1:0 ბელარუსთან: რაც მომეწონა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ, 8 ოქტომბერს ბელარუსს თორნიკე ოქრიაშვილის პენალტით 1:0 მოუგო და ევროპის საგაისო ჩემპიონატს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.
ჯვაროსნები ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს წელს კიდევ ერთხელ უმასპინძლებენ, კვლავ ერთა ლიგის ეგიდით, მაგრამ 12 ნოემბერს ფსონი 3 ქულა კი არა, წარმოუდგენლად დიდი იქნება – ევროპირველობის ფინალური ეტაპის საგზური! ასეთ დიდ საერთაშორისო ტურნირზე, ჩვენი არ იყოს, არც მეტოქეს უთამაშია. მათ გუშინ კოსოვო დაამარცხეს 2:1…

საქართველო ბელარუსს მეოთხედ შეხვდა და მეორედ მოუგო, კვლავ 1:0 და ისევე, როგორც ბრაზილია 2014ის შესარჩევში, ერთადერთი გოლი ახლაც თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.

პრინციპულ მატჩში გამარჯვება დიდებულია.

არანაკლებ კარგია, რომ ნაკრებმა გოლი არ გაუშვა.

გამახარა რამდენიმე ფეხბურთელის მონდომებამ და კარგმა თამაშმა.

რა მომეწონა და რის გამოსწორებას ვისურვებდი? შევეცდები მოკლედ დავწერო.

ეროვნული ნაკრები

2020 წლის 8 ოქტომბერი, საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელარუსთან 1:0ის წინ. დგანან (მარცხნიდან): გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, ლაშა დვალი, გურამ კაშია, ნიკა კვეკვესკირი. პირველ რიგში: თორნიკე ოქრიაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, ვაკო ყაზაიშვილი

მეკარე: გიორგი ლორია
ლორია ნაკრების მთავარ მეკარედ დამკვიდრდა, თუმცა გუშინ მას ბევრი საქმე არ ჰქონდა. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვი, ჩვენმა დაცვამ საიმედოდ ითამაშა და მეტოქეს კარში ზუსტად არ დაარტყმევინა.

კი, ბელარუსებს ჰქონდათ რამდენიმე სახიფათო მომენტი, ერთხელ ძალიან ცოტაც დააკლდათ ანგარიშის გათანაბრებამდე, მაგრამ საბედნიეროდ, ყველა შემთხვევაში ბურთი კარს ასცდა.

მთლიანობაში ლორია თავდაჯერებული იყო, დაცვას სათანადოდ ხელმძღვანელობდა და ბურთიც კარგად აჰქონდა.

ანორთოსისის ბოლო მატჩების გადამკიდე, გიორგის ბევრს კი აკრიტიკებდნენ, მაგრამ ვიმედოვნებ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ის კვლავ საიმედო იქნება.

გურამ კაშია

გურამ კაშიამ გუშინ მე80 მატჩი ჩაატარა ეროვნულ ნაკრებში და ამ შედეგით ისტორიაში მეხუთეა!

დაცვა: ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია, ლაშა დვალი
დაცვის ცენტრით დავიწყებ: კვირკველია-კაშიას წყვილი ჩინებული იყო, ბელარუსებს ყველა თავური მოუგო, თანაგუნდელებიც მშვენივრად დააზღვია და ორ მომენტს თუ არ ჩავთვლით, მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან კარგად იდგა.

კვირკველია-კაშიას კარგი თამაში ხომ მიხარია, მაგრამ ისიც მსიამოვნებს, რომ მათ საიმედო შემცვლელი ჰყავთ დავით ხოჭოლავას სახით. სექტემბრის ოფიციალურები კაშიამ გამოტოვა და მის ნაცვლად ესტონეთ-ჩრდილომაკედონიის წინააღმდეგ, კვირკველიასთან ერთად ხოჭოლავამ ითამაშა და უნდა ვთქვა, რომ ისიც კარგი იყო. ვფიქრობ, კარსმომდგარ თამაშებში ვაისი მასაც მისცემს თავის გამოჩენის საშუალებას.

