ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან: 32 ამბავი მშვენიერ კომედიაზე

ფეხბურთი, კალათბურთი, ველოსპორტი, ჩოგბურთი, ფორმულა 1 და სპორტი მკვდარია და ჩანაწერების ნახვა კიდე, თუ განსაკუთრებულ ამბავს არ ეძღვნება, მიჭირს.
მეგობრებთან მოლხენა
და მაღალ მატერიებზე საუბარი – ესაო, ისაო, თქვენი დიდი ხათრი კი გვაქვს, მაგრამ შეიძლება რომელიმე ფეთქებადსაშიში იყოთ და… მოკლედ არაო.
ლისის ტბაზე და სხვა ეგეთ ადგილებზე გასეირნებაც ცოტა ხნით დაივიწყეთო.
ქალაქიდან ფეხი არ გაადგათო…
და რა უნდა ვქნა მოწიფული ასაკის ზომიერად ფერხორციანმა მამაკაცმა, ვისაც შინ ყოფნა სულაც არ მხიბლავს, მაგრამ ვიღაც ღამურაჭამიას გამო ლამის სამი თვეა თვითიზოლირებული ვარ?
როგორც ერთი ჩემი ენამოსწრებული მეგობარი იტყოდა: მიდლეიჯქრაიზისს დავნებდე?
ჩიპებზე და პირშავ მასონთა შეთქმულებაზე ვინერვიულო?
სამყაროს დასასრულიაო და სახე დავიხოკო?
არა, ბატონებო! არამც და არამც!
ყოველ დაღმართს აღმართი ცვლის, სიბნელეს – სინათლე და როგორც პაულო კოელიო იტყოდა: ვლასც ნაროდამ!
თვითიზოლირებულმა:
ვნახე ძალიან მაგარი დოკუმენტური ფილმები აირტონ სენაზე, დიეგო მარადონაზე, 92ის დრიმ თიმსა და 90ების ჩიკაგო ბულსზე, ასევე მსოფლიო ჩემპიონატების რამდენიმე გამორჩეული თამაში…

წლების განმავლობაში ნაგროვები საფეხბურთო და სპორტული წიგნები, ჟურნალები, პროგრამები და რა ვიცი კიდევ რა აღარ, როგორც იქნა დავალაგე…
ევროპის პირველ და მეორე თამაშებზე მოგროვილი სამკერდე ნიშნები ძვირფას ჩარჩოში კოხტად გამოვფინე…
კაი გემრიელი საფეხბურთო ჟურნალები გამოვიწერე და ჩავაბულბულე…

ბონდიანას ოცდაოთხივე ფილმი გადავიმეორე; ხაროში, პლახოი, ზლოი, ზა ნესკალკა დოლარავ ბოლშე, კრიოსნი აწეცის სამივე სერია, ადნაჟდი ვამერიკე, ინდიანა ჯონსის თავგადასავალი და ნაზად ვ ბუდუშეეს ყველა სერია ვნახ…
ფლეისთეიშენზე რამდენჯერმე მოვიგე ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო ჩემპიონატებ…
კიდევ?
ყოველ მეორე დღეს თუ არა, კვირაში ერთხელ ან ორჯერ მაინც ძველ, გემრიელ კომედიებს ვუყურებ (ჩვენი საინფორმაციოების შემდეგ, რომლებიც სუიციდისკენ მიბიძგებენ, ამჩატება ჰაერივით მჭირდება ხოლმე).

Some Like It Hot – ასე ეწოდება ფილმს, რომელსაც ჩვენთან სხვა სახელით იცნობენ – ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან.
ეს ალბომი სწორედ ამ მშვენიერ კომედიას ეძღვნება. უქმეებზე, თქვენ ხართ ჩემი ბატონი, მას შემდეგ რაც ჯეიმს ბონდმა კიდევ ერთხელ გადაარჩინა დედამიწა, ფილმის ისტორიას ჩავიჯექი და რაც გამომივიდა, აგერაა.

ლაშა გოდუაძე
(გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
2020 წლის 11 მაისი

 


…სცენარი ბილი უაილდერს ეკუთვნის, თანაავტორი კი იზი დაიმონდია. ამ უკანასკნელმა, საერთო ჯამში, უაილდერის 12 ფილმის სცენარზე იმუშავა.
„ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ 1935 წელს გადაღებული „სიყვარულის ლამპიონების“ ერთგვარი რიმეიქია, იმ განსხვავებით, რომ მასში განგსტერების ხაზია დამატებული.
უაილდერს და დაიმონდს თავდაპირველად ამ ფილმის სცენარის შეძენა სურდათ, მაგრამ მას ვერსად მიაკვლიეს და საბოლოოდ „სიყვარულის ლამპიონების“ 1951 წლის გერმანული ვარიანტით იხელმძღვანელეს.

…ფილმის პირველი, ასე ვთქვათ სამუშაო სახელწოდება იყო „დღეს არა, ჟოზეფინა“.

…თავდაპირველად უაილდერს ფერადი ფილმის გადაღება სურდა, მაგრამ საცდელი კადრების შემდეგ შავ-თეთრი ვარიანტი ამჯობინა. მიზეზი მთავარი როლის შემსრულებლების ტონი კერტისის და ჯეკ ლემონის გრიმია, რომელიც ფერად ფირზე ძალიან ცუდად ჩანდა.

…შავ-თეთრი ვარიანტი ზუსტად ერგებოდა განგსტერების ხაზზსაც, რომელიც სცენარში უაილდერის და დაიმონდის ინიციატივით გაჩნდა. სიუჟეტის შესაკვრელად მათ რეალური ამბავი გამოიყენეს, რომელიც ამერიკის ისტორიაში „წმინდა ვალენტინის დღის ხოცვა-ჟლეტის“ სახელით შევიდა: 1929 წლის 14 თებერვალს ჩიკაგოში, ალ კაპონეს დაჯგუფების წევრებმა ირლანდიელი კონკურენტის, ბაგსი მორანის ბანდის 7 წევრი ავტოფარეხად გადაკეთებულ საწყობში ჩაცხრილეს.
ტონი კერტისის და ჯეკ ლემონის გმირები ფილმის დასაწყისში მსგავს ამბავს შეესწრებიან, რის შემდეგაც იწყება კიდეც მათი საოცარი თავგადასავალი.

…ფილმის გადაღება 1958 წლის 4 აგვისტოს დაიწყო და 6 ნოემბერს დასრულდა.
გადაღებები 3 ადგილზე მიმდინარეობდა: სან დიეგოს შემოგარენში; სასტუმრო დელ კორონადოში (Hotel del Coronado) – ფილმში ვითომ მაიამია; და სემიუელ გოლდვინის სტუდიის პავილიონებში. სასტუმროს ყველა შიდა სცენა პავილიონებშია გადაღებული, პლაჟისა კი – დელ კორონადოს წინ.

…პროდიუსერებს, ძმებ მირიშებს ჯოს/ჟოზეფინას როლზე ფრენკ სინატრას მიწვევა სურდათ, მაგრამ რეჟისორს ეს იდეა არ მოეწონა. სინატრა უნაკლო მომღერალი კი იყო, მაგრამ მისი რთული ხასიათის შესახებ ყველამ კარგად იცოდა, მათ შორის უაილდერმაც.
საბოლოოდ გუნდმა ჯეკ ლემონი შეარჩია. კინოკომპანიის ზეწოლის მიუხედავად (United Artists-ში თვლიდნენ, რომ ლემონი ვარსკვლავი არ იყო), უაილდერმა და კომპანიამ თავისი გაიტანა.
„იცოდე: ფილმის ბოლომდე ქალის ტანსაცმლით იქნები! როცა დავურეკე, პირველად სწორედ ეს ვუთხარი. უარი არ უთქვამს. უარი კი არა, ეგრევე დამთანხმდა“, – იხსენებდა შემდეგ უაილდერი.

…იმისათვის, რომ კერტისს და ლემონს ქალის როლის თამაში გამარტივებოდათ, პროდიუსერებმა ბერლინელი ტრანსვესტიტი მიიწვიეს, რომლის მთავარი ამოცანა ბიჭების დახმარება იყო.
„ჩვენი მრჩეველი კერტისის თამაშით კმაყოფილი იყო, აი ლემონი კი აცოფებდა“, – იხსენებდა ბილი უაილდერი – „თუმცა ჯეკი მართალი იყო. ის თვლიდა, რომ ქალის როლის უნაკლოდ შესრულება საჭირო სულაც არ იყო. და მე სრულიად ვეთანხმებოდი – მაყურებელს უნდა ენახა ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებიც ქალის ტანსაცმელში უხერხულად გრძნობენ თავს“.

