რიო 2016: 12 აგვისტო

20 წლის ბექა ღვინიაშვილის დებიუტი ოლიმპიურ თამაშებზე VII ადგილით დასრულდა.

მე თუ მკითხავთ, დადებითი შედეგია და აი, რატომ: ერთი, რომ ნიჭიერი ქართველი ფალავნისთვის ეს სადებიუტო ოლიმპიადა იყო, მას კი თან ახლავს ნერვიულობა და სხვა, წვრილ-წვრილი ამბები, რაც არათუ ახალგაზრდა სპორტსმენზე, გამოცდილებზე და მრავლისმნახველებზეც გვარიანად მოქმედებს.

მეორე და მთავარი: 100კგ-მდე წონითი კატეგორია, სადაც ბექამ გუშინ მედლის მოპოვება სცადა, არაა მისი. ყველამ იცის, რომ იმედისმომცემი ქართველი ფალავანი 90კგ-ში ჭიდაობს და ერთი წონით ანაცვლება იძულებითი ნაბიჯი იყო. 100-ში ძიუდოისტთა ნაკრებს არ ჰყავდა ოლიმპიადის მონაწილე და თუ გულახდილები ვიქნებით, ბექა რომ არა, ეგებ, გუნდი ლიცენზიის გარეშეც დარჩენილიყო.

ნაკრების თავკაცის ირაკლი უზნაძის და მისი თანაშემწეების გადაწყვეტილებით, ღვინიაშვილმა იანვრიდან დაიწყო რიოს ლიცენზიისთვის ბრძოლა და კარგად გეხსომებათ, რა დატვირთული გრაფიკით აისრულა გულისწადილი: გრან-პრი, კონტინენტური თასები, გრან სლემი, ევროპის ჩემპიონატი – ტურნირი ტურნირს ცვლიდა და ბექაც ქულას ქულაზე აგროვებდა. საბოლოოდ ძიუდოისტმა მიზანი აისრულა – 20 წლისამ ოლიმპიადაზე იჭიდავა! მედალს რომ თავი გავანებოთ, უკვე ესაა მშვენიერი შედეგი. სხვა თუ არაფერი,  ოლიმპიური დევიზიც ხომ ამას გვეუბნება – მთავარი მონაწილეობაა და არა გამარჯვება.

თუმცა ქართველებს სხვა კარგი ანდაზაც გვაქვს: მადა ჭამაში მოდისო. ბექას მონაცემების და შემართების შემხედვარე, შეფარულად მედლისაც გვეიმედებოდა, მით უმეტეს, გუშინდელი სტარტის შემდეგ, მაგრამ… კარგით, რაც იყო იყო.

1/16-ფინალში ღვინიაშვილმა დიდი ბრიტანეთის პირველი ნომერი ბენჯამინ ფლეტჩერი დაამარცხა, მომდევნო წრეში კი ბელგიელ ტომა ნიკიფოროვს შავი დღე აყარა – ეფექტურად, ლამაზად მოუგო! მერე იყო 1/4-ფინალში ფრანგ სირილ მარესთან იუკოთი წაგება და დამამშვიდებელი წრის პირველივე შეხვედრაში ერთი შიდოთი მარცხი იაპონელ რიუნოსუკე ჰაგასთან.

ბექა ოთხივე მოწინააღმდეგესთან თავდაჯერებული, მონდომებული და აგრესიული იყო. ის არ ცდილობდა მოჩვენებითი აქტიურობით ან ჩავლებით ფონს გასვლას და რაც ასე ხშირია დღეს – დროის გაყვანას. იბრძოდა, ილეთს ილეთზე გვთავაზობდა ან ცდილობდა მის შესრულებას და მაინც, იგრძნობოდა, რომ ამ წონაში ბექას არ უნდა ეჭიდავა. ეს წონითი კატეგორია არ იყო მისი და ნიჭიერი, ფიზიკურად ძლიერი და მონდომებული ბიჭისთვის გუშინდელი გამოწვევა მაინც იძულებითი ნაბიჯი იყო.

