ჩემი ბიოგრაფია
მე ვარ ლაშა გოდუაძე, სპორტული ჟურნალისტი.
დავიბადე 1978 წლის 29 ივნისს, თბილისში.
ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ფეხბურთი, დავდიოდი კიდეც ნორჩ დინამოელში, შემდეგ ცურვაზე, კალათბურთზე, კარატეზე… მაგრამ ჩემგან სპორტსმენი არ დადგა.
თუ სწორად მახსოვს, პირველი საფეხბურთო ჩანაწერი 1988 წელს, ევროპის ჩემპიონატის დაწყებას უკავშირდება – მათემატიკის 12-ფურცლიანი რვეული გავავსე ჭადრაკულა ცხრილებით და დაიწყო და დაიწყო, ამერიკის 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩათვლით ეგრე ვიქცეოდი (ვნანობ, რომ ის რვეულები, სადაც თავი შემდგარ ჟურნალისტად წარმოვიდგინე, ერთ მშვენიერ დღეს მაკულატურაში მოვისროლე).
ბოლო კლასებში რომ ვიყავი, გულის სიღრმეში სპორტულ ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი, მაგრამ 90-ების დასაწყისში ჟურნალისტიკის ფაკულტეტი „პრესტიჟულად“ არ ითვლებოდა და მშობლების მოთხოვნით იურიდიულზე ჩავაბარე ალმა მატერში (ახლა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტია).
მაგრამ, როგორც ჩანს, სპორტული ჟურნალისტობა ძალიან მინდოდა და მოსახდენიც მოხდა: 1996 წლის გაზაფხულზე გაზეთი სტადიონი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს წარუდგენდა მკითხველს რეზო შენგელიას სტატისტიკით. მგონი ესპანეთის ნაკრები გამომრჩა და მეც რედაქციას მივაკითხე ვაკეში, ესა და ეს ნომერი ხომ არ შემოგრჩათ-მეთქი.
იქ ნათესავი შემხვდა, მოვიკითხეთ ერთმანეთი და აღმოჩნდა, რომ ის და მისი მეგობრები თბილისის დინამოს ოფიციალური გაზეთის – ჩვენი დინამო – გამოცემას აპირებდნენ.
ასე შევრჩი გაზეთ სტადიონს, სადაც საფეხბურთო სიახლეებს ვთარგმნიდი, 1996 წლის ზაფხულიდან კი, ევრო 96-ის შემდეგ, სტადიონი დინამოს ისტორიაში პირველ ოფიციალურ გაზეთად გადაკეთდა და მეც მისი კორესპონდენტი გავხდი!
ევრომეტოქეებს: ლუქსემბურგის გრევენმახერს, ნორვეგიის მიოლდეს, მოსკოვის ტორპედოს და ჯიმი-ფლოიდ ჰასელბაინკის და ნუნო გომეშის ბოავიშტას აეროპორტში ვხვდებოდი, მათგან ინტერვიუებს ვიწერდი, პრესკონფერენციებს ვესწრებოდი, დიღმის ბაზაზე დავით ყიფიანის კაბინეტში მწვრთნელის კომენტარს ვიწერდი…
მოკლედ, თავი სიზმარში მეგონა კიარადა, სიზმარში ვცხოვრობდი!
მაგრამ გამოეთიშა თუ არა დინამო ევროთასებს, საკლუბო გაზეთიც დაიხურა და მეც ისევ საერთაშორისო სამართალზე, ბექა-აღბუღას ძეგლისდებაზე და ეგეთ ამბებზე გადავერთე.
საინტერესო იყო, მშვენიერი ლექტორებიც მყავდა, მაგრამ ფეხბურთი უფრო მაინტერესებდა.
1996 წლის ნოემბერში, ინგლისის ნაკრებთან თბილისური 0:2-ის შემდეგ ძმაკაცმა მითხრა: სარბიელის განცხადება თუ ნახე, თანამშრომელს ეძებენო. ისიც ჩემსავით გადარეული იყო სპორტზე და სარბიელს საზიაროდ ვყიდულობდით დელისთან, ნაცნობ ჯიხურში.
