ლონდონი 2012: 8 აგვისტო

წინა დღიურებში რამდენჯერმე ვთქვი, საქართველოსთვის ეს ოლიმპიადა დიდად წარმატებული ვერაა-მეთქი. ახლაც იმავეს გავიმეორებ: არ ვიცი რას ფიქრობენ ჩვენი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და ქართული სპორტის მესვეურები, მაგრამ განვლილ დღეებში მეტს ველოდი.

მიუხედავად იმისა, რომ უკმაყოფილო ვარ, ფაქტს, მით უმეტეს სასიამოვნოს, ვერაფრით უარვყოფ: საქართველოს გუნდმა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის მანძილზე (1996 წლიდან) პირველად მოიპოვა ერთ თამაშებზე ყველა სინჯის მედალი!

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ ცხადაიას გუშინდელმა მესამე ადგილმა 66კგ წონით კატეგორიაში ჩვენ გუნდს მესამე მედალი, თუმცა პირველი ბრინჯაო მოუტანა და „კოლექციაც“ შეივსო. შეგახსენებთ, რომ მანამდე ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ოქროთი, „კლასიკოსმა“ რევაზ ლაშხმა კი ვერცხლით გაგვახარა.

1996 წელს ატლანტაში ჩვენმა სპორტსმენებმა ორი ბრინჯაო მოიგეს. 4 წლის შემდეგ, სიდნეიში საქართველოს წარგზავნილები 6-ჯერ გავიდნენ მესამეზე. 2004 წელს, ათენში ძიუდოისტ ზურაბ ზვიადაურის ისტორიული ოლიმპიური ოქრო ვიზეიმეთ, საბოლოოდ კი 2 ოქროთი და ამდენივე ვერცხლით გავიხარეთ, პეკინის 2008 წლის თამაშებიდან კი გუნდი 3-3 ოქროთი და ბრინჯაოთი დაბრუნდა.

ცხადაია, ვინც მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონია და დიდი საერთაშორისო ტურნირებიდან უმედლოდ თითქმის არ ბრუნდება, ამ წონის ერთ-ერთი ფავორიტი იყო. პირველ ორ მეტოქესთან ლამაზად გამარჯვების შემდეგ მას ნახევარფინალის მოგებაც შეეძლო, მაგრამ უნგრელ ლორინცთან წააგო, აი მესამე ადგილი კი გერმანელ შტაებლერს არ დაუთმო.

ჭიდაობის დასრულებიდან რამდენიმე საათში ბრინჯაოსმედალოსანმა ნახევარფინალში მარცხზე თქვა, ზედმეტად მოვინდომე და ამიტომ დავისაჯეო. ეს მანუჩარის ბოლო ჭიდაობა იყო 66კში. ძალიან ბევრის დაკლება უწევდა და სწორედ ეს იყო ფინალს მიღმა მისი დარჩენის ერთ-ერთი და ალბათ, მთავარი მიზეზიც“, – განაცხადა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ.

მისმა გუნდმა ექსელის საჭიდაო დარბაზში ასპარეზობა ვერცხლით და ბრინჯაოთი დაასრულა. ბეგი დარჩიას ნაკრები წარმატებული კია, თუმცა ძალიან მინდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს თავისუფალთა გუნდმა აჯობოს.

საქართველოს გუნდს გუშინვე კიდევ ერთი მედლის მოგება შეეძლო, მაგრამ ძალოსანი ირაკლი თურმანიძის დაძლეული 433კგ ორჭიდში პრიზიორთა შორის მოსახვედრად საკმარისი არ აღმოჩნდა.