რაც შეეხებათ ფლანგელებს: ოთარ კაკაბაძე ტრადიციულად სახიფათო იყო შეტევაში, ლაშა დვალს კი ბოლოს დაღლა დაეტყო. ვფიქრობ, მთავარ მწვრთნელს ის მანამდე უნდა შეეცვალა.

კაკაბაძისგან სახიფათო შეტევებს მივეჩვიეთ. აი მარცხენა ფლანგზე კი ჯერ მისნაირი არავინ გვყავს. ეს გულდასაწყვეტია. რამდენჯერაც დვალმა წაიწია, ბელარუსებმა იმდენჯერ იოლად შეაჩერეს და ლაშასაც ბურთის თავის ნახევარზე გათამაშება აიძულეს.

ვფიქრობ, სომხეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ვაისი სხვა ფლანგელებსაც მისცემს ნაკრებში დამკვიდრების შანსს. კაკაბაძისგან განსხვავებით, ასე მგონია დვალი თავიდან ბოლომდე სათამაშოდ მზად არაა და ეს, მჯერა, მთავარმა მწვრთნელმაც დაინახა.

მთლიანობაში დაცვის თამაშს დადებითად შევაფასებდი. გულახდილად რომ ვთქვა, ვიცოდი კიდეც ბელარუსებს ჩვენ მცველებთან რომ გაუჭირდებოდათ, მაგრამ ნანახი და, მით უმეტეს, უგოლოდ შენახული კარი მაინც სასიამოვნო იყო.

მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე და კაპიტანი ჯაბა კანკავა. ბელარუსებთან ორივე ძალიან კარგი იყო!

ნახევარდაცვა: თორნიკე ოქრიაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი
გუნდის კაპიტანი კანკავა უღალატო იყო: ბოლომდე იბრძოლა, ბევრი შეტევა ჩაჭრა, არაერთი ორთაბრძოლა მოიგო და კარგად დააზღვია თანაგუნდელები.

ამას ჯაბასგან მიჩვეულნი ვართ და ამიტომაცაა ის ყველა მწვრთნელისთვის შეუცვლელი.

იგივე შემიძლია ვთქვა კვეკვესკირზე – ნიკა გონივრულად ათამაშებდა ბურთს, თამაშის ტემპსაც აკონტროლებდა და რამდენჯერმე შეასრულა გრძელი, სახიფათო გადაცემა.

კანკავას დარად, ისიც უკონკურენტოა ნაკრებში. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ მათი შესაძლებლობის მქონე ფეხბურთელები კარგი ევროპული ჩემპიონატის ნაცვლად სხვაგან იხარჯებიან…

თორნიკე ოქრიაშვილი მთავარია ჯანმრთელად იყოს, თორემ ნაკრებისთვის დიდი ძალა რომაა, გუშინაც დაამტკიცა. ის ტექნიკურია, კარგად ხედავს მოედანს და სახიფათო და მოულოდნელი დარტყმები და პასები ახასიათებს. ვაისის ნაკრებში თორნიკეც ძირითადი შემადგენლობის წევრად მიმაჩნია.

რაც შეეხება ოთარ კიტეიშვილს: ისიც კარგი იყო, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა მისი შეცვლა, ვფიქრობ, იჩქარა. და გულახდილად რომ ვთქვა, ვაკო გვილიას გამოჩენას ყაზაიშვილის ნაცვლად უფრო ველოდი.

მომდევნო ორ თამაშში ნახევარდაცვაში ცვლილებებს ველი. გვილიას მონაცემების შუახაზელი ძირითადსაც იმსახურებს და იმედია, სლოვაკი სპეციალისტი მას ერთ სრულ მატჩს მაინც ანდობს.

ხვიჩა კვარაცხელია

შეტევა, რასაც თორნიკე ოქრიაშვილის პენალტი მოჰყვა, ხვიჩა კვარაცხელიამ დაიწყო

თავდასხმა: ვაკო ყაზაიშვილი, ხვიჩა კვარაცხელია
კვარაცხელია ყველაზე კარგად ამწვავებდა შეტევას. ის 11მეტრიანიც, ოქრიაშვილმა გოლად რომ აქცია, მის გარღვევას მოჰყვა.

