პროექტის შესახებ

მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება სპორტს და სპორტულ ჟურნალისტიკას უკავშირდება.

1996 წლიდან ამ საქმით ვარ დაკავებული და აგერ უკვე 25 წელიწადია სპორტულ ჟურნალისტად ვიწოდები.

კარგა ხნის განმავლობაში მხოლოდ ფეხბურთზე ვწერდი ან საფეხბურთო სტატიებს ვთარგმნიდი, მოვიანებით კი სხვა სახეობებსაც შევეჭიდე, თუმცა კალათბურთი, ფორმულა 1, ჩოგბურთი, ოლიმპიური მოძრაობა და მთამსვლელობა მანამდეც მიყვარდა, ვიდრე მათზე წერას დავიწყებდი.

25 წელიწადი ძალიან დიდი დროა.

ამ ხნის განმავლობაში უამრავი რამ შეიცვალა და არა მარტო სპორტში.

საკუთარი თვალით ნანახსა და განცდილს გეტყვით: 1996 წელს, იმხანად სუპერპოპულარულ სარბიელში რომ დავიწყე მუშაობა უცხოეთის ფეხბურთის რედაქციაში, გაზეთი კვირაში 2-ჯერ გამოიცემოდა, თან მხოლოდ 8-გვერდიანი იყო და ამ 8 გვერდიდან 1 ან 2 სპორტულ ლატარეას ეთმობოდა. წელიწადნახევრის შემდეგ კი, მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატისთვის, სარბიელი 16-გვერდიან, ყოველდღიურ გამოცემად იქცა და ასეთადვე დარჩა 2008 წლამდე, სანამ დაიხურებოდა.

როცა ასეთ ცვლილებაზე ვამახვილებ ყურადღებას, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ იმხანად, 90-ების მიწურულს არ იყო ამდენი ინტერნეტ-გვერდი, ანუ ინფორმაციის მიღებისა და გადამოწმების წყარო.

ეგ კი არა, 1996 წლის შემოდგომით რედაქციაშიც კი არ გვქონდა გამართული ინტერნეტი. მაგალითად ინგლისის პრემიერლიგის ტურის მიმოხილვისთვის (ეს ამბავი მე მებარა) და უცხოური ფეხბურთის შესახებ ახალი მასალების მოსაძიებლად ზემელზე, მელიქ აზარიანცის სახლში დაბინავებულ კომპანია სანეტში დავდიოდი. მე ეგრეთ წოდებულ ფლოპი-დისკზე დატეული საფეხბურთო მასალები და ფოტოები მომქონდა, გაზეთის ბოლო გვერდის ავტორს, ზაალ გიგინეიშვილს კი უცხოური სპორტისა.

იმ მასალებს რედაქციაში თაბახის ფურცელზე ვბეჭდავდით, ვთარგმნიდით ან წერილის მოსამზადებლად ვიყენებდით, შემდეგ ჯერ კორექტორი ჩაასწორებდა ჩვენ ნაწერს, მერე რედაქტორი გადაავლებდა თვალს, ბოლოს მთავარი რედაქტორი საბოლოო სახეს აძლევდა და მეორე დილით მადლიერი მკითხველი საერთაშორისო სპორტის საქმის კურსში იყო.

და რა ხდება ახლა? ინფორმაცია ხელის გაწვდენაზეა და მხოლოდ ჟურნალისტის ოსტატობასა და გამოცდილებაზეა წერილის ხარისხი.

კარგით, თავი დავანებოთ სარბიელს. ამ გაზეთზე კიდევ არაერთხელ დავწერ, რადგან მასთან ბევრი ტკბილი და საინტერესო მოგონება მაკავშირებს.

ისევ სათქმელს დავუბრუნდები: საკუთარი გაზეთი ან ჟურნალი ყოველთვის მსურდა. 2004 წელს სერიოზულად შევეჭიდე ამ ამბავს – საფეხბურთო ჟურნალის გამოცემა მოვიწადინე, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო, მათ შორის, ცხადია, ფინანსურიც იყო, წამოწყებაზე ხელი ავიღე.

