ნეაპოლელი უცხოპლანეტელები

ნაპოლიმ 3:0 გაისეირნა ლა სპეციაში, ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო სერია ში, ზედიზედ მეოცე ტურია პირველ ადგილზეა და ფინიშამდე ჩვიდმეტი ტურით ადრე კვლავ ცამეტი ქულით უსწრებს ინტერს.

ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი მშვენიერი მატჩი ჩაატარა, გოლიც გაიტანა, საგოლე გადაცემაც შეასრულა და როგორც იტალიელმა სტატისტიკოსებმა გვამცნეს თამაშის დასრულებისთანავე, კვარა გახდა ერთ-ერთი იმ ხუთეულიდან, ვინც ევროპის საუკეთესო ხუთ ჩემპიონატში – იტალია, ინგლისი, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი – მინიმუმ ათი გოლი შეაგდო და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

თუ უფრო ზუსტად დავწერ, ხვიჩას ნაპოლის მაისურით უკვე ათი გოლი და თორმეტი პასი აქვს და ასეთი მაჩვენებლებით მხოლოდ ლეო მესი, ნეიმარი (ორივე პარი სენ-ჟერმენი), სერჟ გნაბრი (ბაიერნი) და რანდალ კოლო მუანი გამოირჩევიან. ეს უკანასკნელი, ვინც აინტრახტის ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ, მალე პირადად დაუპირისპირდება ნაპოლის და ხვიჩას – იტალიურ-გერმანულ ჯახს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში 21 თებერვალს ფრანკფურტში, 15 მარტს კი ნეაპოლში ვიხილავთ.

იტალიური გაზეთები ნაპოლის გუშინდელ გამარჯვებას სათანადოდ გამოეხმაურნენ. სათაურები ასეთია:

კორიერე დელო სპორტი – ექსტრაორდინალური ნაპოლი. კვარამ და ოსიმენმა სპეცია გაანადგურეს – 3:0!

გაძეტა დელო სპორტი – ნაპოლის ლაშქრობა გრძელდება. უცხოპლანეტელი კვარა და ოსიმენი უკვე ჩემპიონთა ლიგისთვისაც კი სახიფათონი არიან.

რაც შეეხება ტურინულ ტუტოსპორტს, რომელიც მეტწილად იუვენტუსსა და ტორინოზე წერს, ამ გამოცემამ ნაპოლი მიუღწევლად მოიხსენია და სპეციასთან თამაშის მიმოხილვას სკუდეტოც დაურთო.

ლუჩანო სპალეტის გუნდს მომდევნო თამაში 12 თებერვალს ელის შინ, კრემონეზესთან და დიდი იმედი მაქვს ფეხი არ დაუცდება. ხვიჩასგან კი მორიგ დიდებულ ასპარეზობას ველი. ცხრა საგოლე გადაცემით ის სერია ა-ში საუკეთესოა და მინდა, რომ ეს მაჩვენებელი უკვე თებერვალშივე დამრგვალდეს.

ლაშა გოდუაძე (2023 წლის 6 თებერვალი)
ფოტო:
sscnapoli.it

ka_GEGeorgian