ინტერვიუ: ნანა ალექსანდრია
7-18 მაისს თბილისმა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატს უმასპინძლა ქალ მოჭადრაკეთა შორის.
ევროპის ჩემპიონატი მსოფლიოს ჩემპიონების ქვეყანაში – მიუხედავად ასეთი ლამაზი დევიზისა, კონტინენტის პირველობის მოგება ქართველებმა, სამწუხაროდ, ვერ შეძლეს: I ადგილი ლიეტუველმა საერთაშორისო დიდოსტატმა ვიქტორია ჩმილიტემ დაიკავა, ვერცხლის მედალი ბულგარელ ანტუანეტა სტეფანოვას ერგო, ბრინჯაო – სომეხ ელინა დანიელიანს.
ქართველთაგან საუკეთესო ბელა ხოტენაშვილი იყო, რომელიც V ადგილზე გავიდა.
ტაბულა ევროპის ჩემპიონატის მთავარ მსაჯს ნანა ალექსანდრიას შეხვდა.
ასეთი მაღალი რანგის საჭადრაკო ტურნირი თბილისში ბოლოს ზუსტად 30 წლის წინ ჩატარდა, როცა 1981 წელს ჩემსა და მაია ჩიბურდანიძეს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩი შედგა. მიხარია, რომ ამდენი წლის შემდეგ დიდ ჭადრაკს კვლავ სათანადოდ ვუმასპინძლეთ. როგორც ტურნირის მთავარი მსაჯი, ორგანიზებით ძალიან კმაყოფილი ვარ: მოთამაშეებმა იდეალურ პირობებში იასპარეზეს – განათებით დაწყებული დარბაზის ტემპერატურით დასრულებული, ყველაფერი ჩინებული იყო!
რამდენად კმაყოფილი ხართ ჩემპიონატის სპორტული კუთხით?
თბილისში ევროპის 2-გზის ჩემპიონებმა შვედმა პია კრამლინგმა, უკრაინელმა კატერინა ლაჰნომ და რუსმა ტატიანა კოსინცევამ იასპარეზეს, ასევე 2002 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულმა ბულგარელმა ანტოანეტა სტეფანოვამ. მათ გარდა არაერთი მაღალი დონის მოჭადრაკემ ითამაშა, მათ შორის საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებმაც. ასეთი მონაწილეებისგან, ბუნებრივია, საინტერესო თამაშს ველოდით და მოლოდინი გამართლდა. პარტიების მაღალი დონე ჩემპიონატზე აკრედიტებულმა ჟურნალისტებმაც აღნიშნეს – ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად საფრანგეთში, ყოველდღიურად გადაიცემოდა ტელერეპორტაჟები. სხვათა შორის, ტურნირის ბოლო დღეებში ინტერნეტ-გვერდს, რომელზეც ჩემპიონატის მიმდინარეობა შუქდებოდა, რეკორდული დატვირთვა ჰქონდა.
რამდენად მოსალოდნელი იყო ვიქტორია ჩმილიტეს გამარჯვება?
მან ჩინებულად იასპარეზა, ტექნიკურად ითამაშა და ძალიან მაღალი შედეგი აჩვენა: პლუს 7! საერთოდ, 11 პარტიიდან მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და ორიც ყაიმით დაასრულა. აქამდე ვიქტორია 3-ჯერ იყო ევროპის ვიცე-ჩემპიონი – 2003, 2008 და 2010 წლებში. ის ლიტვური საჭადრაკო სკოლის ჩინებული წარმომადგენელია! მას ვიქტორ გავრიკოვი ავარჯიშებდა, რომელიც წლების წინ ჩემი მწვრთნელი გახლდათ. გავრიკოვის დახმარებით საუკეთესო ჭადრაკი ვაჩვენე, ამის გათვალისწინებით კი არ მიკვრის, რომ ვიქტორიამ წარმატებას მიაღწია. ჩმილიტეს მეუღლე ასევე დიდოსტატია, ის ჭადრაკით ცხოვრობს, ასეთ დროს კი წარმატება გასაკვირი სულაც არაა – ვიქტორია ღირსეული ჩემპიონია! სხვათა შორის, მას გამარჯვება ვიტაუტას ლანდსბერგისმაც მიულოცა. ლიეტუვის ექს-პრეზიდენტი თბილისში გახლდათ კონფერენციაზე და ვიქტორიასაც შეხვდა…
ქართველი მოჭადრაკეები სამეულში ვერ მოხვდნენ. რით აიხსნება წარუმატებლობა?
ჩვენი ჭადრაკის დღევანდელი ლიდერი ნანა ძაგნიძე ბოლო გრან-პრიზე განცდილი მარცხის შემდეგ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და სიმართლე გითხრათ, მისგან ამ ტურნირზე დიდ წარმატებას არც ველოდით. ძალიან რთული გადასატანია, როცა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის შანსს ბოლო მომენტში კარგავ, ნანას სწორედ ეს დაემართა. სამწუხაროდ კატარის გრან პრი ინდოელმა დიდოსტატმა ჰუმპუ კონერუმ მოიგო და ახლა ის იბრძოლებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის.
რაც შეეხებათ სხვებს, ოლიმპიური გუნდის წევრებისგან მეტს ველოდით – მათ შეეძლოთ საუკეთესო 14-ეულში მოხვედრა და მსოფლიო თასზე გასვლა. ნამდვილად გაგვაოცა ბელა ხოტენაშვილმა – სტეფანოვას სძლია, მეორე დღეს კი ჩმილიტეს დამარცხებაც შეეძლო, თუმცა ენერგია არ ეყო, ბოლო მომენტში დაკარგა უპირატესობა და შესაბამისად, გამარჯვებაც. ის ნიჭიერია, ამ ჩემპიონატზეც მაღალი ხარისხის პარტიები გაითამაშა და თუ ჭადრაკს მეტი პროფესიონალიზმით მოეკიდება, დარწმუნებული ვარ დიდ წარმატებას მიაღწევს.
ლელა ჯავახიშვილს პრიზიორთა შორის მოხვედრა შეეძლო, რაც შეეხება ნინო ხურციძეს, მას ახლახანს შეეძინა შვილი, ჩემპიონატისთვის სათანადოდ მომზადება ვერ შეძლო და სავარაუდოდ, ამიტომაც ვერ მოხვდა 14 საუკეთესოს შორის. მიუხედავად ამისა, ის მაინც ინარჩუნებს მსოფლიო თასზე თამაშის შანსს – ყველაფერი მალე გაირკვევა. საერთოდ, ევროპის ჩემპიონატზე მედლებით განებივრებულები არ ვართ: მხოლოდ მაია ჩიბურდანიძემ (2000 წელს) და ქეთევან არახამიამ (2001) შეძლეს ბრინჯაოს მოგება.
2000 წელს საქართველომ ევროპის პირველ ინდივიდუალურ ჩემპიონატს უმასპინძლა ქალთა შორის. მაშინ ტურნირი ბათუმში გაიმართა, წლეულს – თბილისში. რა სხვაობა დაინახეთ ამ ორ პირველობას შორის?
ბათუმში ევროპის ჩემპიონატი სხვა ფორმატით ჩატარდა, თბილისში კი, ასე ვთქვათ, ღია პირველობა იყო: ყველას შეეძლო მონაწილეობა ასაკის და რეიტინგის მიუხედავად – პროფესიონალების მხარდამხარ მოყვარულებმაც იასპარეზეს. საგულისხმოა, რომ ამ ჩემპიონატის ყველაზე უმცროსი მონაწილე 11 წლის იყო. ტურნირი დაამშვენა იმ ისტორიულმა მაგიდებმაც, რომელზეც თავის დროზე ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი და მე მსოფლიო ჩემპიონობისთვის ვიბრძოდით…
1962 წლიდან 1991 წლამდე მსოფლიოს ჩემპიონის ზედიზედ 10 ტიტული ნონა გაფრინდაშვილმა და მაია ჩიბურდანიძემ მოიგეს. მას შემდეგ ქართველ მოჭადრაკეთათვის დედოფლის გვირგვინი მიუწვდომელია…
ქართული საჭადრაკო სკოლა სამი ათეული წლის მანძილზე უძლიერესი იყო, მაგრამ დღეს სხვა სიტუაციაა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ჩინელები დომინირებენ, მომავალს მაინც იმედით ვუყურებ – ნიჭიერი თაობა გვეზრდება, მთავარია, რომ ისინი მეტი ყურადღებით მოეკიდონ ჭადრაკს.
თავის დროზე ფიდეს პრეზიდენტმა ფლორენსიო კამპომანესმა იხუმრა, არ მჯერა, რომ მსოფლიოს ჩემპიონები და ვიცე-ჩემპიონები არათუ ერთი ქვეყნიდან, ერთი ქალაქის ერთი ქუჩიდან არიანო: ნონა, მაია, ნანა და მე ყველანი ვაკეში ვცხოვრობდით!
იმ წლების შედეგების გამეორება ძალიან ძნელი იქნება, სრული დომინაცია, ალბათ, საეჭვოა, მაგრამ 2008 წელს, დრეზდენში, ყველასთვის მოულოდნელად მოგებული საჭადრაკო ოლიმპიადა იმის თქმის საფუძველს ნამდვილად მაძლევს, რომ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ქართველი მოჭადრაკე კვლავ დაიბრუნებს.
ევროპის XII ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში
(საუკეთესო 14 მსოფლიო თასზე იასპარეზებს)
1.ვიქტორია ჩმილიტე (ლიეტუვა, 2504) – 9.0
2.ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2506) – 8.5
3.ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2506) – 8.0
4.სვეტლანა მატვეევა (რუსეთი, 2380) – 8.0
5.ბელა ხოტენაშვილი (2470) – 7.5
6.კატერინა ლაჰნო (უკრაინა, 2530) – 7.5
7.ლელა ჯავახიშვილი (2454) – 7.5
8.ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2559) – 7.5
9.ქეთევან არახამია-გრანტი (შოტლანდია, 2462) – 7.5
10.ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2537) – 7.5
11.ქრისტინა-ადელა ფოიშორი (რუმინეთი, 2414) – 7.5
12.ანასტასია ბონდარუკი (რუსეთი, 2419) – 7.5
13.ნატალია პოგონინა (რუსეთი, 2448) – 7.5
14.ნაძეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2567) – 7.5
ესაუბრა ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2011 წლის 23-29 მაისი)