მძიმეწონოსანმა თურმანიძემ ატაცში სამივე ცდა გამოიყენა და 201კგ-თი პირადი რეკორდი დაამყარა. მან აკვრაშიც გააუმჯობესა საკუთარი მიღწევა – 232-ს მოერია, მაგრამ… ლონდონის ოლიმპიადის ოქროს მედალი ძალოსნობის ირანელმა ლეგენდამ ბეჰდად სალიმიკორდასიაბმა 455 კგ-თი მოიგო. როცა პირველადგილოსანი ასეთი უპირატესობით იგებს, იქ V ადგილიც არ ჩაითვლება ურიგო შედეგად.
გუშინვე კიდევ ორმა ქართველმა იასპარეზა, ორივე მძლეოსანმა, მაგრამ პირველი ეტაპი ვერცერთმა დაძლია. დილით დავით ილარიანი გავიდა ოლიმპიურ სტადიონზე 110 მეტრზე თარჯრბენში, საღამოს კი სიგრძეზე მხტომელი მაია გოგოლაძე. ილარიანმა, რომელმაც მესამედ იასპარეზა ოლიმპიურ თამაშებზე, პირადი რეკორდი კი გააუმჯობესა, მაგრამ გარბენში ბოლო იყო. რაც შეეხება გოგოლაძეს, სამიდან ერთი ცდაც ვერ გამოიყენა და ვერც შედეგი დააფიქსირა.

დღევანდელი საშეჯიბრო დღე ლონდონში ქართველების გარეშე ჩაივლის, მაგრამ საინტერესო ასპარეზობები, ცხადია, თავზესაყრელად იქნება. ისევე, როგორც გუშინ იყო. მაგალითად ველოდრომზე.

შოტლანდიელმა კრის ჰოიმ, რომელსაც დედოფლის წყალობის შემდეგ ბრიტანელები უკვე სერ ჰოიდ მოიხსენიებენ, სატრეკო ველორბოლის ერთ-ერთი საინტერესო სახეობა კეირინი მოიგო და მეექვსედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი! 36 წლის ჰოი ყველა დროის ყველაზე ტიტულიანი ბრიტანელი ოლიმპიონიკია!

ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ მომდევნო 2-3 თვე ველოსიპედს არ გავეკარები, მთელ დროს ოჯახთან გავატარებ. როცა 36 წლის ხარ, ძალიან ძნელია სპორტში რაიმეს დაგეგმვა“, – განაცხადა ჩემპიონმა.

კრის ჰოის ტრიუმფს კიდევ ერთი ლეგენდარული ბრიტანელი სპორტსმენი, თამაშების გახსნის ცერემონიალზე ოლიმპიური ჩირაღდნის მიმტანი სერ სტივ რედგრეივიც დაესწრო. ნიჩბოსნობაში ზედიზედ 5 ოლიმპიადის მომგებმა(!) რედგრეივმა პირველმა მიულოცა გამარჯვება ველომრბოლს. ჰოიმ სწორედ მისი რეკორდი – 5 ოლიმპიური ოქრო – გააუმჯობესა.

შოტლანდიელი ველომრბოლისგან განსხვავებით, ჯერ ოლიმპიადა არ მოუგია ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებს. სელესაომ 5-ჯერ აღმართა ფიფას ოქროს თასი, არაერთხელ იმარჯვა კონტინენტის პირველობაზე, ასაკობრივ ტურნირებზე არაფერს ვამბობ – პატარა ბრაზილიელი ბიჭები არავის ინდობენ, მაგრამ ოლიმპიადა მათთვის ჯერაც საოცნებო მწვერვალია. 1984 წელს ბრაზილია საფრანგეთთან დამარცხდა ფინალში. 1988 წელს იმ საბჭოთა კავშირთან, სადაც გელა კეტაშვილიც თამაშობდა. 2008 წელს ლეო მესის არგენტინასთან.

ბრაზილია კვლავ ფინალშია. მეტოქე მექსიკაა, ძველი ნაცნობი. სელესაოს დამრიგებელმა მანო მენეზესმა, ვინც ლონდონში ჩასვლამდე ამბობდა, რომ მისი ბიჭები ოქროს მოიგებდნენ, თქვა: მეტოქეს კარგად ვიცნობთ, მაგრამ უეჭველი დავამარცხებთ, რადგან ჩემთან ნამდვილი ჩემპიონები თამაშობენ, რომლებიც ოლიმპიადას კი არა, ორ წელიწადში ფიფას თასსაც აღმართავენო.

