კარიერა ფრაზებში #20: ჯემალ ცერცვაძე

თბილისის სპორტის სასახლე 1961 წელს ხელბურთელთა საერთაშორისო მატჩით გაიხსნა: ქართველებმა უნგრეთის ნაკრებს უმასპინძლეს და 17:15 მოიგეს. მეორე დღეს, კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩზე, სასახლეში გულშემატკივართა ტევა არ იყო – ბურევესნიკმა 14:13 გაიმარჯვა.
ეს იყო ერთ-ერთი პირველი დასამახსოვრებელი მატჩები ქართული ხელბურთის ისტორიაში. იმ შეხვედრებში ჯემალ ცერცვაძეც მონაწილეობდა, არამარტო ქართული ხელბურთის, ზოგადად, ჩვენი სპორტის ლეგენდა.
ტიტულები იქით იყოს, მის სიდიადეზე ერთი მეტსახელი ყველაზე ნათლად მეტყველებს: ხელბურთის პელე.
ლეგენდარული მოთამაშის კარიერას ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული ინტერვიუებით გავიხსენებთ.

…რკინიგზის I სკოლა დავამთავრე. კალათბურთს კარგად ვთამაშობდი, სკოლის ნაკრებშიც ვირიცხებოდი… 1955-57 წლებში ზედიზედ მოვიგეთ საკავშირო ჩემპიონატი და რკინიგზელთა სკოლების საკავშირო ნაკრებში მოვხვდი, მალე კი დინამოში მიმიწვიეს სინჯებზე. კალათბურთამდე მძლეოსნობაში ვვარჯიშობდი, ზახალიანი იყო ჩვენი მწვრთნელი.

…ერთხელ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ვვარჯიშობდი. ჩვენს გვერდით ხელბურთელებიც ემზადებოდნენ. იმ დროს ისინი 11X11-ზე თამაშობდნენ, სპორტის ეს სახეობა ახალი შემოსული იყო ჩვენში. ჩემი მეგობარი საშა ოდიშვილი შემიჩნდა: წამოდი, ნახე, რა იცი რა ხდება, იქნებ მოგეწონოსო… კალათბურთის ბურთს ცალ ხელში ადვილად ვიჭერდი და ხომ წარმოგიდგენიათ, ხელბურთის პატარა ბურთს როგორ გავუმკლავდებოდი?! როგორც ჩანს, კარგად ვითამაშე, რადგან გუნდში ამიყვანეს. ჩვენმა მწვრთნელმა გიორგი შარაშიძემ წლების მერე მითხრა, პირველივე ვარჯიშზე მივხვდი, რომ ხელბურთისთვის იყავი გაჩენილიო.

…მალე მათთან ერთად საკავშირო პირველობაზე წავედი ლენინგრადში – იქ 8 უძლიერეს სახელბურთო ქალაქთა პირველობა ტარდებოდა. ისე გავემგზავრე, კალათბურთში ჩემი მწვრთნელისთვის, გიორგი ავალიშვილისთვის არაფერი მითქვამს. ეტყობა ეს იყო ჩემი ბედი – ასე დავრჩი ხელბურთში. ეს ამბავი 1958 წელს მოხდა.

…ლენინგრადში საუკეთესო ბომბარდირი გავხდი – 64 გოლი გავიტანე! ამის შემდეგ საკავშირო ნაკრების კანდიდატთა შორის აღმოვჩნდი და 1959 წლის სექტემბერში პირველ ოფიციალურ შეხვედრაშიც მივიღე მონაწილეობა – კიევში, ნიკიტა ხრუშჩოვის სახელობის სტადიონზე პოლონელებს დიდი ხელბურთი ვეთამაშეთ – 11X11-ზე. მოგვიანებით წესები შეიცვალა და 7X7-ზე დავიწყეთ თამაში.

…1962 წელს საკავშირო ჩემპიონატის ფინალური ტურნირი ლიეტუვაში, კაუნასში ჩატარდა. უკანასკნელი ტურის წინ ჩვენი ბურევესნიკი I ადგილზე იყო, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მასპინძლებთან, კაუნასის ატლეტასთან დავმარცხდებოდით, ოქროს მედლებს მასპინძლები მოიგებდნენ. ხომ წარმოგიდგენიათ რა სიტუაცია იქნებოდა?! თამაში საღამოს გაიმართა, დარბაზის კუთხეში კი მძლავრი პროჟექტორი დადგეს, რომელიც დაძაბულ მომენტებში პირდაპირ თვალებში ანათებდა ჩვენს მეკარე ჯემალ აბაიშვილს. ატლეტასმა 2 თუ 3 გოლი სწორედ ამ ხრიკის წყალობით გაგვიტანა, მაგრამ არ გავტყდით, გავძელით და შეხვედრა ფრედ 17:17 დავასრულეთ. ასე მოვიგეთ ჩემპიონის ტიტული! იმ გამარჯვებისთვის რესპუბლიკის სპორტკომიტეტმა პრემიის სახით 500-500 მანეთი გამოგვიწერა, მაგრამ ლამის ნახევარი დაგვიქვითეს.

…1963 წელს საბჭთა კავშირის ჩემპიონატში მესამე ადგილი დავიკავეთ, მაგრამ 1964 წელს ისევ პირველზე გავედით. მერეც რამდენჯერმე გავხდით პრიზიორები, მაგრამ სიმართლე თუ გაინტერესებთ, ოქროს მედლები კიდევ არაერთხელ უნდა მოგვეგო – ძალიან ძლიერები ვიყავით, თუმცა მოსკოვში „გონს მოეგნენ“ და ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს, მაშინ ხომ ყველაფერში რუსები უნდა ყოფილიყვნენ ჩემპიონები! მაგალითად, 1965 წელს, მოსკოვის კუნცევოსთან მატჩში მსაჯმა, რომ იტყვიან, მარტომ მოგვიგო! შეხვედრის დასრულებამდე 50 წამით ადრე 2 სუფთა პენალტი არ მოგვცა, არც კუთხური და წავაგეთ – მეორე ადგილზე გავედით.

…1964-65 წლების სეზონში ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ჩავებით. ამ ტურნირზე პირველად 1962-63 წლების სეზონში ვიასპარეზეთ, მაგრამ ხელი მოგვეცარა. მოკლედ, გამოცდილებამიღებულებმა უკეთ ვითამაშეთ და 1/4-ფინალში გავედით, იქ კი მეტოქედ იუგოსლავიის მედვეშჩაკი გვერგო. აბა ის იყო თამაშები თუ იყო, იმ ამბებს რა დამავიწყებს! პირველი შეხვედრა ზაგრებში 8 ბურთით წავაგეთ, თბილისში კი 20 წამით ადრე 9 ბურთით ვიგებდით, თან, ჩვენ მიგვყავდა თამაში. ერთ მომენტში თამაზ ანთაძემ ჩვენს ახალწვეულს, კლიმოვს მიაწოდა ბურთი, მან კი დაარტყა, არადა, ბურთი რომ გაეთამაშებინა, მოვიგებდით! მოკლედ, ვერ გაიტანა, იუგოსლავიელთა მეკარემ კი კონტრშეტევა დაიწყო, რომელიც გოლით დასრულდა. მაშინ დამატებითი დრო არ ინიშნებოდა, კენჭისყრით კი 1/2 -ფინალში მედვეშჩაკი გავიდა. ეს ტრაგედია იყო… ჩვენ ნაღდად შეგვეძლო ჩემპიონთა თასის მოგება.

თბილისის ბურევესნიკი

თბილისის ბურევესნიკის შემადგენლობაში ჯემალ ცერცვაძემ ორჯერ მოიგო საკავშირო პირველობა

…1964 წელს სსრკ ნაკრებმა შესარჩევ მატჩში ფინეთს მოუგო და ჩვენ პირველად გავედით მსოფლიო ჩემპიონატზე! იმ გუნდში კიდევ ორი ქართველი იყო – ჯემალ აბაიშვილი და ლერი კარტოზია. მართლა კარგად ვითამაშე, ტურნირის დასრულების შემდეგ კი სიმბოლურ გუნდში მოვხვდი! ზუსტად არ მახსოვს რამდენი გოლი გავიტანე, მაგრამ ბომბარდირთა შორის რომ ვიყავი, ამას წყალი არ გაუვა. თუ არ ვცდები, გოლეადორთა შორის ჩემთან ერთად იყვნენ რუმინელი მოზერი, შვედი ალმკვისტი და იუგოსლავიელი მილკოვიჩი.

