასრულმა, ხვიჩა კვარაცხელიას ფინალურმა გოლმა და ტრიუმფმა ბევრი სხვა ასპარეზობა გადაფარა. არადა, ვინც სხვა სახეობებს თვალს ადევნებთ, დამეთანხმებით, რომ საინტერესო შეჯიბრებები ერთმანეთს ცვლის, უბრალოდ ვერ მოიწყენ: NBA, ფორმულა 1, როლან გარო… მე, მაგალითად, ველოსპორტიც მიტაცებს და უნდა ვთქვა, რომ წლის პირველი გრანდ ტურის, ჯირო დ’იტალიის ფინიში საოცარი გამოდგა.

ჯირო 9 მაისს დაიწყო ალბანეთში, ქალაქ დურეშში და გუშინ დასრულდა მარადიულ ქალაქში გასეირნებით. სამკვირიანი რბოლა ინგლისელმა საიმონ იეტსმა მოიგო – ოცდაერთ ეტაპზე გაშლილი 3443,3 კილომეტრი 79 საათში 18 წუთსა და 42 წამში დაფარა და 3 წუთით და 56 წამით აჯობა მექსიკელ ისააკ დელ ტოროს. მესამეზე ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებული, ჯიროს 2019 წლის ჩემპიონი, ეკვადორელი რიჩარდ კარაპასი გავიდა.

საოცარ ფინიშში კი ის ვიგულისხმე, რომ ბოლოსწინა, მეოცე ეტაპამდე დელ ტორო იყო ლიდერი, ხოლო იეტსმა ისე ჩაიხუტა ჩემპიონის მშვენიერი თასი (ჩემი შეხედულებით ერთ-ერთი ულამაზესი სპორტული ჯილდო), რომ განვლილი სამი კვირის განმავლობაში ერთი ეტაპიც ვერ მოიგო! სხვათა შორის, ასეთი რამ 2015 წლის შემდეგ პირველად მოხდა, მაშინ სახელგანთქმულმა ესპანელმა ალბერტო კონტადორმა დაიკავა პირველი ადგილი…

ჯირო 2025-ის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის ფინალის დღეს, ბოლოსწინა ეტაპზე, 31 მაისს გაირკვა, როცა ველომრბოლები ზედიზედ მეორე სამთო მონაკვეთზე შეეჯიბრნენ ერთმანეთს. ვერესიდან სესტრიერემდე 205 კილომეტრი ყველაზე სწრაფად ავსტრალიელმა კრის ჰარპერმა დაფარა, 5:27.29 საათში, დელ ტორომ ურთულესი აღმართები შედარებით ნელა დაძლია და მეცხრე ადგილზე გავიდა, იეტსი კი ჰარპერს სულ რაღაც წუთით და 57 წამით ჩამორჩა, მაგრამ მთავარ მიზანს მიაღწია – საერთო ჩათვლაში მექსიკელს გადაასწრო და უკანასკნელი ეტაპის წინ ლიდერის ვარდისფერი მაისური გადაიცვა.

საიმონ იეტსმა კარიერაში მეორე გრანდ ტური მოიგო, პირველად 2018 წელს ესპანეთში, ვუელტაზე გაიმარჯვა. პირენეის ნახევარკუნძულზე ასპარეზობას წელს ის არ აპირებს, მაგრამ ივლისში ტურ დე ფრანსზე ვიხილავთ.

თუმცა, მგონია რომ ბრიტანელი საფრანგეთში უშანსოდ იქნება. მთავარ ფავორიტად ჯირო დ’იტალიის და ტურ დე ფრანსის შარშანდელი ტრიუმფატორი ტადეი პოგაჩარი მიმაჩნია. შარშან სლოვენიელმა ერთი ამოსუნთქვით მოიგო ჯირო, მეორე ეტაპიდან დაწინაურდა და ვარდისფერი მაისური აღარც გაუხდია. წელს იტალიაში ჩასვლისგან თავი შეიკავა, ჯერ კიდევ შარშან თქვა, რომ 2025 წლის სეზონში მისი მთავარი მიზანი ტურ დე ფრანსი იქნებოდა. თუ შარშანდელი ფორმა შეინარჩუნა და ტრავმებიც თავიდან აირიდა, მეეჭვება რომ ვინმემ მის იერიშებს გაუძლოს, განსაკუთრებით მთებში.

იმიტომ, რომ ტადეი პოგაჩარი ველოსპორტის მესი და ფედერერია, გნებავთ ჯორდანი. თუ ჩემი არ გჯერათ, თვალი ადევნეთ ამ ულამაზეს რბოლას და თავად დარწმუნდებით. ტურ დე ფრანსი 5 ივლისს დაიწყება.

ლაშა გოდუაძე
2025 წლის 2 ივნისი
ფოტო: x.com/giroditalia

ka_GEGeorgian