ორიოდ სიტყვა გენოს ვერცხლზე

ლაშა ტალახაძის მეშვიდე მსოფლიო ტრიუმფის შემდეგ ძალიან მინდოდა, რომ გენო პეტრიაშვილს გუშინვე მოეგო პლანეტის უძლიერესი ფალავნის ტიტული, მაგრამ არ გამოვიდა. კაცმა რომ თქვას, ოქროს მედალი კი არა, მსგავსი ასპარეზობით, რაც მისგან ვიხილეთ, ვერცხლიც გასაკვირია, ამას ჭიდაობასთან საერთო არაფერი ჰქონდა.

რა გახდა ამის მიზეზი, ეს სპეციალისტებმა გაარკვიონ, მე კი ამას დავწერ: ვერცხლის მედლის მიუხედავად, გენო პეტრიაშვილმა ქართული ოლიმპიური სპორტის ერთი რეკორდი მაინც დაამყარა – მე-8 მედალი მოიგო მსოფლიო ჩემპიონატებზე, პირად პირველობაში ამდენი ჯილდო კი ამ რანგის შეჯიბრებებში არავის აქვს.

გავიხსენოთ პეტრიაშვილის წარმატებები: 2017, 2018 და 2019 წლებში ის პირველ ადგილზე გავიდა, 2021 წელს, გუშინდელივით, მეორე იყო, 2013, 2015 და 2022 წლებში კი კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე დადგა.

გუშინ, როცა ლაშა ტალახაძის არნახული რეკორდები ჩამოვწერე, რამდენიმე შენიშვნა დავურთე და დაკონკრეტებას ვერც პეტრიაშვილის შემთხვევაში გავექცევი.

მსოფლიო ჩემპიონატებზე 11 მედალი აქვს ძიუდოისტ ვარლამ ლიპარტელიანს, ხოლო ტყვიის მსროლელ ნინო სალუქვაძეს – 9. თუმცა საქმე ისაა, რომ ლიპარტელიანმა 11-დან 6 ჯილდო მოიგო პირადში, სალუქვაძემ კი 9-დან 3.
ბოლოს ხელიდან გაშვებულ ორ შესაძლებლობაზე:

1 – ოქროს მედალი რომ მოეგო, გენო მსოფლიო პირველობების ისტორიაში მხოლოდ მესამე 4-გზის მსოფლიოს ჩემპიონი გახდებოდა მძიმეწონოსანთა შორის, სოსლან ანდიევის (სსრკ) და სალმან ხაშიმიკოვის (სსრკ) შემდეგ.

2 – გენოს ფინალი რომ მოეგო, საქართველოს სახელით მოასპარეზეთა შორის მსოფლიოს მეოთხე 4-გზის ჩემპიონი გახდებოდა რომან რურუას (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ლევან თედიაშვილის (თავისუფალი ჭიდაობა) და ლერი ხაბელოვის (თავისუფალი ჭიდაობა) შემდეგ.

ლაშა გოდუაძე
20
23 წლის 18 სექტემბერი
ფოტო:
United World Wrestling

ka_GEGeorgian