…1967 წელს, მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი გუნდი უფრო ძლიერი იყო. ჯგუფიდან რუმინელებთან ერთად გავედით და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ღონიერ ნაკრებს ვძლიეთ, ნახევარფინალში კი დანიელებს ვხვდებოდით, რომლებიც ნაღდად არ იყვნენ ჩვენზე ძლიერები. მაშინ ნაკრებში 4 ქართველი ვიყავით: მე, აბაიშვილი, იმედო ფხაკაძე და ანზორ ექსეულიძე. მიუხედავად იმისა, რომ აბაიშვილმა გერმანელების წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშა, მწვრთნელებმა ძირითად მეკარედ მაინც ცაპენკო დააყენეს. 7:2-ს რომ ვიგებდით, ცაპენკომ ზედიზედ გაუშვა უაზრო ბურთები, მერე პენალტი მოვინადირე, უნდა დამერტყა, მაგრამ მწვრთნელების გადაწყვეტილებით, იური კლიმოვმა დაარტყა – ძელს გაარტყა ბურთი! მოკლედ, გუნდი აგვერია. როცა ჯემალი შემოიყვანეს, უკვე ვაგებდით და საბოლოოდ 12:17 დავმარცხდით. დათრგუნულები ვიყავით და ვერც მესამე ადგილისთვის გამართული მატჩი მოვიგეთ – რუმინელებმა გვაჯობეს.

…1970 წელს კიდევ ერთხელ ვითამაშე მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა ის ტურნირი ტკბილად მაგონდება-მეთქი, ნამდვილად ვერ ვიტყვი. საქმე ისაა, რომ იმ დროს გუნდის მთავარი მწვრთნელი ანატოლი ევტუშენკო იყო, ძალიან უსამართლო კაცი, არ შემეშინდება თუ ვიტყვი – ნამდვილი არაადამიანი! ვერ გვიტანდა ქართველებს, თუმცა იმდენს მაინც ვერ ბედავდა, ნაკრებში არ მივეწვიე. ყველანაირად ცდილობდა ჩვენთვის ევნო. მახსოვს, ავად ვიყავი, ფორმის აღსადგენად ერთი კვირა მაინც უნდა მევარჯიშა, მან კი საწვრთნელ შეხვედრაში მონაწილეობა მომთხოვა: პირველი და მეორე გუნდების მატჩს ფედერაციის ხელმძღვანელებიც უნდა დასწრებოდნენ. მეორე გუნდში „ჩამსვა“, პირველისთვის მზად არ ხარო! ვერ გამაჩერეს: ორივე ტაიმში ათამდე გოლი გავიტანე, ყველას დავუმტკიცე, რომ ევტუშენკოს დასაწუნი არ ვიყავი. მიუხედავად ამისა, მერეც უნამუსოდ იქცეოდა. ამიტომაც არასდროს ვაფასებდი მას.

…მიმაჩნია, რომ 1964-65 წლებში თბილისის ბურევესნიკი დამოუკიდებელ ნაკრებად რომ გავსულიყავით საერთაშორისო ასპარეზზე, დიდ წარმატებას მივაღწევდით. იმ დროს ბურევესნიკი ხშირად ატარებდა საერთაშორისო შეხვედრებს და დიდი წარმატებითაც, მარტო ის რად კმარა, რომ მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი რუმინელებიც დაგვიმარცხებია!

…მიწვევები? კი, იყო ასეთი ამბებიც, განსაკუთრებით ფრანგები და შვედები აქტიურობდნენ. ერთხელ საფრანგეთში ვიყავით, თუ არ ვცდები, ნიმის გუნდის მესვეურები შემხვდნენ, ხელშეკრულებაზეც მესაუბრნენ, ეგ კი არა, სახლი მანახეს, სადაც უნდა მეცხოვრა. იმ ამბიდან არაფერი გამოვიდა – საბჭოთა სპორტსმენს უცხოეთში ვინ გაუშვებდა?! ეგეც არ იყოს, თბილისიდან წასვლა ნაღდად არ მინდოდა – აქ ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, ხალხის სიყვარული ყოველ ფეხის ნაბიჯზე მხვდებოდა, ამის დაუფასებლობა კი ჩემი მხრიდან დიდი უმადურობა იქნებოდა.

…ხელბურთში ეშმაკობა აუცილებელია, ამის გარეშე არაფერი გამოვა, თუმცა რომელ სახეობაში არაა ასე?! პატარ-პატარა ეშმაკობებს ვგულისხმობ, რაიმეს გაყალბებას კი არა. ორ მაგალითს გავიხსენებ: მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტის გუნდში ვიაჩესლავ ზოტოვი თამაშობდა, მუდმივად მე მმეურვეობდა. დროდადრო, შეტევისას, უცბად ვეტყოდი გამარჯობა-მეთქი და ხელს ვუწვდიდი. ისიც იბნეოდა, ხელს მართმევდა და მეც ვიჭერდი. ხშირად ვუმეორებდი, მაგრამ რა ვიცი რა სჭირდა, სულ იბნეოდა. რუმინეთის ნაკრებში იყო კიდევ ერთი, კოსტაკე ორს ეძახდნენ… გაქცევისას კეტს ტერფზე ვადგამდი და ერთი-ორი მეტრით უკან მრჩებოდა. დიდხანს ვერ მიხვდა რაში იყო საქმე, მაგრამ მეც ეს არ მინდოდა?!

…სპორტის სასახლეში, როცა წინ გავიჭრებოდით ხოლმე, გულშემატკივრები მეძახდნენ: ჯემალ ცირკი, ჯემალ ცირკიო! მეც ისეთ რამეს ვაკეთებდი, ხალხს რომ ესიამოვნებოდა. ერთხელ შვედებს ვეთამაშებოდით, ერთი მოთამაშე წამით არ მშორდებოდა. ძალიან დამღალა და მომაბეზრა თავი, ავდექი და რამდენჯერმე ჩავიარე კარს უკან. ისიც ადგა და გამომყვა. შვედი მწვრთნელები მიხვდნენ, რომ ცუდად იყო იმის საქმე და გამოცვალეს, ქომაგები კი გულიანად ხარხარებდნენ.

…წლების წინ ვენაში ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესს დავესწარი. პრეზიდენტმა ჰასან მუსტაფამ ცოტა დააგვიანა და მის არყოფნაში ფოიეში კოლეგებს ვესაუბრებოდი. უცბად ვიღაცამ ხელი მომხვია და ამიტაცა. შემოვტრიალდი და მუსტაფა არაა?! გულთბილად ვისაუბრეთ, მითხრა, ჩემი საყვარელი ხელბურთელი ბრძანდებით, თქვენი თამაშების ცქერაში გავიზარდეო… გულისხმიერების ნიშნად მოგვიანებით ძვირფასი ინვენტარი გამოგვიგზავნა.

…ჩვენს შემდეგ, 60-იან და 70-იან წლების დასაწყისს ვგულისხმობ, ქართული ხელბურთი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. კი, კარგი გუნდი იყოს ანპილოგოვის დროს, ჩემპიონატის პრიზიორებიც გახდნენ, მაგრამ 60-იანი წლებისას მაინც ვერ შეედრებოდა. 80-90-იანი წლების ქართულ ხელბურთზე კი, აბა რა ვთქვა? ძალიან დაეცა დონე. მიზეზი? უფულობა – არავის სურდა ამ სახეობისთვის ყურადღების მიქცევა და შედეგიც შესაბამისი იყო. ჩემი სახსრებით კი ვცადე რაღაც-რაღაცები, ჩემი სპორტსკოლის აღზრდილმა ბიჭებმა საკავშირო ჩემპიონატიც მოიგეს, მაგრამ როდემდე გავწვდებოდი მარტო კაცი ამ ამბებს?

ჯემალ ცერცვაძე
დაიბადა 1939 წლის 7 მაისს თბილისში. გარდაიცვალა 2019 წლის 27 იანვარს თბილისში
1958-75 წლებში თბილისის ბურევესნიკის თავდამსხმელი
ტიტულები: სსრკ ჩემპიონი – 1962, 1964; სსრკ ვიცე-ჩემპიონი – 1965, 1966, 1967; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1963; სსრკ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი – 1962, 1963, 1964, 1965, 1966, 1967, 1968, 1969, 1970, 1971; მსოფლიო ფესტივალის ჩემპიონი – 1968; მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ტექნიკური ხელბურთელი – 1964, 1967; სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო) – 2014
სსრკ ნაკრებში: 78 მატჩი, 276 გოლი (1958-70)

ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში“; 2019)
ფოტო: www.sport.gov.ge

ka_GEGeorgian