…მორიგი სცენის გადაღების შემდეგ ტონი კერტისი და ჯეკ ლემონი ახლომდებარე პავილიონის საგრიმიოროში დაუკითხავად შევიდნენ.
მოგვიანებით ლემონი იტყვის: „იქ სხვა გოგონებიც იყვნენ, თუმცა ყურადღება არავინ მოგვაქცია… გამოსვლისას რამდენიმე მოცეკვავემ ხუმრობით გვკითხა: „გოგოებო“, რომელ ფილმში გიღებენ? მაშინ მივხვდით, რომ გრიმი და ქალის კოსტიუმი მაინცდამაინც კარგად ვერ მოვირგეთ“.

…ქალის მთავარი როლი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და მასზე იმ დროის ყველაზე პოპულარული მსახიობები განიხილებოდნენ, მათ შორის ელიზაბეტ ტეილორი, ოდრი ჰეპბერნი და მიცი გეინორი. მერლინ მონრო ამ ჩამონათვალში საერთოდ არ იყო.
პროდიუსერებმა ტეილორიც დაიწუნეს, ჰეპბერნიც და გეინორიც და გადაწყვეტილება მსახიობების არასათანადო ვოკალური მონაცემებით ახსნეს.

…1958 წლის აპრილში, გადაღებების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე მერლინ მონრო თავად დაუკავშირდა ბილი უაილდერს. რეჟისორიც უმალ მიხვდა, რომ ეს ულამაზესი ქალბატონი, ჭირვეული ხასიათის მიუხედავად, მთავარი როლისთვის ზედგამოჭრილი იყო.

…ერთ-ერთ ინტერვიუში უაილდერმა თქვა: „პირველად წერილი მომწერა და შემომჩივლა, რომ ორი წელია არსად უთამაშია, ამის გამო ძალიან წუხს და ეკრანზე დაბრუნება სურს. ხუთი გვერდი გავუგზავნე, სადაც ზედაპირულად ავუხსენი, თუ როგორი წარმომედგინა მისი გმირი. უკმაყოფილო დარჩა. მომწერა, რომ ისევ ჭკუამხიარული გოგონას განსახიერება უწევს, იმდენად სულელის, რომ კაცს ქალისგან ვერ არჩევს და რომ ეს ამბავი არ ხიბლავს… თუმცა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა – იმავე პერიოდში კიდევ ორ პროექტს სთავაზობდნენ… საერთოდ, მერლინი თვლიდა, რომ სერიოზული როლისთვის მზად იყო და რომ რეჟისორები შემდგარ მსახიობად არ აღიქვამდნენ… ამაზე ხშირად წუხდა“.

…1958 წლის 28 აპრილს მერლინ მონრომ United Artists-თან კონტრაქტი გააფორმა. ეს მისი მეუღლის, დრამატურგ არტურ მილერის დამსახურებაცაა.
ცნობილია, რომ მილერმა სცენარი წაიკითხა, მოიწონა, ნააზრევი მეუღლეს გააცნო და დათანხმება ურჩია, მით უმეტეს, რომ ფიქსირებული ჰონორარის ნაცვლად პროდიუსერები ფილმის საერთო შემოსავლის 10%-ს დაპირდნენ (მინიმალური ფიქსირებული ანაზღაურების გარდა).

…პროცენტები საერთო შემოსავლიდან იმ დროს ახალი შემოღებული იყო. მონროსთან კონტრაქტი საერთო შემოსავლის 10%-ზე გაფორმდა, აი ჯეკ ლემონმა და ტონი კერტისმა კი კინოგაქირავებიდან საწყის 2 წელიწადში მიღებული შემოსავლის 5-5% მიიღეს.

…კინოსტუდია FOX-თან მანამდე დადებული ხელშეკრულებით, მერლინ მონრო მხოლოდ ფერად ფილმებში უნდა გადაეღოთ, მაგრამ ეს პრობლემა იოლად მოგვარდა.
გადასაღებ მოედანზე მისულმა მონრომ არ იცოდა, რომ შავ-თეთრ ფილმში მოუწევდა თამაში. ამის შესახებ უაილდერმა მოგვიანებით აცნობა.
„მის დასამშვიდებლად რამდენიმე სცენა ფერად ფირზე გადავიღე. მაგრამ უკვე ვიცოდი, რომ ფილმი შავ-თეთრი იქნებოდა. მოგვიანებით მერლინს ვუთხარი, რომ ბიჭების გრიმი ფერად ფირზე საშინლად ჩანდა. კადრებიც ვაჩვენე, მასაც არ მოეწონა და ასე დავითანხმე“, – უაილდერის ინტერვიუდან.

