მიუნხენში, BMW-ის მუზეუმში

მიუნხენში შეხვედრაზე მიშას სამი თვის წინ, მსოფლიო ჩემპიონატამდე შევუთანხმდი. ნიუ იორკიდან თბილისისკენ მიმავალს დაახლოებით ათი საათი მექნება და იქნებ ერთი-ორი კარგი და გემრიელი ადგილი ერთად ვნახოთ-მეთქი. მიშა ჩემი კლასელია, წლებია გერმანიაში ცხოვრობს და თბილისივით იცნობს ამ მშვენიერი ქვეყნის ულამაზეს ქალაქებს. პირველად ორი წლის წინ, ევროპის ჩემპიონატის დროს, ჰამბურგში გვიმასპინძლა მე და ჩემს მეგობარს, საქართველოს და ჩეხეთის ნაკრებთა მატჩის შემდეგ. ჰოდა, ზუსტად ვიცოდი რომ მიუნხენშიც იდეალურ მეგზურობას გამიწევდა.

BMW-ის მუზეუმის მონახულება თავად შემომთავაზა. რა თქმა უნდა დავთანხმდი. უცხოეთში, სადაც უნდა ვიყო, თუ კი სადმე ავტომუზეუმია ან გამოფენა, თუნდაც რამდენიმე საათიანი ფესტივალი, აუცილებლად მივდივარ და მიუნხენის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათის მონახულებაზე უარს როგორ ვიტყოდი?! ალიანც არენის დათვალიერების შემდეგ კვლავ მეტროს მივაშურეთ და მალე ოლიმპიურ პარკთან ამოვედით. გერმანული ავტოგიგანტის ცნობილი ოფისი, მუზეუმი და საგამოფენო დარბაზი BMW World სწორედ იქ მდებარეობს, მწვანეში ჩაფლული უდიდესი ბაღის და მრავლისმნახველი ოლიმპიური სტადიონის სიახლოვეს.

ბილეთი 17 ევრო ღირდა, მაგრამ მე არაფერი გადამიხდია. მოლარეს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მოწმობა ვუჩვენე, მანაც გამიღიმა და უფასო ბილეთი ამომიბეჭდა.

პირველივე სართულზე, ჩაუვლით თუ არა თვითმფრინავების ძრავებს, მოტოციკლეტების დიდი კოლექცია შეგხვდებათ. სხვადასხვა წლების მოდელებთან ერთადაა სპორტული ვერსიებიც, მათ შორის რალი რეიდებისთვის დამზადებული მოტოები. ერთ-ერთზე სამახსოვრო ფოტოს გადაღებაც შეიძლებოდა. მეც ორი-სამი წუთი მოვიცადე და იაპონელი გოგონების შემდეგ BMW „გავაქროლე“. სხვათა შორის, მუზეუმში სპეციალური პაბია მოტომოყვარულებისთვის, უფრო კონკრეტულად კი BMW-ს მფლობელებისთვის.

კიდევ ეს დამამახსოვრდა, პირველად სწორედ მოტოციკლეტების განყოფილებაში შევნიშნე და ამიტომ, აქვე დავწერ: „შეიყვარეთ, მაგრამ გთხოვთ, ნუ შეეხებით“ – თითქმის ყველა ნივთთან ასეთი ორიგინალური თხოვნა-გაფრთხილება იყო დამაგრებული.

ყველაზე დიდ დარბაზშია გამოფენილი BMW-ის მე-5 და მე-6 სერიების მოდელები. ჩემი დაკვირვებით მნახველების უმეტესობა სწორედ იქ ჩერდება. ყოველ შემთხვევაში, იმ დღეს ნამდვილად ასე იყო. ერთად თავმოყრილი ათამდე მშვენიერი მანქანა ნამდვილად ღირს იმად, რომ ცოტა ხანს შეისვენო და სანახაობით დატკბე.

გერმანულმა კომპანიამ წელს მოაწყო უახლესი, მე-7 სერიის სედანის პრეზენტაცია და უკვე ისიც გამოფენილია იმ დარბაზში, რომელიც მე-5 და მე-6 სერიების სცენას მოსდევს. როგორც ბუკლეტშია მითითებული, BMW 7 ეგრეთ წოდებული ახალი კლასის – Neue Klasse – ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, დიზაინი და ტექნიკური მახასიათებლები კი „მძღოლს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს, ხოლო მოგზაურობას დაუვიწყარს ხდის“. კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მე-7 სერიის უახლესი მოდელი BMW-ის „ახალი ფლაგმანი და ელჩია“.