წლების შემდეგ ღვინიაშვილი, შესაძლოა, ვიხილოთ კიდეც ამ წონაში, მაგრამ დღეს, ხვალ, ზეგ და მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში მან აუცილებლად თავის – 90კგ-ში უნდა იასპარეზოს. დარწმუნებული ვარ, იქ გაცილებით წარმატებული იქნება.

ცხადია, მწვრთნელებს თავის აზრი აქვთ. ისინი გაცილებით კომპეტენტურნი არიან და ვიმედოვნებ, საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებენ – იმ ნაბიჯს გადადგავენ, რაც სპორტსმენსაც წაადგება და შესაბამისად, საერთო საქმესაც. უბრალოდ, რადგან საავტორო დღიურს ვწერ, გულისნადების თქმა მსურდა – ამ სიტყვებს რიგითი გულშემატკივრის პოზიციაზე მეტის პრეტენზია არ აქვს.

ძიუდოზე საუბარს ბექა ღვინიაშვილის პირადი მწვრთნელის ანზორ თენაძის სიტყვებით დავასრულებ, რომელიც მან გუშინდელი ორთაბრძოლების შემდეგ გაზეთ ლელოს განუცხადა: „ეს არაა ბექას წონა. მეტოქეები გაცილებით დიდები არიან სიმაღლით, წონით და მათთან საბრძოლველად სხვანაირი ძალაა საჭირო. ბექას ძალა არ აკლია, მაგრამ გაუჭირდა, რადგან მისი სტილი მუდმივი შეტევაა. არაა იმ სტილის, დადგეს, ჩავლებებით იბრძოლოს და დრო გაიყვანოს… ბექას ადგილს ისევ 90 კილოგრამში ვხედავ. როცა 100-ში გადადიოდა, ვთქვით, რომ ისევ დაუბრუნდებოდა 90-ს. უბრალოდ, მაშინ სიტუაციიდან გამომდინარე გადავიდა იქ. თან საკითხი არ იდგა ისე კატეგორიულად, გინდა თუ არა, აუცილებლად უნდა ეჭიდავა ოლიმპიადაზე. მაგრამ, იქნებ უფრო ცუდი ყოფილიყო, ამ თამაშებისთვის რომ არ ებრძოლა. რაკი მისი სურვილი იყო, ჩვენც დავეთანხმეთ, თუმცა იქვე ვუთხარით, რომ 90-ში უნდა დაბრუნებულიყო“.

ბექა ღვინიაშვილი ჩვენი გუნდის ერთადერთი წარმომადგენელი იყო 11 აგვისტოს, ამიტომ რიოს ოლიმპიური დღიურების დღევანდელი წერილის დარჩენილ ნაწილს, თქვენის ნებართვით, მაიკლ ფელპსს დავუთმობ: „ამერიკელი ზვიგენი“ გუშინ  22-ედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი – 200 მეტრზე კომბინირებულში მოიგო ოქრო!

22 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო – ასეთია ფელპსის საერთო ოლიმპიური მონაგარი. 26 მედალი! არც მეტი, არც ნაკლები – 26!

ის ფენომენია და ამაზე დღეს არავინ დავობს. ცალკეულ სპორტის სახეობებში ჩვენ არაერთი ბრწყინვალე სპორტსმენი გვახსოვს: ფეხბურთში დიეგო მარადონა, ზინედინ ზიდანი, აგერ ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუც სასწაულებს ახდენენ… ჩოგბურთში როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი ბრწყინავენ… კალათბურთში მაიკლ ჯორდანით ვიხიბლებოდით, შემდეგ კობი ბრაიანტის ეპოქა დადგა და დღეს ლებრონ ჯეიმსია შეუდარებელი… ავტოსპორტში მიხაელ შუმახერი დომინირებდა… კრივში – მაიკ ტაისონი და მოგვიანებით ლენოქს ლუისი… მძლეოსნობაში – კარლ ლუისი, უსეინ ბოლტი… ძიუდოში – ტედი რინერი…

ცურვაში? ორი აზრი ვერ იქნება – მხოლოდ და მხოლოდ მაიკლ ფელპსი!

ოლიმპიურ ისტორიაში ამერიკელს გამორჩეული ადგილი რომ უპყრია, ამაზე წლებია არავინ კამათობს. უამრავი რეკორდის მფლობელიც რომაა, ესეც ყველამ იცის, მაგრამ მისი ყოველი გაცურვა მაინც ახალ თავს მატებს თამაშებს ისტორიას და გამონაკლისი არც გუშინდელი ფინალი იყო.