…თავიდან ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ როცა გადამღებმა ჯგუფმა სასტუმრო დელ კორონადოში გადაინაცვლა, მერლინის მდგომარეობა დამძიმდა. იმ დროს ორსულად იყო, ამას გარდა, ნერვულ შეტევებსაც ვერ უმკლავდებოდა.
ამასთან ერთად, არტურ მილერი მეუღლეზე ეჭვიანობდა, ხშირად აკითხავდა, დროდადრო ეჩხუბებოდა, რის გამოც მსახიობი გადასაღებ მოედანზე თითქმის ყოველ დღე იგვიანებდა.

…ცნობილია ისიც, რომ გადაღების ბოლო პერიოდში მერლინი სასმელს მიეძალა, შუაღამემდე ვერ იძინებდა, სხვადასხვა წამლებს იღებდა, ეს ყველაფერი კი პროცესზე უარყოფითად აისახებოდა.
ბილი უაილდერი წერს, რომ მერლინს ხშირად ავიწყდებოდა ტექსტი, რის გამოც ხანმოკლე ეპიზოდის გადაღება ძალიან იწელებოდა. რეჟისორი რამდენჯერმე დათმობაზეც წავიდა – მისი რამდენიმე სცენა შეძლებისდაგვარად შეამოკლა.

…ქმართან ხშირი კონფლიქტის გამო მერლინი საძილე აბებს დაეჩვია.
15 სექტემბერს (სხვა ვერსიით ეს ამბავი 12-ში მოხდა) მსახიობი სასტუმროს ნომერში გულწასული იპოვეს. ექიმების თქმით, ის მოიწამლა.
აღმოჩნდა, რომ მთავარი როლის შემსრულებელმა აბების გარდა შამპანურიც ბლომად მიირთვა და შედეგად გონება დაკარგა.
მერლინ მონრო სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ფილმის გადაღება კი ორი კვირით შეწყდა.
Missing Monroe – ეს მეტსახელი მერლინს იმ დღეებში შეარქვეს.

…ტონი კერტისის თქმით, მონროს საქციელი ძალიან აღიზიანებდა რეჟისორს და გადამღებ ჯგუფს, მაგრამ უაილდერი სუპერვარსკვლავს ყველაფერს პატიობდა: „სცენაში, სადაც ის მთავარ სიმღერას ასრულებს – I wanna be in Love – ორასამდე მსახიობი მონაწილეობდა… მერლინმა ძალიან დაიგვიანა, არადა ყველა დილიდან მზად იყო, მხოლოდ მას ვუცდიდით. რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, გამოჩნდა… მახსოვს, უაილდერი გაბრაზებული იყო, განსხვავებით მათგან, ვისაც საათობრივად უხდიდნენ – ისინი გადაღებების გადადებაზეც თანახმანი იყვნენ“.

…უაილდერი იხსენებს, რომ ყველაზე რთული იახტის სცენა გამოდგა, სადაც მონროს გმირი ახალგაზრდა მილიონერის მოხიბვლას ცდილობს.
მთავარ როლზე მერლინის დამტკიცებამდე სცენარში პირიქით იყო – მასპინძელი, ანუ იახტის პატრონი აცდუნებდა ორკესტრის პირმშვენიერ სოლისტს. მაგრამ მონროს არჩევისთანავე უაილდერმა როლები შეცვალა.
იახტის სცენა რეჟისორმა 42-ე დუბლით გადაიღო! მიზეზი კი მერლინის გულმავიწყობაა: ხან ტექსტს ვერ ამბობდა სწორად, ხან არასათანადოდ დამაჯერებელი იყო, ერთხელ კი, კოცნისას, ტონის მუცელზე დააჯდა და…
ბილი უაილდერი: „როგორია როცა სექს-სიმბოლო ვნებიანად გკოცნის, გეხვევა და ამ დროს შენ მშვიდად უნდა იყო? როცა მერლინი ტონის წამოაჯდა, მან თავი ვერ მოთოკა და… სანამ ტონი არ დამშვიდდა, გადაღება ვერ გავაგრძელეთ“.

„მასთან სასიყვარულო სცენის თამაშს, ადოლფ ჰიტლერთან ალერსი მირჩევნია“.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ეს ფრაზა ტონი კერტისს მიაწერა, თითქოსდა მსახიობმა იახტის სცენის გადაღების შემდეგ დაიჩივლა.
ამის გამო სკანდალიც აგორდა, მაგრამ ყველაფერი მალე მოგვარდა – აღმოჩნდა, რომ კერტისს მსგავსი არაფერი უთქვამს.

