ნიუ იორკში, მეხუთე ავენიუზე: წმინდა თომას და წმინდა პატრიკის ტაძრები

ნიუ იორკში, როკფელერის ცენტრში წასვლა რომ გადავწყვიტე, ვერც წარმოვიდგენდი გზად ორ მშვენიერ ეკლესიას თუ მოვინახულებდი. სახლიდან გასული ფიფას მუზეუმზე ვფიქრობდი, საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატებთან დაკავშირებული ნივთების გამოფენაზე, მაგრამ გზად ნანახმა ორმა ტაძარმა ამ ზაფხულის მთავარი სპორტული ამბავი დროებით დამავიწყა.

პირველად წმინდა თომას სახელობის ეკლესიაში შევედი, მანჰეტენზე, მეხუთე ავენიუსა და 53-ე ქუჩის კვეთაზე რომ დგას. შემინული ცათამბჯენების ალყაში მოქცეულმა ნაგებობამ უმალ მიიქცია ჩემი ყურადღება და თანხმლებ მასპინძელს შევთავაზე, დრო გვაქვს, შევიხედოთ-მეთქი.

დარბაზში რამდენიმე ადამიანი დაგვხვდა, ერთ-ერთი გერმანიის ნაკრების ფორმით იყო. ცოტა ხანში ისინი გავიდნენ და მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩით. შინ დაბრუნებულმა კი წავიკითხე, რომ ეკლესიის მრევლი 2023 წლის მონაცემებით ოფიციალურად 2875 ადამიანია, მაგრამ იმ წუთს ჩვენს გარდა არავინ იყო, მათ შორის არც სასულიერო პირები, მხოლოდ დაცვის ორი თანამშრომელი.

წმინდა თომას ეკლესია 1824 წელს აუგიათ და თავის დროზე ნიუ იორკის საუკეთესო გოთიკურ ნაგებობად ითვლებოდა. პირველი შენობა 1851 წლის ხანძარმა შეიწირა, დღევანდელი კი ტაძრის მეოთხე ვერსიაა.

ძალიან პოპულარული ყოფილა ეკლესიის ბიჭუნათა კაპელა: არაერთხელ უმღერია ვატიკანში, ვესტმინსტერის სააბატოსა და ლინკოლნ ცენტრში გამართულ წირვებზე, 1985 წელს კი სულაც ენდრიუ ლოიდ ვებერის ნაწარმოების პრემიერაში მიიღო მონაწილეობა.

წმინდა პატრიკის კათოლიკური საკათედრო ტაძარი კი, რომელიც გოთიკური სტილის უდიდესი სასულიერო ნაგებობაა ჩრდილოეთ ამერიკაში, ზუსტად როკფელერის ცენტრის მოპირდაპირედ მდებარეობს, მეხუთე ავენიუზე.

კიბეებთან ბრაზილიის ნაკრების ფორმაში გამოწყობილი გულშემატკივრები ირეოდნენ. ნეიმარის, რონალდინიოს და რომარიოს ფოტოების გადაღება რომ დავიწყე, პოლიციელი მოვიდა და გამაფრთხილა, ქორწილია დანიშნული და ცენტრალურ შესასვლელთან ნუ გაჩერდებითო. მეც გვერდიდან შევედი და რამდენიმე წუთში პატარძალიც შემობრძანდა მამასთან ერთად. სიძე, მეჯვარეები და სხვა სტუმრები უკვე დარბაზში იცდიდნენ. იქაურობა შემოსაზღვრული იყო, მოსაწვევების გარეშე შუა რიგში არავის უშვებდნენ. მაყურებელი კი ქორწილს, იცოცხლეთ, ბლომად ჰყავდა.

ქათქათა დარბაზიდან ძალიან უცნაურად ჩანდა შემოსასვლელის ფერადი, ერთი შეხედვით არასაეკლესიო მოხატულობა. მაგრამ პოლიციელებმა ცენტრში შესვლის და გადაღების უფლება არ მომცეს, გვერდიდან კი ის ცუდად ჩანდა. მოგვიანებით წავიკითხე, რომ მურალი ერთ-ერთ პოპულარულ ნიუიორკელ ხელოვანს, ადამ ცვიანოვიჩს შეუსრულებია და ცხრა მთისა და ცხრა ზღვის გაღმიდან ქალაქში ჩამოსულ-დამკვიდრებული მილიონობით უცხოელისთვის მიუძღვნია.

გული კი დამწყდა ფოტო რომ ვერ გადავუღე, მაგრამ ეგ არაფერი, რამდენიმე დღეში ისევ დავბრუნდები და იმედია კვლავ ქორწილში აღარ მოხვდები.

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 15 ივნისი

ka_GEGeorgian