გამიკვირდა, სარბიელს თავიდან ბოლომდე ვკითხულობ, ეგ როგორ გამომრჩა-მეთქი. ვნახე ის განცხადება და ეგრევე დავრეკე რედაქციაში: მიპასუხეს, ამა და ამ დღეს მობრძანდითო.
მივედი. სარბიელის გამომცემელმა კაბინეტში უეფას ჟურნალი გადმომცა და: ვნახოთ ამ სტატიას როგორ თარგმნით და იმის მიხედვით გადავწყვიტოთო. უეფას ახალი წევრის, ანდორის ფეხბურთის ფედერაციის შესახებ გამოქვეყნებული ჩანახატი მერგო.
რამდენიმე დღეში თარგმანი რედაქციაში მივიტანე, მე კი იმერეთში წავედი ბაბუის წლისთავზე. რედაქტორმა მითხრა, გადავხედავთ, თუ მოგვეწონა აუცილებლად გამოვაქვეყნებთ და დაგიკავშირდებით კიდეცო.
როგორც ჩანს, მოეწონათ! ახლაც მახსოვს: 1996 წლის 21 ნოემბერს ქუთაისში წავედით რაღაც ამბავზე და როგორც ჭეშმარიტმა მკითხველმა, სარბიელი შევიძინე. 50 თეთრი ღირდა მაშინ.
და იცით რა იყო მე-5 გვერდზე?
დიახ, მართალი ბრძანდებით: ჩემი წერილი სახელწოდებით „ორმოცდამეთერთმეტე“.
მთელ გვერდზე!
და ბოლოში ავტორის სახელი და გვარი: ლაშა გოდუაძე!
უჰ, საოცარი განცდა დამეუფლა!
მალე თბილისში დავბრუნდი და სარბიელის სატელეფონო ზარმაც არ დააგვიანა.
ასე მოვხვდი სარბიელში – უცხოური ფეხბურთის განყოფილების შტატგარეშე თანამშრომლად. 97-ის გაზაფხულზე უკვე გაზეთის ბოლო გვერდზე, ჟურნალისტთა ჩამონათვალშიც გაჩნდა ჩემი გვარი…
სარბიელის მერე ბევრი გამოცემა და ორგანიზაცია იყო, მთავარი კი ისაა, რომ ყველა შემთხვევაში სპორტულ ჟურნალისტიკაში ვიყავი.
ამასობაში მეოთხედი საუკუნეც გავიდა.
კი ამბობენ ცხოვრება წამიაო, მაგრამ 25 წელიწადი ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი დროა!
Mygoals.ge, სიმართლე გითხრათ, ამ 25 წლის შესაკვრელადაც წამოვიწყე. ათასი მასალა დამიგროვდა და მინდა, რომ ყველაფერმა, რასაც საჭიროდ და მეტ-ნაკლებად საინტერესოდ ჩავთვლი, ერთ სივრცეში მოიყაროს თავი.
იმედია გამომივა.
