ქართული ფეხბურთი: თამაში თუ სათამაშო?

2011-12 წლების ქართული საკლუბო სეზონი არცთუ სასიამოვნო მოვლენებით დახუნძლული გამოდგა. კაცმა რომ თქვას, რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რაც აქამდე არ გვინახავს, მაგრამ გაგიკვირდებათ და მოხდა – ჩვენი ფეხბურთის მესვეურებს ულევი ფანტაზია აღმოაჩნდათ:
პირველობის ფორმატი შეცვალეს, მაგრამ წესდების შესწორება მიავიწყდათ, რის გამოც ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული ტურნირის დასრულებისთანავე კი არა, უკანასკნელი ტურიდან რამდენიმე დღეში, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის კაბინეტში გაირკვა;
თასის ფინალზე დაინიშნა მსაჯი, რომელიც არაერთხელ შეცდა (ყველა შემთხვევაში ერთი გუნდის საზარალოდ) და მატჩი ერთი მსახიობის წარმოდგენას დაემსგავსა;
ყველაფრის გვირგვინი კი სუპერთასი გამოდგა, ოღონდ… შარშანდელი სეზონის: საქართველოს 2011 წლის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა ჯილდო მხოლოდ ახლა გაითამაშეს.

ჩემპიონატი
ვერ გეტყვით სხვაგან თუ მომხდარა ისეთი რამ, რაც გაზაფხულის მიწურულს ჩვენში ვიხილეთ: მაისში ჩემპიონის ტიტულის მოგება ორმა გუნდმა იზეიმა – რუსთავის მეტალურგმა პირველობა ფოთში აღნიშნა, ზესტაფონმა კი საშინაო სტადიონზე.

ეგაა მხოლოდ, რომ რუსთაველთა ზეიმი ნაადრევი გამოდგა: ფედერაციის პირველკაცის დომენტი სიჭინავას დაუფიქრებლად ნათქვამით და სფფ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცხრილით წახალისებულება, ჩათვალეს, რომ პირველი ადგილი დაიკავეს.

მაგრამ გავიდა რამდენიმე დღე და ზესტაფონელთა ხელმძღვანელობის სამართლიანი პროტესტის შემდეგ, სიმართლე „გაირკვა“: აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო თათბირის დასრულებისთანავე, სფფ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩემპიონი მეტალურგი კი არა, ზესტაფონია. რამდენიმე საათში ფედერაციის ვებგვერდზე ის ცხრილიც შეიცვალა, რომელიც მანამდე რუსთაველთა პირველობას გვამცნობდა. ზესტაფონმა შარშან მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა.

და რუსთავის მეტალურგს რა? ფეხბურთის ფედერაციას ამის გამო კლუბებისთვის და ფეხბურთელებისთვის ბოდიში დღემდე არ მოუხდია.

ეგ კი არა, რამდენიმე დღეში, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში სფფ-ს პრეზიდენტი იმის ახსნას ცდილობდა, რომ ეს სამარცხვინო ფაქტი „გაუგებრობა“ იყო და ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირდა(!).

ივნისის დასაწყისში სფფ-ს პრეზიდენტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე კიდევ უფრო „შორს წავიდა“ და განაცხადა, რომ თურმე ახლახანს დასრულებული პირველობა „ექსპერიმენტალური“ ყოფილა!

როგორია?!

ეს ყველაფერი: ჩემპიონატის ფორმატის ლამის ყოველ მეორე სეზონში ცვლა; წესდების გაუთვალისწინებლობა; დომენტი სიჭინავას დაუფიქრებელი ფრაზები; შეცდომის არათუ აღიარება, მიჩუმათება და დაზარალებულთა წაყრუება, რბილად რომ ვთქვათ ძალიან ულამაზო და არასერიოზული საქციელია.

ყოველივეს შემდეგ, რა გასაკვირია, რომ ქართული ფეხბურთის მაღალჩინოსანთა „სულგრძელობის წყალობით“, განვლილ ჩემპიონატში იმ კლუბებმაც ითამაშეს, რომლებმაც საამისო ლიცენზია ვერ მოიპოვეს.

