მიხეილ მესხი ჩემს მეხსიერებაში

1969 წლის 17 ივლისს გაზეთმა კომუნისტმა მკითხველებს ბოლო, მეოთხე გვერდიდან ამცნო, რომ ერთი დღით ადრე, 16 ივლისს, მოსკოვის დროით 16 საათსა და 32 წუთზე კენედის კონცხის პოლიგონის სასტარტო მოედნიდან გაუშვეს კოსმოსური ხომალდი აპოლო 11, რომლის მიზანი კოსმონავტების, ნილ არმსტრონგის და ედვინ ბაზ ოლდრინის მთვარეზე გადასხმა იყო.
მისია წარმატებული გამოდგა: აპოლო 11 მთვარეზე დაეშვა, ხოლო ეკიპაჟის მეთაური ნილ არმსტრონგი პირველი ადამიანი გახდა კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც მთვარის ზედაპირზე ფეხი დადგა.

ამავე ცნობის ქვემოთ გამოქვეყნდა ერთი თამაშის მიმოხილვა უფერული სათაურით „ურუგვაიული ფეხბურთი“. 16 ივლისს, დაახლოებით იმ დროს, როცა აპოლო 11 მთვარისკენ გაფრინდა, თბილისში, ლოკომოტივის სტადიონზე დინამომ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ურუგვაის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, მონტევიდეოს ნასიონალს უმასპინძლა. სწორედ ამ თამაშის პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ გააცილეს დიდი ფეხბურთიდან დინამოელთა მარცხენა თავდამსხმელი მიხეილ მესხი. მიმომხილველმა ვ.გაბელიამ დაწერა:

„შესვენებისას დინამოელებმა მრავალათასიან მაყურებლებთან ერთად გულთბილად გააცილეს სახელოვანი ფეხბურთელი მიხეილ მესხი. მას მიესალმნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით გ.ბაქანიძე, დინამოს საბჭოს სახელით – ცნობილი ფეხბურთელი ბ.პაიჭაძე. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ გ.სიხარულიძემ მ.მესხს გადასცა სიგელი და ფასიანი საჩუქარი. სიყვარულის გამოხატულების ნიშნად მას მიაცილებდა მაყურებელთა ერთსულოვანი ტაში, შეძახილები – მიშა, მიშა, მიშა… მართლაც გულდასაწყვეტია, რომ საბჭოთა ფეხბურთის ამ ბრწყინვალე ვარსკვლავმა უკვე დატოვა მწვანე მოედანი“.

კომუნისტში გამოქვეყნებულ მიმოხილვაში ამოვიკითხე ურუგვაელთა დელეგაციის ხელმძღვანელის ნასიმის სიტყვებიც, რომლებიც, ფეხბურთის გულშემატკივრობა რომ დავიწყე – 80-იანი წლების მეორე ნახევარში, ჩემამდე ლეგენდასავით მოვიდა. თითქოს ურუგვაელთა მწვრთნელმა გაოცებით იკითხა: „რას ამბობთ? მესხი თუ მიდის, სხვები რა, რჩებიან“? რეალურად კი, ვ.გაბელიას თუ დავუჯერებთ, ნასიონალის წარმომადგენელს უთქვამს: „ქართველი ფეხბურთელებიდან მომეწონა #9 და #11. მიკვირს ჯერ რატომ ტოვებს #11 დიდ ფეხბურთს“.

პატარა რომ ვიყავი, დიდი სიამოვნებით ვიჯერებდი ასეთ საფეხბურთო ზღაპრებს, მაგრამ მსგავსი „გადმოცემები“ კარგა ხანია მაღიზიანებს. იმიტომ, რომ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. მოსასმენად, ეგებ, კარგია, შეზარხოშებულ საზოგადოებასაც, შესაძლოა, გულს მალამოდ ეფინება, მაგრამ ვისაც ჩვენი ფეხბურთის წარსული გვაინტერესებს, ასეთები არაფერში გვარგია.