…ერთ-ერთ ინტერვიუში, როცა რეჟისორს გადაღების პროცესის და მერლინ მონროსთან დაკავშირებული ამბების გახსენება სთხოვეს, ბილი უაილდერმა თქვა: „წარმოიდგინეთ რომ თვითმფრინავით მგზავრობთ, ამ დროს კი სალონში გიჟია, თან, ნაღმით! აი, დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო ყოველ დღე“.

…უაილდერი და დაიმონდი დიდხანს ფიქრობდნენ უკანასკნელ სცენაზე.
საწყისი ჩანაფიქრით ოთხეული – მონროს, ლემონის, კერტისის და ჯოი ბრაუნის (მოხუცი ოსგუდ ფილდინგ III როლის შემსრულებელი) გმირები სამხრეთ ამერიკაში გარბოდნენ; სათადარიგო ვერსიით ფილმი მონროს და კერტისის ნავში ალერსით უნდა დასრულებულიყო…
საბოლოოდ კი ფილმი ოსგუდ ფილდინგ III-ის ახლა უკვე საქვეყნოდ ცნობილი ფრაზით – იდეალური არავინაა (Nobody’s Perfect) – დამთავრდა. ვისი იდეა იყო ეს, უაილდერისა თუ დაიმონდის, უცნობია. ინტერვიუებში ისინი ამ მიგნებას ერთმანეთს მიაწერდნენ.

…ქრონომეტრაჟი 119 წუთია. დახურული, წინასწარი ჩვენების შემდეგ პროდიუსერებმა და კინოკომპანიის შეფებმა, აქაოდა, კომედია შეუძლებელია საათნახევარზე დიდხანს გაგრძელდესო, რეჟისორს რამდენიმე სცენის ამოღება ურჩიეს. ბილი უაილდერმა კი მხოლოდ ერთი, ისიც 15-წამიანი სცენა ამოჭრა.

…მერლინ მონროსთან დაკავშირებული ამბების გამო გადაღებები 18 დღით გვიან დასრულდა (სხვა ვერსიით 29 დღით), ბიუჯეტი კი დაახლოებით ნახევარი მილიონით გაიზარდა და საერთო ჯამში 2 883 848 დოლარით განისაზღვრა.

…ფინანსური კუთხით „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ ძალიან წარმატებული გამოდგა: შემოსავალმა ხარჯს თითქმის 15-ჯერ გადააჭარბა – 40 მილიონი შეადგინა! მხოლოდ ამერიკაში ფილმმა პირველ წელიწადს ავტორებს 14 მილიონი დოლარი მოუტანა.

…პრემიერა 1959 წლის 29 მარტს შედგა ნიუ იორკში, Loew’s State Theatre-ში. მერლინ მონროს თაყვანისმცემლებით იმ დღეს ბროდვეი გადაიჭედა და ქუჩის დროებით გადასაკეტად პოლიციასაც უხმეს.

…1960 წელს, კინოაკადემიის საზეიმო, XXXII დაჯილდოებაზე „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ 6 ოსკარზე წარადგინეს: მამაკაცის როლის შემსრულებელი – ჯეკ ლემონი; რეჟისორი – ბილი უაილდერი; დამდგმელი მხატვარი – ტედ ჰეივორტი და ედუარდ ჯეი ბოილი; ოპერატორული ნამუშევარი – ჩარლზ ლენგი; ადაპტირებული სცენარი – ბილი უაილდერი და იზი დაიმონდი; კოსტიუმები – ორრი ჯორჯ კელი. ოსკარით მხოლოდ ეს უკანასკნელი დააჯილდოვეს.
ცერემონიის გმირად კი ლეგენდარული, თითქმის 4-საათიანი დრამა „ბენ ჰური“ იქცა, რომელმაც 12 ნომინაციიდან 11-ში გაიმარჯვა (დღემდე რეკორდია) და ყველა ფილმი დაჩრდილა.
სხვათა შორის, ოსკარებამდე გამართულ „ოქროს გლობუსზე“ უაილდერის ნამუშევარმა 3 მთავარი პრიზი მოიგო: წლის კომედია – დაჯილდოვდა რეჟისორი; კომედიური ჟანრის მსახიობი ქალი და მამაკაცი – მერლინ მონრო და ჯეკ ლემონი.