ოლიმპიადების ისტორია გუშინდლამდე მხოლოდ და მხოლოდ ორ სპორტსმენს ითვლიდა, ვინც პირად პირველობაში 4 ოლიმპიადა მოიგო. ასეთ ზღაპრულ შედეგს პირველად ამერიკელმა ბადროს მტყორცნელმა ალფრედ ალ ორტერმა მიაღწია – მელბურნში (1956), რომში (1960), ტოკიოსა (1964) და მეხიკოში (1968) ის პირველი იყო! მისი ფანტასტიკური რეკორდი ახლო წარსულში კიდევ ერთმა ამერიკელმა, მძლეოსანმა კარლ ლუისმა გაიმეორა – 1984 წელს ლოს ანჯელესში, 1988 წელს სეულში, 1992 წელს ბარსელონაში და 1996 წელს ატლანტაში სიგრძეზე მხტომელთა შორის გაიმარჯვა!

და აი, გუშინ მათ გვერდით დადგა ფელპსიც: 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში ათენში (2004), პეკინსა (2008) და ლონდონში (2012) მოგებულ 3 ოლიმპიურ ოქროს ბრაზილიურიც დაურთო! კიდევ ერთი რეკორდი!

22-ე ოლიმპიური ტრიუმფით და რიოში მოგებული მე-4 ოქროს მედლით 31 წლის მაიკლ ფელპსი კიდევ 2 რეკორდის ავტორი შეიქნა: ცურვაში ყველაზე ასაკოვანი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და ამავდროულად, პირველი მოცურავე, რომელმაც ზედიზედ 4 ოლიმპიადაზე შეძლო ერთზე მეტი ოქროს მოგება! შეგახსენებთ: ათენში ის 6-ჯერ დადგა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე; პეკინში სასწაული მოახდინა და 8 დისციპლინაში იმარჯვა; ლონდონში კი 4-ჯერ გაახარა თაყვანისმცემლები.

რიო დე ჟანეიროში ფელპსი კიდევ 2-ჯერ გაცურავს: ბატერფლაით 100 მეტრზე და 4X100-ზე კომბინირებულ ესტაფეტაში. მისი ფორმის გათვალისწინებით, დიდი შანსია ორივე გაცურვა პირველ ადგილზე დაასრულოს.

„ამ ოლიმპიადის შემდეგ კარიერას ვასრულებ. ეს უკვე საბოლოოდ გადავწყვიტე. მინდა, რომ საყვარელ საქმეს თავაწეული გამოვეთხოვო, ამიტომაც, აუზში ყოველ ჩასვლაზე საუკეთესოს ჩვენებას ვცდილობ“, – ეს სიტყვები ამერიკელმა გუშინდელი გამარჯვების შემდეგ თქვა.

დიდი ჩემპიონის უკანასკნელ ორ გაცურვამდე მცირე დრო დარჩა. 22 ოლიმპიური ოქროს მას უკვე აქვს. ექნება 24? ამას მალე გავიგებთ.


ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 12 აგვისტო)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – www.olympic.org/rio-2016

მედალოსნები: 11 აგვისტო
7-კაცა რაგბი
ვაჟები
1.ფიჯი (1.აპისაი დომოლაილაი, 2.ჯასა ვერემალუა, 3.სემი კუნატანი, 4.ვილიამე მატა, 5.ლეონე ნაკარავა, 6.კიტიონე ტალიგა, 7.ოსეა კოლინისაუ, 8.ჯოშუა ტუისოვა, 9.ჯერი ტუვაი, 10.სამისონი ნასაგავესი, 11.სავენაკა რავაკა, 12.ვატემო რავუვუ, 13.მასივესი დაკუვაქა. მწვრთნელი: ბენ რაიანი)
2.დიდი ბრიტანეთი (1.მარკ რობერტსონი, 2.რუარიდ მაკკონოჩუი, 3.ფილ ბარჯესი, 4.დენ ნორტონი, 5.ჯეიმს როდუელი, 6.ტომ მიჩელი, 7.დენ ბიბი, 8.ჯეიმს დევისი, 9.ოლი ლინდსი-ჰაგი, 10.სემ კროსი, 11.მარკუს უოტსონი, 12.მარკ ბენეტი. მწვრთნელი: საიმონ ამორი)
3.სამხრეთი აფრიკა (1.დილან საგე, 2.ფილიპ სნიმენი, 3.ტიმ აგაბა, 4.კვაგა სმითი, 5.ვერნერ კოკი, 6.კაილ ბრაუნი, 7.ჩესლინ კოლბი, 8.როსკო სპეცმენი, 9.ჯასტინ გედალდი, 10.სესილ აფრიკა, 11.სიბელო სენატლა, 12ჟუან დე ჯონგი, 13.ფრანსუა უგაარდი. მწვრთნელი: ნილ პაუელი)