ასეთი იყო სპორტულ ჟურნალისტიკაში ჩემი პირველი ნაბიჯები, ოფიციალური ბიოგრაფია კი 25 წლის გადასახედიდან ასეთია:
1996: გაზეთი სტადიონი, ჟურნალისტი
1996: საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოს პრესცენტრი, ოფიციალური საკლუბო გაზეთის – ჩვენი დინამო – ჟურნალისტი
1996-1999: გაზეთ სარბიელის უცხოური ფეხბურთის განყოფილება – ჟურნალისტი
2000: ყოველკვირეული ჟურნალი ფეხბურთი – უცხოური ფეხბურთის განყოფილების რედაქტორი
2001-2004: ყოველკვირეული ჟურნალი ფეხბურთი – მთავარი რედაქტორი
2001: გაზეთი ოლიმპი – უცხოური ფეხბურთის განყოფილების რედაქტორი
2002: თბილისის დინამოს ისტორიაში პირველი ოფიციალური ინტერნეტ-გვერდის – fcdinamo.ge – ერთ-ერთი ავტორი და რედაქტორი
2002-2003: თბილისის დინამოს ისტორიაში პირველი საკლუბო ჟურნალის – ჩვენი დინამო – ერთ-ერთი ავტორი და რედაქტორი
2005: გაზეთი 24 საათი – სპორტის რედაქცია, ჟურნალისტი
2006-2009: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესცენტრი. სფფ-ის ოფიციალური ინტერნეტ-გვერდის – gff.ge – მმართველი რედაქტორი; სფფ-ის ჟურნალის – ქართული ფეხბურთი – რედაქტორი; საქართველოში გამართული უეფას ასაკობრივი გუნდების ოფიციალური ტურნირების მედიაოფიცერი (ვაჟები – U17 და U19; გოგონები – U17)
2010-2012: ყოველკვირეული საზოგადოებრივ-ანალიტიკური ჟურნალი ტაბულა – სპორტის რედაქცია, ჟურნალისტი
2012-2017: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო – მთავარი სპეციალისტი
2018: 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ბათუმი 2018-ის PR-მენეჯერი
2018-2020: Adjarasport.com – ჟურნალისტი
2020 წლის მარტიდან: Mygoals.ge – დამფუძნებელი
* * *
1996 წლიდან ვარ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრი
2006 წლიდან ჩემი წერილები და ნათარგმნი სტატიები იბეჭდება (იბეჭდებოდა) ჟურნალ-გაზეთებში – ათიანი, Offside, ოლიმპიელი, დინამოელი, World Soccer (ქართული ვერსია), სპორტი და ახალგაზრდობა, სპორტი
2016 წელს წიგნისთვის „13 მაისის 35 წლის იუბილე – 1981-2016 მომენიჭა სსჟა-ს ნუგზარ შატაიძის პრემია.
2016 წლიდან ვარ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი
2017 წლის ნოემბერში, ბასკეთის მხარის (ესპანეთი) მთავრობის ინიციატივით, ბილბაოსა და ეიბარში ჩემი წიგნის (ბასკებით დაწყებული ისტორია – თბილისის დინამოს საერთაშორისო თამაშები 1937-2017) პრეზენტაცია გაიმართა
2017 წელს ამავე წიგნისთვის მომენიჭა სსჟა-ს ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემია
2017 წლიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის – sport.gov.ge – რედაქტორი
გახლავართ ავტორი წიგნებისა:
2004: უეფას ევროპის ჩემპიონატების ისტორია – 1960-2004
2006: ფრანს ფუტბოლის ოქროს ბურთის ისტორია – 1956-2006
2010: ფიფას მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია – 1930-2010
2017: ბასკებით დაწყებული ისტორია – თბილისის დინამოს საერთაშორისო თამაშები 1937-2017
2018: ფიფას მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია – 1930-2018
2019: კარიერა ფრაზებში – სპორტის ლეგენდები (I ნაწილი)
2020: კარიერა ფრაზებში – სპორტის ლეგენდები (II ნაწილი)
ვარ ავტორ-შემდგენელი წიგნებისა:
2014: რამაზ შენგელია
2014: ბაჩო სვანიძე – ღიმილის ბიჭი
2014: თბილისის დინამო 1964 – ოქროს ბიჭების 50 წლის იუბილე
2015: ქართული სპორტის მუზეუმი – 50 წლის იუბილე
2016: 13 მაისის 35 წლის იუბილე – 1981-2016
2017: ვიტალი დარასელია 60
2017: დიდი გამარჯვების 55 წლის იუბილე – საკალათბურთო დინამოს ევროტრიუმფი
2018: ზაზას დღე – შვიდკაცა ამერიკაში
2019: თასების თასის ისტორია 1961-1999