კარიერა ფრაზებში #19: ნოდარ ხიზანიშვილი

ამ ამბავს ერთი უფროსი მეგობარი მომიყვა: ერთხელ, 90-ებში, სამარშრუტო ტაქსში ვიჯექი და დიდუბეში მგზავრმა მძღოლს გაჩერება სთხოვაო. კაცს გავხედე და ეგრევე ვიცანი, მის თამაშს ლამის ათი წელი ვუყურებდი დინამოს სტადიონზეო.
მანქანიდან ჩასულმა მგზავრმა მძღოლის გვერდით მჯდომ ახალგაზრდა ბიჭს ფული გაუწოდა, იმანაც ხურდის თვლა დაიწყო, საჭესთან მჯდარმა კი ერთი გამოხედა კაცს და ბიჭს შეუძახა, რას შვები, არ გრცხვენიაო. მერე მანქანიდან ჩასულს მოუტრიალდა და თვალზე ცრემლმორეულმა უთხრა: როგორ გეკადრებათ ბატონო, მიბრძანდით, რაც თქვენ ჩვენ იმ საღამოს სიხარული გვაჩუქეთ… გაიხარეთ…  თქვენი გამოგზავნილი კოცნა ახლაც თვალწინ მიდგასო…
მგზავრი ნოდარ ხიზანიშვილი იყო.
ის 70-80-იანი წლების დიდი დინამოს დაცვას ამაგრებდა, ჩვენი საყვარელი კლუბის გამარჯვებების მონაწილე იყო და 1981 წლის 13 მაისს, თასების მფლობელთა თასის ფინალში იენის კარლ ცაისთან გამარჯვების შემდეგ, ტელევიზორებთან მიმჯდარ მთელ საქართველოს დიუსელდორფის რაინშტადიონიდან ჰაეროვანი კოცნა უსახსოვრა.
ნოდარ ხიზანიშვილის კარიერას მისივე მოგონებებით გავიხსენებთ.

…ფეხბურთელობა ძალიან მინდოდა. ალბათ, გარშემო სიტუაციამაც იქონია გავლენა – თანატოლები ეზოში სულ ბურთს ვაგორებდით, უფროსებისგან კი ფეხბურთის გარდა სხვა არაფერი მესმოდა. ერთი-ორჯერ ჩაქვიდან ბათუმშიც გავპარულვარ სავარჯიშოდ.

…პირველი მწვრთნელი ლერი ვერულიძე იყო, მცოდნე და კარგი კაცი. სიგიჟემდე უყვარდა თავის საქმე! სხვათა შორის, სწორედ ბატონი ლერის რეკომენდაციით მოვხვდი 16 წლის ასაკში საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა გუნდში. მაშინ ჩემთან ერთად ქუთაისელი ბადრი ფარულავაც მიიწვიეს… იმ გუნდში გავიცანი ლეონიდ ბურიაკი და ოლეგ ბლოხინი, რომელთა წინააღმდეგ წლების შემდეგ უამრავჯერ ვითამაშე.

…დიდ ფეხბურთში ჩემი დებიუტი საკავშირო მეორე ლიგაში, ბათუმის დინამოს მაისურით შედგა. იმ დროს, ძირითადად, მარჯვენა მცველად ვთამაშობდი, თუმცა როცა თბილისის დინამოში გადმოვედი, რამდენიმე პოზიციაზე გამსინჯეს. მაგალითად, პირველ შეხვედრაში მარცხენა მცველი ვიყავი, მატჩების უმეტესობა კი დაცვის ცენტრში ჩავატარე.

…მიუხედავად იმისა, რომ ამპლუებს ხშირად მიცვლიდნენ, ყველაზე მეტად დაცვის ცენტრში თამაში მიყვარდა. ფლანგზე სხვა მოთხოვნებია, მეტი სისწრაფე მოგეთხოვება, მე კი არ ვიყავი მაინცდამაინც სწრაფი. შეტევების დაწყება კი არა, მეტოქის იერიშების შეჩერება უფრო კარგად გამომდიოდა.