ხვიჩა რომ ძლიერი ფეხბურთელია, აქედანვე ჩანს. ახლა მხოლოდ ის მინდა, რომ რაც შეიძლება მალე დააღწიოს თავი რუსეთის პრემიერლიგას და რომელიმე კარგ ევროპურ ლიგაში გადავიდეს. მე თუ მკითხავთ ის დღესვე შეძლებს ლა ლიგის ან სერია ას საშუალო კლუბში თამაშს, საფრანგეთ-ბელგია-ნიდერლანდებში კი ის ერთ-ერთი გამორჩეული იქნება.

კვარაცხელია ახალგაზრდაა, მაგრამ ასაკის კვალობაზე ძალიან კარგია: სწრაფია, ტექნიკური, სახიფათოდ ურტყავს… ბელარუსთან ორჯერ პასის ნაცვლად თავად რომ დაერტყა, ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა. პირველი ტაიმის შეტევებს ვგულისხმობ. ისიც სათქმელია, რომ მეტოქეები მას ძალიან ეუხეშებოდნენ.

არ ვიცი იქნება თუ არა ხვიჩა მომდევნო შეხვედრებში ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ 12 ნოემბერს, ჩრდილომაკედონიელთა მეორე თბილისურ მატჩში მას კვლავ სასტარტო შემადგენლობაში ვხედავ. იმედია ასეც იქნება.

გურამ კაშიას მსგავსად, სექტემბრის თამაშები ყაზაიშვილმაც გამოტოვა, თუმცა გუშინ ძირითადში იყო.

ზევითაც დავწერე და გავიმეორებ: ვაკო გვილია რომ დავინახე სათადარიგო მსაჯთან, ვიფიქრე, რომ ვაისი სწორედ ყაზაიშვილს ცვლიდა.

ვაკო მშვენიერი ფეხბურთელია, მაგრამ გუშინდელი თამაშით თუ ვიმსჯელებ, მგონი ჯერ კიდევ არაა საუკეთესო ფორმაში. ყოველ შემთხვევაში სხვა სანაკრებო მატჩებში ის გაცილებით კარგად დამამახსოვრდა.

ვაკო გვილია

იმედია უახლოეს თამაშებში ვლადიმირ ვაისი გვილიას ძირითად შემადგენლობაშიც გამოსცდის

შეცვლაზე შესულნი: ვაკო გვილია, ლევან შენგელია, ჯიმი ტაბიძე, ელგუჯა ლობჟანიძე, გიორგი ქვილითაია
ვლადიმირ ვაისს ადრეული ცვლილებები არ ახასიათებს. საქართველოს ნაკრების თავკაცი სათადარიგოებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, 10-15 წუთს აძლევს და 65ე წუთზე ვაკო გვილიას გამოჩენას თუ არ ჩავთვლით, შეცვლაზე შესულ ოთხეულს მთავარმა მწვრთნელმა ახლაც რამდენიმე წუთი არგუნა.

მესმის რომ წინ ორი თამაშია, ორივე პრინციპული და თავის გამოჩენის შანსს ბელარუსებთან შეცვლაზე შესულები აუცილებლად მიიღებენ, მაგრამ მგონია, რომ ვაისს იგივე ჯიმი ტაბიძე და ლევან შენგელია ცოტა ადრე უნდა შეეშვა მინდორზე.

გვილიაზე ჩემი აზრი მოგახსენებთ: კარგი ფეხბურთელია და ძირითადსაც იმსახურებს, ოღონდ ვაკომ ძველი ფორმა უნდა დაიბრუნოს. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არაა სრული მატჩისთვის მზად, თორემ ბურთთან ურთიერთობა, ბრძოლის უნარი და მოედნის ხედვა რომ არ დაეწუნება, ეს კარგად ვიცით.

მოედანზე გატარებულ არასრულ ნახევარ საათში ვარშავის ლეგიის ქართველი ნახევარმცველი კარგი იყო, შენგელია-ტაბიძე-ლობჟანიძე-ქვილითაიას ოთხეულს კი არ შევაფასებ – 10-15 წუთი ფეხბურთელის დასახასიათებლად საკმარისი არაა.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 9 ოქტომბერი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian