მსოფლიო თასის საინტერესო ამბები: ტიმოფტე, ბონერი და პენალტი

1990 წლის ზაფხული, იტალია, მსოფლიო ჩემპიონატი, ჯადოსნური ღამეები ედოარდო ბენეტოს და ჯანა ნანინის დიდებული ჰიმნის თანხლებით…

25 ივნისი, გენუა, ლუიჯი ფერარისის სახელობის სტადიონი. ირლანდიის და რუმინეთის ნაკრები გუნდები მერვედფინალში ხვდებიან ერთმანეთს. ორივე მეორე ადგილით მოხვდა ფლეი ოფში, მათ შორის გამარჯვებულს კი მეოთხედფინალში იტალია ან ურუგვაი ელის. სკუადრა აძურას და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთა მატჩი რამდენიმე საათის შემდეგ დაიწყება მარადიულ ქალაქში…

ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 მთავრდება. მუნდიალების დებიუტანტი ირლანდია პირველი გუნდი ხდება ტურნირის ისტორიაში, რომელმაც მიჯრით ოთხი მატჩი დაასრულა ფრედ. პენალტების სერიას რუმინელები იწყებენ, გეორგე ჰაჯის დარტყმა ზუსტია. მომდევნო შვიდ ცდასაც არაფერი დაეწუნება – 4:4.

რუმინელთა ბოლო პენალტს ბუქარესტის დინამოს ნახევარმცველი დანიელ ტიმოფტე ასრულებს. მოკლე გამორბენი და… პატ ბონერმა კუთხე გამოიცნო, მარჯვნივ გადახტა და ბურთი მოიგერია! თუ დევიდ ოლირი არ შეცდება, ირლანდია მეოთხედფინალში გავა. ლონდონის არსენალის ვეტერანი მცველი ზუსტად ურტყამს – 5:4!

ირლანდია გახდა მსოფლიო ჩემპიონატების პირველი მონაწილე, რომელმაც ფინალური ეტაპის ზედიზედ ოთხი მატჩი ვერ მოიგო, თუმცა მაინც გავიდა მეოთხედფინალში.

წლების შემდეგ, როცა პატ ბონერმა კარიერა დაასრულა და იახტა შეიძინა, მას ტიმოფტე დაარქვა. რუმინელმა კი მშობლიურ პეტროშანიში გახსნილ რამდენიმე პაბიდან პირველს პენალტი უწოდა…

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 4 მაისი

ka_GEGeorgian