…თბილისის დინამოში პირველად 1974 წელს გადმოვედი, მაგრამ ჩემდა საუბედუროდ, ჰეპატიტი შემეყარა და ლამის მთელი წელი ვმკურნალობდი, მინდორს არც გავკარებივარ. ჩემზე ყველამ ხელი ჩაიქნია, ველოდი რომ გამიშვებდნენ, მაგრამ მთავარ მწვრთნელად მოსულმა გივი ჩოხელმა, რომ იტყვიან, კბილებით დამიცვა და კლუბში დამტოვა. მიუხედავად ამისა, მალე საკუთარი სურვილით დავტოვე გუნდი. რატომ? სახელგანთქმული თანაგუნდელებით ვითრგუნებოდი. ალალად ვიტყვი: ვერაფრით წარმომედგინა როგორ უნდა გამეწია კონკურენცია მურთაზ ხურცილავასთვის და რევაზ ძოძუაშვილისთვის.

…მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი სურვილით წავედი, მალე მაინც დამაბრუნეს. როგორც ჩანს, ჩემი იმედი კიდევ ჰქონდათ. ასეთმა ნდობამ შეუძლებელია ადამიანზე უარყოფითად იმოქმედოს და მეც, ცხადია, ფრთები შემესხა – 1975 წლიდან ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე გავხდი!

…იმ დროს, როცა დინამოში ადგილს ვიმკვიდრებდი, მიხაილ იაკუშინი გვწვრთნიდა. კარგი კაცი იყო, მის მთავარ პლუსად კი მიმაჩნია ის, რომ ახალგაზრდებს გვენდობოდა და ხშირად გვაძლევდა თავის გამოჩენის შანსს. ცხადია, იაკუშინს მინუსებიც ჰქონდა, მაგრამ აბა მითხარით, გინახავთ უნაკლო კაცი?

…ნოდარ ახალკაცზე ახალი, აბა, რა უნდა ვთქვა? მგონია, რომ მან რამდენიმე წლით გაუსწრო თავის თაობას: ძლიერი, მცოდნე და მომთხოვნი სპეციალისტი გახლდათ. შესანიშნავად იცნობდა თავის ფეხბურთელებს და შეეძლო თითოეულისგან მაქსიმუმი მიეღო. ქართულ ფეხბურთს ნიჭიერი ბიჭები არასდროს აკლდა, მაგრამ თუ მიღწეული შედეგებით ვიმსჯელებთ, ახალკაცი საუკეთესო მწვრთნელი იყო!

დინამოელები

დინამოელების მორიგი სტუმრობა მოსკოვში, ლუჟნიკებზე: ნოდარ ხიზანიშვილი, რამაზ შენგელია, გიორგი ჭილაია, თენგიზ სულაქველიძე

…პირველ დიდ წარმატებას 1976 წელს მივაღწიეთ: ერთ სეზონში საკავშირო პირველობის ორი ბრინჯაოს მედალი მოვიგეთ, შუაში კი თასის გათამაშებაში გავიმარჯვეთ. ასეთი ხვავრიელი წელიწადი დინამოს მანამდე არ ჰქონია და მიხაროდა, რომ მისი მონაწილე, ერთ-ერთი შემოქმედი ვიყავი. როგორია: 1976 წლამდე დინამო 5-ჯერ იყო საკავშირო თასის ფინალში და ერთხელაც ვერ მოიგო თასი, ჩვენ კი ერევნის არარატი გავანადგურეთ – 3:0! თან, სომხები ხომ ჩვენი პრინციპული მეტოქეები იყვნენ.