ფეხბურთი ყველაზე პოპულარული თამაშია, მაგრამ საქართველოში, ის, ზოგ-ზოგიერთს სათამაშო ჰგონია. ქართული ფეხბურთის მთავარი პრობლემა, ვფიქრობ ესაა.

თასი
„მსაჯობაზე კომენტარს პირველად და უკანასკნელად ვაკეთებ – კვარაცხელიამ თამაში გააფუჭა! როცა არბიტრი ყველა ეპიზოდში საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას იღებს, წარმატების შანსი ნულია. ფაქტია, ჩემმა გუნდმა ცუდად ითამაშა, მაგრამ ისიც უდავოა, რომ მსაჯმა გამარჯვების შანსი მოგვისპო. ფეხბურთი არც ჭიაბრიშვილისაა, არც შალამბერიძის და არც კვარაცხელიასი, ფეხბურთი არის ხალხის და არ შეიძლება, ყვითელ-წითელი ბარათების ფრიალით ხალხს ზეიმი ჩაუშალო“, – საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი.

„ასე მგონია, რაც დღეს მოხდა, არაფერში წაადგება ქართულ ფეხბურთს. მიმაჩნია, რომ ეს არის დანაშაული! ამ განცხადებას თამამად ვაკეთებ: მსაჯმა ყველაფერი იღონა, რომ მაყურებელს თამაში არ ეხილა და ენახა სხვა რამ, რაც სიბინძურეა და მეტი არაფერი! ეს არ დაასხამს წყალს ქართული ფეხბურთის განვითარებას! რაც დღეს ხდება, ამაზე ახლავე უნდა ითქვას. და თუ ხვალ ეს არ გამოსწორდება, მაშინ ტყუილად ვლაპარაკობთ ქართული ფეხბურთის მომავალზე. უბრალოდ, ერთმანეთს ვატყუებთ და დროს ვკარგავთ“, – ზესტაფონის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე გიორგი ყიფიანი.

ეს ყველაფერი 26 მაისს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალური მატჩის შემდეგ ითქვა: გორის დილამ გადამწყვეტ შეხვედრაში ქვეყნის ჩემპიონი ზესტაფონი 4:1 დაამარცხა და პირველად მოიგო თასი.

სხვა ვითარებაში ჟურნალისტები, ფინალის მიმოხილვისას, აუცილებლად ვიტყოდით, თუ რა უძღოდა ამ თამაშს, როგორ შეხვდნენ გუნდები სეზონის უკანასკნელ მატჩს, გავიხსენებდით წინა ფინალებს, აღვწერდით გოლებს, ანუ, რეპორტაჟი იქნებოდა კლასიკური – როგორც წესი და რიგია, მაგრამ როცა ტრიბუნაზე მჯდომი უცქერ, თუ როგორ „ცდება“ მსაჯი ზედიზედ და თან, ყველა შემთხვევაში ერთი და იმავე გუნდის გულისგასახეთქად, ხვდები, რომ თუ ჩვეულებრივ რეპორტაჟს დაწერ – ამან გოლი ასე გაიტანა, იმან ისე და ასე შემდეგ – თავს მოიტყუებ და ვერც სინდისთან იქნები პირნათელი.

გორის დილას და ზესტაფონის ფინალურ მატჩში მთავარი მსაჯი ლევან კვარაცხელია იყო, რომელმაც:

30-ე წუთზე იმერელთა კარში პენალტი არარსებული დარღვევის გამო დანიშნა და მცველი თემურ ღონღაძე არარსებული ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევა!

ერთ-ერთი ორთაბრძოლისას ზესტაფონელთა ვეტერანს, დავით მუჯირს თავი გაუტყდა, მსაჯმა კი დამნაშავეს არა და დაზარალებულს უჩვენა ყვითელი ბარათი!

იმავე მუჯირმა, გაფრთხილებიდან რამენიმე წუთში, მეტოქეს ბურთი წესების სრული დაცვით აართვა და შეტევა დაიწყო, არბიტრმა კი რატომღაც, წესების დარღვევაში დაადანაშაულა და დააჯარიმა!