მით უმეტეს არ სჭირდება მსგავსი „ლეგენდები“ კაცს, რომლის სახელიც ათასობით ადამიანისთვის საფიცარია და ვინც XX საუკუნის უდიდეს ქართველ ფეხბურთელადაა აღიარებული.

1969 წლის 16 ივლისის მატჩისგან განსხვავებით, მიხეილ მესხის საუკუნის მოთამაშედ აღიარება ნათლად მახსოვს. ეს ამბავი 1998 წლის დეკემბერში მოხდა, როცა „სარბიელში“ ვმუშაობდი და რედაქციამ, გულშემატკივართა გამოკითხვით, XX საუკუნის რჩეული მოთამაშეების, მწვრთნელების და სიმბოლური გუნდის დადგენა გადაწყვიტა.

ნაღდად არ მახსოვს რამდენი ანკეტის მონაცემები დაჯამდა მაშინ, მაგრამ როცა ყველაფერს წერტილი დაესვა, მიხეილ მესხს ყველაზე მეტი, 2652 ქულა დაუგროვდა და 97 ქულით აჯობა ბორის პაიჭაძეს. მათსავით ლეგენდარული, ჩვენი ფეხბურთის კიდევ ერთი „ოქროს ბიჭი“ სლავა მეტრეველი მესამე ადგილზე გავიდა…

ცოცხალი მიხეილ მესხი მე მხოლოდ ერთხელ ვნახე. 1989 წლის დეკემბერში, დიდი ფეხბურთიდან წასვლის ოცი წლისთავთან დაკავშირებით, თბილისის სპორტის სასახლეში მისი სახელობის დიდი პრიზი გათამაშდა ვეტერანთა შორის. იმ შეჯიბრებაში, დინამოელების გარდა, თბილისთან დამეგობრებული ზაარბრიუკენის, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის, დასავლეთ ბერლინის, ერევნის არარატის, თურქეთის და საბჭოთა კავშირის ნაკრების, ასევე მოსკოვის დინამოს ახლო წარსულის ვარსკვლავებმა ითამაშეს.

უფროსების მატჩებამდე ჩვენ, პატარა ბიჭები ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. მაშინ დიდუბეში, ნორჩ დინამოელში ვვარჯიშობდი და სპორტის სასახლეშიც თეთრ-ლურჯი ფორმით რამდენჯერმე ვითამაშე. სწორედ მაშინ ვნახე მიხეილ მესხი პირველად. ისიც კარგად მახსოვს, ტურნირის ბოლო დღეს ლეგენდარულ ფეხბურთელს ახალთახალი გაზ 24-10 რომ შემოუგორეს დარბაზში…

მიხეილ მესხი მეორედ აღარ მინახავს. ის იმ ტურნირიდან წელიწადნახევარში, 1991 წლის 22 აპრილს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოთხი დღის შემდეგ გამოსული გაზეთის „ქართული ფეხბურთის“ პირველ გვერდზე გურამ თიკანაძის ცნობილი ფოტო იყო დაბეჭდილი, მანამდეც და მას შემდეგაც უამრავი გამოცემა რომ მოიარა.

„ქართული ფეხბურთის“ ის ნომერი ახლაც შენახული მაქვს და მგონი, ეს იყო პირველი გამოცემა, რომელიც მესხთან დაკავშირებით გადავინახე. შალვა ქირიას ვრცელი წერილიც ამავე გამოცემიდან მახსოვს – „ნოსტალგია მიხეილ მესხსა და გარინჩაზე“, 1993 წლის 29 იანვარი…

მერე და მერე არაერთ წიგნს, საგაზეთო წერილს თუ მოგონებას გავეცანი, ინტერვიუ კი მხოლოდ ერთი მახსენდება. ჩვენი სპორტული ჟურნალისტიკის ვეტერანი გარუნ აკოფოვი მიხეილ მესხს 1967 წლის ზაფხულში შეხვდა. იმ საუბრის თარგმანი ყველაზე პოპულარული საბჭოთა საფეხბურთო გამოცემის „ფუტბოლის“ 26-ე ნომერში დაიბეჭდა. საბჭოთა წლებში ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან ინტერვიუები იშვიათად ქვეყნდებოდა, ჰოდა, ის საუბარი, არასაბჭოთა სათაურით – „პეპლის დევნაში“ – რომ დაიბეჭდა, ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია. იმ ტექსტიდან მესხის სამი პასუხი მახსოვს.

პირველში ის თავის კერპს, მანოელ ფრანსისკუ დუშ სანტუშ გარინჩას იხსენებს:

„გარინჩა პირველად 1958 წელს ვნახე, თუმცა მინდორზე კი არა, ეკრანზე. მაშინ ახალი მიწვეული ვიყავი საბჭოთა ნაკრებში და ბრაზილიელთა თამაშის ჩანაწერი გვიჩვენეს. იმ დღეს პირველად ვიხილე გარინჩას ერთ-ერთი ფინტი, რომლის გამეორებას ამაოდ ვცდილობდი. ბევრს ვწვალობდი და მერე მივხვდი, რომ ტყუილად. გარინჩა სასურველ ეფექტს ფეთქებადი სტარტით აღწევდა, მე კი მასავით სწრაფი არ ვიყავი“.

მეორე პასუხი იმ ფინტს ეხება, რომელსაც სამუდამოდ „მესხის ფინტი“ ეწოდა:

„ეს ილეთი ჩემი თანაგუნდელის ვლადიმერ ელოშვილის დამსახურებაა. ბულგარეთში ტურნეს დროს ერთ-ერთმა ფორვარდმა ის დაახლოებით ასეთი ცრუმოძრაობით მოატყუა. ელოშვილი ნანახით დაინტერესდა, მიამბო და მეც მომდევნო ვარჯიშზევე ვცადე ზუსტად ისე მეთამაშა, როგორც ვოვამ ამიხსნა. განსაცვიფრებელი შედეგი მივიღე და მერე, რომ არ დამვიწყებოდა, უთვალავჯერ გავიმეორე. ასე დაიბადა ჩემი ფინტი“.

რაც შეეხება მესამე პასუხს, მასში დინამოელთა მარცხენა თავდამსხმელი გარემარბების მომავალზე საუბრობს. „ფუტბოლში“ გამოქვეყნებული ის ინტერვიუ ამ პასუხით მთავრდება:

„ფეხბურთი ვითარდება, უნივერსალური ხდება და მოთამაშეების წინაშეც ახალ-ახალი ამოცანები ჩნდება. თავდამსხმელებსაც მეტს გვთხოვენ, თუმცა ვფიქრობ, სხვა ამპლუის ფეხბურთელებისგან განსხვავებით, განაპირა თავდამსხმელების როლს ვერავინ შეითავსებს. ვერ წარმომიდგენია, ვინ და როგორ უნდა შეცვალოს სწრაფი და ტექნიკური განაპირა ფორვარდი, ან როგორ უნდა განვითარდეს ფეხბურთი, რომ ვინმემ გარინჩა შეცვალოს“.

2002 წელს, როცა თბილისის დინამოს ისტორიაში პირველი საკლუბო ჟურნალი გამოვეცით, ჟურნალის ბოლო გვერდზე 1965 წლის ივლისში გადაღებული გარინჩას და მესხის ფერადი ფოტო დავბეჭდეთ, შუა გვერდებზე კი „მესხის ფინტის“ ამსახველი ერთადერთი კოლაჟი, მიხეილ ზარგარიანის ექვსივე კადრი…

მიხეილ მესხის ფეხბურთი რომ მენახა, ალბათ, გაცილებით მეტს მოვიგონებდი, მაგრამ რაც არის, ეს არის. ჩემგან ესეც საკმარისია. სხვისი მოყოლილის გადამღერება და ათასჯერ მოსმენილი საფეხბურთო ზღაპრების გამეორება კი, დიდად რომ არ მხიბლავს, უკვე დავწერე.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 12 იანვარი
ფოტო:
ჟურნალი ათიანი

ka_GEGeorgian