…1977 წელს დინამოში თამაზ კოსტავა გამოჩნდა, რომელიც ჩემი მთავარი კონკურენტი გახდა. მშვენიერი მცველი იყო, ნიჭიერი, გონებაგახსნილი, ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ სამწუხაროდ, ტრავმებმა არ მისცა შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება. გულახდილად გეტყვით: კოსტავა მანფრედ კალცის და რევაზ ძოძუაშვილის დონის მარჯვენა მცველად მიმაჩნია.

…1978 წლის საჩემპიონო სეზონი ძირითად შემადგენლობაში დავიწყე, 12 ტური უცვლელად ვითამაშე, მაგრამ მერე სათადარიგოთა სკამზე გადავინაცვლე და მხოლოდ 3-ჯერ შევედი შეცვლაზე. ეს დიდი დარტყმა იყო! ვფიქრობდი, რომ ყველაფერში ახალკაცი იყო დამნაშავე, რომ მწვრთნელი გადამეკიდა და ამითვალწუნა… წლების შემდეგ, როცა ერთად ვმუშაობდით ფეხბურთის ფედერაციაში, ვკითხე, 1978-ში ასე რატომ მომექეცით-მეთქი. იცით რა მიპასუხა? ძალიან კარგად ვიცოდი რას აკეთებდი, ვისთან იყავი და იმასაც ვხვდებოდი, რომ ფეხბურთმა შენთვის მეორე პლანზე გადაინაცვლა, სწორედ ამიტომ გადაგიყვანე სათადარიგოებში, სხვანაირად არაფერი გეშველებოდაო. სამწუხარო ისაა, რომ ბატონი ნოდარ მართალი იყო.

…1979 წლის სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გამიცდა. მოსკოვის დინამოსთან დავშავდი – ვალერი გაზაევს ვმეურვეობდი და ამ დროს დავით გოგიას შევეჯახე. კბილები ჩამემტვრა, სახე ვიტკინე, ყველაზე უარესი კი ტვინის შერყევა იყო. საკმაოდ დიდი დრო გამიცდა, მერე მენისკიც დამემართა და… იმ წელს პირველად გავედით ჩემპიონთა თასზე, მე კი ლივერპულთან შეხვედრები გამოვტოვე. ეგ კი არა, თასის ფინალშიც ვერ ვითამაშე.

…მანუჩარ მაჩაიძის დინამოდან გაშვება ბევრისთვის დიდი მოულოდნელობა იყო – ის ხომ ჩვენი კაპიტანი გახლდათ! თუმცა ასეთი რადიკალური ნაბიჯებით ჩვენთან ვის გააკვირვებ? თავის დროზე დაახლოებით ასე მოექცნენ მიხეილ მესხს და მურთაზ ხურცილავას… მაჩაიძის წასვლის შემდეგ დინამო ახლებურად ათამაშდა, ამან კი რაც მოგვიტანა, კარგად იცით: თითქმის ერთ წელიწადში თასების მფლობელთა თასი ავიღეთ!

…დიუსელდორფში გამარჯვების შემდეგ ბევრმა თქვა, დიდი ამბავი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის კლუბს მოუგესო. ამას შურიანი ხალხი ამბობდა, თორემ როგორ შეიძლება შენი თანამემამულეების ასეთი გამარჯვება გეწყინოს? თანაც, მერე რა რომ კარლ ცაისი ევროგრანდი არ იყო? ხომ არ გავიწყდებათ, როგორი კლუბები ჩამოიცილა ფინალამდე – რომა და ბენფიკა! გერმანელები ძალიან კარგად თამაშობდნენ და გუნდიც შესანიშნავი მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული.

…იენელები ღრმად იყვნენ დარწმუნებულნი, რომ თასს აიღებდნენ. ამას არც მაშინ მალავდნენ. ეგ კი არა, წლების შემდეგ, როცა ვეტერანებმა რამდენჯერმე ვითამაშეთ, გვითხრეს – დღემდე არ გვჯერა, რომ თქვენთან დავმარცხდითო.

…რა იყო იმ დინამოს მთავარი პლუსი? ერთსულოვნება! გარდა იმისა, რომ ერთი თაობის ბიჭები ვიყავით, ძალიან ახლო ურთიერობა გვქონდა – ოჯახებით ვმეგობრობდით, ამას კი გადამწყვეტ მომენტში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეგეც არ იყოს, ინდივიდუალურად ბრწყინვალე ფეხბურთელები გვყავდა! როცა ერთ გუნდში დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი, ალექსანდრე ჩივაძე, ვიტალი დარასელია, რამაზ შენგელია, შოთა ხინჩაგაშვილი და თენგიზ სულაქველიძე თამაშობენ, იქ წარმატება რა გასაკვირია?!

…კარლ ცაისთან საფინალო სასტვენის შემდეგ ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა. მინდოდა ყველაფერი გამომეხატა და ყველას მოვფერებოდი, ყველასთვის გამეზიარებინა გრძნობები… ამიტომაც მივედი ოპერატორთან და ყველა მაყურებელს ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე – ვიცოდი, მთელი საქართველო ტელევიზორთან იქნებოდა… უამრავმა უცნობმა მითხრა, რომ იმ კადრის დროს იტირა…

…ამბობენ, რომ ფინალის შემდეგ, გასახდელში, დიდი სმა ატეხილა, რომ ყველა ფეხბურთელს დაუცლია შამპანურით სავსე თასების თასი… ტყუილია, ასე არ ყოფილა: ის თასი ერთხელ გაივსო ფრანგული შამპანურით და სანახევროდ დაიცალა. ფინალიდან 5 დღეში კიევში გველოდა მატჩი და მიუხედავად იმისა, რომ უზომოდ გახარებულები ვიყავით, ბოლომდე არ მოვდუნებულვართ.

…დასამალი არაფერია: ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელი დათო იყო! ის ტალანტი გახლდათ, მსოფლიო დონის მოთამაშე, რომელსაც საბჭოთა კავშირის ფეხბურთის მესვეურთა გულგრილობა რომ არა, 1982 წელს ესპანეთში უნდა გაებრწყინა. ვლადიმერ გუცაევიც დიდებული იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ იმდენს ვერ მიაღწია, რამდენიც შეეძლო. რამაზ შენგელიაზე არაფერს ვამბობ: დატანჯული ვყავდი, ვარჯიშებზე ახალკაცი მის „დაჭერას“ მავალებდა და მისი დევნის შემდეგ ორი დღე ღვიძლი მტკიოდა ხოლმე! რომ ვფიქრობ დინამოში რა ბიჭებთან ვთამაშობდი, ვხვდები, რომ ძალიან გამიმართლა!

თბილისის დინამოელები

ჩვენი ფეხბურთის ვარსკვლავები: ნოდარ ხიზანიშვილი, ოთარ გაბელია, თამაზ კოსტავა, ვიტალი დარასელია და დავით მუჯირი

…იმ დროის საბჭოთა ფორვარდებიდან საუკეთესო, ნომერ პირველი ოლეგ ბლოხინი იყო, ამას წყალი არ გაუვა! შედეგები ხომ ყველაფერზე მეტყველებს – კაცმა ევროპის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მოიგო! ეგეც არ იყოს, ლამის 16-17 წელი ითამაშა უმაღლეს დონეზე.

…საბჭოთა კავშირის ნაკრებში ერთადერთხელ ვითამაშე, მაგრამ როგორ შეხვედრაში – დიეგო მარადონას არგენტინის წინააღმდეგ! იმ შეხვედრაში ბოლო 8 წუთი ჩავერთე – ლეონიდ ბურიაკი შევცვალე… მატჩის წინ, როცა დიეგო მინდორზე გამოჩნდა, ასე მეგონა სიზმარში ვიყავი – სტადიონმა ზანზარი დაიწყო! მას სულაქველიძე მეურვეობდა და ერთ მომენტში თენგიზმა წააქცია. უნდა გენახათ რა ამბავი ატყდა – ტრიბუნების მსგავსი რეაქცია არც მანამდე მინახავს და არც მას შემდეგ. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ჩვენგან გოლი, თუ სწორად მახსოვს, ხორენ ოგანესიანმა გაიტანა.