ჩემი ფავორიტი აღმოჩნდა სპორტული ავტომობილების სექცია. BMW ათწლეულების განმავლობაში მონაწილეობს სხვადასხვა კლასის შეჯიბრებებში და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდიცაა, 1500-ზე მეტი რბოლა მოიგო რალით დაწყებული ფორმულა 1-ის დიდი პრიზებით დასრულებული. ყველაზე წარმატებულ სარბოლო მანქანებს, ასე ვთქვათ დიად ჩემპიონებს, მუზეუმის მესვეურებმა ერთ დარბაზში მოუყარეს თავი და უნდა ვაღიარო, რომ მათი ერთად ხილვა ძალიან ეფექტური იყო!

წლების წინ, როცა გერმანია ორად იყო გახლეჩილი, ეგრეთ წოდებულ ფედერაციულ რესპუბლიკაში დისლოცირებულ ამერიკის ჯარს როკენროლის მეფე ელვის პრესლი ესტუმრა. მისთვის საჩუქრად გადაცემული 1958 წლის BMW 507 ვრცელ, წითელ დარბაზში მარტო დგას. სანამ ამ მშვენიერებას გულდასმით ვათვალიერებდი, ელვის პრესლის ლამის ერთი სრული ალბომი მოვისმინე. სასიამოვნო კომბინაცია იყო.

მუზეუმის ბოლო, მეოთხე სართული BMW-ის და იტალიელი ავტოდიზაინერების თანამშრომლობის შედეგად შექმნილ ვერსიებს ეთმობა. Belle Macchine – ასეთია ექსპოზიციის ოფიციალური სახელწოდება, სადაც იტალდიზაინის, ბერტონეს, პინინფარინას და ჯუჯაროს მიერ სპეციალურად გერმანული ავტოგიგანტისთვის შექმნილი ათამდე ავტომობილია გამოფენილი.

გერმანელების და იტალიელების ურთიერთობა გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს სათავეს. La Forma Ideale – ასეთი წარწერაა ერთ-ერთი პირველი ერთობლივი პროექტის, BMW Garmisch-ის უკან, კედელზე და მიუხედავად იმისა, რომ ის სულაც არ მიმაჩნია საუკეთესოდ, უნდა ვაღიარო, რომ გამორჩეული ნამდვილად იყო. ყველაზე ძალიან კი BMW Pininfarina Gran Lusso Coupe მომეწონა, დიდებული ქმნილებაა! იქვე დგას BMW Nazca M12, რომლის იერსახეზე კომპანია ჯუჯაროს დამაარსებელმა ფაბრიციო ჯუჯარომ შვილთან, ჯორჯეტოსთან ერთად იმუშავა. ეს მოდელიც ეფექტურია.

მუზეუმის მონახულება ოფიციალური მაღაზიით დავასრულეთ. იქ ყველაფერი იყიდება, რაც ავტომოყვარულმა შეიძლება ისურვოს: სხვადასხვა მასშტაბის საკოლექციო მოდელები (ჩემი სისუსტე), თითოეული მანქანის შესახებ გამოცემული სქელტანიანი ალბომები, გასაფერადებელი ჟურნალები პატარებისთვის, გასაღების საკიდები, სამკერდე ნიშნები, საფოსტო ბარათები, სტიკერები, მაისურები, ქუდები, შარფები, ხელთათმანები, ჭიქები…

თვალები რომ ამიჭრელდა, სამახსოვროდ ერთი მაგნიტი ვიყიდე და დიდებულ მუზეუმს ვალმოხდილი დავემშვიდობე. მიშამ ოლიმპიურ პარკში გასეირნება შემომთავაზა, ოლიმპიაშტადიონიც ვნახოთო, მაგრამ ამ ლეგენდარული სარბიელის ნაჩქარევ მონახულებას მიუნხენის გულში, მარიენპლაცზე წასვლა და ძველისძველ HB-ში მოსვენება ვამჯობინე.

ოლიმპიური სტადიონი კი, რომელიც დღეს კონცერტებს მასპინძლობს, ხოლო ალიანც არენამდე მთავარი გერმანული სპორტული სარბიელი იყო, მოიცდის. სხვათა შორის, ის მასპინძელთა და საკავშირო ნაკრების ამხანაგური თამაშით გაიხსნა, რომლის წინ კაპიტნებმა, ფრანც ბეკენბაუერმა და მურთაზ ხურცილავამ ტორტიც გაჭრეს. ამ ისტორიას სამომავლოდ შემოვინახავ…

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 4 აგვისტო
მიუნხენი

ka_GEGeorgian