ველოსპორტი
ვაჟები – გუნდური სპრინტი
1.დიდი ბრიტანეთი
(ფილიპ ჰინდესი, კალუმ სკინერი, ჯეისონ კენი) 42.440წმ (ოლიმპიური რეკორდი)
2.ახალი ზელანდია
(ედი დოკინსი, ითენ მიჩელი, სემ უებსტერი) – 42.542წმ
3.საფრანგეთი (გრეგორი ბოჟე, მიშელ დ’ალმეიდა, ფრანსუა პერვისი) – 43.143წმ

კაიაკი და კანოე
ვაჟები – ორადგილიანი კანოე, სლალომი
1.ლადისლავ შკანტარი და პეტერ შკანტარი (სლოვაკეთი) – 101.58წმ
2.დევიდ ფლორენსი და რიჩარდ ჰანსლოუ (დიდი ბრიტანეთი) – 102.01წმ
3.გოტიე კლაუსი და მატიო პეშე (საფრანგეთი) – 103.24წმ
გოგონები – კაიაკი, სლალომი
1.მაიალენ ჩოურო (ესპანეთი) – 98.65წმ
2.ლუუკა ჯონსი (ახალი ზელანდია) – 101.82წმ
3.ჯესიკა ფოქსი (ავსტრალია) – 102.49წმ

მაგიდის ჩოგბურთი
ვაჟები
1.მა ლონი (ჩინეთი)
2.ჟან ჟიკე (ჩინეთი)
3.იუნ მიზუტანი (იაპონია)

მშვილდოსნობა
გოგონები
1.ჩანგ ჰუე-ჯინი (სამხრეთი კორეა)
2.ლიზა უნრუჰი (გერმანია)
3.კი ბო-ბაე (სამხრეთი კორეა)
*-ხათუნა ნარიმანიძე
625 ქულა საკვალიფიკაციოში, 36-ე ადგილი
1/32 – ლიდია სიჩენიკოვა (უკრაინა) – 1:7
*-ქრისტინე ესებუა
612 ქულა საკვალიფიკაციოში, 45-ე ადგილი
1/32 – დეეპიკა კუმარი (ინდოეთი) – 4:6
*-იულია ლობჟანიძე
594 ქულა საკვალიფიკაციოში, 57-ე ადგილი
1/32 – ალეხანდრა ვალენსია ტრუხილიო (მექსიკა) – 4:6

ნიჩბოსნობა
ვაჟები – ორადგილიანი ცალმოსასმელიანი
1.ერიკ მარეი და ჰემიშ ბონდი (ახალი ზელანდია) – 6:59.71წთ
2.ლოურენს ბრიტეინი და შონ კილინგი (სამხრეთი აფრიკა) – 7:02.51წთ
3.ჯოვანი აბანელი და მარკო დი კოსტანცო (იტალია) – 7:04.52წთ
ვაჟები – ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი
1.მარტინ სინკოვიჩი და ნათან სინკოვიჩი (ხორვატია) – 6:50.38წთ
2.მინდაუგას გირშკონისი და საულიუს რიტერი (ლიეტუვა) – 6:51.39წთ
3.კიეტილ ბორჩი და ოლაფ ტუფტე (ნორვეგია) – 6:53.25
ვაჟები – ოთხადგილიანი წყვილმოსასმელიანი, მსუბუქი
1.ლუკას ტრამერი, სიმონ შურში, სიმონ ნიპმანი, მარიო გური (შვეიცარია) – 6:20.51წთ
2.იაკობ ლარსენი, კასპერ უინთერ იორგენსენი, მორტენ იორგენსენი, ჯეიკობ ბერსოე (დანია) – 6:21.97წთ
3.ფრანკ სოლფოროსი, თომას ბარუხი, გიიომ რაინო, ტიბო კოლარი (საფრანგეთი) – 6:22.85წთ
გოგონები – ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი
1.მაგდალენა ფულარჩუკ-კოზლოვსკა და ნატალია მადაი (პოლონეთი) – 7:40.10წთ
2.ვიკტორია თორნლი და ქეთრინ გრეინგერი (დიდი ბრიტანეთი) – 7:41.05წთ
3.დონატა ვიშტარტაიტე და მილდა ვალჩიუკაიტე (ლიეტუვა) – 7:43.76წთ