…საინტერესოა ისიც, თუ როგორ შემოვიდა ფილმი საბჭოთა კინოგაქირავებაში.
გოსკინოს თავმჯდომარე ალექსეი რომანოვმა კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს 1963 წლის დეკემბერში მიმართა ოფიციალური წერილით და ფილმის შეძენის ნებართვა ითხოვა.
უარი უთხრეს. საბჭოთა კინოს ისტორიკოსების ცნობით, გარიგება პირადად მიხაილ სუსლოვმა დაბლოკა, კომუნისტური პარტიის მთავარმა იდეოლოგმა.
რამდენიმე თვეში ქვეყნის პირველი პირი ნიკიტა ხრუშჩოვი ლეონიდ ბრეჟნევმა შეცვალა, ის მერლინ მონროს თაყვანისმცემელი გახლდათ და 1964 წლის მაისში რომანოვს ფილმის შეძენის უფლება მისცა.
საბჭოეთში კომედიას სახელწოდება შეუცვალეს – Some Like It Hot დედამიწის მეექვსედზე სხვა სახელით გაიცნეს. გოსკინოს მესვეურთა აზრით, „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ ზედმიწევნით ზუსტად ერგებოდა ფილმს.

…„ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ საბჭოთა კავშირმა 54 ათას მანეთად შეიძინა, იმდროინდელი კურსით კი ეს 135 ათას დოლარს უდრიდა.
პრემიერა 1966 წლის 22 აგვისტოს შედგა მოსკოვში, საერთო ჯამში კი ასობით კინოთეატრში თითქმის 44-მა მილიონმა მაყურებელმა იხილა.
1985 წელს უაილდერის შედევრი მეორედ გაუშვეს საბჭოთა კინოგაქირავებაში და მაყურებელი არც მაშინ დააკლდა – 28,9 მილიონი ბილეთი გაიყიდა!
და კიდევ: ეს იყო ერთადერთი ფილმი მერლინ მონროს მონაწილეობით, რომელიც საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად შეიძინა.

…ფილმის სარეკლამო პლაკატებზე მერლინ მონროა გამოსახული, მაგრამ ეს ფოტომონტაჟია.
სარეკლამო ფოტოგადაღების დროს მსახიობი ორსულად იყო, რის გამოც ის დუბლიორმა, სანდრა უორნერმა შეცვალა. დანარჩენი ოსტატობის ამბავია – მერლინის თავი სანდრას სხეულს მიაბეს.
სხვათა შორის, უორნერი ფილმშიც თამაშობს  – ლამაზი სიუს ორკესტრის ერთ-ერთი მომღერალია, სახელად ემილი.

…„ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფილმია.
1989 წელს კონგრესის ბიბლიოთეკის ფილმების ეროვნული რეესტრის (NFR) პირველ 25 რჩეულში მოხვდა.
2000 წელს ამერიკის კინოხელოვნების ინსტიტუტმა (AFI) კომედიური ჟანრის ყველა დროის საუკეთესო ფილმად დაასახელა.
2017 წელს BBC-მ 52 ქვეყნის 253 კინომცოდნე და კრიტიკოსი გამოკითხა და ფილმი ყველა დროის საუკეთესო კომედიად აღიარა.

…მერლინ მონროს კარიერაში „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ უკანასკნელი წარმატებული პროექტი გამოდგა.
1961 წელს, გაუთავებელი სკანდალების შემდეგ, არტურ მილერს გაშორდა…
იმავე პერიოდში რამდენჯერმე მოხვდა ფსიქიატრიულ კლინიკაში…
1962 წელს მორიგ ფილმში მიიწვიეს, მაგრამ…
5 აგვისტოს მოახლეს გულმა ცუდი უგრძნო, თუმცა მსახიობის საძინებელი ჩაკეტილი აღმოჩნდა. მან მერლინის პირადი ფსიქიატრი იხმო, რომელმაც კარი შეამტვრია. როცა ნახა, რომ მერლინ მონრო აღარ სუნთქვდა, ამ უკანასკნელმა ექიმს უხმო. მან, თავის  მხრივ, მსახიობის გარდაცვალება დაადასტურა.
წამლის ზედოზირებული მიღება და შედეგად, თვითმკვლელობა – ასეთია ოფიციალური ვერსია.
ნორმა ჯინ მორტენსონი 36 წლის იყო.

ka_GEGeorgian