გეცოდინებათ: 2014-ში უდიდეს საფეხბურთო ტურნირს ბრაზილია უმასპინძლებს. კიდევ ორ წელიწადში, 2016-ში კი რიო დე ჟანეიროში ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები გაიმართება.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ გუშინ თქვა, შესაძლოა რიოს ოლიმპიადას, თამაშების ისტორიაში პირველად, 5 მილიარდზე მეტი ტელემაყურებელი ჰყავდესო. ოლიმპიური თამაშების სამაუწყებლო სააგენტოზე დაყრდნობით, სოკ-მა ლონდონის მონაცემები შეაჯამა და დაადგინა, რომ თამაშების დასრულებამდე XXX ოლიმპიადის ტელეაუდიტორია პეკინის რეკორდს – 4,5 მილიარდს გადააჭარბებს და 4,8-მდე გაიზრდება.

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ როცა იცი, რომ მხოლოდ 100 მეტრზე ვაჟთა ფინალურ გარბენს, იამაიკელი უსეინ ბოლტის ტრიუმფს მთელ მსოფლიოში 20 მილიონზე მეტმა უყურა პირდაპირ ეთერში, აღარაფერი გიკვრის.

 

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 8 აგვისტო)
ფოტო:
თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – olympic.org/london-2012

მედალოსნები: 7 აგვისტო
აფროსნობა
ვაჟები – RS:X (ვინდსერფინგი)
1.დორიან ვან რიისელბერგე (ნიდერლანდები)
2.ნიკ დემპსი (დიდი ბრიტანეთი)
3.პრჟემისლავ მიარჩინსკი (პოლონეთი)
გოგონები – RS:X (ვინდსერფინგი)
1.მარინა ალაბაუ (ესპანეთი)
2.ტუული პეტაია (ფინეთი)
3.ზოფია კლეპაცკა (პოლონეთი)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
66კგ
1.კიმ ჰეონ-ვუ (სამხრეთი კორეა)
2.ტამაშ ლორინცი (უნგრეთი)
3.მანუჩარ ცხადაია (საქართველო) და სტივ გუენო (საფრანგეთი)
*-მანუჩარ ცხადაია
1/8 – პასკალ შტრებელი (შვეიცარია) – 2:0, 5:1
1/4 – აშრაფ ელ-ღარაბლი (ეგვიპტე) – 5:0, 1:0
1/2 – ტამაშ ლორინცი (უნგრეთი) – 3:0, 4:0
III – ფრანკ შტაბლერი (გერმანია) – 1:0, 2:1
96კგ
1.ღასემ რეზაეი (ირანი)
2.რუსტამ ტოტროვი (რუსეთი)
3.არტურ ალექსანიანი (სომხეთი) და ჯიმი ლიდბერგი (შვედეთი)
*-სოსო ჯაბიძე
1/8 – ელის გური (ბულგარეთი) – 0:2, 1:0, 0:1

ველოსპორტი
ვაჟები – კეირინი
1.კრის ჰოი (დიდი ბრიტანეთი)
2.მაქსიმილიან ლევი (გერმანია)
3.საიმონ ვან ველტჰუვენი (ახალი ზელანდია) და ტეუნ მულდერი (ნიდერლანდები)
გოგონები – სპრინტი
1.ანა მეარესი (ავსტრალია)
2.ვიქტორია პენდლტონი (დიდი ბრიტანეთი)
3.გუო შუანი (ჩინეთი)
გოგონები – ომნიუმი (ექვსჭიდი)
1.ლაურა ტროტი (დიდი ბრიტანეთი) – 18 ქულა
2.სარა ჰამერი (აშშ) – 19 ქულა
3.ანეტ ედმონდსონი (ავსტრალია) – 24 ქულა

მაგიდის ჩოგბურთი
გოგონები – გუნდური
1.ჩინეთი (დინ ნინი, ლი შიაოშია, გუო იუე)
2.იაპონია (აი ფუკუჰარა, საიაკა ჰირანო, კასუმი იშიკავა)
3.სინგაპური (ლი იავეი, ფენგ ტიანვეი, ვანგ იუეგუ)