დროის სვლასთან ერთად ინტერნეტი სულ უფრო ხმამაღლა შემოიჭრა ყოველდღიურობაში და რამდენიმე წლის წინ ინტერნეტ-გამოცემის სურვილი გამიჩნდა. მაშინაც ვერ შევძელი, მაგრამ ახლა, როგორც იქნა, საქმეს თავი მოვაბი.

ახლა რომ ვთქვა, დაილოცოს კოვიდ-19 მეთქი, ბევრმა, ეგებ, არასერიოზულ კაცად ჩამთვალოთ, მაგრამ აგიხსნით: თებერვლის მიწურულს, როცა თბილისში სიტუაცია დამძიმდა და მალე ხსენებული ვირუსის გამო სახლებში გამოგვკეტეს, იძულებითი შვებულებით რომ არ გავგიჟებულიყავი, ამ საქმეს შევეჭიდე.

ერთი იმედისმომცემი პროგრამისტის წყალობით, ეს გვერდი ავაწყვე. ვებ-მისამართის და ჰოსტინგის ამბავი უჩემოდაც გეცოდინებათ – დეტალებია და ეგეც მოგვარდა. ცხადია, ყველაფერი თანხასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ საბედნიეროდ, წიგნის ჰონორარიც დროზე დამერიცხა და ნელ-ნელა საქმეც დაიძრა.

ამიტომაც დავწერე, დაილოცოს კოვიდ 19-მეთქი. რომ არა ასეთი უცნაური სიტუაცია, მგონი, კიდევ დიდხანს ვერ მოვაბავდი თავს ამ გამოცემას.

Mygoals.ge საავტორო პროექტია, სადაც განვლილი 25 წლის განმავლობაში სარბიელში, ჟურნალ ფეხბურთში, ფეხბურთის ფედერაციის პრესცენტრში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში, თბილისის დინამოს ოფიციალურ გამოცემებსა თუ სხვა ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებულ მასალებს გამოვფენ.

მინდა, რომ Mygoals.ge ერთგვარ ვირტუალურ არქივად იქცეს, სადაც 2-3 წელიწადში ყველა ის, მეტ-ნაკლებად ღირებული მასალა მოიყრის თავს, რომელიც კი სადმე დამიწერია.

და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია: მიმდინარე ამბებსაც გავაშუქებ, კონკრეტულ მოვლენაზე ჩემ აზრს დავწერ, ინტერვიუების ან ჩანახატების თარგმანებს შემოგთავაზებთ და სხვა დიდ თუ პატარა გეგმებსაც საქმედ ვაქცევ.

საბოლოო მიზანი ქართულ სპორტულ ინტერნეტ-გამოცემებს შორის ჩემი მოკრძალებული ადგილის დამკვიდრებაა.

ერთი შენიშვნაც: დირექტორიაში „სპორტს მიღმა“ სხვადასხვა, არასპორტულ სტატიებს გამოვაქვეყნებ ჩემივე გადაღებული ფოტოებით ან უკიდეგანო ინტერნეტში მოძიებული, ჩემი აზრითვე საინტერესო და შესაბამისი ილუსტრაციებით. რამდენიმე მეგობარს რომ ვანახე წამოწყება, ყველაზე ძალიან სწორედ ამ ბოლო დირექტორიით მოიხიბლნენ, რამაც გულახდილად ვიტყვი – გამახარა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, Mygoals.ge ის გამოცემაა, რომელზეც წლების წინ დავფიქრდი და რომელიც მინდა რომ გემრიელად ვმართო და სპორტის ყველა მოყვარულს საჩუქრად ვუძღვნა. რამდენად გამომივა ეს ამბავი, თქვენ გადაწყვიტეთ, რჩევებს კი სიამოვნებით მოვისმენ.

სპორტულ ჟურნალისტიკაში გატარებული 25 წლის აღსანიშნავად, მგონი, მართებული ნაბიჯი გადავდგი.

პატივისცემით,
ლაშა გოდუაძე
სპორტული ჟურნალისტი; 2020 წლის 1 ივლისი