სპორტული ტანვარჯიში
გოგონები – მრავალჭიდი
1.სიმონე ბაილსი (აშშ) – 62.198 ქულა
2.ალექსანდრა რაისმანი (აშშ) – 60.098 ქულა
3.ალია მუსტაფინა (რუსეთი) – 58.665 ქულა

ტყვიის სროლა
გოგონები
შაშხანა 3 პოზიციიდან (50მ)
1.ბარბარა ენგლედერი (გერმანია) – 458,6 ქულა (ოლიმპიური რეკორდი)
2.ჟან ბინბინი (სერბეთი) – 458,4 ქულა
3.დუ ლი (ჩინეთი) – 447,4 ქულა

ფარიკაობა
გოგონები – დაშნა, გუნდური
1.რუმინეთი
(ლორედანა დინუ, სიმონა ჯერმანი, სიმონა პოპი, ანა მარია პოპესკუ)
2.ჩინეთი (ჰაო ჟიალუ, სუნ იუივენი, სუნ იუიჟიე, შუ ანქი)
3.რუსეთი (ოლგა კოჩნევა, ვიოლეტა კოლობოვა, ტატიანა ლოგუნოვა, ლიუბოვ შუტოვა)

ცურვა
ვაჟები – გულაღმა, 200მ
1.რაიან მერფი (აშშ) – 1:53.62წთ
2.მიჩ ლარკინი (ავსტრალია) – 1:53.96წთ
3.ევგენი რილოვი (რუსეთი) – 1:53.97წთ
ვაჟები – კომპლექსური, 200მ
1.მაიკლ ფელპსი (აშშ) – 1:54.66წთ
2.კოსუკე ჰაგინო (იაპონია) – 1:56.61წთ
3.ვან შუნი (ჩინეთი) – 1:57.05წთ
გოგონები – თავისუფალი, 100მ
1.პენი ოლეკსიაკი (კანადა) და სიმონე მანუელი (აშშ) – 52.70წმ (ოლიმპიური რეკორდი)
2.არავინ დაჯილდოვდა
3.სარა სიოსტრიომი (შვედეთი) – 52.99წმ
გოგონები – ბრასი, 200მ
1.რიე კანეტო (იაპონია) – 2:20.30წთ
2.იულია ეფიმოვა (რუსეთი) – 2:21.97წთ
3.ში ჟინლინი (იაპონია) – 2:22.28წთ

ძიუდო
ვაჟები – 100კგ
1.ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)
2.ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი)
3.სირილ მარე (საფრანგეთი) და რიუნოსუკე ჰაგა (იაპონია)
*-ბექა ღვინიაშვილი
1/16 – ბენჯამინ ფლეტჩერი (დიდი ბრიტანეთი) – მოგება
1/8 – ტომა ნიკიფოროვი (ბელგია) – მოგება
1/4 – სირილ მარე (საფრანგეთი) – მარცხი
რეპეშაჟი – რიუნოსუკე ჰაგა (იაპონია) – მარცხი
გოგონები – 78კგ
1.კაილა ჰარისონი (აშშ)
2.ოდრი ჩეუმეო (საფრანგეთი)
3.ანამარი ველენშეკი (სლოვენია) და მაირა აგუიარი (ბრაზილია)

ka_GEGeorgian