მძლეოსნობა
ვაჟები – 1 500მ
1.ტაუფიკ მახლუფი (ალჟირი) – 3:34.08წთ
2.ლეონელ მანსანო (აშშ) – 3:34.79წთ
3.აბდალაატი იგუიდერი (მაროკო) – 3:35.13წთ
ვაჟები – სიმაღლეზე ხტომა
1.ივან უხოვი (რუსეთი) დოპინგზე ჩავარდა. სოკ-ს ჩემპიონი აქამდე არ დაუსახელებია
2.ერიკ კინერდი (აშშ) – 2.33მ
3.მუტაზ ესა ბაშიმი (კატარი), დერეკ დრუინი (კანადა) და რობერტ გრებარცი (დიდი ბრიტანეთი) – 2.29მ
ვაჟები – ბადროს ტყორცნა
1.რობერტ ჰარტინგი (გერმანია) – 68.27მ
2.ეჰსან ჰადადი (ირანი) – 68.18მ
3.გერდ კანტერი (ესტონეთი) – 68.03მ
გოგონები – 100მ თარჯრბენი
1.სალი პირსონი (ავსტრალია) – 12.35წმ (ოლიმპიური რეკორდი)
2.დაუნ ჰარპერი (აშშ) – 12.37წმ
3.კელი უელსი (აშშ) – 12.48წმ

მხატვრული ცურვა
დუეტები
1.ნატალია იშჩენკო და სვეტლანა რომაშინა (რუსეთი) – 197.100 ქულა
2.ონა კარბონელი და ანდრეა ფუენტესი (ესპანეთი) – 192.900 ქულა
3.ჰუან შუეჩენი და ლიუ ოუ (ჩინეთი) – 192.870 ქულა

სპორტული ტანვარჯიში
ვაჟები – ორძელზე ვარჯიში
1.ფენ ჟე (ჩინეთი) – 15.966 ქულა
2.მარსელ ნგუენი (გერმანია) – 15.800 ქულა
3.ემილტონ საბო (საფრანგეთი) – 15.566 ქულა
ვაჟები – ღერძზე ვარჯიში
1.ეპკე ზონდერლენდი (ნიდერლანდები) – 16.533 ქულა
2.ფაბიან ჰამბუხენი (გერმანია) – 16.400 ქულა
3.ზუ კაი (ჩინეთი) – 16.366 ქულა
გოგონები – დვირზე ვარჯიში
1.დენ ლინლინი (ჩინეთი) – 15.600 ქულა
2.სუი ლუ (ჩინეთი) – 15.500 ქულა
3.ალექსანდრა რაისმანი (აშშ) – 15.066 ქულა
გოგონები – თავისუფალი ვარჯიში
1.ალექსანდრა რაისმანი (აშშ) – 15.600 ქულა
2.კატალინა პონორი (რუმინეთი) – 15.200 ქულა
3.ალია მუსტაფინა (რუსეთი) – 14.900 ქულა

ტრიათლონი
ვაჟები
1.ალისტერ ბრაუნლი (დიდი ბრიტანეთი) – 1:46.25სთ
2.ხავიერ გომესი (ესპანეთი) – 1:46.36სთ
3.ჯონათან ბრაუნლი (დიდი ბრიტანეთი) – 1:46.56სთ

ცხენოსნობა
გუნდური წვრთნა
1.დიდი ბრიტანეთი (კარლ ჰესტერი, ლაურა ბეხტოლშაიმერი, შარლოტ დუჟარდინი) – 79.979 ქულა
2.გერმანია (დოროთი შნაიდერი, კრისტინა შპრეჰე, ჰელენ ლანგეანენბერგი) – 78.216 ქულა
3.ნიდერლანდები (ანკი ვან გრუნსვენი, ედვარდ გალი, ადელინდე კორნელისენი) – 77.124

ძალოსნობა
ვაჟები – +105კგ
1.ბეჰდად სალიმი (ირანი) – 455კგ (208+247)
2.საჯად ანუშირავანი (ირანი) – 449კგ (204+245)
3.რუსლან ალბეგოვი (რუსეთი) – 448კგ (208+240)
*-ირაკლი თურმანიძე
433კგ (201+232) – მე-5 ადგილი

წყალში ხტომა
ვაჟები – ტრამპლინი (3მ)
1.ილია ზახაროვი (რუსეთი) – 555.90 ქულა
2.ქინ კაი (ჩინეთი) – 541.75 ქულა
3.ჰე ჩონი (ჩინეთი) – 524.15 ქულა

ka_GEGeorgian