…არგენტინაში დაგეგმილი მეორე შეხვედრის წინ თავი შეუძლოდ ვიგრძენი და ვალერი ლობანოვსკის დასვენება ვთხოვე. ეს იყო და ეს – გუნდში ადგილი დავკარგე, არადა, იმ ტკივილებისთვის რომ გამეძლო, ეგებ, მსოფლიო ჩემპიონატზეც მეთამაშა – ესპანეთამდე ხომ რამდენიმე თვე რჩებოდა! ვერ ვიტყვი, რომ ქართველობის გამო დამჩაგრეს, უფრო ჩემი ბრალია ასეთი შანსი ხელიდან რომ გავუშვი. მეტი უნდა მომენდომებინა.

…მიუხედავად იმისა, რომ 1982-ის გაზაფხულზე ლიეჟის სტანდარდთან თასების თასის ნახევარფინალში ორივე შეხვედრაში დავმარცხდით, ვთვლი, რომ ბელგიელებთან გამარჯვება შეგვეძლო. მათი ტაქტიკა, რაც თამაშგარე მდგომარეობის ხელოვნურად შექმნას ეფუძნებოდა, მოულოდნელი აღმოჩნდა – ვერაფერი დავუპირისპირეთ. ფინალის საგზური ტაქტიკური მოუმზადებლობის გამო დავკარგეთ, არადა, მანამდე დაუმარცხებლები ვიყავით.

…სექტემბერში უეფას თასზე ნაპოლის გადავეყარეთ. ძლიერი კლუბი იყო, სადაც რამონ დიასი და რუუდ კროლი ბრწყინავდნენ. თბილისში 2:1 მოვიგეთ და სწორედ იმ შეხვედრაში გავიტანე ჩემი პირველი და უკანასკნელი ოფიციალური გოლი – უმცროსი მიხეილ მესხი ფლანგზე გაიჭრა, საჯარიმოში ჩააწოდა, მე შეტევაში ვიყავი ჩართული, ვიაქტიურე და გოლიც შევაგდე! მანამდე დინამოს მაისურით მხოლოდ ერთი ბურთი მქონდა შეგდებული, ისიც ამხანაგურ შეხვედრაში, ესპანეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე – 1977 წელს ბელგიის ბევერენ ვაარასის კარი დავლაშქრე… ნაპოლი უნდა გაგვევლო, მაგრამ რად გინდა? ნეაპოლში მსაჯმა ალექსანდრე ჩივაძის ისეთი გოლი გააუქმა, მივხვდით, რომ უშანსოდ ვიყავით.

…დინამოდან 1982 წლის ბოლოს წავედი. არადა მხოლოდ 29 წლის ვიყავი, თანაც ზედიზედ მეორედ დამასახელეს ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის. რატომ წავედი? მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ფეხბურთს პირველი ადგილი აღარ ეკავა. დამთავრდა თუ არა ჩემპიონატი, გუნდის პირველივე კრებაზე გამოვაცხადე გადაწყვეტილება. ახალკაცს არაფერი უთქვამს, ჩუმად იჯდა. სამაგიეროდ სპორტკომიტეტის მაღალჩინოსნებმა გამოიდეს თავი: შენი გამოცდილება კლუბს ძალიან სჭირდება, დარჩი, ყველა პრობლემას მოგიგვარებთო, მაგრამ გადაწყვეტილება აღარ შევცვალე.

…დინამოს მერე ქუთაისის ტორპედო იყო, თუმცა იქ მხოლოდ 6-ჯერ ვითამაშე და კარიერაც დავასრულე. ოჯახთან ყოფნა მინდოდა, ბავშვები მენატრებოდა, ფეხბურთელობისას კი თვეების მანძილზე შეკრებას გავდიოდით და… მაგალითად, იაკუშინს ძალიან უყვარდა ზღვა და ლამის სამი თვით მივყავდით შეკრებაზე.

…1986 წლიდან კახი ასათიანის თანაშემწე ვიყავი დინამოში, მოგვიანებით კი ნორჩ დინამოელში ბავშვებს ვავარჯიშებდი. სხვათა შორის, ჩემი უფროსი ვაჟი გიორგიც ამავე სკოლაში მუშაობდა.

…ერთხელ მითხრეს, არ გეწყინოს, მაგრამ ზურა უკეთესი ფეხბურთელიაო. მეწყინა კი არა, ძალიან გამიხარდა. შვილის წარმატება რომელ მამას ეწყინება?

…როგორც ფეხბურთზე შეყვარებული ყველა ბავშვი, ზურაც ბურთით იძინებდა და იღვიძებდა. მიხარია, რომ თამაშის სიყვარული ბავშვობიდან მოსდევს. ალბათ, ამის დამსახურებაა, რომ მალე ჩამოყალიბდა კარგ მოთამაშედ – 18 წლის იყო, როცა იოჰან ბოსკამპმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიიწვია.

…მალე ზურა ლონდონის არსენალში გაემგზავრა სინჯებზე. მოეწონათ, არსენ ვენგერის ინიციატივით, კლუბი კონტრაქტის გაფორმებასაც აპირებდა, მაგრამ… არ მინდა იმ ამბების გახსენება… საბედნიეროდ, ზურა მალევე გადავიდა შოტლანდიურ დანდიში – იქ მას უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა, ეს კი მთავარი იყო.

…ძალიან ამაყი ვიყავი, როცა ზურა საქართველოს ნაკრების კაპიტანი გახდა!

…ზურას მის თამაშზე თითქმის ყოველთვის ვესაუბრები მატჩის წინ თუ მატჩის შემდეგ. სხვა რა ვთქვა? ვფიქრობ, რომ მე და ჩემი შვილი მეგობრები ვართ. ყოველ შემთხვევაში, ზურას ისე ვუყურებ, როგორც მეგობარს.

დინამო

დინამოელები სტუმრად ტელევიზიაში: ვლადიმერ გუცაევი, ვიტალი დარასელია, ალექსანდრე ჩივაძე, ნოდარ ხიზანიშვილი, ვახტანგ ქორიძე, ფირუზ კანთელაძე

ნოდარ ხიზანიშვილი
დაიბადა 1953 წლის 13 იანვარს ბათუმში
1972-73 წლებში ბათუმის დინამოს, 1974-82 წლებში თბილისის დინამოს, 1983 წელს ქუთაისის ტორპედოს მცველი
ტიტულები: სსრკ ჩემპიონი – 1978; სსრკ ვიცე-ჩემპიონი – 1977; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1976 (გაზაფხული), 1976 (შემოდგომა), 1981; სსრკ თასი – 1976, 1979; უეფას თასების მფლობელთა თასი – 1981; სსრკ ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში 2-ჯერ მოხვდა: #3 – 1981, 1982; სპორტის დამსახურებული ოსტატი – 1981; სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო) – 2011; ღირსების ორდენი
სსრკ-ს ნაკრებში: 1 მატჩი (1982)

*-სხვადასხვა დროს იყო თბილისის ლოკომოტივის, სამტრედიის და ბოლნისის სიონის მთავარი მწვრთნელი.

*-1993 წელს იყო საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

*-მისი შვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, თბილისის დინამო და საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების ღირსებას იცავდა, ასევე თამაშობდა შოტლანდიის პრემიერლიგის ფლაგმან გლაზგო რეინჯერსში, დანდიში, ინგლისის პრემიერლიგის ბრექბერნ როვერსში და სხვა კლუბებში.

ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში“; 2020)
ფოტო: www.sport.gov.ge

ka_GEGeorgian