ამ ოთხი კონკრეტული უხეში შეცდომის გარდა (რაც ვაღიაროთ, რომ თამაშის წასახდენად სავსებით საკმარისია), კიდევ იყო არაერთი მომენტი, როდესაც ლევან კვარაცხელიამ გორელთა მხრიდან წესების დარღვევა ვერ, გნებავთ არ დაინახა.

და შედეგად მივიღეთ ის, რაც ფონად გასდევდა მთელ მატჩს და რის გამოც მოსალოდნელი ზეიმი ჩვენი ფეხბურთის გასვენებას დაემსგავსა:

არასპორტული დაპირისპირება მოედანზე და ტრიბუნებზე;

შეხლა-შემოხლა ფეხბურთელებს და პერსონალს შორის;

ვეტერანი მოთამაშეების და კლუბის მენეჯერის ხელჩართული ჩხუბი;

მოედანზე ნასროლი ბოთლები თუ სანთებლები;

რამდენიმე წუთით შეწყვეტილი ფინალი…

83-ე წუთზე მსაჯმა კიდევ ერთი ზესტაფონელი გააძევა – ეროვნული პირველობის საუკეთესო თავდამსხმელი ჯაბა დვალი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ლევან კვარაცხელიამ, ეგებ, არც არაფერი დააშავა – მოთამაშემ შესცოდა და დაისაჯა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ იმავე ფეხბურთელმა ნერვები ისევ და ისევ მთავარი მსაჯის უამრავი შეცდომის გამო ვერ მოთოკა: ითმინა, ითმინა და ეს ოხერი მოთმინების ფიალაც აევსო.

საფინალო სასტვენის შემდეგ იყო კიდევ ერთი მომენტი, რაც ასე არ უხდება ასეთი რანგის მატჩებს: დამარცხებულმა ზესტაფონმა ქომაგებს ტაშით გადაუხადა მადლობა და გასახდელს მიაშურა.

საქართველოს ჩემპიონებს ამის გამო ვერ გაამტყუნებ – 26 მაისს დავინახეთ, რომ ისინი მოედანზე თავიდანვე თერთმეტნი იყვნენ თორმეტის წინააღმდეგ, მალე ათნი დარჩნენ, ფინალი კი სულაც ცხრა კაცით დაასრულეს.

ასეთ დროს, როცა უსაზღვრო უსამართლობას აწყდები, ცივ გონებას ცხელი გული ჯაბნის და ამიტომაც, ადამიანს გააზრებულ საქციელს ვერ მოსთხოვ. მით უმეტეს, გაავებულ გუნდს.

გულით გაგვიხარდებოდა თასის ფინალი თვალსასეირო რომ ყოფილიყო, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.

მიზეზზე უკვე ვთქვით – ტენდენციურმა მსაჯმა 2011-12 წლების სეზონის უკანასკნელი მატჩი გააფუჭა.

26 მაისს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, ლეგენდარული მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, მეორე ლეგენდარული ფეხბურთელის დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში იყო ყველაფერი, გარდა საფეხბურთო მატჩისა.

ეს, გულშემატკივრებს რომ თავი დავანებოთ, 26 მაისს და იმავე მესხის და ყიფიანის სახელებს არ ეკადრებოდათ.

სუპერთასი… 2011
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საოცარი გადაწყვეტილებებით, უსიამოვნო დაპირისპირებებით და სკანდალებით სავსე 2011-12 წლების ქართული საკლუბო სეზონი საკვირველი თამაშით დასრულდა: ქვეყნის 2011 წლის ჩემპიონმა ზესტაფონმა და 2011 წლის თასის მფლობელმა გაგრამ შარშანდელი სუპერთასი გაითამაშეს.

ახლა სუპერთასზე ზესტაფონი გორის დილას დაუპირისპირდება. იმედია, რანგით მესამე საკლუბო ჯილდო ახლა მაინც არ გათამაშდება გაისად.

ლაშა გოდუაძე (ჟურნა ტაბულა; 2012 წლის 11-17 ივნისი)
ფოტო:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian